"მე არაფერი დამიგეგმავს" - პაპიძემ ქმარ-შვილის ცხედრების ფოტოებს ვერ შეხედა... - კვირის პალიტრა

"მე არაფერი დამიგეგმავს" - პაპიძემ ქმარ-შვილის ცხედრების ფოტოებს ვერ შეხედა...

"მაგდას არ სურდა, ქმარ-შვილის მიმტოვებელი ქალის სახელი ჰქონოდა, ამიტომ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია. გადაწყვიტა, ეს გაეკეთებინა ისე, რომ მკვლელობა სხვას დაჰბრალებოდა, თვითონ კი მგლოვიარე ცოლის სახელი ჰქონოდა..."

10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მაგდა პაპიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოუტანენ. პაპიძემ თავად ისურვა, რომ მისი საქმე არა მოსამართლეს, არამედ ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

"წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ", - განაცხადა პროცესის დაწყებისას მაგდა პაპიძემ. მისთვის წაყენებული ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ელენე ჩხაიძე, პროკურორი: "მაგდა პაპიძემ საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე მეუღლეს და 5 წლის შვილს... ომარი ყველაფერს აკეთებდა, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. იგი სპეცრაზმელი იყო, აგვისტოს ომის მონაწილე, ძალიან უყვარდა მეუღლე. მაგდამ გამყიდველად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ქურდობის გამო გაათავისუფლეს. შემდეგ ისევ დაიწყო მუშაობა გამყიდველად სახლთან ახლოს. იმ მაღაზიაში ხშირად იკრიბებოდნენ უბნის ბიჭები და სწორედ იქ გაიცნო ოთარ ბერძენიშვილი. დაიწყო გამომწვევად ჩაცმა, იღებდა გამომწვევ ფოტოებს და დებდა "ფეისბუკზე". მაგდას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ბერძენიშვილთან, უნდოდა, მისი ცოლი გამხდარიყო. ცდილობდა, მისგან დაორსულებას, რომ ახალი ოჯახი შეექმნა, მაგრამ არ სურდა ქმარ-შვილის მიმტოვებელი ქალის სახელი ჰქონოდა, ამიტომ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია, გადაწყვიტა, ეს გაეკეთებინა ისე, რომ მკვლელობა სხვას დაჰბრალებოდა, თვითონ კი მგლოვიარე ცოლის სახელი ჰქონოდა... ამისთვის შეიძინა დიდუბეში ურო, რომლითაც გადაწყვეტილი ჰქონდა ქმრისა და შვილის მკვლელობა, შემდეგ შეხვდა ოთარ ბერძენიშვილს და უთხრა, რომ მის მეუღლეს აქვს ვიღაც პირებთან პრობლემები, და შესანახად გადასცა თავისი ოქროულობა, თან გააფრთხილა, რომ იმ დღეს მისთვის არ დაერეკა. პარალელურად, ალიბი რომ შეექმნა, თურქეთში გაუგზავნა დედას მესიჯი, რომ ომარმა ხელი გაარტყა, წაიღო ოქრო და სახლიდან წავიდა.... იმ საბედისწერო დღეს ომარ ქაფიაშვილს დივანზე ჩაეძინა, მისმა საყვარელმა ქალმა კი თავში უროს რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა, ამის მერე კი შვილი გაგუდა... მერე სისხლიანი ნივთები შავ პარკში ჩაყარა და დაელოდა ხელსაყრელ მომენტს, რომ გადაეყარა... ამ დროს დედამთილს, დარეჯან მინდიკაურს ეუბნება, რომ მისი ქმარ-შვილი გზაშია და მანქანით უნდა დახვდეს. სისხლიან ბალიშს, რომელზეც თავი ედო ომარს, ზეწრებს, საბანს და სხვა უამრავ ნივთს ყრის სახლთან ახლოს ნაგვის ურნაში. ცხედრებს გაათრევს გარეთ და ამის შემდეგ უხმობს დედამთილს დასახმარებლად".

სასამართლო პროცესზე პროკურორმა წარადგინა ფოტომასალა, სადაც ულტრაიისფერი სხივებით ჩანს, რომ მათ სახლში დიდი რაოდენობით სისხლის კვალი აღმოჩნდა, სისხლის კვალი ჩანს დერეფანშიც. პროკურორის თქმით, ეს გარემოებები ადასტურებს, რომ მკვლელობა ბინაში მოხდა.

ეკრანზე მამა-შვილის ცხედრების ფოტოების გამოჩენა დამსწრეთათვის ძალიან მძიმე იყო. მაგდა პაპიძეს ფოტოებისთვის არ შეუხედავს, თვალებზე ხელაფარებული უსმენდა პროკურორის ბრალდებებს.

მაგდა პაპიძე: "მე და ომარი სიყვარულით დავქორწინდით, თორნიკე შვიდთვიანი, 2 კილოგრამი და 600 გრამი დაიბადა, გულის უკმარისობით, ტემპერატურის ვარდნით, ტონუსი არ ჰქონდა... 2 თვე მკერდიდან არ მომიცილებია, ოქტომბერში დაიბადა და ახალ წლამდე ხალათის შიგნით მეწვინა ჩემი შვილი. რაც შეეხება ჩემს გამომწვევ ფოტოებს სოციალურ ქსელში, რაზეც აპელირებს პროკურორი, ეს ჩემი ქმრის გადაღებული ფოტოებია. სარეკლამო სააგენტოებში ვმუშაობდი და პიარისთვის მჭირდებოდა... ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვქონდა... ამბობენ, რომ დივანზე, რომელზეც იმ დღეს მე ვიწექი და ველოდებოდი ქმარ-შვილს, თითქოს ომარი იწვა და მე ის მოვკალი. ომარი დივანზე არ წვებოდა, ოთახში ორსაწოლიანი გვედგა და იმაზე წვებოდა... რაც შეეხება უროს, მისი ყიდვა ჩემმა ქმარმა დამავალა და ეს პირველივე დღეს ვთქვი...…მე ხარჯთაღრიცხვას ყოველთვის ვაკეთებდი, შესაბამისად, ამ რვეულის მოძებნა თვითონ ვთხოვე გამომძიებელს. ვუთხარი, რომ იქ ეწერება ლურსმნების ზომები და შპალერი რომ უნდა მეყიდა-მეთქი. რამდენიმე დღეში სულ სხვა ფურცელი მაჩვენეს, ეს ჩემი ნაწერი არ არის... ჩემს ქმარს თვის ბოლოს 1 000 ლარამდე თანხა მოჰქონდა, აქედან 500 ლარამდე მიდიოდა საბანკო ვალდებულებებში, რადგან ორი ავარია მოუხდა. მეც ვმუშაობდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ მაკმაყოფილებდა ომარის შემოსავალი, არამედ იმიტომ, რომ თორნიკეს სასუნთქი გზების პრობლემების გამო მუდმივად წამლები სჭირდებოდა. ტყუილია ისიც, რომ ქურდობის გამო გამომიშვეს სამსახურიდან. "კარფურში" მოლარე-ოპერატორად ვმუშაობდი, 2 საათზე ინსულინის გაკეთება მიწევდა და ვერ გავატარე ყველაფერი. ქურდობა რომ ჩამედინა, არავინ მაპატიებდა... რაც შეეხება ჩემზე ძალადობას, გაჩვენებდით ახლა ჩემს მუცელს, სადაც დღემდე მეტყობა წიხლისა და მუშტის კვალი. ცემა მაშინ მიატოვეს, როცა დამახიეს ქურთუკი და ჯიბეში ინსულინი დაინახეს... რაც შეეხება ოთარ ბერძენიშვილს, ჩვენ კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ოქროს ნივთები მართლაც მივეცი და ვუთხარი, რომ 2 კვირაში გამოვართმევდი. მე არაფერი დამიგეგმავს".

მარიკა ფხალაძე, მაგდა პაპიძის ადვოკატი: "მაგდას მოუკლეს შვილი, მეუღლე და მას აბრალებენ ამ საშინელ დანაშაულს. ის ცდილობს, თავი გაიმაგროს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაერქვას შვილისა და მეუღლის მკვლელი. სადმე მოვისმინეთ, რომ მაგდა მეუღლეზე განაწყენებული იყო? არადა, თავის დროზე ბრალმდებლები აცხადებდნენ, რომ მეუღლეზე განაწყენებულმა მოკლა ქმარი და მოგუდა შვილი. ახლა გვეუბნებიან, სხვასთან რომ აეწყო ცხოვრება, ამიტომ მოკლაო... აცხადებენ, რომ ჩანაწერი ამოიღეს და ექსპერტიზით დადგენილია მისი ხელწერა. ეს ჩანაწერი გამოძიებამ შემთხვევიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ მოიპოვა. არადა, შემთხვევის ადგილი გულდასმით დაათვალიერეს და ვერაფერი იპოვეს, მერე დარეჯან მინდიკაურმა გადასცა გამოძიებას. ამ ჩანაწერს არანაირი კავშირი არა აქვს მაგდასთან".

ადვოკატის თქმით, ბუნკერიდან ამოღებული ბავშვის ფოტო, რომელიც სისხლიან ნივთებთან იპოვეს, არ არის თორნიკე ქაფიაშვილის სურათი. "ეს არის გოგონას ფოტო, გამოძიება კი აცხადებს, რომ მაგდამ შვილის ფოტოები დახია. როგორ აღმოჩნდა ვიღაც გოგონას ფოტო დანაშაულის ნივთებთან ერთად? ჩვენი მოწმეები იტყვიან, როცა მათ თვალწინ დივანი დაცალეს, იქ სისხლის კვალი არ უნახავთ, ერთი თვის შემდეგ აღმოაჩინა გამოძიებამ დივანზე სისხლის კვალი".

დკითხეს ოთარ ბერძენიშვილიც. სხდომა დახურული იყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მან დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან ინტიმური ურტიერთობა ჰქონდა. (იხილეთ: "ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით: ის პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა")

თეა ხურცილავა