"ახლაც ყურში ჩამესმის დაღუპული მაშველის შვილის ხმა, როცა დაინახა, რომ მამამისი წყალმა გაიტაცა" - კვირის პალიტრა

"ახლაც ყურში ჩამესმის დაღუპული მაშველის შვილის ხმა, როცა დაინახა, რომ მამამისი წყალმა გაიტაცა"

"მიხოს თავი ამოუყვია წყლიდან და დაუძახია, თოკიო, მაგრამ ვერავინ უშველა..."

7 ივლისს მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში უბედური შემთხვევა მოხდა - 17 წლის მიხეილ ბერიშვილი მდინარე აბაშაში დაიხრჩო. ამ ფაქტს მიხოს უმცროსი ძმა და მისი მეგობრები შეესწრნენ. სასოწარკვეთილმა ბავშვებმა საშველად თანასოფლელებს უხმეს, მაგრამ მოზარდის გადარჩენა ვერავინ შეძლო. ბიჭი წყლის დინებამ გაიტაცა. სავარაუდოდ, სიმაღლიდან გადახტომისას მან ქვას თავი დაარტყა და ვეღარ გაცურა.

თვითმხილველთა თქმით, მიხომ წყლიდან თავი ამოყო, თოკიო, დაიძახა, მერე ისევ ჩაყვინთა და მდინარემ ჩანჩქერისკენ გაიტაცა. ძმა, თურმე, წყალში გადახტომას და მიხოს დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ბავშვებმა დაიჭირეს, რადგან წყალი აბობოქრებული იყო და შეიძლებოდა, ისიც დამხრჩვალიყო.

მაშინვე გამოიძახეს სამაშველო სამსახურები. კანიონის ადმინისტრაციამ დახმარებისთვის წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის პრეზიდენტთან, ელგუჯა ჯამრიშვილთანაც დარეკა, რომელიც სამკაციან ჯგუფთან ერთად წყალტუბოდან მარტვილში ჩამოვიდა და სანამ აჭარიდან სამაშველო ბრიგადა მოვიდოდა, სამძებრო სამუშაოები დაიწყო. ურთულეს ადგილას თვითონ ჩავიდა. როგორც ამბობენ, მან მარტვილის ყველა მღვიმე და კანიონი კარგად იცოდა, მაგრამ ამინდი გაუარესდა და ვითარება შეიცვალა. ზევით მყოფები მას ვერ შველოდნენ, ამიტომ საკუთარი ხელით ჩაუხსნია თოკი. ალბათ, იფიქრა, რომ გაცურავდა, მაგრამ ერთ ტრაგედიას მეორე დაემატა - ვეღარც ელგუჯა იპოვეს. მისი ვაჟი რეზოც მყვინთავია და მამას ახლდა. ის დინების მიმართულებით წასულა იმ იმედით, რომ მამას იპოვიდა. მას მაშველებიც მიეხმარნენ.

ამასობაში დაღამდა, მაგრამ დაკარგულების ძებნა არ შეწყვეტილა. ღამის ორ საათზე მაშველმა ზაზა ვარშანიძემ ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი იპოვა. დაიწყო წყლიდან ამოყვანის სამუშაოები, მაგრამ როგორც გაირკვა, ზევით მყოფები გამოუცდელები იყვნენ, ვიღაცამ იჩქარა, ძლიერად გამოქაჩა თოკი, რომელიც გაწყდა და ცხედარი ისევ წყალმა გაიტაცა... მეორე დღეს მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის თხოვნით, ბიჭს ექსპერტიზა არ ჩასტარებია. მას საფეთქელთან აქვს დაზიანება. ვარაუდობენ, რომ თავი ქვას დაარტყა და გარდაიცვალა.

მომდევნო დღესაც კოკისპირულად წვიმდა და მდინარე ისე ბობოქრობდა, იქ ჩასვლას ვერავინ ახერხებდა. მაშველებს მოსახლეობაც ეხმარებოდა, ყველა თვალს ადევნებდა ადიდებულ მდინარეს, რომ იქნებ სადმე ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი გამოერიყა. გვიან ღამით წვიმა შეწყდა, წყლის ნაკადმა იკლო და სამძებრო სამუშაოები განახლდა. ელგუჯას ცხედარი სოფელ ბანძის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრზე იპოვეს.

ელგუჯა აკობია, სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე: - 7 ივლისს 17 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ 17 წლის ბიჭს ეძებდნენ მდინარეში. გაჭედილის კანიონამდე, მდინარე აბაშისწყალში მოხდა ეს ტრაგედია. იქ ჩანჩქერი ჩამოდის და დამბაა გაკეთებული. ბავშვები იქ ბანაობენ ხოლმე. ჩვენ არ ვიცით ტრაგედიის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. სავარაუდოდ, ბიჭი წყალში გადახტა. ზოგი ამბობს, ფეხი დაუცურდაო. როგორც ჩანს, ადგილობრივებმა გამოიძახეს კერძო კომპანია წყალტუბოდან. ჩვენ აჭარიდან გამოვიძახეთ მყვინთავები. სანამ აჭარიდან ჩამოვიდოდნენ, მანამდე ამ ჯგუფმა ჩამოასწრო. როგორც ამბობენ, ჯამრიშვილს მარტვილის კანიონის ხელმძღვანელმა სთხოვა დახმარება. იგი ერთ-ერთი უძლიერესი მაშველი იყო, ყველას ინსტრუქტორი, გამოცდილი. მყვინთავების სამსახურის უფროსად წლების განმავლობაში მუშაობდა. ძალიან გვიჭირს იმის ახსნა, რა მოხდა, რამ შეიწირა ეს ადამიანი. ორ ვერსიას განვიხილავთ: შეიძლება ჩანჩქერმა თავზე ნიღაბი ახადა, ვერ ისუნთქა და ამის გამო დატრიალდა ეს ტრაგედია. თან იქ წყალი სწრაფად ბრუნავს. მეორე ვერსიით, შეიძლება წყალმა ამოატრიალა და რამეს თავი დაარტყა. არადა, მასზე კარგად იქაურობა არავინ იცოდა. მიზეზებს, ალბათ, გამოძიება დაადგენს. იმ ადგილზე ტრაგედიის დროს ჩვენი მაშველები არ იყვნენ, ისინი სხვა ადგილას იყვნენ განაწილებული და დაკარგულ ბიჭს ეძებდნენ. იქ რა მოხდა, არავინ იცის. ალბათ, წყალი რომ ექაჩებოდა, თვითონ მოიხსნა თოკი, თუმცა, ამანაც ვერ უშველა.

მიხო ბერიშვილი გაჭედილის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო. პედაგოგებს მომხდარზე ლაპარაკი უჭირთ.

ნანა კეკუტია, გეოგრაფიის მასწავლებელი: - ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი მოსწავლე ცოცხალი აღარ არის. ის ჩემ თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა. მეთორმეტეკლასელი იყო. თბილი, მოსიყვარულე. ფიზიკურადაც ძლიერი იყო, სპორტს მისდევდა, ვარჯიშობდა და წარმატებებსაც აღწევდა. ვერცხლისწყალივით იყო. ძალიან ნიჭიერი. რომ ვეტყოდი, უფრო მეტი შეგიძლია და წაიკითხე-მეთქი, მეტყოდა, გეოგრაფიას მაინც ჩავაბარებო. მართლაც, გამოცდები კარგად ჩააბარა. რუკასთან მუშაობა უყვარდა. უნდოდა, სამხედრო ყოფილიყო. კარგი მოჭიდავე იყო და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მიხოს ახალგაზრდა მშობლები და და-ძმა ჰყავს. ძმა ერთი წლით უმცროსია. სწორედ ის შეესწრო ამ საშინელ ამბავს. ხიდთან სხვა დროსაც ბანაობდნენ ბავშვები. წინადღის ნაწვიმარი იყო და ისეთი კამკამა არ ყოფილა წყალი, როგორიც სხვა დროს. იქვე ჩანჩქერიც გადმოდის და იქ გადამხტარა, მაგრამ წყალი რადგან დიდი იყო, იმ გზით ვერ ამოსულა, საიდანაც სხვა დროს ამოდიოდნენ ხოლმე და უთქვამს, კანიონისკენ გავცურავ, თქვენ იქით დამხვდითო. ეტყობა, რომ ჩახტა, ქვას თავი დაარტყა. როგორც ჩანს, წვიმების გამო მდინარეს ნაშალი ჰქონდა ჩამოტანილი. თავი ამოუყვია წყლიდან და დაუძახია, თოკიო, მაგრამ ვერავინ უშველა. სამწუხაროდ, ყველაფერი წამებში მოხდა. ვწუხვართ მაშველის დაღუპვის გამოც. მისი შვილი შეესწრო ამ ტრაგედიას. ახლაც ყურში ჩამესმის მისი ხმა, როცა დაინახა, რომ მამამისი წყალმა გაიტაცა. ორივე ოჯახს ვუსამძიმრებ ამ დიდ ტრაგედიას.

თეა ხურცილავა