"ოსებს დისეველებზე ბოღმა აქვთ"
11-07-2016
"ოსებს დისეველებზე ბოღმა აქვთ"
"ის, რომ ვიღაც იარაღით ხელში იცავს­ თავის­ ქვეყანას მომხდურისგან, დანაშაული არ არის"

8 ივნისს ცხინვალის დე ფაქტო­ რეჟიმმა სოფელ დისევის მკვიდრი გიორგი­ გიუნაშვილი დააკავა და დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილად ცნო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გიუნაშვილი აქტიურად მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - სოფელ დისევის ე.წ. თავდაცვის ჯგუფში,­ ხოლო 2008 წლის 11 აგვისტოს დაცხრილა ოსი სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა.

გიუნაშვილისთვის
წაყენებულ ბრალდებას მისი ახლობლები აპროტესტებენ და ხელისუფლებას­ სთხოვენ, ყველა ბერკეტი გამოიყენოს ბრალდებების აბსურდულ­ობის დასამტკიცებლად. ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთა ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის იზოლატორში გიუნაშვილს სასტიკად სცემეს.

ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალ­აქო თანასწორობის საკითხებში: -
გიუნაშვილი 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, ანუ
საოკუპაციო ხაზზე დააკავეს და მაშინ ოსურ მხარეს არავითარ სხვა ბრალეულობაზე არ ჰქონდა ლაპარაკი. მისთვის შემდგომში წაყენებული ბრალდებები­ უსაფუძვლოა და არ დასტურდება. ეს ისტორია პროვოკაციას წააგავს.

გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი: - აქ ერთი მომენტია - მხოლოდ საქ­ართველოს შეუძლია წამოსწიოს თავისი მოქალაქის დანაშაული, ან თუ არსებობს რაღაც ინფორმაცია, ჰააგის ტრიბუნალს შეუძლია გაარჩიოს სამხედრო დანაშაული. დე ფაქტო რეჟიმი მას 2008 წლის აგვისტოს დღეებში ოსი სამხედროებისთვის სროლას ედავება. არსებობს ომის სამართალი, რომელიც განსაზღვრავს­ კონტრდაზვერვის პრინციპს, ანუ სამხედრო მოსამსახურეს ან შესაბამისი­ უწყების თანამშრომელს ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ბრალი წარედგინოს. თუ ლაპარაკია­ სამოქა­ლ­აქო პირზე, ასეთი ტიპ­ის საქმეები ლეგიტიმურმა, აღი­არ­ებული სახე­ლმწიფ­ოების სამართალდამცავმა­ სისტემამ უნდა გამოიძიოს. ის, რომ ვიღაც იარაღით ხელში იცავს­ თავის­ ქვეყანას მომხდურისგან, დანაშაული არ არის. ამისთვის არსებობს ომის სამართალი, ასეთ პირებს­ ენიჭებათ სამხედრო პირის სტატუსი და მისი მოქმედებების გამო არ ასამართლებენ. ფალსიფი­ცირე­ბული სასამართლო პროცესი არ უნდა შედგეს, რომ არ შეილა­ხოს საქართველოს მოქალაქის უფლებები. სანამ არ მოხდება საქ­ართველოს იურისდიქციის აღდგენა ოკუპირებულ ტერ­იტორიაზე, მანამ მათი თვითნებობის შეჩერება ძნელია.

ვანო სუხიტაშვილი, გიორგი­ გიუნაშვილის ახლობელი:
- გიორგის დედა, ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მისი სახლი საზღვართან ახლ­ოსაა, იქვე იმყოფებოდა, როცა ოსებმა გაიტაცეს. მათ დისეველებზე ბოღმა აქვთ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის გაიტაცებდნენ. ამბობენ, თითქოს გიუნაშვილი უკანონო ფორმირების წევრი იყო. მსგავსი ფორმირება არ არსებობდა ჩვენს სოფელ­ში. 2008 წლის 11 აგვისტოს დისევი რუსმა­ და ოსმა სამხედროებმა გადაწვეს, ამ დროს სოფელში­ მხოლოდ მოხუცებიღა იყვნენ დარჩენილი. გიორგის არც თავად ჰქონდა იარაღი, არც მთავრობას მოუცია ჩვენთვის თავდაცვის­ რაიმე საშუალება. ასე რომც ყოფილიყო, ჩვენს მიწა-წყალსა და ოჯახებს ვიცავდით. ერთი თვეა გატაცებ­ულია და მის შესახებ არაფერი ვიცით.
მასთან არც ადვოკატი შედის და რასაც უნდათ, იმას დაწერენ და ხელს მოაწერინებენ. გიორგიმ რუსული არ იცის და რას გაიგებს, ხელს რაზე აწერინებენ?

ქართველი ტყვეები

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვედ იმყოფებოდა 163 ქართველი სამოქალაქო პირი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ომბუდსმენის ინფორმაციით კი 182 ქართველი სამოქალაქო პირი ჰყავდათ დატყვევებული.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით