ზურაბ კიწმარიშვილი: "ამ მულტფილმით დავიჯეროთ თვითმკვლელობა?" - კვირის პალიტრა

ზურაბ კიწმარიშვილი: "ამ მულტფილმით დავიჯეროთ თვითმკვლელობა?"

რას პასუხობს კიწმარიშვილის საქმის პროკურორი გარდაცვლილი ბიზნესმენის ძმას

"ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა ცალსახად გამოირიცხა!"

მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე გახსნილად გამოაცხადა. პროკურატურის დასკვნით, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ბიზნესმენის ოჯახისთვის არადამაჯერებელია პროკურატურის მტკიცებულებები. ეროსის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი, მიმდინარე კვირიდან საქმის ხელახალ, დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს.

"პროკურატურა არაკომპეტენტურია"

ზურაბ კიწმარიშვილი: - როდის დაინტერესდა იარაღით ეროსი, არ ვიცი, მაგრამ ამის პირველი ნიშანი იყო 8 ივლისს მისი საუბარი სიყრმის მეგობართან (ის პირველად მაშინ ახსენებს მეგობარს, რომ სჭირდება იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში და ეძებს ტყვიებს). იმაზე აპელირება, რომ მან 15 ივლისს იყიდა (გარდაცვალების დღეს) იარაღი და გადაწყვიტა თავის მოკვლა, არამართებულია. ერთი კვირა დადიოდა და ამაზე ფიქრობდა? ავტომობილის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია. ჩატარდა ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხარაულის საექსპერტო ჯგუფი, მაია ნიკოლეიშვილი, ზაზა ალთუნაშვილი და მე.

ექსპერიმენტებში მეც მივიღე მონაწილეობა, რომელიც სალონში სხვა პირის არარსებობის ვერსიას აბათილებდა. ექსპერიმენტის დროს მივიღე ისეთი პოზები, რითაც ის სისხლის ლაქები, რომლებიც სალონში აღმოჩნდა, არ გადაიფარა. პროკურატურა ამტკიცებდა, ვინმე რომ მჯდარიყო უკანა სავარძელზე და ეროსისთვის ესროლა, ეს სისხლის ლაქები არ იქნებოდა, რადგან მკვლელს შეესხმებოდა და სალონი არ დაისვრებოდაო.

ამაზე აპელირება უპასუხისმგებლო და დილეტანტურ მიდგომად მიმაჩნია...

რაც შეეხება თვითმკვლელობის მოტივს: იპოთეკური სესხი არავის სიამოვნებს, მაგრამ ეროსიმ ვალები რესტორნების გახსნას მოახმარა - ერთი მუშაობდა, მეორე დღე-დღეზე უნდა გაეხსნა, მაგრამ დროებით გადადო ბიზნესი, რადგან რუსთავში წავიდა და წინასაარჩევნო საქმიანობა დაიწყო. მას ყველა დეტალი გათვლილი ჰქონდა და ელოდა, რომ ეს შემოსავლიანი ბიზნესი იქნებოდა. საარჩევნოდ ხარჯები დაფარული ჰქონდა და გასასტუმრებელი მხოლოდ აქტივისტების ხელფასები (50 კაცის 150-150 ლარი) დარჩა. ამბობდა, რომ იყო წყარო, საიდანაც ელოდებოდა ვალების გასასტუმრებელ თანხებს. ვფიქრობ, რომ მკვლელობამდე, იმ შუადღეს, ეროსი თანხის ნაწილის მისაღებად აპირებდა გასვლას. პროკურატურის მიერ გადაღებულ ანიმაციაში ყურადღება გამახვილდა იმაზე, ლიფტთან ბოლთას რატომ სცემდაო. ეროსი მშვიდი მე არ მახსოვს, სულ მოძრაობდა.

გამოძიებას ჰაკერების დახმარებით უნდა აღედგინა ეროსის ინტერნეტმიმოწერები. გვითხრეს, რაღაცები აღვადგინეთ, მაგრამ 14-15 ივლისის ინფორმაცია არ არისო. მერე გამოაცხადეს, რომ ნახეს სიცოცხლის ბოლო დღეების მესიჯი, სადაც ის ვიღაცას სწერს, რომ ფინანსური პრობლემა აქვს. ასეთი მესიჯი საქმეში ჩვენ არ გვინახავს და საიდან გაჩნდა? თუ იყო სადმე ინტერნეტში, რატომ არ იყო ჩვენთვის ცნობილი? ის საქმეში ჩაიდო როგორც თვითმკვლელობამდელი ბოლო ჩანაწერი - მშვიდობით, ფინანსური პრობლემები მაქვს, ვეღარ ვუმკლავდები და თავს ვიკლავო.

ეს ნიშანია იმისა, რომ გამოძიებამ 2 წლის განმავლობაში მეტი ვერაფერი მოიპოვა. ჩვენ არაფერი გვაქვს, გარდა 3D-ანიმაციისა, რომელშიც ჩანს, რომ ეროსი მივიდა, დაჯდა, გააკეთა უცნაური მოქმედებები, რასაც არ აკეთებდა (თუნდაც, რატომ უნდა ჩამოეწია ფარეხში სამზეური?), სიუჟეტს დაედო სევდიანი მუსიკა და ამ მულტფილმით დავიჯერეთ თვითმკვლელობა?

მე ხომ ვიცი, რომ საქმეში უამრავი რამაა, რაზეც პასუხები არ გაცემულა. ფილმში იმასაც სიამოვნებით ვნახავდი, თუ როგორ დაიქოქა და გადაადგილდა ავტომანქანა, საით მოხდა გასროლა, საით წავიდა სისხლის წვეთები, სად წავიდა ვაზნა, რომელიც არ არის აღმოჩენილი... ვფიქრობ, მანქანა დაიძრა და მერე იქ, სავარაუდოდ, შანტაჟს ჰქონდა ადგილი. არის იმის ალბათობა, რომ ელექტროშოკი გამოიყენეს, ეროსის ხელზე ნაჭდევი და სისხლი ჰქონდა, რაც სიკვდილამდელს მიაწერეს...

ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა სასხლეტზე აღმოჩენილი, ეროსის დნმ-ის გარდა, უცხო ადამიანის დნმ. ბუნებრივია, ასეთი მოცემულობა გამოძიებას უბიძგებდა, დაედგინა იგი. უპასუხისმგებლობაა ვარაუდი, თითქოს ტრანსპორტირებისას მოხვდა იარაღზე ანაბეჭდი...

ვიდეოფირზე აღბეჭდილი უცხო პირის ვინაობაც ვერ დაადგინეს. წესიერად საათებშიც ვერ გაერკვნენ, ვინ რომელ წუთებში გამოჩნდა და რომელმა ადრე გაიარა. ფირი სამხედრო მომზადების პირებს ვაჩვენეთ და გვითხრეს, ტიპური სპეცრაზმელიაო. გამოძიებამ ეს კაცი ვერსად იპოვა, ბაზაში ვერ შეგვაქვს და ვერ ვპოულობთ იმიტომ, რომ მზისგან თვალები აქვს მოჭუტულიო. დიდი მადლობა პროკურატურას, ყველაფერი ეფექტურია - ვერ იპოვეს თითის ანაბეჭდები, დნმ-ის კვალი... გამოძიება თავიდანვე მცდარი მიმართულებით მიდიოდა, ყველაფერი გააკეთეს, რომ პირველადი ვერსია ყოფილიყო დამაჯერებელი. ეროსის ვალები ჰქონდა, მაგრამ პროკურატურა რომ ამას თვითმკვლელობის მოტივად იყენებს, იმას ნიშნავს, რომ არაკომპეტენტურია. ხელახალ გამოძიებას ვიწყებთ, რომელსაც ბოლომდე მივყვებით.

"ათასობით ადამიანი როგორ უნდა ეძებნა გამოძიებას"

ნინო აღლემაშვილი, პროკურორი: - ამ საქმეში ყველაფერი სკრუპულოზურად გამოიკვლიეს და სხვა პირის მონაწილეობა გამოირიცხა. იარაღზე აღმოჩენილია ეროსი კიწმარიშვილის დნმ (რაც ადასტურებს, რომ მას ჰქონდა იარაღთან შეხება), ასევე აღმოჩნდა შერეული ტიპის დნმ. ჩვენ არ გვითქვამს, რომ მხოლოდ ტრანსპორტირების შედეგად შეიძლებოდა იარაღზე უცხო დნმ-ის მოხვედრა. ყველა შემოწმებული პირი გამოირიცხა (შსს-ს და მაღაზიის თანამშრომლები), თუმცა მაღაზიაში ათასი ვინმე შედის, ხელს ჰკიდებს, ამოწმებს იარაღს და ყველა პოტენციური ეჭვმიტანილი ხომ არ იქნებოდა? იმ დროს, როდესაც შემთხვევის ადგილზე კვალი გამორიცხავდა სხვა პირის მონაწილეობას, ათასობით ადამიანი როგორ უნდა ეძებნა გამოძიებას? ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა, ვინ და რატომ უნდა ეძებნა გამოძიებას?

- როგორც ამბობენ, სრულყოფილად ვერ დადგინდა კიწმარიშვილის 15 ივლისის მარშრუტი, კერძოდ, სად იმყოფებოდა გარდაცვალებამდე ბოლო ერთი საათის განმავლობაში.

- დილით იმყოფებოდა მომსახურების სააგენტოში, შემდგომ იარაღის შესაძენად, რის შემდეგაც შინ დაბრუნდა. 15 საათსა და 5 წუთზე იგი გამოდის სახლიდან და ჩადის ავტოფარეხში. ავტოფარეხში არ არის დამონტაჟებული ვიდეოთვალი, რომელიც ფაქტს ჩაიწერდა. დადგინდა, რომ კიწმარიშვილი იმ ერთი საათის განმავლობაში ავტოსადგომის გარდა, არსად გადაადგილებულა. სადმე რომ წასულიყო, გარეთ დამონტაჟებული სხვა ვიდეოკამერები დააფიქსირებდა.

- ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, ექსპერიმენტში მისი მონაწილეობა აბათილებდა გამოძიების ვერსიას, რომ ავტოსალონში უცხო პირის არსებობა არ დასტურდებოდა.

- გამოძიებისთვის აუცილებელი იყო იმ ადგილის მიგნება, საიდანაც სროლა იქნებოდა შესაძლებელი და ის როგორც სისხლის შხეფების განლაგებას, ასევე სროლის ტრაექტორიას უნდა დამთხვეოდა. ასეთი პოზა არა მხოლოდ ძმის, არამედ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ვერც ერთი პირის მიერ ვერ იქნა შერჩეული. ამაზე მტკიცებით ფორმაში ლაპარაკობენ მათ შორის ის ექსპერტებიც, რომლებიც გარდაცვლილის ძმამ წარმოადგინა. მათი განმარტებითაც, ის ერთი ადგილი, საიდანაც სროლა შეიძლებოდა, ვერ გამოვლინდა, ყველა ის პოზა მცდარი იყო.

- გარდაცვლილის ძმის თქმით, მკვლელობამდე მანქანა დაიქოქა და გადაადგილდა. ამასთან, მისი ვარაუდით, გარდაცვლილს ხელზე ნაჭდევი ჰქონდა და არ გამორიცხავს, რომ სიკვდილამდე მასზე ელექტროშოკი იხმარეს.

- გარდაცვლილს მარჯვენა ხელზე ჰქონდა წერტილოვანი მსუბუქი დაზიანება, რომელიც მის გარდაცვალებასთან მიზეზობრივ კავშირში არ არის. მეგობრების ჩვენებით, კიწმარიშვილმა ხელი სადილობისას დაიზიანა. რაც შეეხება ავტომანქანას, დადგენილია, რომ ის არ გადაადგილებულა და გასროლა სალონში მოხდა. ამაზე ბევრი ფაქტი მიანიშნებს: მარცხენა კარში ჩაჭედილი ტყვია, ავტომანქანის გარშემო დაფიქსირებული დენთისა და ტყვიის კომპონენტების შემადგენელი კვალი, სისხლის შხეფების გაშლილი უწყვეტი კვალი. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სწორედ ავტომანქანაა შემთხვევის ადგილი და ამაზე დამოუკიდებელ და გამოცდილ ექსპერტებსაც კითხვა არ გასჩენიათ.

- ოჯახისთვის ყველაზე არადამაჯერებელი თვითმკვლელობის მოტივია.

- კანონმდებლობის მიხედვით, თვითმკვლელობა არ არის დანაშაული და როგორც მოტივზე ვერ ვილაპარაკებთ... ჩვენ ვახდენთ ფაქტების კონსტატაციას, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვალები - 310 000 დოლარისა და 120 000 ლარის ოდენობის. გარდაცვალების წინადღეს მის საარჩევნო შტაბში მოეწყო საპროტესტო აქცია, ბევრი ადამიანი კუთვნილი თანხის დაბრუნებას მოითხოვდა. რაც შეეხება ქონებას, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც ითქვა, რომ მას ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ძვირად ღირებული ბინა ჰქონდა. დოკუმენტურად დადგენილია, რომ 2013 წლის 27 ივნისს კიწმარიშვილმა ვინმე ჯალანზე გაასხვისა ბინა და მიღებული თანხით გაისტუმრა ვალი, რომელიც აშშ-ში ჰქონდა. დადგინდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიც ჭავჭავაძის პროსპექტზე იპოთეკით არის დატვირთული. ისიც დადგენილია, რომ ყველა მის ბიზნესში საქმე მოგებისკენ არ იყო წასული. მაგალითად, ერთ-ერთ რესტორანში მზარეულს ხელფასი ვერ გადაუხადეს და ერთ-ერთმა მოწილემ მას თანხის სანაცვლოდ საკუთარი ავტომანქანა გადასცა; ანუ მზარეულის იმხელა სახელფასო ვალი ჰქონდათ, რომ იმ ფასად ავტომანქანა მისცეს. პროკურატურას მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, ვინ რა დროს რისთვის იკლავს თავს, არ ევალება, ჩვენ თვითმკვლელობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი დავასახელეთ. ის, რაზედაც ოჯახის მხრიდან კეთდება მუდმივი მინიშნებები, რომ მოხდა მკვლელობა, ცალსახად გამოირიცხა. გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ იმ ტრაექტორიითა და მდგომარეობით (პოზებით), რა სურათიც გვქონდა, სხვა პირს, ავტომანქანაში უბრალოდ, იარაღის გასროლა არ შეეძლო.

- თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაც რატომ გამოირიცხა ასე ცალსახად?

- დადგენილი ფაქტია, რომ ეროსის გარდაცვალების წინა თვეებსა და კვირებში არავისთან ჰქონია კონფლიქტი... რაც შეეხება ვიდეოფირზე დაფიქსირებულ პირს, ამ ადამიანის გადაადგილების მთლიანი გზა გაიშიფრა და დადგინდა, რომ ის კორპუსს ჩაუვლის ეროსის სახლიდან გამოსვლამდე 16 წუთით ადრე და რატომ უნდა ყოფილიყო საეჭვო? ჩვენ პირველივე დღეს ჩავრთეთ პროცესში გარდაცვლილის ძმა, ადვოკატები და ექსპერტები. ლაპარაკი იმაზე, რომ ერთი მუხლით დაიწყო გამოძიება, არასწორია. ამაზე მეტყველებს ის მაღალკვალიფიციური გამოძიება, რაც დღეს სახეზე გვაქვს.

ნანა ფიცხელაური