ყველაზე უცნაური გაქცევები ქართული ციხეებიდან
ყველაზე უცნაური გაქცევები ქართული ციხეებიდან
არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლებაწართმეულ ადამიანს თვალი გაქცევისკენ უჭირავს.

მას შემდეგ, რაც გაჩნდა ციხე, გაჩნდა გაქცევის მცდელობებიც. წლებისა და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა ციხის დაცვის სისტემები და ასევე პატიმრებიც ხვეწდნენ გაქცევის მეთოდებს. ზოგიერთი გაქცევა ლეგენდად იქცა, მასზე წიგნებს წერენ, ფილმებს იღებენ...

30-მეტრიანი გვირაბი

ზოგჯერ გაქცეულები ერთობ სასაცილო დღეში ვარდებიან. ერთი ასეთი კომი­კური სიტუაცია მინდა გავიხსენო. გურამ აბსანძემ (ყოფილი ეკონომიკისა და ფინანსთა­ მინისტრი), ოფიციალური ცნობის თანახმად, ლოთი ქობალიასა და ათ პატიმართან­ ერთად,
30 მეტრი სიგრძის გვირაბი გათ­ხარა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცა. პატიმრების მეგობრებმა იცოდნენ მათი განზრახვა და ციხის გარეთ, ხვრელის ბოლოს, ავტომანქანით ელოდებოდნენ. როდესაც გაქცევის ამბავი გამჟღავნდა, ისინი უკვე საიმედოდ იყვნენ მიმალულნი. სამართალდამცავებს გაქცეულები სამეგრელოში ეგულებოდათ - იქ ლოთი ქობალიას პატივს­ სცემდნენ და ულაპარაკოდ შეიფარებდნენ, სინამდვილეში
კი ისინი რაჭაში იყვნენ.

"ქალები" გაიქცნენ

წლების წინ ციხეში ერთ პატიმართან ინტერვიუ ჩავიწერე. მას 20 წელზე მეტი ჰქონდა გატარებული საპყრობილეში, რამდენჯერმე გაქცეულა კიდეც. ერთხელ ქსნის კოლონიიდან თანასაკნელთან ერთად გაიპარა - კედელზე გადაძვრნენ. გარეთ მყოფმა მეგობრებმა ქალის ტანისამოსი და საჭირო ნივთები დაახვედრეს... ორივენი კაბებში გამოეწყვნენ, თავშლები მოიხვიეს, ხელში კალათები დაიკავეს და მხალის მკრეფავი ქალებივით, ნელ-ნელა შეუყვნენ ფერდობს... ვინმე რომ არ დაეჭვებულიყო, დროდადრო ბალახს გლეჯდნენ და კალათში ყრიდნენ. ასე მიეფარნენ თვალს. თუმცა, მალევე სხვა დანაშაულზე დააკავეს და უკან დააბრუნეს.

"გამწარებული მეძებდნენ, მე კი რესტორანში ვიყავი გამოჭიმული"

სპარტაკ ბურდილაძე, ყოფილი "კანონიერი ქურდი", საბჭოთა კავშირის ისტორ­იაში ყველაზე ნორჩი "მოინათლა" ქურდად:

- მორიგი დაკავებისას გადავწყვიტე­, სასამართლოდან გავქცეულიყავი. საკნიდან­ გაყვანამდე ყველას გამოვემშვიდობე - აქ აღარ დავბრუნდები-მეთქი. დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე, ავარიაში მოვყევი. ფეხი მტკიოდა და ჯოხით დავდიოდი. იმ დროისთვის ფეხი აღარ მაწუხებდა, მაგრამ ციხის თანამ­შ­რომლებს თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს სიარული ძალიან მიჭირდა. სასამართლოსთან მანქანა მელოდებოდა. მანქანიდან მანიშნეს - იარაღი "ბარდაჩოკშია",­ ყველაფრისთვის მზად ვართო. ხელი გავაქნიე - წადით, არ მჭირდებით-მეთქი. პროცესზე მოსამართლეს ვუთხარი,­ - ცუდად ვარ-მე­თქი. მინდოდა, მივსულიყავი ტუალეტამდე,­ რომელსაც სარკმელი ჰქონდა.­ თუ კანალიზაციის გასაწმენდი მავთულიც დამხვდებოდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. გამიყვანეს ტუალეტში. სამი ბადრაგი გამომყვა. ასეთ დროს ვალდებული­ ხარ, ტუალეტის კარი ღია დატოვო. მე კი მივიჯ­ახუნე და გადავკეტე. დაიწყეს ბრახუნი.­ გავაღე - რა მოგივიდათ, თქვე კაი ხალხო, მაცალეთ-მეთქი და ისევ ჩავკეტე კარი. კიდევ დააბრახუნეს. ისევ გავაღე - თქვე მამაცხონებულებო, ჩემს გემოზე შემიშვით ტუალეტში, ამ გადამტვრეული ფეხით სად გაგე­ქცევით-მეთქი და კარი ისევ ჩავკეტე. ისევ დააბრახუნეს. ახლა უკვე გავბრაზდი, კარი გავაღე და ავყვირდი - ხალხი არა ხართ? ტუალეტში მაინც მომასვენეთ-მეთქი და - ისევ ჩავკეტე. აღარ დაუკაკუნებიათ. მავთული იქ დამხვდა.

თავი გადავუღუნე, ფანჯარაზე ჩამოვდე, ავძვერი და გარეთ გადავძვერი. თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ახლა იქიდან უნდა დამეღწია თავი. ეს ყველაფერი­ სიღნაღში ხდებოდა. სასამართლოს წინ პატარა ბულვარია. გადავწყვიტე, ხალხში გავრეუ­ლიყავი, რადგან თუ ჩემს გაქცევას შეიტყობდნენ და სროლას ატეხდნენ, ხალხში ამის გაკეთება გაუჭირდებოდათ. მივდივარ სკვერში და წინ შემხვდა ერთი მილ­იციელი, გიული ერქვა. არ გავქცეულვარ, რომ მივუახლოვდი, მივესალმე.­ რაღაცნაირი, დინჯი ლაპარაკი იცოდა. მკითხა, - ჭაბუკო, თქვენ დღეს სასამართლო არ გაქ­ვთო? როგორც იქნა, ერთხელ ჩემს სიცოცხლეშიც სამართალმა პური ჭამა, გამამა­რთლეს და გამიშვეს, ახლა ამ ამბავს რესტორანში აღვნიშნავ, ღვინისთვის ვარ წამოსული, შენც გეპატიჟები-მეთქი. თავი დამ­იქნია და გზა განაგრძო. ამის შემდეგ გიული მისულა სასამართლოში და ტუალ­ეტთან ბადრაგი რომ შეუნიშნავს, უკითხავს,­ - აქ ვის ელოდებითო. სპარტაკის სასამართლოა, ტუალეტშია შესულიო. გიული გაგიჟებულა - ვაი, თქვენს პატრონს, სპარტაკი 5 წუთის წინ ბულვარში მომესალმაო... მოგეხსენებათ, სიღნაღი მთის წვერზეა გაშენებული, ქვევით დავეშვი. ტყე-ტყე მივდიოდი,­ ხანდახან გზის გადარბენა მიწევდა და ამ დროს მილიციელებმა შემნიშნეს.

მივედი ერთ სოფელში, ბროწლიანი­ ჰქვია. შევედი ეკლესიაში (მას დღესაც "სპარტაკის ეკლესიას" ეძახიან). რაც კი კედლებზე სანთლის ნამწვი­ იყო, ყველა ავანთე. ღმერთს შევთხოვე, თუ რაიმე ძალა და მადლი გაქვს, მიშველე­-მეთქი და კუთხეში მივიყუჟე. მესმოდა, როგორ დარბოდნენ მილიციელები. კარი რომ შემოეღოთ, მიპოვიდნენ, მაგრამ შიგნით შემოხედვა არც უფიქრიათ. ეკლესიის წინ, შემაღლებულ ადგილზე რესტორანი­ იყო. იქიდან მადის აღმძვრელი­ სურნელი მოდიოდა. უზომოდ მომშივდა. მილიციელ­ები რომ წავიდ-წამოვიდნენ, რესტორანში შევედი. მიცნეს. "ბუფეტჩიკი" გადამეხვია. უკვე იცოდნენ, რომ გამოქცეული ვიყავი. რესტორანს დიდი აივანი ჰქონდა და "ბუფეტჩიკმა" იქ გააშლევინა სუფრა. თავში ის დაჯდა, ბოლ­ოში - მე. იქიდან ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დარბოდნენ მილიციელები, აჩერებდნენ მანქანებს, ჩხრეკდნენ... რას იფიქრებდნენ, რომ რესტორნის აივანზე ვიყავი გამოჭიმული?!

თმამ გაყიდა...

ჩემს რესპონდენტს, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობდა, გაქცევის უამრავი შემთხვევა ახსოვს:
- ერთხელ ატყდა განგაში და პატიმარი გასასვლელთან დააკავეს, სადაც მშვიდად­ მდგარა და სხვა პატიმრების ნათესავებთან რიგს ელოდა, რომ გარეთ გასულიყო. მაშინ ორთაჭალის ციხეში პატიმრებისთვის ახლობლებთან შესახვედრად ერთი დიდი ოთახი იყო გამოყოფილი. ოთახში რამდ­ენიმე მაგიდა და სკამი იდგა, რომლებიც ერთმანეთისგან ფანერით იყო გადატიხრული და ფარდებიც ჰქონდა. მეუღლეს მისთვის ქალის ტანსაცმელი მიუტანია. გადაიცვა და გაპარვას აპირებდა, მაგრამ დაცვის თანამშრომელს კაბის გრძელი სახელოდან გამოჩრილი თმა დაუნახავს­ და... დააკავეს.

ზეწრებით დაეშვნენ...

ერთხელ პატიმრებმა კოშკურაზე მოდარაჯე ჯარისკაცი მოისყიდეს და გადაბმული ზეწრებით ჩამოეშვა 3 პატიმარი. სამშვიდობოს რომ გავიდნენ, "დარაჯმა" მაშინ ატეხა განგაში და სროლა...

სიყვარულისთვის დასჯილი

90-იან წლებში რუსთავის მე-17 დაწესებულებიდან პატიმარი იმის გამო გაიქცა, რომ გათხოვილი შეყვარებული დაებრუნებინა. დაწესებულებას დაბალი ღობე ერტყა. ერთ საღამოს 2 ტაბურეტი ერთმანეთს­ შეადგა, გადააბა და მშვიდად მივიდა კედე­ლთან. დადგა ტაბურეტი, შეხტა ზედ და კედელს გადაევლო. კოშკურაზე მდგარმა დარაჯმა ჯერ ჰაერში გაისროლა, მერე კი მიზანში ამოიღო, მაგრამ ვერ გაარტყა. მას ორწლიანი სასჯელის 7 თვე ჰქონდა დარჩენილი და ყველას გაუკვირდა ასეთი საქციელი. სამ დღეში უკან დააბრუნეს და მაშინ გაირკვა, რომ თურმე ბაღიდან უყვარდა ერთი გოგო. გოგოსაც ჰყვარებია და ციხიდან გასვლის მერე ცოლად უნდა მოეყვანა. მაგრამ გოგოს ვიღაც ტიპი გადაჰკიდებია და ცოლად შეურთავს... საწყალმა, ვერც გოგო დაიბრუნა და სასჯელიც დაუმატეს.

საფლავი სამალავად იქცა

ერთ პატიმარს უფლება მისცეს, დედის გასვენებას დასწრებოდა. რა თქმა უნდა, ბადრაგის თანხლებით წავიდა. სასაფლაოზე მისულებს პატიმარი დაეკარგათ. თურმე ვიღაცის გათხრილ საფლავში ჩამალულა. ერთ კვირაში დაიჭირეს და დააბრუნეს...

ყველაზე უიღბლო გაქცევა

ხანდახან ისეც ხდება, რომ გეგმა იდეალურია, მაგრამ მას რეალიზაცია არ უწერია. ბრაზილიის ერთ ციხეში სამმა პატიმარმა მოახერხა კედელში ხვრელის გაკეთება, რომლის მეშვეობითაც ისინი გაქცევას გეგმავდნენ. სამწუხაროდ, ხვრელში გაძრომა სამეულიდან პირველმა ყველაზე ტანსრულმა პატიმარმა მოინდომა, მაგრამ ის თავისუფლებისაკენ მიმავალ შუა გზაზე გაიჭედა. მისი დიდი ღიპი ვერაფრით გაეტია ვიწრო ხვრელში. კედელში გაჩხერილის ორი, შედარებით გამხდარი თანამონაწილე კი კამერაში იჯდა და თავზარდაცემული უყურებდა, თუ როგორ იმსხვრეოდა მათი იმედები. უიღბლო პატიმრის გამოყვანა მხოლოდ პოლიციის ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ყველაზე გულუბრყვილო გაქცევა


2011 წელს მექსიკაში, ჩუტიმალას ციხეში პატიმრის ცოლმა მარიამ, ქმართან მორიგი ვიზიტის დროს მას მთელი ჩემოდანი ტანსაცმელი მიუტანა, თუმცა ციხის თანამშრომლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, როგორ გაჭირვებით მიათრევდა ქალი უკან თითქოსდა დაცარიელებულ ჩემოდანს. როცა დაცვამ გადაწყვიტა ჩემოდანი შეემოწმებინა, იქ მეტად უცნაური რამ აღმოჩნდა - მარიას ქმარი "საგულდაგულოდ" იყო ჩატენილი...

ყველაზე ცნობილი გაქცევა ალკატრასიდან


1962 წლის 11 ივნისს "ალკატრასის" ციხის ისტორიაში დაუჯერებელი ამბავი მოხდა: ციხიდან გაიქცა სამი პატიმარი: ფრენკ მორისი და ძმები-ჯონ და კლარენს ენგლინები. სავარაუდოდ, მათ მოახერხეს სამშვიდობის გაღწევა, თუმცა ციხის ადმი­ნისტრაცია ირწმუნებოდა, რომ ვერ შეძლეს სრუტის გადაცურვა და დაიხრჩვნენ.

გაქცევისათვის დიდი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ ემზადებოდნენ: პატიმრები ცდილობდნენ, გაეკეთებინათ ხვრელი ნესტით დაზიანებულ ბეტონში, რათა საკანალიზაციო გვირაბამდე მიეღწიათ. ამისათვის მათ გამოიყენეს თვითნაკეთი ელექტრობურღი, ხოლო მისი ძრავის ხმა რომ არავის გაეგონა, მხოლოდ მაშინ მუშაობდნენ, როცა მეზობლად მდებარე დასასვენებელ დარბაზში მუსიკას უკრავდნენ. ხანგრძლივი შრომის შემდეგ გვირაბი მზად იყო. პოლიციას მათი არყოფნა გარკვეული დროის მანძილზე რომ არ შეემჩნია, გაქცეულებმა მუყაოსაგან ფიტულები გააკეთეს და თავიანთ ლოგინებში დააწვინეს". გვირაბის დახმარებით პატიმრებმა მიაღწიეს წყლის ნაპირს, აქ მათ სახელდახელო გასაბერი ნავი შეკრეს რეზინის ლაბადებისაგან და თავისუფლების შესახვედრად გაცურეს. ამის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.

მარი ჯაფარიძე
soso75
30 მაისი 2016 16:27
2000 წლიდან მოყოლებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან საქართველოში რეკორდული რაოდენობით გარბოდა მსჯავრდებულები, რომ არაფერი ვთქვათ მცირე ორი ან სამ კაციანი ჯგუფების გაქცევაზე რომელიც ყოველ კვირაში ხდებოდა, აღსანიშნავია რუსთავიდან 2003 წელს 120 მსჯავრდებულის ერთობლივი გაქცევა. გეგუთიდან 2004 წლის 14 ივნისის 42 მსჯავდებულის გაქცევა. ჩემი თხოვნაა -- აღნიშნულზე მასალების მოძიება არც ისე ძნელია საუკეთესო მასალებია ასეთი სტატიების მოსამზადებლად იქნებ სტატიის ავტორი დაინტერესდეს და მოამზადოს ეს მასალები მკითხველისათვის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები