"ვითომ სიზმარს ჰყვება და შეფარულად ცდილობდა, რაიმე სამხილის გაქრობას" - პაპიძის საქმის საკნადალური დეტალები (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ვითომ სიზმარს ჰყვება და შეფარულად ცდილობდა, რაიმე სამხილის გაქრობას" - პაპიძის საქმის საკნადალური დეტალები (ექსკლუზივი)

"ბაგირა მაგდამ მოკლა. ლანას აქვს ჩემთვის ნათქვამი, მაგდამ მითხრა, ძაღლი ძალიან მაწუხებდა, ქინძისთავები ჩავუყარე პურში და ისე მოვკალიო"

გასულ კვირას ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის ამ ვერდიქტს წინ უსწრებდა ნაფიცი მსაჯულების უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ქართულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა 12-ივე მსაჯულმა ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო. მაგდა პაპიძე ერთადერთი სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალია დღეს საქართველოში. ბუნებრივია, ამ ვერდიქტს ის არ ელოდა. სასამართლო პროცესებზე თავის უდანაშაულობაში ნაფიცების დარწმუნებას ცდილობდა, არაერთი ემოციური განცხადება გააკეთა, მაგრამ ნაფიცებმა მისი სიტყვები არ ირწმუნეს. მოსამართლის ვერდიქტამდე პროკურორმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატმა კი, მინიმალური სასჯელი... მოსამართლის ვერდიქტს პაპიძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და სასჯელის მინიმალურ ზომას მოითხოვენ... პაპიძის დედა კი აცხადებს, რომ ეს საქმე სტრასბურგში წავა, რადგან შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

"პაპიძე დანაშაულის ჩადენისას არ იყო შეურაცხადი"

დღემდე საზოგადოების ერთ ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ დედამ საკუთარი ხელით გაგუდა შვილი, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები და ფსიქოლოგები... სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, ექიმ-ფსიქიატრ ქეთევან შევარდნაძის განცხადებით, მაგდა პაპიძე შერაცხადია.

"საუბრისას ის იშველიებს ეპითეტებს, შედარებებს, ცდილობს, გასცეს კითხვებს ამომწურავი პასუხი და გადმოსცეს სათქმელი მხატვრულად, რაც მის ნათქვამს არაბუნებრიობას სძენს. ბრალდებულს ისტერიულ-პერსონოლოგიური აშლილობა აქვს, თუმცა ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენის დროს არ იყო შეურაცხადი, მას შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და გაეანალიზებინა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და მისი შედეგები... მაგდა პაპიძეს ასევე ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს".

"მისი სურვილი იყო სექსუალურ პარტნიორთან კავშირი და ინსტინქტის დონეზე მოქმედებდა"

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: "ადამიანის შინაგანი ბუნება, მისი მდგომარეობა ქცევით მჟღავნდება. ექსტრემალურ სიტუაციაში ჩადენილი ქმედება გამოხატავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ის ერთდროულად არის ბიოფსიქოსოციალური არსება თავისი სურვილებით, ინსტინქტებით, მისწრაფებებით. გარეგან მოვლენებს თავისი შინაგანით პასუხობს. შვილს მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი ინსტინქტებით კლავს. პაპიძე ვნების მატარებელია. როცა ადამიანში წინ წამოსულია ბიოლოგიური ფაქტორები, მაშინ ვერ აცნობიერებს, შინაგანში ვერ შეჰყავს ეს ყველაფერი. ამ ადამიანში არის მთლიანად ლტოლვის, სექსუალური ენერგიის ცნობიერება, რომელიც პასუხისმგებელია რეალობაზე და ამის გამო აკეთებს ყველაფერს. მისი სურვილი იყო სექსუალურ პარტნიორთან კავშირი და ინსტინქტის დონეზე მოქმედებდა".

"ასეთი ადამიანი საშიშია საზოგადოებისთვის"

დავით ნეფარიძე, პროკურორი: - ვინც სხდომას ესწრებოდა, ეჭვიც კი არ გასჩენია, ყველა დარწმუნდა, რომ ქალმა ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.

- მაგდა პაპიძემ რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება: აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს აცხადებდა, რომ პათოლოგი ქმარი ჰყავდა, სცემდა, ერთხელ კლდიდან აგდებდა. ურო იმიტომ გადააგდო, რომ შეეშინდა, ქმარს თავში არ ჩაერტყა. ეს ჩვენება შეცვალა წინასასამართლო სხდომაზე და თქვა, რომ იდეალური ქმარი ჰყავდა. სასამართლოზე რა განაცხადა?

- ის, რაც დაფიქსირებული ჰქონდა თავის ჩვენებაში, სრულად უარყო. თავიდან ამბობდა, რომ პათოლოგი ქმარი ჰყავდა, მერე თქვა, რომ ის მოსიყვარულე ქმარი, კარგი მამა იყო. წარამარა ცვლიდა ჩვენებებს, ეს, ალბათ, დაცვის სტრატეგიით იყო გამოწვეული. როდესაც სიმართლეს არ ამბობ, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ერთ ტყუილს მეორით შეცვლი...

ნაფიცმა მსაჯულებმა მართლაც ღირსეულად გაართვეს თავი ამ ურთულეს საქმეს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებს სვამდნენ. მოულოდნელიც კი იყო არაიურისტებისგან ასეთი შეკითხვები, სასტიკ ქმედებას საკადრისი პასუხი გასცეს და გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს. როდესაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას, დედაშვილურ სიყვარულს კლავს საკუთარი ხელით, ის საშიშია საზოგადოებისთვის და ამიტომ მოვითხოვეთ სამუდამო პატიმრობა. ის სამუდამოდ იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისაგან.

- ისევ ისმის კითხვა, რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა თანამონაწილე, ეს გამორიცხულია?

- ასეთი რამ არ დადასტურდა. გადამოწმდა ოთარ ბერძენიშვილის ალიბიც, როგორც ბერძენიშვილის, ასევე სხვა პირის თანამონაწილეობა გამოირიცხა.

"ლანას წააკითხე, ირმა, ლანას, რამდენჯერმე. ერთხელ წაკითხვა არ კმარა..."

ჩვენ მოვიპოვეთ მაგდა პაპიძის წერილი, რომელიც მან ადვოკატს გაუგზავნა. რისი თქმა უნდოდა ამ წერილით ბრალდებულს, ჩვენთვის უცნობია. წერილი ქვეყნდება ადვოკატისა და თავად მაგდა პაპიძის თანხმობით.

