"გარეთ რომ გავიხედე, შავებში ჩაცმული მაღალი, გამხდარი მამაკაცი ფანჯარასთან იდგა და მწერებისგან დამცავ ბადეს ხევდა"
18-07-2016
"გარეთ რომ გავიხედე, შავებში ჩაცმული მაღალი, გამხდარი მამაკაცი ფანჯარასთან იდგა და მწერებისგან დამცავ ბადეს ხევდა"
"ხან კარზე და ხანაც ფანჯარაზე აკაკუნებს, თუ ნათურა ანთია, ამტვრევს, ალბათ, ვინმემ რომ არ დაინახოს. ხან მგელივით ყმუის და ხანაც ძაღლივით ყეფს, საშინელ ხმებს გამოსცემს. ამბობენ, ჭიშკარზე ისე ხტება, თვალს ვერ მიაყოლებო. ალბათ, ჩვენთანაც რომ მოვიდეს, იმწუთასვე დავტოვებ სოფელს და სადმე წავალ"

ის რაც ახლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ხდება, ჰოლივუდური ფანტასტიკის სცენარს ჰგავს, თუმცა­ საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. ორი კვირაა, კუმისის მოსახლეობამ მოსვენება დაკარგა - აქაურების
მყუდროებას ღამღამობით დაუდგენელი პირი არღვევს. კუმისელების თქმით, შავმანტიამოსხმული მამაკაცი, რომელსაც ქუდი ახურავს და სახე შეღებილი აქვს, ეზოებში იპარება, კარ-ფანჯრებს ჩხაპნის, მერე გარბის და უცნაურ ხმებს გამოსცემს. ასე გრძელდება უკვე რამდენიმე კვირაა, სწორედ ამ მიზეზით სოფლის მოსახლეობის ნაწილი სხვა სოფლებში გაიქცა და ნათესავებს შეაფარეს თავი. კუმისში
მთელი ღამე პატრულირებენ სამართალდამცველები, თუმცა ჯერ ვერ მოხერხდა უცნობის დაკავება. რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრა" სოფელ კუმისს ესტუმრა.

"ეს ფოტოები მისმა მშობლებმა გაავრცელეს კუმისში, ის "მოჩვენება" ჩვენი დაკარგული შვილი ხომ არ არისო, მაგრამ ვისაც გავესაუბრეთ, ყველამ სხვანაირი აღწერა"

"შავებში ჩაცმული გამხდარი მამაკაცი ჩვენს ფანჯარასთან იდგა"


როგორც კუმისელები ჰყვებიან, უკვე არაერთ ოჯახს მიადგა დაუპატიჟებელი სტუმარი და ვინ იქნება შემდეგი, არავინ იცის. მართალია, უცნობი მამაკაცი მოსახლეობას ფიზიკურად არ ერჩის, თუმცა­ სოფელი მაინც პანიკაშია. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად გზად შემოგვხვდა, გვითხრა, არ მინდა ჩემი ვინაობის გამხელა, ვაითუ, მერე ჩემს სახლსაც მოადგესო.

- ვინ არის და რა უნდა, ვერ გავიგეთ. ბავშვი უკვე დღისითაც ვერ გამომიშვია გარეთ. ორ კვირაზე მეტია, ასე გრძელდება, რა გახდა მისი დაჭერა, ვერ გავიგეთ... გუშინ შუაღამისას ბიცოლაჩემის ოჯახში მისულა და შეუშინებია.
ერთ-ერთი მოსახლის სახლთან მაშინ მივედით, როდესაც ჭიშკართან გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ინციდენტის დეტალებს­ უყვებოდნენ.
- ღამის სამი საათი იქნებოდა. ყველას გვეძინა. ხმაურმა გამაღვიძა. გარეთ რომ გავიხედე, შავებში ჩაცმული მაღალი, გამხდარი მამაკაცი ფანჯარასთან იდგა და მწერებისგან დამცავ ბადეს ხევდა. რომ დავუყვირე, გაიქცა, გავეკიდეთ, მაგრამ ვერ დავიჭირეთ..."
მდივანაანთ უბანში მოსახლეობასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ. რამდენიმე ბოქლომდადებული ჭიშკარიც ვნახეთ...

სახლ-კარი არ დაუტოვებია, თუმცა ყოველ შებინდებას შიშით ხვდება ლუიზა­ სირაძე:

- მოსახლეობა ისეთი შეშინებულია, ვერ წარმოიდგენთ. მარტო ჩვენი უბნიდან, უკვე რამდენიმე მოსახლემ მიატოვა საცხოვრებელი და ნათესავებთან გადავიდნენ, ზოგი სხვა სოფელში და ზოგიც თბილისში. მეუღლე დღისით მუშაობს, ბავშვთან ერთად ვარ სახლში. დაშინებულები საღამოს გარეთ გასვლას ვერიდებით.

- ეზოში რომ შედის,­ რას აკეთებსო, რას ამბობენ?

- ხან კარზე და ხანაც ფანჯარაზე აკაკუნებს, თუ ნათურა ანთია, ამტვრევს, ალბათ, ვინმემ რომ არ დაინახოს. ხან მგელივით ყმუის და ხანაც ძაღლივით ყეფს, საშინელ ხმებს გამოსცემს. ამბობენ, ჭიშკარზე ისე ხტება, თვალს ვერ მიაყოლებო. ალბათ, ჩვენთანაც რომ მოვიდეს, იმწუთასვე წავალ სოფლიდან. პატრული გვაქცევს­ ყურადღებას, მაგრამ ჯერ ვერ დაიჭირეს.

ამავე უბნის მოსახლეა 84 წლის ვანო მდივნიშვილი. კუმისში დაბადებულ და გაზრდილ კაცს მსგავსი რამ არ ახსოვს.
- ხალხს აწიოკებს, ასე როგორ შეიძლება?! დღესაც მოვიდა პატრული, ტელეფონის ნომერი დამიტოვეს, თუ თქვენთანაც მოვიდა, მაშინვე დაგვირეკეთო. გუშინ ღამითაც რამდენიმე ოჯახი შეუშინებია, მერე სოფლის კაცებს პატრულთან ერთად სადღაც შენობაში მოუმწყვდევიათ, მაგრამ მაინც გაქცევიათ. ვერ იჭერენ. აგერ ჩვენმა მეზობელმა, რომელთანაც შევიდა, თოფიც ესროლა, მაგრამ გაიქცა.

- სოფელში ვინმეს ფსიქიკური პრობლემა ხომ არა აქვს, ეჭვი არავისზე გაქვთ?

- არ გამიგია, არც ის მგონია, კუმისელი იყოს.

- თქვენთანაც რომ შემოვიდეს, თავი რითი უნდა დაიცვათ?

- კართან ნაჯახი მაქვს მიყუდებული,­ შევაშინებ მაინც...

ცოტა ხნის წინ სოფელში წალკიდან ჩასულ ასაკოვან­ ცოლ-ქმარს მოსახლეობაში დაკარგული შვილის ფოტოები გაუვრცელებია. კუმისელების თქმით, ცოლ-ქმარს ეჭვი აქვს, რომ "მოჩვენება", რომელიც ღამღამობით ხალხს აშინებს, შესაძლოა, მათი რამდენიმე თვის წინ დაკარგული ვაჟი იყოს...

ფოტოზე აღბეჭდილია დაახლოებით 30 წლის მამაკაცი... აქვეა მითითებული დაკარგულის ახლობლის ტელეფონის ნომერი, რომელზეც დავრეკეთ და მამაკაცმა გვიპასუხა:
- კუმისელების თქმით, ის მამაკაცი მაღალია, ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი კი, დაახლოებით 160 სმ-ია. ეს ფოტოები მისმა მშობლებმა გაავრცელეს კუმისში, ის "მოჩვენება" ჩვენი შვილი ხომ არ არისო, მაგრამ ვისაც გავესაუბრეთ, ყველამ სხვანაირი აღნაგობის მამაკაცი აღწერა. სოფელში მთელი ღამე პატრულირებენ სამართალდამცველები, თუმცა ჯერაც ვერ მოხერხდა უცნობის დაკავება. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კუმისელების ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველები შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი

qristine
01 სექტემბერი 2016 11:22
Aevici es ramdenad martalia magram me samegreloshi qalaq martvilshi vcxovrob. Chventan bevr sofelshi araertxel sheamchnies shavebshi chacmuli adamianii romelic mitovebul saxlebshi da sasaflaoebze cxovrob. Ertert ojaxshi shevida da tuki ram qonda yvelaferi dalewa. Qvebs iavris da xalxs sagrdznoblad ashine. Mosaxleoba panikam moicva. Me piradad ar minaxavs magram mec meshinia saxlshi 4wlis dzma myavs da ojaxii gamit garet ver gavdivar. Ramdenjerme martvilis centrshi daafiqsires mahram ver daichires
lia
25 ივლისი 2016 18:47
არ იწუხებენ თავს მაღაზია გამიქურდეს ანაბეჭდიც აიღეს ვიდეოკამერაში ნახეს ქურდი ვინც არის მარააა სხედან და ჭორაობენ გამომძიებლები
25 ივლისი 2016 11:36
რა პარანორმალური მოვლენა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები