"დიდი სისწრაფით მისდევდა პატრული..." - რა გახდა 27 წლის ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"დიდი სისწრაფით მისდევდა პატრული..." - რა გახდა 27 წლის ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი?

"მოტოციკლეტსა და პატრულის მანქანას შორის მანძილი ძალიან მცირე იყო. ცოტა ხანში თორნიკე ტაქსის შეეჯახა..."

საპატრულო ეკიპაჟმა დარღვევა და გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მოტოციკლეტის მძღოლი თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი დევნა და შუა ქალაქში რბოლის გამართვა. არის ვიდეოკამერებით აღჭურვილი ქსელი, რომლითაც ერთი ეკიპაჟი მეორეს გადასცემს ინფორმაციას და ასე უნდა ხდებოდეს სხვა ქუჩაზე მისი გაჩერება და დაჯარიმება...

რამდენიმე დღის წინ თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ რა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველებმა ადეკვატურად გააკონტროლონ მოძრაობის უსაფრთხოება ისე, რომ არც დამრღვევებს დაემუქროს საფრთხე და არც სხვა მოქალაქეებს.

24 ივნისს, გვიან ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარიას 27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა - მოტოციკლი, რომელსაც ის მართავდა, მანქანას შეეჯახა...

თორნიკე სუხიაშვილი ცნობილი ექიმის, დავით სუხიაშვილის ვაჟია და თავადაც პერსპექტიული ექიმი იყო. ავარიის თაობაზე სოციალურ ქსელებში შემდეგი ვერსია გავრცელდა - თორნიკე სუხიაშვილს პატრული მისდევდა და სწორედ ამ დევნამ გამოიწვია ავარიაო.

ჩვენ დავინტერესდით, მართლა მისდევდა თუ არა პოლიცია მოტოციკლს. ერთ-ერთი თვითმხილველი გარდაცვლილის მეგობარი ანი დანიბეგაშვილია:"

- მეგობარს ვაცილებდი აეროპორტში და ამ ამბავს შემთხვევით შევესწარი. პირველის ნახევარი იქნებოდა, ყაზბეგის პროსპექტისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე შუქნიშანთან ავტომანქანაში ვიჯექი მეგობრებთან ერთად. ამ დროს ძალიან დიდი ხმა გავიგონე და დავინახე, დიდი სისწრაფით მომავალმა მოტოციკლმა როგორ შეუხვია იპოდრომის მხარეს, ის შუქნიშანზე არ გაჩერებულა. მას პავლოვიდან საპატრულოს ეკიპაჟი აჰყვა. თორნიკეს დიდი სისწრაფით მისდევდა პატრულის მანქანა, მათ შორის მანძილი ძალიან მცირე იყო. ცოტა ხანში გავიგეთ, რომ თორნიკე ტაქსის შესჯახებია და დაღუპულა..."

მეორე თვითმხილველი, თამარი (რესპონდენტმა გვთხოვა, მისი გვარი არ დაგვესახელებინა. - ავტ.), იმ კორპუსში ცხოვრობს, რომლის წინაც ავარია მოხდა.

- საშინელი ხმა გავიგონე და მაშინვე ფანჯრიდან გადავიხედე. პატრული მოსდევდა მოტოციკლისტს, როგორც ჩანს, არ დაემორჩილა და ცაბაძის ქუჩიდან ჩამომავალ შემხვედრ ავტომანქანას შეეჯახა საცოდავი ბიჭი. პოლიციას თუ არ დაემორჩილა და არ გააჩერა, დალოცვილს ნომერი სხვა ეკიპაჟისთვის გადაეცა, იქნებ ეს საშინელება აღარ მომხდარიყო. ბიჭს ჩაფხუტი არ ეხურა, ავტომანქანას შეასკდა. ღამის პირველი საათი სრულდებოდა, როცა ეს საშინელება მოხდა..."

ჩვენ შსს-ს დავუკავშირდით იმის გადასამოწმებლად, მართლა მისდევდა თუ არა საპატრულო ეკიპაჟი სუხიაშვილის მოტოციკლს. უწყებაში ჩვენს კითხვაზე პასუხი წერილობით გაგვცეს და ვერსია დევნის შესახებ უარყვეს:

"თორნიკე ს., რომელიც მოტოციკლს მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და არსებობდა საშიშროება, რომ იგი საკუთარ და სხვის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. მან უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, არ დაემორჩილა შუქნიშნის წითელ, ამკრძალავ ფერს, შეუჩერებლად გაიარა, რა დროსაც ცაბაძის ქუჩიდან ჩამომავალ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების რეაგირებას, ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, შენიშნეს რა გადაჭარბებული სიჩქარით, სამართალდარღვევით მოძრავი მოტოციკლი, დევნის გარეშე დააფიქსირეს დიდი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლის მძღოლის მონაცემები და განსაზღვრეს სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სავარაუდო მარშრუტი. სამართალდამცველებმა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მონაცემები სხვა საპატრულო ეკიპაჟებს გადასცეს, რათა მათ მოტოციკლეტის მძღოლისთვის მოძრაობა შეეზღუდათ.

