ქმარმა ცოლს ყელი გამოსჭრა
18-07-2016
ქმარმა ცოლს ყელი გამოსჭრა
"ქმარი პოლიციაში წაიყვანეს და ხელწერილიც დააწერინეს, რომ ეს არ განმეორდებოდა, მაგრამ..."

2016 წლის 17 ივნისის მდგომარეობით, პოლიციამ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე 1081 შემაკავებელი ორდერი გასცა.­ მართალია, კანონი გამკაცრებულია და არაერთი შემაკავებელი ორდერია გაცემული, მაგრამ ეს მოძალადეს ვერ აჩერებს.­ ამას ადასტურებს კვირას ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მოძალადეს ხელწერილიც დააწერინეს, მან 20 წლის ქალს დანით ყელი გამოსჭრა.

მკვლელობას წინ უსწრებდა ცოლ-ქმრის კონფლიქტი. ქალი იძულე­ბული გახდა,
მოძალადე ქმარს გაქცეოდა და ორ შვილთან ერთად ბებიის სახლს შეაფარა თავი.

მოკლულის ახლობელი: -
წინადღეებშიც სცემა ქმარმა და მაშინ ბაბ­უამისმა­ გამოიძახა პატრული. გოგოს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მისი ქმარი პოლიციაში წაიყვანეს და ხელწერილიც დააწერინეს, რომ ეს არ განმეორდებოდა, მაგრამ... რატომ გამოუშვა­ პოლიციამ?! იმ ღამეს გოგოს საწოლში გა­მ­ო­სჭრა
ყელი. ატყდა ყვირილი, მეზობლები მივცვივდით... სასწრაფომ საავადმყოფოში­ გადაიყვანა, მაგრამ... ძალიან პატარა იყო ეს გოგო, ოჯახმა­ რომ გაათხოვა. ეს ჩვენი ადათია - გოგონები 15 წლიდან თხოვდებიან. ქმარი ხშირად სცემდა, ეჭვიანი იყო. არაერთხელ დაბრუნდა სახლში გოგო, მაგრამ მერე ქმარი მოდიოდა, შერიგებას სთხოვდა და უკან მიჰყავდა. ახლა კი საბოლოოდ წამოვიდა მისი სახლიდან. ბებიისთვის უთქვამს, იქ აღარ დავბრუნდებიო. მაგრამ აქაც არ მოასვენა, მოუვარდა და ასე წამებით მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, 25 წლის ნოვრაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

მინიხანუმ ისაევა, გოგოს ბებია:
- ერთი თვეა, ჩემთან ცხოვრობს. ქმარი ფულს ითხოვდა. კიუნაიმ უთხრა, ფული არ მაქვსო­. საიდან უნდა ჰქონოდა ფული, გოგო არ მუშაობდა... აიღო დანა და ყელი გამოსჭრა. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. მერე გაიქცა..."

საგანგაშო სტატისტიკა

სტატისტიკის მიხედვით, წელს თბილისში ექვსი მკვლელობა მოხდა, ჯანმრთელობის დაზიანების არაერთი ფაქტი და სხვადასხვა სახის ძალადობის 229 შემთხვევა გამოვლინდა.
ოჯახური ძალადობის მხრივ რთული მდგომარეობაა კახეთში. იქ წელს ორი მკვლელობა მოხდა, ჯანმრთელობის დაზიანების - 6, ხოლო სხვადასხვა სახის ძალადობის 62 ფაქტი გამოვლინდა.
მცხეთა-მთიანეთში ძალადობის 24 ფაქტია გამოვლენილი, ჯანმრთელობის დაზიანების ერთ ფაქტზე კი აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
შიდა ქართლში ერთი ოჯახური კონფლიქტი დასრულდა მკვლელობით. ამ რეგიონში ძალადობის 34 შემთხვევაა გამოვლენილი.
მკვლელობა მოხდა იმერეთსა და ლაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ასევე გამოვლინდა ჯანმრთელობის დაზიანების სამი ფაქტი და ძალადობის 74 შემთხვევა.
წელს სამეგრელოში ძალადობის 19 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გურიაში - ცხრა.
ქვემო ქართლში ძალოვანებმა გამოავლინეს სხვადასხვა სახის ძალადობის 38 ფაქტი.
სამცხე-ჯავახეთში ძალადობის 24 შემთხვევაში გამოიძახეს პატრული.
აჭარაში ძალადობის 51 შემთხვევა და სხეულის დაზიანების 3 ფაქტი დაფიქსირდა. ამ სტატისტიკას ივლისში კიდევ დაემატა რამდენიმე მკვლელობა.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით