"მაგდა პაპიძისნაირ ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი..." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"მაგდა პაპიძისნაირ ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი..." (ექსკლუზივი)

რას ამბობს ჩვენებაში პაპიძის მეგობარი მამაკაცი

"მაგდამ დამირეკა, ქოშინებდა... ეზოში გვამებიაო..."

"მაგდას არასოდეს უთქვამს, რომ ჩემგან ფეხმძიმედ იყო: საერთო შვილის ყოლაზე არასოდეს გვისაუბრია. მე არანაირი გრძნობა არ მქონია, ჩემთვის ის ერთი რიგითი ქალი იყო"

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა გრძელდება - განსასჯელს მეუღლისა და 5 წლის შვილის, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. პირველი მოწმე, ვინც სასამართლოზე დაიკითხა, ოთარ ბერძენიშვილი იყო. ბრალდების მტკიცებით, სწორედ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო დახოცა პაპიძემ ქმარ-შვილი. 10 ივნისს მისი დაკითხვა პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა, რადგან პროცესზე მათი პირადი ცხოვრების დეტალებზე უნდა ესაუბრათ... დაკითხვის შემდეგ ის დაცვის თანხლებით გააპარეს შენობიდან.

"კვირის პალიტრამ" მაინც მოახერხა და მოიპოვა გამოძიებისთვის მიცემული ოთარ ბერძენიშვილის ჩვენება.

ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებიდან:

"...თბილისში მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობ. ძირითად დროს უბანში ვატარებ, რადგან ამჟამად არ ვმუშაობ. ჩემს უბანში მცხოვრებ ომარ ქაფიაშვილს ბავშვობიდან ვიცნობდი. ტოლები ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ...

...ოთარის მეუღლე მაგდა პაპიძე 2015 წლის ოქტომბერში გავიცანი. იგი ჩვენს უბანში ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილის" მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. სამ დღეში ერთხელ იყო "სმენაში"... მალევე მაგდას შევატყვე, რომ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი და სიმპათიით განეწყო. მწერდა მესიჯებს. ერთხელაც შემომთავაზა, ჩაი ერთად დავლიოთო. ვამჩნევდი, ჩემდამი ლტოლვა ჰქონდა, ერთხელაც მანქანით გასეირნება შემომთავაზა. წავიყვანე და... სისტემატურად მწერდა მესიჯებს, რომ მე ვიყავი მისი სუნთქვა და ჩემთან თავს ბედნიერად გრძნობდა. როცა მორიგე იყო, ვაკითხავდი, მიმყავდა მანქანით და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. ღამე მუშაობის დროს, როცა გამომყავდა, მაღაზიას უტოვებდა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს... მას ისე ვუყურებდი, როგორც რიგით ქალს. სხვანაირი გრძნობა არ მქონია. დამირეკავდა, მთხოვდა შეხვედრას, თუ მეცალა, ვხვდებოდი. მაგდასთვის არასოდეს მითქვამს, რომ მასთან ვაპირებდი ახლო ურთიერთობის დამყარებას. მისნაირ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი...

...რაც შეეხება მის ფეხმძიმობას, მაგდას არასოდეს უთქვამს, რომ ჩემგან ფეხმძიმედ იყო. პირველივე ურთიერთობის დროს შევთავაზე, თავი დაეცვა, მითხრა, რომ სპირალი ედგა და თავს იცავდა. საერთო შვილის ყოლაზე არასოდეს გვისაუბრია. მე არანაირი გრძნობა არ მქონია, კიდევ ვამბობ, ჩემთვის ის ერთი რიგითი ქალი იყო და ნამდვილად არასოდეს მიფიქრია მისი ცოლად მოყვანა და მასთან ბავშვის ყოლა...