ყველა შემხვედრ ეკიპაჟს გადაეცა დამრღვევი მძღოლის მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია, რომ მას არ გააჩნდა მართვის მოწმობა".

P.S. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით შსს-ს ერთი ვერსია აქვს, თვითმხილველებს - მეორე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კითხვები არსებობს, ეს შემთხვევა დამატებით გამოძიებას საჭიროებს. არ არის გამორიცხული, ოჯახის წევრებმა ეს მოითხოვონ კიდეც.

კიდევ ერთი ტრაგედია...

27 ივნისს, 28 წლის ბაიკერი გიორგი გუჯაბიძე ვარაზის ხევის ასასვლელთან ესტაკადის ბოძს შეეჯახა. დაშავებული 24 საათის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა. გიორგის ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. პროფესიით იურისტი, სწავლის გაგრძელებას ჰარვარდის უნივერსიტეტში აპირებდა...

"ავარიების მიზეზს უნდა ვებრძოლოთ და არა შედეგს"

ვასილ ურუშაძე, ექსპერტი: - სამწუხაროდ, ძალიან გაიზარდა ავარიების რიცხვი, რომლებშიც ხშირია მოტოციკლების წილი. ეს გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით: მოტოციკლეტის გადაჭარბებული სიჩქარით მართვა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და სხვა, მაგრამ არის სხვა მიზეზებიც. ყველა ასეთ შემთხვევაში ბრალდებები გამოითქმის ხოლმე მძღოლის მისამართით, თუმცა დიდ როლს თამაშობს ინფრასტრუქტურაც, არასწორად დაყენებული საგზაო ნიშანი, გაუმართავი შუქნიშნები, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ მანამ ვერ დავიწყებთ ამ ყველაფრის პრევენციას, სანამ შსს-ს შესაბამისი სტრუქტურები არ მიიღებენ ზომებს. შეიძლება უბედური შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი იყოს პატრულის ზოგჯერ არაეფექტური მუშაობა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ფაქტობრივად, ვერ ახდენენ საგზაო წესების დარღვევის პრევენციას და ამის პირველი მიზეზი ძალიან დაბალი კომპეტენციაა, იმის არცოდნა, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ისეთ მძღოლებს, რომლებიც არღვევენ მოძრაობის წესებს, როგორ უნდა აღკვეთონ დარღვევები. საპატრულო ეკიპაჟმა დარღვევა და გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მოტოციკლეტის მძღოლი თუ შეამჩნია, არ არის აუცილებელი დევნა და შუა ქალაქში რბოლის გამართვა. არის ვიდეოკამერებით აღჭურვილი ქსელი, რომლითაც ერთი ეკიპაჟი მეორეს გადასცემს ინფორმაციას და ასე უნდა ხდებოდეს სხვა ქუჩაზე მისი გაჩერება და დაჯარიმება. ამისთვის ევროპის ბევრ ქვეყანაში საპატრულო პოლიციას ჰყავს მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებები და მათზე რეაგირებას სწორედ მათი მეშვეობით ახდენენ. საპატრულო პოლიციას თითქმის არა აქვს იმის საშუალება, აღასრულოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონი. შესაბამისად, როცა მძღოლი რამდენჯერმე არღვევს მოძრაობის წესებს და პოლიცია არ ან ვერ ახდენს რეაგირებას, დამრღვევი დაუსჯელი რჩება და მრავლდება ისეთი შემთხვევები, როცა უსაფრთხოების წესები სრულიად უგულებელყოფილია. ქალაქის საგზაო მოძრაობა მთლიან კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი, ასევე უნდა იყოს განვითარებული ინფრასტრუქტურა, რათა ის არ გახდეს ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. ხშირად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლები მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ადანაშაულებენ ხოლმე. სწორედ ამ საკითხს უნდა მივუდგეთ კომპლექსურად და არა მხოლოდ ისე, რომ ერთ-ერთი მძღოლია დამნაშავე. ამას საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება. უნდა დაიწყოს კომპლექსური კვლევა, თუ რატომ ხდება ასე. როდესაც გვეცოდინება, რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, დავსახოთ პრევენციული ღონისძიებები და ვებრძოლოთ არა უკვე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, არამედ თავიდან ავიცილოთ ისინი. ხშირად, როცა მძღოლები არ ემორჩილებიან საპატრულო ეკიპაჟს, იწყება დევნა და შემდეგ ყველაფერი ცუდი შედეგით სრულდება - ადამიანი იღუპება. ამ სფეროში აუცილებელია სისტემური ცვლილებები.

ნანა ფიცხელაური