"მკვლელს დედა ეხმარებოდა" - კვირის პალიტრა

"მკვლელს დედა ეხმარებოდა"

"გაძარცვის მიზნით ის ნიღბით შესულა სახლში, მაგრამ ხმაზე იცნეს და ამიტომ მოწმეები მოიშორა"

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 24 წლის მამაკაცი ნოდარ აკოფოვი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება 37 წლის ოფელია კაჩოტიანისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. სამართალდამცველებმა სახლთან, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, რკინის ხელკეტები იპოვეს. მეზობლები ვარაუდობენ, რომ საქმეში კიდევ რამდენიმე პირი ფიგურირებდა, რადგან ასეთ დანაშაულს ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა...

გამოძიებამ დაადგინა, რომ აკოფოვმა ქალსა და მის ორ შვილს თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. კიდევ ერთი მცირეწლოვანი ბავშვი კი გაგუდა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს.

ჰამლეტ ბაგრამიანი, ოფელიას ბიძა:

- მკვლელი მათი მეზობელი იყო და კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ. 24 წლისაა, ნასამართლევი არ არის. ვფიქრობთ, რომ ამას მარტო ვერ ჩაიდენდა. მეზობლებმა იპოვეს დახოცილები და პოლიციას შეატყობინეს. ოფელიას ქმარი სამუშაოდ რუსეთში, მაგადანში იყო წასული. ახლა ჩამოვიდა.

ეს ამბავი ღამის 11-12 საათზე მოხდა. როგორც ნოდარ აკოფოვს გამოძიებისთვის უთქვამს, ოფელიას ხმაზე უცნია და ამის შემდეგ ამ ნაძირალას თავში არმატურა ჩაურტყამს. შუათანა შვილი გამოსულა და იმისთვისაც ჩაურტყამს. უფროს ქალიშვილს დანა აუღია და მისკენ გაქცეულა, უნდოდა, თავი დაეცვა ამ ავაზაკისგან, მას კი წაურთმევია და არმატურა მისთვისაც ჩაურტყამს თავში. გვამს დანით მიყენებული ნაკაწრებიც ჰქონდა. უმცროსი ვაჟი სხვა ოთახში ყოფილა, შეშინებულ ბავშვს ყვირილი დაუწყია, რის შემდეგაც აკოფოვს ბალიშით გაუგუდავს. ვეჭვობთ, მას სხვებიც ეხმარებოდნენ. გაძარცვის მიზნით ის ნიღბით შესულა სახლში, მაგრამ ხმაზე იცნეს და ამიტომ მოწმეები მოიშორა, მერე კი, კვალი რომ დაეფარა, მიცვალებულები ზეწრებში გაუხვევია და იქაურობისთვის ცეცხლი წაუკიდებია, თუმცა სახლი ბოლომდე არ დაიწვა. ფულისა და ოქროულობისთვის ხელი არ უხლიათ, ვერ მოასწრეს წაღება.

როგორც გაირკვა, ნოდარ აკოფოვს დანაშაულის კვალის წაშლაში დედა ეხმარებოდა - მათ ზეწრებში ერთად გაუხვევიათ გვამები. მან აღიარა კიდეც თანამონაწილეობა და ისიც დააკავეს. ლინჩის წესით გვინდა მკვლელის გასამართლება, მაგრამ არ გვანებებენ!

ნანა ფიცხელაური