კაფეების ომი - "მილიტარი" VS ვეგანები - კვირის პალიტრა

კაფეების ომი - "მილიტარი" VS ვეგანები

"მივედით, ოღონდ არა დანებით, მწვადებით"

"ვიდეოში ჩანს, რომ ვეგანებმა შუშხუნა ისროლეს და დანაც კი დაგვიძვრეს..."

"ქვიშის ტომრებზე ბრძოლის სიმბოლოებია გამოსახული. ჩვენ ვიბრძვით"...

"მსოფლიომ უნდა გაიგოს, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ხალხს მხოლოდ იმიტომ სცემენ, რომ ხორცს არ ჭამენ!"

სოციალურ ქსელში მსგავსი მოწოდებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის ვეგანურმა კაფემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ახალგაზრდამ კაფეში მწვადები და სოსისები შეყარა, რასაც აყალმაყალი და მომსახურე პერსონალისა და მომხმარებლის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პერსონალის თქმით, პოლიციამ თავდაპირველად სიტუაცია ადეკვატურად ვერ შეაფასა - ჩხუბში კაფეს კლიენტები და პერსონალი მხოლოდ იმიტომ დაადანაშაულა, რომ განსხვავებულად ეცვათ და პირსინგები და საყურეები ეკეთათ. მოგვიანებით შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ვეგანური კაფეს ინტერესების დაცვით დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საიაც. პარალელურად, კაფეს სამეგობრომ (როგორც ირკვევა, სამეგობროებად გაერთიანებულია თბილისის რამდენიმე დახურული კაფეს პერსონალი და კლიენტურა! - ავტ.) კაფეს დარბევის ამბავი სოციალური ქსელით გაავრცელა. ეს ინფორმაცია გაავრცელეს დასავლურმა მედიასაშუალებებმა - "ბი-ბი-სიმ", "გარდიანმა", "დეილი მეილმა".

ვეგანური კაფე დალაგებული დამხვდა. ირგვლივ სიმშვიდე იყო (საოჯახო ტიპის მაგიდებითა და ძველი ავეჯით, აქაურობა საოჯახო თავშეყრის ადგილს მოგაგონებთ). ბარმენი გიორგი გეგელაშვილი დახლის დასუფთავებას ამთავრებდა. ამასობაში მომხმარებელმაც დაიწყო შემოსვლა. მოგვიანებით უცხოელებიც გამოჩნდნენ. ერთ რუსულად მოლაპარაკე გოგონას მკლავზე ისეთი ეგზოტიკური ტატუ ჰქონდა, ფოტოს გადაღებაც კი ვთხოვე. უარი მივიღე. გოგონამ ძველი კამოდიდან სუფრა ამოარჩია, მაგიდას გადააფარა და დაჯდა. კაფეში უცხოელი წყვილი შემოვიდა და ყველას მხიარულად მოგვესალმა. მერე 20 წლის ბარმენთან საუბარი გააბეს... გავარკვიე, რომ გიორგი ინგლისურ-რუსულ-თურქულად ბრწყინვალედ საუბრობდა. მერე ჩემთვისაც მოიცალა და აი, რა მიამბო:

გიორგი გეგელაშვილი: - ვეგანური კაფეს სამეგობროს წევრები უცხოელებიც არიან, ზოგს ჩვენი ქვეყანა იმდენად მოსწონს, რომ საცხოვრებლად გადმობარგდა. ყველა მათგანის ცხოვრების წესი ჰუმანურია და სწორედ ეს არ მოსწონთ ქართველ ნაცისტებს. ჩვენ არ ვჭამთ ცხოველურ პროდუქტს და არ ვვნებთ ცხოველებს, ვეხმარებით გაჭირვებულებს. ხშირად ბაზრებში მოვაჭრენი კიტრს, პომიდორს და სხვა ბოსტნეულს გვჩუქნიან და იმით უპოვართ სადილს ვუმზადებთ, მათვე ვჩუქნით მეგობრებში შეგროვილ ტანსაცმელს... ჩვენი მენიუს კერძები 4-5 ლარი ღირს, მაგრამ ვისაც ფული არა აქვს, შეუძლია 50 თეთრადაც ისადილოს. აქ ეწყობა იოგას ვარჯიშების უფასო წარმოდგენები, ბიბლიოთეკაც გვაქვს.

- კაფე პრესტიჟულ უბანშია, რასაც შესაბამისი თანხა სჭირდება. ცხადია, გაფინანსებენ.

- ჩვენი უცხოელი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რომ კაფემ იარსებოს.

- რით ირჩენენ თავს საქართველოში გადმობარგებული უცხოელები?

- ბევრმა თავის ქვეყანაში ბინები გააქირავა და აქ ამით ირჩენენ თავს. ფულის შოვნაც არ არის პრობლემა. ცოლ-შვილი მყავს, როცა ფული გამომელევა, წავალ, მიწისქვეშა გადასასვლელში დავუკრავ და ვიშოვი. ჩემს 9 თვის შვილს ვეგეტარიანული წესით ვზრდი.

არ მიმაჩნია, რომ ხორცის ჭამა აუცილებელია. ასე ფიქრობენ ჩვენი მეგობრებიც. როცა კაფეში სოსისებს შემოყრი და ვეგანებს თეფშებში ჩაუყრი, ამ აგრესიას პასუხი უნდა გაეცეს! ყოველ ღონეს ვხმარობთ, რომ ეს ამბავი ჩვენს მეგობრებს უცხოეთში შევატყობინოთ!

ჩვენ არავის ვაღიზიანებთ. არ ვხმაურობთ, კაფეს საღამოს 11 საათზე ვკეტავთ. მცირე უთანხმოებები გვქონია, მაგრამ პრობლემა მოგვარებულა. ჩვენ აგრესიას ვგმობთ, არასოდეს ვიქნებით ბნელები!

- ბი-ბი-სიმ გადმოსცა, კაფე დაარბიესო, თუმცა, აქ არაფერია დამტვრეული... იქნებ მითხრათ, რა ხდებოდა იმ დროს?

- როცა ის ხალხი დავინახე, ტანში გამცრა, ვიცოდი, რა მოჰყვებოდა მათ მოსვლას. ერთმა ჩვენიანს ადრეც სცემა, აფურთხა და გააფრთხილა, თქვენს კაფეს დავარბევთო. ისინი სცემენ არა მხოლოდ არაქართველებს, არამედ მათაც, ვისი იდეებიც არ მოსწონთ.

მოვიდა 10-15-კაციანი ჯგუფი, სამი კაფეში შემოვიდა და დასაჯდომი ადგილების ძებნა დაიწყო, დანარჩენები გარეთ ელოდებოდნენ. მერე ჩხუბი ატეხეს. ჩვენ კარი ჩავკეტეთ, მაგრამ მაინც შემოგვიცვივდნენ. ამ დროს ჩვენმა მეგობარმა შესაშინებლად შუშხუნა გაისროლა.

- სოსისები რა დროს შემოყარეს?

- როცა არეულობა დაიწყო. მერე კაფეში სიგარეტიც მოსწიეს, არადა, ჩვენთან არავინ ეწევა. პოლიციამ თავიდან ჩხუბის ატეხა ჩვენ დაგვაბრალა. რახან სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები, იროკეზები და საყურეები ეკეთა, დამნაშავედ ჩვენ მიგვიჩნიეს, თავდამსხმელებმა კი გაქცევა მოასწრეს...

ბარმენმა თავდამსხმელების თავშეყრის ადგილიც მიმასწავლა - ვერაზე, კაფე "მილიტარში". იქ მისულს კაფე დაკეტილი დამხვდა და გაღებას კარგა ხანს ველოდე. ბოლოს, "მილიტარის" პირველი სამეგობროც გამოჩნდა და სარდაფში მოწყობილ ბარში ჩამიყვანეს. კედლის თავში კოტე აფხაზის ფოტო ეკიდა, ბოლოში - ქაქუცა ჩოლოყაშვილისა. ბორჯღალიც მომხვდა თვალში. წევრების უმრავლესობა სპორტსმენია. მეტად თავაზიანად მიმიღეს და მთხოვეს, - როგორც ხედავთ, ჩვენს კაფეში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ფოტოს მაინც ნუ გადაიღებთ, რადგან საჯაროდ გამოსაფენად არ გვინდა, შეგიძლიათ ფასადი გადაიღოთ, მასზე ჩვენი იდეური სიმბოლოებია ასახულიო. ერთ-ერთი, ნიკა ყაველაშვილი, ფოტოს გადასაღებად გამომყვა.

- კარზე ჯარისკაცებია გამოსახული. სარდაფის კიბის საფეხურებზე ქვიშით სავსე ტომრები აწყვია. ეს არის თქვენი სიმბოლოები?

- ეს არის ბრძოლის სიმბოლოები. ჩვენ კი ვიბრძვით.

- ვეგანურ კაფეში ხორცის შეტანა ბრძოლის რომელ სახეობას ეკუთვნის?

- ერის ღირსებების შენარჩუნებას. ვეგანურ კაფეში საჩხუბრად არ მივსულვართ. ვისაც მტყუან-მართლის გასარჩევად აინტერესებს ეს ამბავი და არა ჩვენს მხეცობა-ნაცისტობაში დასადანაშაულებლად, ნახოს იმდღევანდელი ვიდეოჩანაწერები, სადაც ვეგანური კაფეს ხალხს ვეუბნებით, ჩვენ სამეგობროდ მოვედითო. სხვათა შორის, სალათებიც მივიტანეთ, რომელიც არც კი უხსენებიათ.

იმ ვიდეოებში ისიც ჩანს, რომ აგრესიულად ჩვენ კი არა, ისინი იქცევიან, შუშხუნაც მათ ისროლეს და დანაც მათ დაგვიძვრეს... ეს ვიდეო პოლიციას აქვს.

- თქვენ სრულიად საპირისპირო იდეების მქონე ხალხთან მიხვედით სამეგობროდ. ეს ხომ არადამაჯერებელია!..

- ჩვენ ის გვიკვირს, რომ ყველა მათ დასაცავად შეიკრა, სიმართლე არც აინტერესებთ. სინამდვილეში პირველად მაგ ხალხმა დაგვარბია და არ გვეპასუხა? აბა, რა ნახეთ ვეგანურ კაფეში დარბეულ-დალეწილი? 25 მაისს, ანუ 26 მაისის წინადღეს, როცა ყველაზე დიდი დღე უნდა გვეზეიმა, სწორედ ისინი მოგვეჭრნენ. ბარის გასაღებად მოსულებს აბრა მოგლეჯილი და გადაგდებული დაგვხვდა. ქვიშიანი ტომრები კი სარდაფის კიბეზე დაჭრილი ეყარა. ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, ვეგანური სამეგობროს ორი წევრი როგორ ჭრის ტომრებს დანით. ერთ-ერთი - მათი ბარმენია.

შევცდით, რომ პოლიციაში მაშინვე არ განვაცხადეთ და თავად დაველაპარაკეთ მას. ბარმენმა დანაშაული აღიარა და 29 მაისს ვეგანურ კაფეში დაგვიბარა - ვილაპარაკოთო. მივედით, ოღონდ არა დანებით, მწვადებით. არც კაფეში შევცვენილვართ ყველანი, გარეთ ვიდექით. ასე რომ, ჩხუბი მათ დაიწყეს და თუ გაილახნენ, ისევ თავიანთი კაფეს სამეზობლოს ხელით - ეტყობა, ყელში აქვს მათი საქციელი ამოსული.

- ვეგანურ კაფეში ამტკიცებენ, რომ თქვენი ბარის სამეგობროში გაერთიანებული არიან "ბერგმანის დაჯგუფება" და "ქართული ძალა", რომლებიც რადიკალურ ნაციონალისტურ დაჯგუფებებს მიეკუთვნებიან.

- რაზე გვეტყობა? იმაზე, რომ ბარში სამხრეთამერიკული დროშა გვიკიდია, თუ იმაზე, ჩვენს ბარში ამერიკელი ფერადკანიანი ოფიცრებიც რომ დადიან? თუ ეს შურთ? არანაირ "ბერგმანის დაჯგუფებასთან" არ ვმეგობრობთ (ეს დაჯგუფება ცნობილია "ხულიგნური დაჯგუფების" სახელით, რომელმაც რამდენიმე ფეხბურთის მატჩის დროს ცემა-ტყეპა წამოიწყო. ვეგანურ კაფეში კი დაჟინებით ამტკიცებენ, რომ "მილიტარი" ამ დაჯგუფებასთან მეგობრობს. - ავტ.). "ქართული ძალა" ჩვენი კაფეს ხშირი სტუმარია. ჩვენ ვიმეგობრებთ ყველასთან, ვისაც არ მოსწონს სამშობლოს, ოჯახის უარყოფა. ვეგანური სამეგობროს უმეტესობა კი სამშობლოს, ოჯახსა და ღმერთს არ ცნობს.

მათთან რომ თქვა, სამაჩაბლო და აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთო, გეტყვიან, - რატომ უნდა დავიბრუნოთ, მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგადო.

როცა რაღაც ხდება ბუნებაში, მას აუცილებლად მეორე ძალა უპირისპირდება. ზოგი ქართველი ახალგაზრდა განარკომანდა, ზოგი კაზინომ ჩაითრია, ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა, ზოგი რას შვრება, აღარ ჩამოვთვლი, ამის საპირისპიროდ რაღაც ხომ უნდა გაჩენილიყო? ჩვენ არაფერს ვაშავებთ, ჩვენ სამშობლო გვიყვარს!.. მერე რა, რომ ჩვენს ბარს "მილიტარი" ჰქვია, ომი და სისხლი არავისთან გვინდა!

P.S. გავრცელდა ინტერნეტმომხმარებელ ალეკო კაპანაძის ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ვეგანური კაფეს პერსონალის ქმედება. ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ სრული ვიდეოფირი შსს-შია. "ვეგანოანარქები საშიში ჯგუფია. სხვათა შორის, კაფეში სოსისების და მწვადების შეტანა არ არის კანონდარღვევა, დანის ტრიალი და ბოთლების სროლა კი კანონდარღვევაა. ახლა მათი ჯერია, დაგვიმტკიცონ, რომ კანონი დავარღვიეთ!".

რა გადასცა BBC-მ

"საქართველოს დედაქალაქში ვეგანურ კაფეს 10-ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს. ულტრანაციონალისტებმა ადამიანებს შემწვარი ხორცი და სოსისები ესროლეს. თავდამსხმელები მანამ გაუჩინარდნენ, სანამ პოლიცია შემთხვევის ადგილამდე მიაღწევდა.

"ისინი ვერ იტანენ ჩვენი ცხოვრების სტილს - როგორ გამოვიყურებით, რა მუსიკას ვუსმენთ, რა იდეებს ვემხრობით; ხორცს რომ არ ვჭამთ და სექსუალური უმცირესობების უფლებებს რომ ვიცავთ!", - ამბობენ დაზარალებულები.

ვეგანები

ვეგანური მიმდინარეობა ევროპაში 1940-იანი წლებიდან გაჩნდა და, ვეგეტარიანელობისაგან განსხვავებით, ნებისმიერი სახის ცხოველურ, მათ შორის რძის პროდუქტებზე უარის თქმას გულისხმობს. ვეგანური კაფეები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია. ასეთი კაფე, სახელწოდებით "კივი", თბილისშიც გაიხსნა.

ეთერ ერაძე