"სროლის ხმაზე დედამისი გარეთ გავიდა და შვილის მკვლელობას შეესწრო"
04-07-2016
"სროლის ხმაზე დედამისი გარეთ გავიდა და შვილის მკვლელობას შეესწრო"
"სირცხვილია, ქალაქის ცენტრში, პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში, ასე უმოწყალოდ რომ კლავენ ახალგაზრდას. მკვლელი კი დაისჯება, მაგრამ ოჯახი განადგურდა"

პირველ ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. 31 წლის მიხეილ ცხაკაიას თავისი საცხოვრებელი სახლის წინ ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ესროლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მიხეილს თავში და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება განიხილება. როგორც ჩანს, მკვლელი
მიხეილ ცხაკაიას სახლთან ელოდებოდა.

მეზობლების თქმით, მკვლელი გადაჭრილი სანადირო თოფით იყო შეიარაღებული. "ენით აუწერელია ის ტკივილი, რასაც განვიცდით. მიხო კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი ადამიანი იყო. სროლის ხმაზე დედამისი გარეთ გავიდა და შვილის მკვლელობას შეესწრო. მიხოს ძაღლი ჰყავდა სასეირნოდ გაყვანილი, იპოდრომზე თითქმის ყოველდღე ასეირნებდა, და იქიდან ბრუნდებოდა.
როგორც ჩანს, მკვლელი ჩასაფრებული იყო. მანქანაში მჯდარა და მას გამოჩენისთანავე ესროლა. მერე იარაღი ავტოფარეხის თავზე შეაგდო, მანქანა მიატოვა და გაიქცა. სავარაუდოდ, მკვლელი "ნისანის" მარკის ავტომობილით იყო. როგორც ამბობენ, დაქირავებული ჰყოლია, ეტყობა, სპეციალურად იქირავა ამ დანაშაულისთვის. სავარაუდოდ, ისიც საბურთალოელია. სირცხვილია, ქალაქის ცენტრში, პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში, ასე უმოწყალოდ რომ კლავენ ახალგაზრდას. მკვლელი კი დაისჯება, მაგრამ ოჯახი განადგურდა", - ამბობს მოკლულის მეზობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ეჭვმიტანილი, 1986 წელს დაბადებული ბექა დ. ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. თუმცა არ აკონკრეტებენ, რის გამო იძია მკვლელმა შური.

ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ ცხაკაია შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა. დადასტურდება თუ არა ეს ვერსია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემს მკვლელობაში ბრალდებული და რა გაირკვევა გამოძიებით.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით