"კვირა არ გავიდოდა, თბილისში გვამი არ გვეპოვა - ხან დამწვარ ცხედარს ვპოულობდით, ხან აკუწულს"
11-07-2016
"კვირა არ გავიდოდა, თბილისში გვამი არ გვეპოვა - ხან დამწვარ ცხედარს ვპოულობდით, ხან აკუწულს"
"19 წლის გოგონა მყავს, რომელიც თვალით არ მინახავს. მას უმალავდნენ ჩემს არსებობას, ეუბნებოდნენ, რომ მამა გარდაცვლილი ჰყავდა. ახლა გაიგო, რომ მამა ცოცხალია და თავისუფალი. ანა გერმანიაშია, წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, გამოცდებს ჩააბარებს თუ არა, ჩამოვა და შევხვდებით"

ქართული მართლმსაჯულების ისტორიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს - უზენაესმა სასამართლომ უვადო პატიმარი გაათავისუფლა. პროფესიით იურისტმა, შსს-სა და უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი გელაძემ, 14 წელი აზერბაიჯანის ციხეში, 5 წელი კი საქართველოს მე-8 საპყრობილეში გაატარა."

გიორგი
გელაძე:
- 90-იანი წლების დასაწყისში შსს-ში, ოპერატიულ სამსახურში­ დავიწყე მუშაობა. "მხედრიონის" თარეშის დროს პოლიციაში მუშაობა არცთუ სახარბიელო იყო. შოთა კვირაიას ხელმძღვანელობით ბევრ გახმაურებულ საქმეში მივიღე მონაწილეობა. მე და ჩემს ბიჭებს "სვარშჩიკები" შეგვარქვეს, ვინაიდან ავტომატებით დავდიოდით და ბანდფორმირებებს წინააღმდეგობას ვუწევდით... კვირა არ გავიდოდა, თბილისში გვამი არ
გვეპოვა - ხან დამწვარ ცხედარს ვპოულობდით, ხან აკუწულს. მანამდე მიცვალებულის მეშინოდა, მაგრამ 90-იანი წლების მოვლენებმა თითქოს გამაცივა... ჩემი სამსახურის გამო, ჩემს ძმას ავტომანქანა დაუწვეს, მერე მე დამიცხრილეს მანქანა, დამჭრეს და ძლივს გადავრჩი, დაჭრეს ჩემი დეიდაშვილიც. მემტერებოდნენ არა მარტო კრიმინალები, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიც. შემდეგ უშიშროებაში გადამიყვანეს სამუშაოდ...

1996 წლის ნოემბერში, სულ რაღაც ორ კვირაში დამენგრა ცხოვრება. მაშინ 24 წლის ვიყავი...
პირველი იყო ბიზნესმენ ოთარ კუხალეიშვილის შემთხვევა. მას შემდეგ­ 20 წელი გავიდა და არ მინდა ვილაპარაკო იმაზე, რაც ამდენი წელი საიდუმ­ლოდ შევინახე. ამ დანაშაულზე სრულად ავიღე პასუხისმგებლობა. თავდაპირველად საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა, შემდეგ განზრახ მკვლელობად გადააკვალიფიცირეს. დაჭრილ კუხალეიშვილს გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ მე-12 დღეს გარდაიცვალა ექიმების დაუდევ­რობით - გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია გახდა...

- ითქვა, რომ დაყაჩაღების მიზნით მოხდა თავდასხმა.

- მასთან არც მოსაკლავად და არც დასაყაჩაღებლად არავინ მისულა. ეს უკავშირდებოდა მის ყოფილ ბიზნესს, რომელშიც არაკეთილსინდისიერად მოექცა თავის კომპანიონებს. დაზარალებულებთან დალაგებული მაქვს სიტუაცია... თუ უკანონოდ მოხდილი ამხელა სასჯელის გამო კომპენსაცია გადმომეცემა, მას დაზარალებულების­ ოჯახებს გადავურიცხავ. თუ არ მომცემენ, ყოველწლიური შემოსავლის კონკრეტულ პროცენტს გადავურიცხავ არა მარტო კუხალეიშვილის, ჯამბულ გვარამაძის ოჯახსაც.

ჯამბულ გვარამაძის საქმეში წამიყენეს 105-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობას. ის ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩვენ შორის კონფლიქტი მოხდა, ნასვამი იყო და შეიარაღებული, ათასჯერ ავუხსენი, რომ პოლიციელი ვიყავი და გამცლოდა, მაგრამ ვერ შევასმინე. პირველმა მან ამოიღო იარაღი, მაგრამ მე სროლა დავასწარი... იმჟამინდელმა შს მინისტრმა კახა თარგამაძემ ჩემი ლიკვიდაცია გამოაცხადა. დაიჭირა მთელი ჩემი სანათესავო. ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ თარგამაძის კლანი "მხედრიონთან" და იმ ხალხთან იყო შეკრული, რომლებსაც მე ვებრძოდი, ამიტომ მივხვდი, ეს კაცი პირადად იძიებდა ჩემზე შურს. ამიტომაც გავიქეცი ბაქოში.
უშიშროებაში კონტრაბანდა-ნარკობიზნესთან ბრძოლის დეპარტამენტში მუშაობისას მიწევდა ხოლმე ქვეყნის დატოვება და სხვადასხვა პირადობის მოწმობით გამგზავრება. საზღვარიც კარგად ვიცოდი და კონტაქტებიც მქონდა. ამჯერადაც, სხვა პირადობით გადავედი ბაქოში...

ერთ-ერთ სუფრაზე ნაცნობი მეუბნება, გოგონები ჩამოჰყავთ დაღესტნიდან, რუსეთიდან, საქართველოდან და მათ შორის შენი ნაცნობი ქალებიც არიან (მათ რამდენჯერმე საზღვრის გადალახვაში დავეხმარე), ტრეფიკიორების ჯგუფს კი მაღალჩინოსნები მფარველობენ და სერიოზული ხალხია ჩარეულიო. არ დავუჯერე და მითხრა, თუ გინდა, მათ შეგახვედრებ, ვისთანაც­ შენი ნაცნობი გოგონები ურთიერთობენო. დარეკა და წავედი საროსკიპოს პატრონთან. მას როგორც ჩეჩენი კლიენტი გავეცანი (წვერი მქონდა მოშვებული). დავიწყე გამოკითხვა და მიხვდნენ, რომ არ ვგავდი მათ კლიენტს, ატყდა ჩხუბი, ამ გაწევ-გამო­წევაში იარაღი ამოვიღე, ვისროლე და სარო­სკიპოს პატრონი და მათი ზედამხედველი შემომაკვდა. ვაღიარე დანაშაული. გენერალმა ალიევმა მითხრა, იმ ხალხს იმდენი გოგო ჰყავს დაღუპული, ვინც გაიგო ეს ამბავი, ყველა გლოცავსო.

აზერბაიჯანის ცენტრალურ, შუალანის ციხეში გადამიყვანეს. რამდენიმე თვეში დამთავრდა გამოძიება, გამასამართლეს და მომისაჯეს 15 წელი. პარადოქსი ის არის, რომ ის 15-წლიანი განაჩენი უკვე ძალაში იყო შესული, როცა 1998 წლის თებერვალში კანონში უვადო სასჯელი შემოიტანეს და მერე თავიდან გამომიძახეს სასამართლოში და ამ ახალი კანონმდებლობით გამასამართლეს - წარმოუდგენელია, ერთსა და იმავე დანაშაულზე პირი ორჯერ გაასამართლო და ახალი კანონით დამამძიმებელი­ ასპექტით შეუფარდო ახალი სასჯელი. საუბარი იყო საქართველოშიი ჩემს ექსტრადიციაზე, მაგრამ აზერბაიჯანმა ქართულ მხარეს აცნობა, უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი და სამართლებრივ საფუძველს ვერ ვხედავთ­ თქვენთვის გადმოსაცემადო.

მოგვიანებით გადამიყვანეს ბაილოვის სიკვდილმისჯილთა კორპუსში, სადაც, თავის დროზე, სტალინი იჯდა. როდესაც ხმის ამოღება გადავწყვიტე და საკასაციო საჩივრების წერა დავიწყე, ხელკეტებით მცემეს და მაწამეს, ჩივილი აღარ გაბედოო.
ჩემი მშობლები პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელ ფუად ალისკაროვთან შევიდნენ (ეს კაცი ზედამხედველობდა მთელ ძალოვან სტრუქტურებს), რომელიც მათ შეჰპირდა, თქვენი შვილის საკითხს შეწყალების­ გზით გადავწყვეტთო და ეს ასე ახსნა: ამას იმიტომ გავაკეთებთ, რაც მან ჩაიდინა, მის ადგილზე მეც იმავეს ვიზამდი, მეორე იმიტომ, კანონით არ ეკუთვნოდა ამხელა სასჯ­ელი და უვადოთი არ უნდა შეგვეცვალა, მესამე, ყოფილი პოლიციელია, ასევე, საქარ­თველო-აზერბაიჯანის ურთიერთობიდან გამომდინარე, საქართველოში არც ერთ აზერბაიჯანელს უვადო პატიმრობა არა აქვს მისჯილიო.

1999 წლის აპრილში უდაბნოში უვად­ოებისთვის სპეციალურად აშენებულ გობ­უსტანის ციხეში გადამიყვანეს. იმავე საღამოს მოვიდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და საათნახევრიანი საუბრის შემ­დეგ დირექტორს უთხრა, საბუთები გაამზ­ადეთ და შეწყალების კომისიაში გადმოგზავნეთო.

დირექტორი უკვე მილოცავდა შეწ­ყალებას, ჩემი ოჯახის წევრები წამოვიდნენ აზერბაიჯანში, საბუთები წამოიღეს, მაგრამ ავტოკატასტროფაში მოყვნენ, რა დროსაც დედა დამეღუპა, მამა და ძმა მძიმედ დაშავდნენ და საჭირო დოკუმენტები ბაქომდე ვერ ჩამოიტანეს.

შეწყალების კომისიიდან პასუხი მოვიდა, ვინაიდან საჭირო დოკუმენტაცია არ მოგვე­წოდა, თქვენი საკითხი განსახილველად ვერ გავიტანეთ, 6 თვის შემდეგ მოგვმართეთო. ამასობაში ჩემები ვერ წამოდგნენ ფეხზე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გოგ­ონა მოსამართლედ გადაიყვანეს, ხოლო შეწყალებაზე მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, სანამ უვადო მსჯავრდადებული 10 წელს არ მოიხდიდა, მანამდე მისი შეწყალების საკითხის განხილვა დაუშვებელი იყო. მოკლედ, სულ რაღაც მიშლიდა ხელს და ასე შემოვრჩი აზერბაიჯანში.

- ქართული მხარე არაფერს ცდილობდა?

- ჩემს საქმეში ჩაერივნენ ქართველი ომბუდსმენები - ჯერ ნანა დევდარიანი, შემდეგ სოზარ სუბარი, იქნებ გადმოგვცეთო.
აზერბაიჯანელი სამართალდამცველ­ები პასუხობდნენ, დღეს-ხვალო და მივხვდი, ზრდილობიანი და წყნარი­ საუბრით არაფერი გამომდიოდა, ამიტომ დავიწყე ბრძოლა: ვისწავლე აზერბაიჯანული ენა, იქაურ პატიმ­რებს თავიანთი უფლებები გავაცანი­, დავიწყე ჩივილი როგორც ადგილზე, ასევე ევროპის სასამართლოში, ევროპის კომიტეტებში, მოვაწყვე შიმშილობის სამი აქცია, ყველაზე დიდი 30-დღიანი იყო. ბაქოში ჩამოვ­იდნენ წამების ევროპის კო­მიტ­ეტი, HUMAN RIGHT WATCH-ის წარმომადგენლები, რომელთაც ავუხსენი,­ რატომ­ ვიყავი უკანონოდ გასამართლ­ებული. ასეთი პრობლემების შექმნა რომ დავიწყე, მანამ თუ ექსტრადირებაზე უარს მეუბნებოდნენ, მერე თვითონ მეხვეწებოდნენ, დაწერე განცხადება, საქართველოში გადაგ­იყვანენო.

15-წლიანი სასჯელის დაბრუნებას ვით­ხოვდი, უვადოთი არ მინდოდა წამოსვ­ლა­. შემ­დეგ პრეზიდენტმა ალიევმა დაიწყო­ უვად­ოების შეწყალება, ჩემს შეწყალ­ებასაც აპირებდა, მაგრამ ციხეში მკვლელობა­ მოხდა და ეს პროცესიც შეწყდა. იმედი გადავიწურე და როცა ექსტ­რადიციას დავთანხმდი, ახლა ქართული მხარე დადგა უარზე, ნაციონალური რეჟიმი­ მთელი ორი წელი არ მიღებდა. ალბათ, გაგონილი ჰქონდათ, რა საქმეებს ვატრიალებდი აზერბაიჯანის ციხეში და ის რომ მენახა, რაც ქართულ ციხეში ხდებოდა, იმასაც ხომ გამოვიტანდი საჯაროზე...

ბაქოს ციხეში ელექტროშოკით მაწამებდნენ, გინდა თუ არა, მკვლელობები აღიარეო. ვინმე თიგიშვილის განზრახ მკვლელობაც მომაკერეს, არადა, საერთოდ არ ვიცნობდი. 2011 წელს, როცა საქართველოში ჩამომიყვანეს, ამ საქმეში გავმართლდი. მანამდე კი თბილისში ქუთაისელი კრიმინალების მიერ კაზინოების დაყაჩაღებასა და შემდეგ მომხდარ მკვლელობებსაც მე მტენიდნენ. მათ შორის, სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობის აღიარებას მთავაზობდნენ, სანაცვლოდ, საქართველოში ჩამოყვანას და 15-წლიან სასჯელს მპირდებოდნენ.

ერთი სიტყვით, 2011 წელს მოხდა ჩემი ექსტრადიცია საქართველოში. თავდაპირვ­ე­­ლად მიმიყვანეს მე-6 დაწესებულებაში, ცალკე საკანში, რომ არავის გაეგო ჩემი აქ ყოფნა. 2 კვირაში მოვიდა განჩინება და დამიტოვეს უვადო სასჯელი (ჩემი ინფორმა­ციით, ზურაბ ადეიშვილის ჩარევით). მათ კარგად იცოდნენ, რომ არც საქართველოს, არც აზერბაიჯანის კანონმდებლობით არ მეკუთვნოდა უვადო პატიმრობა - რადგან აზერბაიჯანმა 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსით გამასამართლა, საქართველ­ოსაც სასჯელი იმავე წლის კოდექსთან უნდა მოეყვანა შესაბამისობაში, მაგრამ პარადოქ­სი ჩაიდინეს - მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განაჩენი შესაბამისობაში მოიყვანა 2011 წლის სისხლის სამართლის კოდექსთან. ბოლო წლები მე-8 დაწესებულებაში გავატა­რე. უზენაეს სასამართლოში მოვიგე საქმე­ - აღიარეს, რომ ნებისმიერი პირი უნდა გასამართლდეს იმ კანონით, რომელიც დანაშაულის ჩადენის პერიოდში მოქმედებდა, ან უფრო მსუბუქი კანონით.

- რას ნანობთ?

- საშინელებაა იმის შეგრძნება, რომ რაღაც ისეთი ჩაიდინე, რისი გამოსწორებაც არ შეგიძლია. ჩემმა დანაშაულმა ის ოჯახები ხომ დაღუპა, არც მე დამაყენა­ კარგი დღე - დედა შეეწირა ჩემს ამბავს, 19 წლის შვილი მყავს და ერთხელაც არ ჩამიხუტებია...

მიუხედავად იმისა, რომ გავთავისუფლდი,­ 73 უვადო პატიმარი დავრჩით-მეთქი, ასე ვამბობ. არაადამიანური დატვირთვა აქვს ამ სასჯელს, იქ ბევრი პატიოსანი, უკანონო პატიმრებიც არიან და არც ისეთი საშიშები,­ როგორც ზოგს წარმოუდგენია. თავად ვარ ამის მაგალითი - არავის ზიანს არ ვაყენებ და სიკეთის კეთების მეტი არაფერი მინდა. უვადოების მიმართ ფობ­იური დამოკიდებულება უნდა აღმოიფხვრ­ას.
რწმენა და ცოდნა აძლებინებს ადამიანს იმ ჯურღმულში, სადაც საუკეთესო წლები გავატარე.

მყავს 19 წლის გოგონა, რომელიც თვალით არ მინახავს. მას უმალავდნენ ჩემს არსებობას, ეუბნებოდნენ, რომ მამა გარდაცვლილი­ ჰყავდა (მათიც მესმის). მან ახლა გაიგო, რომ მამა ცოცხალია და თავისუფალი. ანა გერმანიაშია, წარმატებით დაამთავრა გიმნაზია,­ გამოცდებს ჩააბარებს თუ არა, ჩამოვა და შევხვდებით. სულმოუთქმელად ველი ამაღელვებელ და უმნიშვნელოვანეს მომენტს.

ნანა ფიცხელაური
marrkopulo
02 სექტემბერი 2016 09:02
და ამ კაცის მოკლულებზე რას გვეტყვით!, სიკვდილიტ რომ დასაჯა??
mixo
06 აგვისტო 2016 11:34
არ მიეცა შანსი თორემ ამისგან კაი ცნობილი კრიმინალი დადგებოდა.
ვერ გაქაჩა
გია-12
23 ივლისი 2016 17:13
მედეას მიამიტობა სხვა რაღაცაში გადადის, ამ კაცის პიარი კი მარაზმში

რედაქტორის რჩევით