"ირმა, იმიტომ გწერ, არ ვიცი, ამ კვირაში გნახავ თუ არა. 19 მარტი მომილოცე და წახვედი. 19 მარტი რომ მოსაღამოვდა, ძალიან გამიჭირდა დაძინება, ვგრძნობდი, ომარის უნდოდა მოლოცვა (ამ დღეს მაგდას დაბადების დღეა). გადავწყვიტე, თვალები დამეხუჭა და დამეძინა. მგონი, გავგიჟდი, მე შეგრძნებებითა და სიზმრებით ვცხოვრობ მთელი ცხოვრება, მაგრამ ამას სიზმარს ვერ დავარქმევ, ყურადღებით წაიკითხე, მთელი შეგრძნებით, გთხოვ. ჩვენ ეზოში ძაღლი გვყავდა, ბაგირა, ეს ძაღლი მე და მახომ გავზარდეთ. ომარისკენ სულ დასაგლეჯად მიიწევდა. ვერ იტანდა, მე ძალიან ვუყვარდი. ერთ დღეს ბაგირა ეზოში მკვდარი ვნახე, ძალიან ვინერვიულე... ეს ძაღლი დამესიზმრა. უბანში ვიდექი თხელი სარაფნით, გაურკვევლად, მშვიდი, მაგრამ გვიანი ღამე იყო, ბაგირა ჩემთან გაცხოველებული მოვარდა, კაბაში ჩამავლო პირი და კორპუსისკენ მიმათრევდა. ისე სწრაფად, რომ ვეღარ მივრბოდი. ვიგრძენი, რომ მიწას აცდენილი ვიყავი. მიმაფრენდა ძალიან სწრაფად. სადარბაზოსთან მიმიყვანა, შევედით თუ არა, ხელმარჯვნივ ხის კარია, სადაც გიორგი რუსიშვილი ცხოვრობს. ხის კართან რკინის ყუთია მიმაგრებული, დენის მრიცხველის, იქამდე მიმიყვანა თუ არა, სწრაფად გაიქცა პირდაპირ, კიბის უკან ბაღებია, დიდი ვიწრო გასასვლელით და იქითკენ გაუჩინარდა. წინ რომ გავიხედე, ამ რკინის ყუთზე ომარის გვამი, მჯდომარე, მიყუდებული, იგივე ტანსაცმელი ეცვა, თავზე თეთრი პარკი ჰქონდა წამოცმული და კისერზე მარჯვენა მხარეს მოჭერილი და განასკვული მაგრად. რომელ მხარეს აქვს დაზიანება? ვცდილობ, პარკი შევუხსნა, მაგრამ ვერ ვუხსნი, ვეხები და მის სხეულში ვვარდები. თეთრი ყურიანი პარკი კისერზე უმოწყალოდ მოჭერილი, მარჯვნივ განასკვული მაგრად. ამ დროს სიბნელეში ხმა მესმის სიგარეტის მოკიდების. ჩემს ზურგს უკან ვიღაც სიგარეტს უკიდებს. ასანთის ხმა, თამბაქოს სუნი მომდის. გამეღვიძა, მორიგემ მითხრა, ღამის 01 საათი და 48 წუთიაო (მაინც ჩავიწერ ამ დროსაც), შუქი არ ამინთეს და სანთლის შუქზე ვწერ. სულ სველი ვარ ოფლისგან, თან 19 მარტი თენდება. ირმა, ბავშვი სად იყო ამ დროს? იქნებ იქით, ბაღებისკენ, სადაც ბაგირა გაიქცა. ლანას წააკითხე, გთხოვ, როგორც კი შეძლებ. მე და ლანა ვეჭვობდით, რომ ბაგირა მარინამ, შორენას ბებიამ მოგვიკლა. ეს რას ნიშნავს, ომარის თავზე პარკი? საჩალელის ჩვენება, მთელი ცხოვრება მარინა და საჩალელი ჯადოებს ერთად აკეთებდნენ. ეს ლილიმაც იცის. იქნებ ომარი ჯერ მანდ მიაწვინეს და რომ ვერავინ დაინახა, მანქანით უთვალთვალეს და მერე დამიწვინეს კართან. მანამდე ბავშვი, თოკო, სად იყო? იქნებ მანქანაში მარტო, მაგ დროს ხომ არ ჩაიფსა? ეს პარკი იქნებ ომარის მართლაც ჰქონდა ჩამოცმული, ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ ვერ დაინახა, ვინ იყო. გახსოვს, სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქანისკენ მიმათრევდა, პარკებიო, მეუბნებოდა. ხომ გახსოვს, ირმა, 2 თვის წინ ჩემი სიზმარი -…რკინის ყუთი, ხელმარჯვნივ სადარბაზოში... თუ მართლა მანდ მიაყუდეს, სისხლის კვალი იქნება. ან დენებთან რაიმე, ცხადად ვხედავ, რომ ასეა. ბაგირა ჩემი, შორენა, კაპიშონით, თეთრი თვალებით შეშინებული მიყურებს. მარინა, თამილა, საჩალელი... ამ სიზმარს დავით მაღრაძე რომ კითხულობდეს, იტყოდა, ახლა მაინც ხომ გჯერათ ჩემი დასკვნაო. დაარტყამდა თავის უნიათო და უსინდისო ბეჭედს მაგდას სიზმარს და გიჟად გამომაცხადებდა. ნეტავ იცოდეს, ჩემი მკვდრებისთვის როგორი გიჟი შემიძლია ვიყო... ლანას წააკითხე, ირმა, ლანას, რამდენჯერმე. ერთხელ წაკითხვა არ კმარა არასოდეს სრულად შესაგნებლად და აღსაქმელად. იქნებ შეძლო მაგ ადგილების დათვალიერება, აუცილებლად ღამით, უფრო იგრძნობ. ამ საშინელ უბედურებაში უკვე გრძნობებია საჭირო და ფურცლებს ძალა ეკარგებათ. როგორ მინდა მალე გნახო. ეს წერილი, ჩემი ორი კაცი. მანდ სადღაც, მანდ... ვიღაცა ფხიზლობდა, ვინ მოუკიდა ღამით სიგარეტს ისე, რომ მე მხედავდა. ბმვ, მანქანა ბუნკერთან ვერცხლისფერი, იმ ჩიხთან დგას, მე რომ გითხარი. უკანა ფარები ანთებული... ლანას წააკითხე, ლანას, იგრძნობს აუცილებლად".

ამ ადგილების დათვალიერება ვცადე და უფრო მეტი დეტალის გასარკვევად ომარის ძმას, მალხაზ ქაფიაშვილსაც დავუკავშირდი. მან თქვა, რომ სწორედ დერეფანში მდგარი კარადიდან ამოიღო მაგდას სასიყვარულო წერილები და გირჩები, რომელიც მას ე.წ. მონადირემ, იმავე ოთარ ბერძენიშვილმა აჩუქა. გაირკვა, რომ ის კარადა, სადაც ეს ჩანაწერები იპოვა, სახლიდან იყო გატანილი ამ ტრაგედიის შემდეგ. მალხაზმა დერეფანში რკინის კარადაც გახსნა, მაგრამ იქ არაფერი აღმოჩნდა.

"ვითომ სიზმარს ჰყვება და შეფარულად ცდილობდა სამხილის გაქრობას"

მალხაზ ქაფიაშვილი: - ის ჩანაწერები იმ ადგილას ვიპოვე, სახლიდან გამოტანილ კარადაში იყო. რისი თქმა უნდა ამ წერილით მაგდას, არ ვიცი, შეიძლება მინიშნებასაც აკეთებდა. ვითომ სიზმარს ჰყვება და შეფარულად ცდილობდა, რაიმე სამხილის გაქრობას, ვერ გეტყვით. იმ ადგილას რკინის კარადა დგას, რაც ეს კორპუსი აშენდა, მას შემდეგ, საეჭვო იქ ვერაფერი ვნახე. რაც შეეხება ბაგირას, სწორედ მაგდამ მოკლა. ლანას აქვს ჩემთვის ნათქვამი, მაგდამ მითხრა, ძაღლი ძალიან მაწუხებდა, ქინძისთავები ჩავუყარე პურში და ისე მოვკალიო. ახლა კი აბრალებს ისეთ ქალს, რომელსაც ცხოველები ძალიან უყვარს და ქუჩის ძაღლებსაც კი აპურებს. რაც შეეხება სახლის უკან მიმდებარე ტერიტორიას, იმ ადგილებს თითქმის არავინ იყენებს, მეზობლებს აქვთ მიწები... იქ რა უნდა ენახათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ის რაღაცის მინიშნებას ცდილობდა ამ წერილით. რაც შეეხება განაჩენს, სხვას არც ველოდი, ის მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იყოს. სხვა რა სასჯელი უნდა გამოეტანათ ქალისთვის, რომელმაც ასე სადისტურად დახოცა ქმარ-შვილი?!

"გული არ ამიჩქარდება, დენის სკამზე თუ დამსვამენ"

განაჩენის გამოტანის შემდეგ მაგდა პაპიძემ განაცხადა:

"როცა ნაფიც მსაჯულებთან ვსაუბრობდი, დიდი იმედი მქონდა მათი კითხვებიდან გამომდინარე, მაგრამ მოხდა პირიქით, დამადანაშაულეს... თუ ბერძენიშვილის გამო საკუთარი ხელით ოჯახის დამანგრეველი ვარ, მზად ვარ, ერმა მომიშვიროს ტყვია. მე თვითონ ვილოცებ იმათთვის, ვინც ამას გააკეთებს. მე ჩემი სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, რადგან ეს საშუალება არ მომეცა, ახლა არც სიცოცხლის და არც არაფრის პრეტენზია არა მაქვს. გასაგებია, რომ ყველას უნდა, უვადო პატიმრობა მომისაჯონ, გული არ ამიჩქარდება, დენის სკამზე თუ დამსვამენ და არც არაფრისთვის, პრეტენზია არა მაქვს, იქნება სასჯელი ერთი თუ 20 წელი. ამ ბრალდების შესისხლხორცება არ შემიძლია, დაკავების დღიდან სიმართლისთვის ვიბრძვი, ამას ვერ მივაღწიე, გთხოვთ, ცოცხალი არ დამტოვოთ. თუ 25 წლის გოგომ ეს ჩაიდინა, არ მინდა ასეთი სიცოცხლე, თვითმკვლელობას არასოდეს ჩავიდენ. მივმართავ ზემდგომ ორგანოებს, ჩემმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთოს, ასეთი ადამიანი ცოცხალი რომ არ დარჩეს".

თეა ხურცილავა