შეტაკებისას ბათირაშვილის გარემოცვის კიდევ 5 წევრი დაიღუპა - რა ვითარებაში დაიღუპა "წითური გენერალი"?! - კვირის პალიტრა

შეტაკებისას ბათირაშვილის გარემოცვის კიდევ 5 წევრი დაიღუპა - რა ვითარებაში დაიღუპა "წითური გენერალი"?!

"ბათირაშვილი წარმატებული და კეთილსინდისიერი ჯარისკაცი იყო, საქართველოსთვის გულანთებული, სხვათა შორის, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა. მერე რაღაც შეუთითხნეს...”

თავდაცვის სამინისტროს რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი უფროსი ლევან ამირიძე

2016 წლის 10 ივლისს უკვე მერამდენედ გავრცელდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ. რადგან ბოლო წლების განმავლობაში ამგვარი ინფორმაციები ძირითადად არ დასტურდებოდა, ბუნებრივია, საზოგადოება ამას სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა ირკვევა, რომ თავად ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს მისი გარდაცვალება.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "თარხან ბათირაშვილის ახლობლებს "ისლამური სახელმწიფოდან" უკვე დაუკავშირდნენ, მისი გარდაცვალების ამბავი დაუდასტურეს და სამძიმრის მიღება ურჩიეს. ასევე არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ მოსულთან შეტაკებისას ბათირაშვილის გარემოცვის კიდევ 5 წევრი დაიღუპა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხუთივე საქართველოს მოქალაქეა, მათგან ერთ-ერთის ვინაობა სოფელ დუისში უკვე იციან.

"ტვიტერში" ჟურნალისტმა მოჰანად ჰეიჯ ალიმ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებზე წერს, გააზიარა თთქოსდა "ისლამური სახელმწიფოს" ტვიტერის გვერდის პოსტი, სადაც ლაპარაკია, რომ ნიცაში 14 ივლისს მომხდარი ტერორისტული თავდასხმა თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის დაღუპვას უკავშირდებოდა და შურისძიება იყო. თუმცა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს:

"ჩემი აზრით, ნიცაში მომხდარი თავდასხმა ცხელ გულზე გაკეთებულს ნამდვილად არ ჰგავს. მგონია, რომ მასზე კარგა ხნით ადრე დაიწყეს მუშაობა. მით უფრო, რომ საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ელოდნენ ტერორისტულ აქტებს და გარკვეული კონტრზომებიც ჰქონდათ მიღებული".

თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობაში დაიბადა და გაიზარდა. მისი მამა, რომელიც ქრისტიანია, დღესაც პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ცხოვრობს. ძმაც სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებშია.  თარხანი ისევე, როგორც ხეობის ბევრი სხვა ახალგაზრდა, სიდუხჭირეში გაიზარდა... მოგვიანებით გადაწყვიტა სამხედრო საქმის შესწავლა და ამისთვის ქართულ არმიაშიც მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული აგვისტოს ომშიც... როგორც სამხედრო წრეებში აცხადებენ, შეიძლება წარმატებული კარიერა ჰქონოდა, რომ ერთ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა) ჯარიდან არ დაეთხოვათ. მეტიც, 2010 წელს ის დააკავეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ციხეში ორი წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კარგა ხანს უმუშევრად იყო, შემდეგ კი ე.წ. "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს შეუერთდა და დოკუ უმაროვის მოწოდებით აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს, თარხან ბათირაშვილის კი არა, უკვე აბუ ომარ ალ ჩეჩენის სახელით (არაბულად შიშანი).

იხილეთ სრულად