"გერლიანმა თქვა, "ნაცმოძრაობა" ქაოსის შესაქმნელად ბევრ ჩემნაირს მოიპარავსო" - კვირის პალიტრა

"გერლიანმა თქვა, "ნაცმოძრაობა" ქაოსის შესაქმნელად ბევრ ჩემნაირს მოიპარავსო"

ჩაჩიბაიას თქმით, "ნაციონალებს" აქვთ გეგმა, მასავით უკანონოდ მოიტაცონ ქურდული სამყაროს წევრები, ჩასხან თვითმფრინავში და გამოგზავნონ. აქ დახვდებათ დაინტერესებული პარტია, ვისთვისაც ამ ფაქტის შესახებ წინასწარ იქნება ცნობილი. ყველაფერ ამას მიზნად უდევს საბოტაჟი...

"მეგობრებთან ერთად რესტორანში ვიჯექი, როდესაც თავს დამადგნენ პოლიციელები და ნიღბიანი სპეცრაზმელები. ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე მომიახლოვდა და მომმართა, სწორედ შენ მჭირდებიო. მითხრეს, ყალბი პასპორტი გაქვსო. ამის შემდეგ პოლიციელებმა მიმაცილეს აეროპორტში, ბილეთი ამიღეს და თბილისში ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გამომაძევეს", - წერს ჩვენებაში ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი (ჩაჩიბაია), რომელიც საქართველოში 18 ივნისს ჩამოვიდა და 4 დღის შემდეგ დააკავეს. გერლიანს სასამართლომ ბრალი ორი მუხლით - "კანონიერი ქურდობა" და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა წარუდგინა და 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გერლიანის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გივი თარგამაძემ "ფეისბუკით" ამცნო საზოგადოებას:

"ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში "კანონიერ ქურდად" კურთხეული, დავით ნუგზარის ძე გერლიანი (დათო სვანი). უკრაინაში დაკავებისას მას გააჩნდა პასპორტი, გაცემული დედამისის გვარზე, კერძოდ, ჩაჩიბაიაზე".

შს მინისტრის განცხადებით, გერლიანთან დაკავშირებული შემთხვევა წმინდა წყლის პროვოკაციაა.

თამარ აბესაძე, დავით გერლიანის ადვოკატი: - დავით ჩაჩიბაია უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, ოდესიდან დეპორტს ვერც გააკეთებდნენ. ჩაჩიბაია ამბობს, ველოდი, რომ თბილისის აეროპორტში პოლიცია დამხვდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად "რუსთავი-2"-ის გადამღები ჯგუფი დამხვდაო. შეეცადა, გარიდებოდა სიტუაციას, ჩაჯდა ტაქსიში და შემოვიდა თბილისში. რამდენიმე წუთში მისთვის ცნობილი გახდა, რომ გივი თარგამაძემ გააკეთა განცხადება, რომ ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და სამართალდამცველ ორგანოებს ზომები არ მიუღიათ. ამის შემდეგ ქართველმა სამართალდამცველებმა გერლიანი 22 ივნისს მარნეულის რაიონში დააკავეს და არა, როგორც ითქვა, სომხეთის საზღვარზე. მას თუ გაქცევა უნდოდა, 18-დან 22-მდე ამის გაკეთება ადვილად შეეძლო.

- მარნეულში რა უნდოდა?

- ცდილობდა, ვითარებას გარიდებოდა. ის პოლიტიკური თამაშის მსხვერპლია, მისი პერსონა გამოიყენეს, რომ შემდეგ ეთქვათ, ე.წ. კანონიერმა ქურდმა თავისუფლად გადმოკვეთა საზღვარიო.

- მისი ნების საწინააღმდეგოდ თუ ჩამოვიდა, რატომ ჩაჩიბაიას გვარით და არა გერლიანის?

- 2013 წელს, როდესაც გერლიანი გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, იუსტიციის სახლში წავიდა და ოფიციალური განცხადების საფუძველზე დედის გვარზე გადავიდა (პასპორტიც ამ გვარზე აიღო). ამ გვარით მოხვდა უკრაინაში და მიიღო მოქალაქეობაც. მოგეხსენებათ, უკრაინის ქალაქების მმართველი სტრუქტურები სამართავად ჩაბარებული აქვთ ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებს და მათ კარგად უწყიან ყველას წარსული. სანამ ჩაჩიბაია ჩამოფრინდებოდა, გივი თარგამაძეს გადმოუგზავნეს ვიდეორგოლი, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ მიჰყავთ პოლიციელებს ჩაჩიბაია ოდესის აეროპორტში. ჩაჩიბაიას თქმით, "ნაციონალებს" აქვთ გეგმა, მასავით უკანონოდ მოიტაცონ ქურდული სამყაროს წევრები, ჩასხან თვითმფრინავში და გამოგზავნონ. აქ დახვდებათ დაინტერესებული პარტია, ვისთვისაც ამ ფაქტის შესახებ წინასწარ იქნება ცნობილი. ყველაფერ ამას მიზნად უდევს საბოტაჟი.

ჩაჩიბაიას კითხვა აქვს გივი თარგამაძესთან. წაგიკითხავთ: "სოცქსელებში რომ ავრცელებდა ინფორმაციას, თუ პოლიტიკური ქულების ჩაწერას არ ცდილობდა, რატომ პოლიციაში არ წავიდა და რატომ დამალა დანაშაული? მას შემდეგ, რაც მის ჩვენებას გავეცანი, გამიჩნდა ეჭვი, რომ სავარაუდოდ, გივი თარგამაძე უნდა იყოს კანონს ამოფარებული "კანონიერი ქურდი", - ამბობს ჩაჩიბაია.

ჩაჩიბაიამ თქვა, "ნაცმოძრაობა" ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კიდევ ბევრ ჩემნაირს მოიპარავსო. ვფიქრობ, ჩაჩიბაიას შემთხვევაში უკრაინამ სახელმწიფოთა შორის შეთანხმება დაარღვია. ის არც იძებნებოდა, მასზე არც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და რაც მთავარია, ის არის უკრაინის მოქალაქე და დეპორტის მასალებს ვერ შეკრებდნენ. ჩაჩიბაია არის უკანონო პატიმარი და პროვოკაციის მსხვერპლი. უნდა გათავისუფლდეს და დაბრუნდეს უკრაინაში.

"მღებრიშვილს ქურდი ჩაუდეს?!"

მიხეილ მაჭავარიანი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი: - გია ლორთქიფანიძე საქართველოში პოლიციელი იყო და არ ყოფილა პოლიტიკურ პარტიაში გაწევრებული. თქვენ მართალი გგონიათ, რომ ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა "კანონიერ ქურდს" მოახსენა თავისი გეგმების შესახებ? შს მინისტრს და პრემიერს ავაკოვისა და სააკაშვილის ურთიერთობების შესახებ არაფერი სმენიათ? რომ მიშა სააკაშვილი დაპირისპირებულია უკრაინის შს მინისტრთან და ბრალს სდებს, რომ სამინისტროში კორუფცია ყვავის? ვიცი, რომ ოდესის ოლქში ძალზე მკაცრი პოლიტიკაა "კანონიერ ქურდებთან" დაკავშირებით, რომლის გატარებაში გია ლორთქიფანიძეს მხარს უჭერს როგორც გუბერნატორი სააკაშვილი, ასევე პრეზიდენტი პოროშენკო. "კანონიერ ქურდებს" არ აპარპაშებენ ოდესაში. რადგან ამ თემას შევეხეთ, მინდა გავიხსენო "ქართული ოცნების" "ლავსთორები" ქურდულ სამყაროსთან. მინდა გაგახსენოთ კახი კალაძის ჩანაწერი 7 ქურდთან დაკავშირებით, ასევე "რემენა", რომელიც გამოადეპორტეს და მას აეროპორტში დახვდა ავტომანქანა, რომელიც გაფორმებულია კახი კალაძის უახლოესი მეგობრის, კალანდაძის მეუღლეზე. ეს კაცი არეალიდან გააქრეს და დაატოვებინეს საზღვარი. გაგახსენებთ ლავას-ოღლის ამბავსაც, რომელიც ასევე გადმოვიდა საზღვარზე, სადაც მას შავი BMW დახვდა, საზღვარზე აპარებდნენ, უბრალოდ, სხვა პოლიციელებმა არ შეასრულეს არასწორი ბრძანება და არ გაუშვეს. გიორგი პიტერსკი, რუსეთმა რომ გამოასახლა, თვითმფრინავში ჩასვეს და თბილისში არავის უნახავს - თვითმფრინავიდან გააქრეს კაცი. მან 2014 წლის ოქტომბერში გადალახა საზღვარი და დატოვა საქართველო.

ეს ხალხი რა პროვოკაციებზე გველაპარაკება? რა, გოგა მღებრიშვილს ჩაუდეს ქურდი? მე, პარლამენტის წევრს, მაჩერებენ 5 წუთი საზღვარზე და გერლიანი როგორ გამოატარეს სხვა პასპორტით? გაარკვიოს მღებრიშვილმა, რატომ მიდიოდა სომხეთში შემოვლითი გზებით. მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გერლიანი სომხეთში ქურდების თავყრილობაზე მიდიოდა. მოსმენებს გვაბრალებდნენ და ქურდის ჩადებასაც თუ დაგვაბრალებდნენ, ამას ვერ წარმოვიდგენდი.

- თქვენი ხელისუფლების დროს არც ერთ "კანონიერ ქურდს" არ გადმოუკვეთია საზღვარი? შსს-ს ინფორმაციით, 2006-2012 წლებში ასეთი 12 შემთხვევა დაფიქსირდა.

- მღებრიშვილი ჩვენს დროს შემოსავლების სამსახურში მუშაობდა და, მგონი, ახსოვს ეგ პერიოდი. კანონი "ქურდული სამყაროს შესახებ" ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო და თუ ვინმესთან იყო შეურიგებელი, ეს ქურდული სამყაროა. სხვათა შორის, ამ მთავრობას უნდოდა, გაეუქმებინა კანონი, აქაოდა, ადამიანის უფლებებს ზღუდავსო და კიდევ კარგი, დროზე მოეგო გონს.

ნანა ფიცხელაური