"ოსებს დისეველებზე ბოღმა აქვთ" - კვირის პალიტრა

"ოსებს დისეველებზე ბოღმა აქვთ"

"ის, რომ ვიღაც იარაღით ხელში იცავს თავის ქვეყანას მომხდურისგან, დანაშაული არ არის"

8 ივნისს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა სოფელ დისევის მკვიდრი გიორგი გიუნაშვილი დააკავა და დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილად ცნო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გიუნაშვილი აქტიურად მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - სოფელ დისევის ე.წ. თავდაცვის ჯგუფში, ხოლო 2008 წლის 11 აგვისტოს დაცხრილა ოსი სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა.

გიუნაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას მისი ახლობლები აპროტესტებენ და ხელისუფლებას სთხოვენ, ყველა ბერკეტი გამოიყენოს ბრალდებების აბსურდულობის დასამტკიცებლად. ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთა ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის იზოლატორში გიუნაშვილს სასტიკად სცემეს.

ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში: - გიუნაშვილი 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, ანუ საოკუპაციო ხაზზე დააკავეს და მაშინ ოსურ მხარეს არავითარ სხვა ბრალეულობაზე არ ჰქონდა ლაპარაკი. მისთვის შემდგომში წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და არ დასტურდება. ეს ისტორია პროვოკაციას წააგავს.

გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი: - აქ ერთი მომენტია - მხოლოდ საქართველოს შეუძლია წამოსწიოს თავისი მოქალაქის დანაშაული, ან თუ არსებობს რაღაც ინფორმაცია, ჰააგის ტრიბუნალს შეუძლია გაარჩიოს სამხედრო დანაშაული. დე ფაქტო რეჟიმი მას 2008 წლის აგვისტოს დღეებში ოსი სამხედროებისთვის სროლას ედავება. არსებობს ომის სამართალი, რომელიც განსაზღვრავს კონტრდაზვერვის პრინციპს, ანუ სამხედრო მოსამსახურეს ან შესაბამისი უწყების თანამშრომელს ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ბრალი წარედგინოს. თუ ლაპარაკია სამოქალაქო პირზე, ასეთი ტიპის საქმეები ლეგიტიმურმა, აღიარებული სახელმწიფოების სამართალდამცავმა სისტემამ უნდა გამოიძიოს. ის, რომ ვიღაც იარაღით ხელში იცავს თავის ქვეყანას მომხდურისგან, დანაშაული არ არის. ამისთვის არსებობს ომის სამართალი, ასეთ პირებს ენიჭებათ სამხედრო პირის სტატუსი და მისი მოქმედებების გამო არ ასამართლებენ. ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესი არ უნდა შედგეს, რომ არ შეილახოს საქართველოს მოქალაქის უფლებები. სანამ არ მოხდება საქართველოს იურისდიქციის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მანამ მათი თვითნებობის შეჩერება ძნელია.

ვანო სუხიტაშვილი, გიორგი გიუნაშვილის ახლობელი: - გიორგის დედა, ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მისი სახლი საზღვართან ახლოსაა, იქვე იმყოფებოდა, როცა ოსებმა გაიტაცეს. მათ დისეველებზე ბოღმა აქვთ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის გაიტაცებდნენ. ამბობენ, თითქოს გიუნაშვილი უკანონო ფორმირების წევრი იყო. მსგავსი ფორმირება არ არსებობდა ჩვენს სოფელში. 2008 წლის 11 აგვისტოს დისევი რუსმა და ოსმა სამხედროებმა გადაწვეს, ამ დროს სოფელში მხოლოდ მოხუცებიღა იყვნენ დარჩენილი. გიორგის არც თავად ჰქონდა იარაღი, არც მთავრობას მოუცია ჩვენთვის თავდაცვის რაიმე საშუალება. ასე რომც ყოფილიყო, ჩვენს მიწა-წყალსა და ოჯახებს ვიცავდით. ერთი თვეა გატაცებულია და მის შესახებ არაფერი ვიცით.

მასთან არც ადვოკატი შედის და რასაც უნდათ, იმას დაწერენ და ხელს მოაწერინებენ. გიორგიმ რუსული არ იცის და რას გაიგებს, ხელს რაზე აწერინებენ?

ქართველი ტყვეები

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვედ იმყოფებოდა 163 ქართველი სამოქალაქო პირი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ომბუდსმენის ინფორმაციით კი 182 ქართველი სამოქალაქო პირი ჰყავდათ დატყვევებული.

ნანა ფიცხელაური