"ვიღაც დაინტერესებულია, არ გაიხსნას ეროსის საქმე" - კვირის პალიტრა

"ვიღაც დაინტერესებულია, არ გაიხსნას ეროსის საქმე"

"არ აწყობთ, საქმეს მკვლელობა დაერქვას"

გასულ თვეში მთავარმა პროკურორმა ეროსი კიწმარიშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე კვლავ განაცხადა: "გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და როგორც კი დასრულდება და დადგენილ გარემოებებს სამართლებრივი შეფასებები მიეცემა, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს".

15 ივლისს ორი წელი შესრულდება, რაც ეროსი კიწმარიშვილი ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, რასაც ოჯახი არ იზიარებს.

ზურაბ კიწმარიშვილი: - დაახლოებით ორი თვის წინ ოფიციალური წერილით მივმართეთ მთავარ პროკურატურას და ვთხოვეთ, ეცნობებინათ, რა იყო ახალი გამოძიებაში. ბოლო თვეებში ველოდებოდით სატელეფონო ანძების ამონაწერის, საქმეში არსებული ვიდეოფირის, იარაღზე დნმ-ის ანაბეჭდებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ პასუხებს. ვინაიდან ვერ შევძელით გამომძიებელთან შეხვედრა, მივმართეთ პროკურატურას, რათა ეცნობებინა შემაჯამებელ საქმიანობაზე, რომლის გავრცელებასაც, დაპირებისამებრ, საჯაროდ აპირებდნენ. ორი თვე გავიდა და ორი დღის წინ გვიპასუხეს, რომ პროკურატურის ოფიციალური პასუხი არსებობს და ოჯახს ფოსტით უნდა მოგვსვლოდა. ამის შემდგომ ყველაფერი გაიყინა, კომუნიკაცია გაწყდა. ვერავინ გაიგო, წერილი სად იყო ან რა შინაარსისაა. ჩვენს ადვოკატებს შეატყობინეს, რომ შესაძლებელია, მისამართი არასწორად იყო მითითებული და წერილის უკან მიბრუნებას დაელოდებიან. ასეთი აბსურდული ვითარებაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არათუ საქმის გადაკვალიფიცირება, ნებისმიერი მოქმედება მათ ინტერესს აღარ წარმოადგენს. ვეჭვობ, დამუშავებულ ინფორმაციაში არის ისეთი დეტალები, რომელთა ოჯახისთვის გაცნობა გამოძიებამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

- თქვენ თუ აღმოაჩინეთ ამასობაში მკვლელობის ვერსიის გამამყარებელი რაიმე დეტალი და მტკიცებულება? ადრე ფაილებიც ახსენეთ, რომელიც გამოძიებას უნდა აღედგინა.

- ეროსის პირად ინტერნეტსივრცეში, გარდაცვალებამდე ერთი კვირის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია არ ჩანს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის გააქრეს, ან თვითონ ეროსიმ წაშალა. აუცილებლად აღსადგენია გამქრალი ფაილები, მიმოწერები და შევეცდებით, მოვიპოვოთ ინფორმაცია, რისი აღდგენა და დამუშავება მოხერხდა. პროკურატურამ თუ გვიპასუხა, რომ საქმეში ახალი არაფერია, დამოუკიდებლად დავიწყებთ გამოძიებას.

რჩება ერთი გზა - ჩვენი ძალებით შევისწავლოთ მასალები, იქნებ მათ რაღაც გამორჩათ ან უმნიშვნელოდ მიიჩნიეს ყურადსაღები დეტალები. ის ფაქტი, რომ წერილი აქამდე ვერ ჩაგვბარდა და ბოლო საგამოძიებო მოქმედებებს არ გვაცნობენ, ეჭვს ბადებს, რომ აქვთ ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცნობაც ჩვენთვის არ უნდათ. ამასობაში ვერაფერმა მაფიქრებინა, რომ მკვლელობის გარდა, სხვა ვერსია შეიძლება არსებობდეს. ეჭვები რომ გამიფანტონ და სხვა ვერსიის სარწმუნოება დამანახონ, მივიღებდი, მაგრამ რომ ვერც მიმტკიცებენ თვითმკვლელობის ვერსიას? შექმნილი ვაკუუმი მიმძაფრებს ეჭვს, რომ ვიღაც არის დაინტერესებული, არ გაიხსნას ეს საქმე.

- არ გამორიცხავდით, რომ მკვლელობა, შესაძლოა, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან ყოფილიყო დაკავშირებული?

- ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ეს თუ სიმართლეა, არ გამოვრიცხავ, რომ ეროსი რაღაც პროცესებისთვის იყო ხელის შემშლელი და მოიშორეს.

- კონკრეტულად ვისთვის უნდა ყოფილიყო თქვენი ძმა ხელის შემშლელი? სხვათა შორის, ამას წინათ, უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ირაკლი შოთაძეს დაუსვეს კითხვა, რატომ არ დაჰკითხეს აქიმიძე და დვალი, რაზეც მან უპასუხა, ეს მოთხოვნა კიწმარიშვილის ოჯახსაც კი არ დაუყენებიაო.