...მაგდას მეუღლესთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. მაგდა გულმოდგინედ მალავდა ჩვენს ურთიერთობას, მეც არაერთხელ მთხოვა, უბანში არავისთვის მეთქვა. ამბობდა, რომ მეუღლე ეზიზღებოდა და სქესობრივი ურთიერთობა მასთან ორი წელი არ ჰქონია... ერთხელ მიამბო, რომ დაახლოებით 2 წლის წინ დაფეხმძიმდა ქმრისგან, ტყუპი ჰყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ ომარს მეტი შვილი არ უნდოდა, მაგდა აიძულა, აბორტი გაეკეთებინა. ამის გამო შეიძულა ქმარი. ომარი თურმე სისტემატურად ემუქრებოდა... მაგდა მიყვებოდა, თუ როგორი აუტანელი იყო მისი ცხოვრება. თუმცა, მას არასოდეს უთქვამს, რომ ქმარი სცემდა. ძალადობის მცდელობას კი ხშირად ჰქონია ადგილი. ერთ დღეს მითხრა, ომარს სახლიდან ჩემი ოქრო მიაქვს ლომბარდში, ფულსაც მართმევს, არ ვიცი, სად მიაქვს თანხები, შეიძლება ვინმე ჰყავს და იმას ატენის, ან შეიძლება თამაშობსო. ზუსტად ამ ამბამდე (ტრაგედიამდე - ავტ.) 10 დღით ადრე დამირეკა, ამ დღეებში ხელფასს ვიღებ, ლომბარდიდან ნაწილი ოქრო უნდა გამოვიტანო და თუ შეგიძლია რამდენიმე დღით შემინახე, ქმარმა რომ არ ნახოს და ისევ არ დამილომბარდოსო. ვუთხარი, მოეტანა, პრობლემა არ იყო. მეორე დღეს დამირეკა, ოქრო გამოვიტანე, ეზოში მოვალ მანქანით და ჩამოდიო. მოვიდა თავისი მეუღლის შავი "ჰონდა ფიტით", გამოვართვი ყავისფერი საფულე, მითხრა, აქ ოქრო და ცოტა ფულია, ცოტა ხნით შემინახეო და წავიდა. ამის შემდეგ ბაბუაჩემის ნაკვეთში შევედი, სადაც პატარა ერთოთახიანი სახლი დგას, მოვძებნე პოლიეთილენის პარკი და მაგდას საფულე, ისე, რომ არც გამიხსნია, ჩავდე პარკში და შევინახე... ბოლოს 3-4 დღით ადრე ვნახე, როცა მაღაზიაში ავედი, მაგდა ძალიან შეშინებული დამხვდა, მითხრა, ჩემი ქმარი ისე მემუქრება, შეიძლება მართლა მომკლასო. წინაღამეს ჯვარზე ამიყვანა, კლდის პირას დამაყენა და მითხრა, 27 რიცხვამდე თუ ჩემთან არ დაწვები, ისე დაგტანჯავ, როგორც მე მტანჯავო. რამენაირად თავს მოერიე-მეთქი, მიპასუხა, არ შემიძლია, ძალიან მეზიზღებაო. შემდეგ მომაწოდა ოქროს ჯვარი და "ცეპი", ესეც ჩავიდე ჯიბეში და სახლში შენახულ ნივთებს მივამატე...

...19 დეკემბერს, 11 საათსა და 30 წუთზე, სახლში მეძინა, როცა მაგდამ დამირეკა და მითხრა, ტელეფონი ომარს უნდა ვათხოვო და დღეს ჩემს ნომერზე არ დამირეკოო. მე არც შევხმიანებივარ, იმ დღეს შუადღემდე სახლში ვიყავი. მერე მე და ჩემი სიძე ლაშა ხუციშვილი ერთად წავედით ნათესავთან ორთაჭალაში, ბიჭებთან ცოტა დავლიე, იქ დავრჩით გვიანობამდე,…იქიდან ღამით, 02 საათსა და 30 წუთზე, წამოვედით, ჩემი სიძე გადავიდა მანქანიდან და სახლში ავიდა, მე ვაპირებდი ბაბუაჩემის სახლში წასვლას, სადაც დროებით მეძინა, რადგან ჩემი და და სიძე, პატარასთან ერთად, ჩვენთან ცხოვრობდნენ... ამ დროს მაგდამ მობილურზე დამირეკა, მძიმედ სუნთქავდა, ქოშინებდა... მისი ლაპარაკიდან მხოლოდ ის გავიგე, ეზოში გვამებიაო, ეს სიტყვები ამოიკივლა... ტელეფონში ქალების წივილ-კივილი ისმოდა. მაშინვე დავურეკე ჩემს სიძეს და ჩემი მანქანით წავედით მაგდას სახლისკენ. ფერაძის ქუჩაზე დავინახე ჩემი მეზობელი, გია უშიკიშვილი, მირბოდა, ვკითხე, რა ხდება-მეთქი, ბავშვი და კაცია მკვდარიო. ჩავისვით გიაც მანქანაში და წავედით, რომ მივედით, სასწრაფო და პოლიცია უკვე იქ იყო. ძირს ესვენა ორი ცხედარი და ზევიდან გადაფარებული ჰქონდა. ხალხისგან გავიგე, რომ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები გარდაცვლილები იყვნენ, ვის შეეძლო მოეკლა მამა-შვილი, არავის უთქვამს".

"...მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო"

ომარ ქაფიაშვილის ბავშვობის მეგობრის, მარიამ მაზმიშვილის მტკიცებით, ომარს ძალიან უყვარდა ცოლი. "ომარისგან ხშირად გამიგონია, სახლიდან ჩემი გასვლა და მეგობრებთან ყოფნა მაგდას არ მოსწონს და ვცდილობ, არ ვაწყენინო, რადგან დიაბეტი აქვსო... ეს ამბავი რომ გავიგე, მაშინვე წავედი ომართან და სახლში თუ დერეფანში სისხლის კვალი ჩემი თვალით ვნახე. პანაშვიდზე გვერდით მეჯდა მაგდას და, ლანა, და ჰყვებოდა, რომ მაგდას ჰყავდა საყვარელი, ოთო ბერძენიშვილი. ამბობდა, ბოლო დღეებში სულ ოთოზე მელაპარაკებოდაო. ისიც თქვა, ომარს ჭორად გაუგია ეს ამბავი და მაგდასთვის უთქვამს, თუ ეს დაგიმტკიცე, იცოდე, არ გაცოცხლებო... ჩემი და ომარის საერთო მეგობარ გოგოს პრობლემა ჰქონდა ქმართან და თავის ამბებს გვიყვებოდა, რა დროსაც მაგდამ უთხრა, ასეთი ქმარი რომ მყავდეს, მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო. ამ სიტყვებისთვის მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ ვხედავთ, რომ მან მართლა მძინარე მოკლა ომარი".

"მაგდა 2-3 კვირის ორსული იყო"

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგი ნატა ფირცხალავა. მისი თქმით, დაკავების დროს მაგდა პაპიძე ორსულად იყო. "ორი-სამი კვირის ორსული იყო. განმეორებით 26 დეკემბერს გავსინჯეთ და ორსულობა უკვე შეწყვეტილი იყო. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან კლინიკაში იმყოფებოდა. მიზეზს ვერ გეტყვით, რატომ შეწყდა ორსულობა. მაგდა პაპიძემ თავად იცოდა, რომ იყო ფეხმძიმედ და აინტერესებდა, ვითარდებოდა თუ არა ეს ორსულობა". ექიმის თქმით, ბრალდებულს გასინჯვის დროს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

"ომარმა მისი ორსულობის შესახებ არ იცოდა"

ხმაურიანი გამოდგა ომარ ქაფიაშვილის დედის, დარეჯან მინდიკაურის დაკითხვა. მან გაიხსენა ისიც, რომ ტრაგედიამდე 2-3 წლით ადრე მაგდამ ქმრის უჩუმრად აბორტი გაიკეთა, რაც ოთარ ბერძენიშვილის მონათხრობს ეწინააღმდეგება. ბერძენიშვილი ამბობს, რომ მაგდამ უამბო, თითქოს აბორტის გაკეთება ქმარმა აიძულა.

დარეჯან მინდიკაური: "მაგდამ სამსახურში დამირეკა და სასწრაფოდ სახლში მისვლა მთხოვა, მითხრა, ფეხმძიმედ ვარ, ტყუპს ველოდები და უნდა მოვიცილოო. წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან ვიცოდი, ჩემს აზრს არ გაითვალისწინებდა. ბავშვი დამიტოვა და ექიმთან წავიდა, მერე გავარკვიე, რომ ომარმა მისი ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, ამის გამო შელაპარაკებაც მოუვიდათ. მაგდას მეორე შვილი არ უნდოდა".

"სად არის ყურის ნაწილი?"

ბრალდებულის ადვოკატების თქმით, პაპიძის წინააღმდეგ სამხილი არ არსებობს.

მარიკა ფხალაძე: "ბრალდება აცხადებს, რომ თურმე ქმარ-შვილი პაპიძემ იმიტომ დახოცა, რომ მეგობარ მამაკაცთან გაეგრძელებინა ცხოვრება. დარწმუნებული ვართ, ეს ვერ დადასტურდება. ბერძენიშვილმაც თქვა, რომ არანაირი გეგმები ერთად ცხოვრებაზე არ ჰქონიათ, ამიტომ აბსურდამდე მიდის იმის მტკიცება, რომ ქალს შეუძლია დახოცოს ქმარ-შვილი და მერე სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება. არსებულმა მტკიცებულებებმა შეიძლება ეჭვები გააჩინოს ომარ ქაფიაშვილთან მიმართებაში, თუმცა მარტო ეჭვით ვერ გაასამართლებენ, ხოლო ბავშვთან მიმართებაში ერთი ირიბი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს მაგდას ჩადენილია. ვაცხადებ, ჯერ შეიქმნა ვერსია და საამისო მტკიცებულებები ნელ-ნელა მოგროვდა. 7 საათი ათვალიერებდნენ შემთხვევის ადგილს და თურმე ვერ ნახეს დივანზე სისხლი, კედელზე ლაქები. გარდაცვლილს არა აქვს ყურის ნაწილი, ვერ იპოვეს ვერც გადაყრილ ნივთებში და ვერც სახლში. თუ დანაშაული იმ ადგილას მოხდა, მაშინ სად არის ყურის ნაწილი?"

თეა ხურცილავა