რეინჯერებს ბრაკონიერები ფიზიკურადაც უსწორდებიან - კვირის პალიტრა

რეინჯერებს ბრაკონიერები ფიზიკურადაც უსწორდებიან

"ბორჯომის რაიონი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ადგილობრივები ტყის განადგურებას აღარ სჯერდებიან, რეინჯერებს ფიზიკურად უსწორდებიან"

ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ბრაკონიერები თავს დაესხნენ, ავტომობილები დაუმტვრიეს. ცემა ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმე ქონების დაზიანებისა და ცემის მუხლებით არის აღძრული. ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულ რეინჯერთაგან ერთ-ერთს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსს, ივანე კუპრაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა მომხდარი.

- 31 მაისს, დაახლოებით 16 საათზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სოფელ ბანისხევის სარეინჯერო ტერიტორიაზე, ჩვენი რეინჯერები მორიგ პატრულირებაზე იყვნენ, რომ დააფიქსირეს ხეტყის უკანონოდ ჭრის ფაქტი, სოფელ ბანისხევში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ხარის დახმარებით მოათრევდა მორებს. როგორც კი რეინჯერები დაინახა, ხეები ჩახსნა, დანაშაულიც აღიარა, მაგრამ ოქმზე ხელი არ მოაწერა. ჩვენ ვალდებული ვიყავით მორები შეგვენახა გამოძიებისთვის და ამიტომ შემთხვევის ადგილზე საგანგებოდ მივედით სამი მანქანით. ამ დროს ის კაცი გზაზე მიკროავტობუსით შემოგვხვდა. დავეჭვდით, რომ მანქანის სალონში დაჭრილი ხის მორები ჰქონდა, ამიტომაც მანქანის გაჩერება მოვთხოვეთ, რაზეც უარი განაცხადა, მეტიც, დაეჯახა ჩვენს მანქანებს, ორი ავტომობილი დაგვიზიანა. ჩვენ ექვსნი ვიყავით, ისინი სამნი: მამუკა, ბექა და ლევან გოგოლაძეები (მამა-შვილი და მათი ნათესავი). ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, სამწუხაროდ, არანაირმა შეგონებამ არ გაჭრა და ხელჩართული ჩხუბი გაგვიმართეს. როგორც კი ავტომობილი დააჯახეს ჩვენს ავტომობილებს, 112-ზე დავრეკე და საპატრულო პოლიციის დახმარებამაც მოგვისწრო.

არ მესმის, ასე რატომ მოიქცნენ, მით უფრო, რომ როგორც შემდგომ გაირკვა, მიკროავტობუსში დაჭრილი მორები არ იყო. ის ხეები საკუთარი ბაღის მიმდებარედ, ტყეში მოჭრეს და გზაზე ჩამოყარეს, რომ ჩვენს გამოჩენამდე წაეღოთ. როდესაც დანაშაულის ფაქტზე ვიჭერთ, ყველა გაიძახის, აბა, რა ვქნათ, თქვენ მუშაობთ და ხელფასი გაქვთ, ჩვენ რითი ვარჩინოთ ცოლ-შვილიო? ამ სოფელში ჩვენს ერთ-ერთ რეინჯერს მანამდეც დაესხნენ თავს, ახალდაბაში კი რეინჯერს სამსახურებრივი ავტომობილის მინები ჩაქუჩით ჩაულეწეს. სხვათა შორის, აბასთუმანში, ახალციხეში, ხაშურში ასეთი რამეები არ ხდება. თუ ვინმეს დანაშაულზე დავიჭერთ, აღიარებს და პროცესი სამართლებრივ სიბრტყეში განიხილება, ბორჯომის რაიონი კი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ადგილობრივები მხოლოდ ტყის განადგურებას აღარ სჯერდებიან, ფიზიკურადაც გვისწორდებიან.

არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო სააგენტოს რეინჯერებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ბრაკონიერები მათაც დაუნდობლად უსწორდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მაისში სოფელ ახალდაბაში, სატყეო სააგენტოს რეინჯერ ზვიად ბლიაძის სამსახურებრივი ავტომობილი დაწვეს, უბნის უფროსის ავტომობილს კი ქვები დაუშინეს. მეტიც, რამდენიმე წლის წინ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერი მერაბ არევაძე ბრაკონიერებმა დანაშაულის მიჩქმალვის მიზნით მოკლეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილები და უშუალო მონაწილე დაიჭირეს, მაგრამ ამნისტია შეეხოთ და გათავისუფლდნენ. რეინჯერები ჩივიან, რომ ბრაკონიერებთან ბრძოლა უშედეგოა სამართალდამცველების მსუბუქი მუხლების მიყენებით და შემდგომ მათი აღსრულების სუსტი მექანიზმების გამო.

P.S. შარშან, სოფელ ბანისხევში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერ სამსონ პაპიძეს ელექტროხერხი გულმკერდზე გადაატარეს. საბედნიეროდ, პაპიძე გადარჩა.

"წადი" ძალაშია!

2015 წლის გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სულამანიძეს ავტომანქანის საბარგულში ხელყუმბარა ჩაუდეს წარწერით, - "გაფრთხილებთ, წადი!" ნაკრძალის დირექტორი მომხდარს ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებს. გიორგი სულამანიძე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად 2010 წლიდან მუშაობს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის თავზე სამსახურებრივ ავტომობილს დაუდგენელმა პირმა მუხრუჭის შლანგი გადაუჭრა. პოლიცია ამ ამბავსაც იძიებდა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნეს, რომ მიყენებული ზიანი 70 ლარს არ აღემატებოდა და ძიება შეწყდა.

2015 წლის მიწურულს, 27 დეკემბერს, ბომბი აღმოჩნდა თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომობილშიც, ძიება დაიწყო, თუმცა დღემდე უცნობია სამართალწარმოების შედეგები. ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ" ვიღაც ცდილობს კანონის აღმასრულებლების დაშინებას. თუ ეს მცდელობა არ აილაგმება, დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ცუდ შედეგს მოიტანსო."ფაქტია, შედეგი უარესდება, რეინჯერებს ფიზიკური განადგურების მცდელობით კვლავ დაემუქრნენ და სცადეს კიდეც.

ეკა ლომიძე