- ეროსი ხელის შემშლელი შეიძლება ყოფილიყო გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის - როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოური სეგმენტებისთვის და ვიდრე ხელშესახები არაფერი მექნება, ფანტაზიაშიც კი ვერ დავუშვებ კონკრეტულ პირს ან პირთა წრეს.

რაც შეეხება დათოს და ჯარჯის დაკითხვას, თუ ეს მართლა თქვა შოთაძემ, გამოდის, ოჯახი უნდა ყოფილიყო გამოძიების მეთოდოლოგიის დამდგენი თუ გამკონტროლებელი. როცა ჩვენ მნიშვნელოვანი საკითხების გასარკვევად ზოგიერთი მოწმის ხელმეორედ დაკითხვა მოვითხოვეთ, გამოძიებამ კითხვები ისე დასვა, თითქოს ეს მათ კი არა, ოჯახს აინტერესებდა, რაც გამოძიების არაეფექტურობაზე მიანიშნებს. ჯარჯი და დათო თუ დასაკითხი იყვნენ, ეს გამოძიებას უნდა გაეკეთებინა, ჩვენ კი არ უნდა მოგვეთხოვა.

- თქვენი ძმის სამართალმემკვიდრე ია კიწმარიშვილი აპირებდა ტელეკომპანიის წილის მოთხოვნას. როდის ჩაერთვება ამ პროცესში?

- თავის დროზე, მან დააფიქსირა პოზიცია, რომ იმ შემთხვევაში, როცა მხარეები მფლობელობაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას, მასაც ექნებოდა წილის მოთხოვნის საშუალება. თავის დროზე ქიბარ ხალვაშმა კი თქვა, კიწმარიშვილს მილიონები გადავუხადეო, მაგრამ შემდეგ ისიც დააზუსტა, რომ არ იცის, თანხა პირადად მიუვიდა თუ არა ეროსის. იმედია, სასამართლო პროცესზე გაირკვევა ყველაფერი. როგორც ვიცი, ეროსისთვის არავის არაფერი გადაუხდია, არ მინახავს, რომ ჩემს ძმას ამხელა თანხა გასჩენოდა, მის ცხოვრებაში ნამდვილად არ იყო იმ პერიოდში ამის ნიშნები.

- რადგან თქვენმა ძმამ იარაღი იყიდა, გამოდის, იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ნანიტაშვილთან არ უსაუბრია, კონკრეტულად ვისგან ელოდა საფრთხე?

- ბადრი ეროსის მეგობარი და კომპანიონი იყო. თუ ეროსი გრძნობდა საფრთხეს, ის თავად მოაგვარებდა საქმეს. ის, რომ ეროსიმ იარაღი იყიდა, იმაზე მეტყველებს, რომ მას გარკვეული თამაში"ჰქონდა წამოწყებული, რაც მისი სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. სხვათა შორის, ეროსი ბადრისაც ურჩევდა იარაღის ყიდვას, არ ვიცი, რას ფიქრობდა, თუმცა ვიცი, რომ დაარწმუნა ამაში. ბადრიმაც იყიდა, მაგრამ მერე აღარ გამოუტანია.

- ორი წლის გადმოსახედიდან, მაინც რას შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი ძმის ბურუსით მოცული გარდაცვალება?

- ერთადერთი გამოკვეთილი ვერსია არის დაგეგმილი ქმედება, რაც უნდა უკავშირდებოდეს ეროსის პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის დაკვეთილი და პროფესიონალების მიერ შესრულებული მკვლელობა.

- და, როგორც წესი, დაკვეთილი მკვლელობები არ იხსნება ხოლმე...

- შეიძლება დნმ-ის პატრონის ვინაობის გარკვევა, მის კვალზე გასვლა და დაკავება. თუმცა, შეიძლება ვერ გავიგოთ, ვინ შეუკვეთა მკვლელობა და ის ნახევრად გახსნილი საქმეების კატეგორიაში გავიდეს. გვაქვს ეჭვი, რომ ვიღაცას არ აწყობს საქმეში შემოვიდეს ისეთი დეტალები, რომლებიც თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირების აუცილებლობას დააყენებს. ასეთ შემთხვევაში გამოძიებამ მთელი ძალით და რესურსით უნდა დაიწყოს კვლევა-ძიება, რაზეც, ალბათ, ნამდვილად არ ოცნებობენ. არ აწყობთ, იპოვონ რაღაც ისეთი, რაზეც ბევრი მუშაობა მოუწევთ, საბოლოოდ საქმეს მკვლელობა დაერქვას და ის გაუხსნელი დარჩეს. ეს მათ იმიჯზე ცუდად იმოქმედებს. შეიძლება საერთოდ არც გაიხსნას ეს საქმე. არ ვიცი, როდემდე უნდა იმეოროს მთავარმა პროკურორმა, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა, მის შედეგებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთო. ჩვენთვის დღემდე არაფერი შეუტყობინებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დასკვნით ეტაპამდე შორია.

ნანა ფიცხელაური