"დაუჯერებელია... სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები აღარ არიან" - ზონა, რომელიც ავტოავარიების მაღალი რისკის შემცველია - კვირის პალიტრა

"დაუჯერებელია... სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები აღარ არიან" - ზონა, რომელიც ავტოავარიების მაღალი რისკის შემცველია

"ბევრს ეს მაგისტრალი ცალმხრივი ჰგონია, რის გამოც საპირისპირო ზოლშიც კი აღმოჩენილან"

რამდენიმე დღის წინ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარია საქართველოს, ალბათ, დიდხანს ემახსოვრება. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი NISSAN TIIDA და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. NISSAN TIIDA -ში მჯდომი სამივე მგზავრი: გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია, და მათი მეგობარი, ანი ჩხაიძე დაიღუპნენ, BMW-ში მსხდომი საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ამჟამად ქუთაისისა და სამტრედიის სტაციონარებში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, კვირიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ის სტაციონარიდან უკვე გაწერეს, ლომინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

დავით წულაია, ქუთაისის ინტერვენციური მედიცინის ცენტრის ექიმი: -"21 ივლისს საავადმყოფოში ავტოავარიაში დაშავებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. 26 წლის გიორგი ლომინაძე რეანიმაციულ განყოფილებაშია. მას აქვს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მდგომარეობა სერიოზულია.

გიორგი ლომინაძის მეუღლე 4 თვის ფეხმძიმეა, მასაც და კვირიკაშვილის მეუღლეს, ანას ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა.

ნუცა კალანდარია და გიორგი პაპასკირი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. ორივეს 161-ე საჯარო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მათი სიყვარულიც სკოლაში დაიწყო. მათ გოგონა, ორი წლის კატო ჰყავდათ. ნუცა დიასახლისი იყო, გიორგი კი, რომელსაც "სკირას" ეძახდნენ, პერსპექტიული არქიტექტორი გახლდათ... გიორგი მთელი სამეგობროს საყრდენი და იმედი იყო.

ანასტასია პაიჭაძე, გარდაცვლილი წყვილის მეგობარი: "დაუჯერებელია... სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები აღარ არიან... ჩემი სამი მეგობარი დაიღუპა. მეორე ავტომობილში მსხდომებიც ჩემი ახლობლები არიან".

ნუკა კაციტაძე: "ნუცა ჩემი მამიდაშვილის შვილია. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. როგორც ამბობენ, იმ შემოვლით გზაზე არანაირი ნიშანი, გაფრთხილება, არაფერი დგას. საშინელი გზა ყოფილა. ვისი ბრალი იყო და რა როგორ მოხდა, ჯერ არაფერი ვიცით".

ნინო ზაუტაშვილი, გარდაცვლილი წყვილის ახლობელი: "ვერ დამიჯერებია, რომ ცოცხლები აღარ არიან. ალბათ, სპეციალისტები გაარკვევენ, რა მოხდა და როგორ, თუმცა მსმენია, რომ ავტობანის ის მონაკვეთი არ არის გამართული, არა აქვს გამყოფი ზოლი. "სკირა" ჩემი შვილის მეგობარი იყო, მეორე მანქანაში მჯდარი გიორგი ლომინაძე კი ჩემი ახლობლების შვილია, გიორგი და ჩემი უფროსი ვაჟი მეგობრობენ. მინდა მათაც გამოჯანმრთელება ვუსურვო".

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების წევრებსა და მათ მეუღლეებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"მხოლოდ ოქმების შედგენით ვითარება არ შეიცვლება..."

ვასო ურუშაძე, ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი:

"ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, სამწუხაროდ, ხშირია. ეს ზონა ავტოავარიების მაღალი რისკის შემცველია.

ევროსტანდარტების მიხედვით, მსგავს მაგისტრალებზე დასაშვებია ორმხრივი მოძრაობა, აუცილებელია დამონტაჟდეს გამყოფი ბარიერი, რათა სამოძრაო ზოლები ერთმანეთისგან იყოს გამიჯნული. ბევრს ეს მაგისტრალი ცალმხრივი ჰგონია, რის გამოც საპირისპირო ზოლშიც კი აღმოჩენილან. მაგისტრალის ამ ზონაზე არ არის განთავსებული საგზაო ნიშნები, განათების სისტემა, სიჩქარის დამაფიქსირებელი რადარი და ვიდეოკამერები. ეს ჩქაროსნული მაგისტრალია და მისი მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით უნდა ხდებოდეს. საჭიროა ავტოსაგზაო შემთხვევათა მიზეზების საფუძვლიანი შესწავლა. მხოლოდ სტატისტიკისა და ოქმების შედგენით ვითარება არ შეიცვლება და კვლავ ვიქნებით ევროპაში პირველ ადგილზე მყოფი სახელმწიფო, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება ავტოავარიებში".

რა გახდა 21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი

გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი ავტოკატასტროფის ზუსტი მიზეზი. მანამდე კი მომხდარზე არაერთი ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ავტოკატასტროფის მიზეზი მესამე, "მერსედესის" მარკის ავტომობილია, რომელიც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებში არსად ფიგურირებს, არადა, როგორც ამბობენ, სწორედ მისი გაკეთებული მანევრი (გასწრება) გამხდარა ავტოკატასტროფის მიზეზი - თბილისისკენ მომავალი TIIDA თავის სავალ ზოლში, დაშვებული სიჩქარით მიჰყვებოდა უკან სატვირთო ავტომობილს. მანქანებს შორის დისტანცია ნორმის ფარგლებს შეეფერებოდა. საპირისპირო მხრიდან მოძრავ BMW-ს მოულოდნელად, უკნიდან "მერსედესის" მარკის ავტომობილი წინ ჩაუდგა, BMW-ს მძღოლმა, "მერსედესს" რომ არ დასჯახებოდა, დამუხრუჭებისას საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა რამდენჯერმე დატრიალდა და TIIDA-ს შეეჯახა.

მეორე ვერსიით კი, საპირისპიროდ მოძრავი NISSAN TIIDA -სა და BMW -ს მარკის ავტომობილების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, რასაც პროვოცირება სველმა ასფალტის საფარმა გაუწია.

შავი ლაქები...

შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, საქართველოს საავტომობილო გზების ფედერაციის პრეზიდენტი ავტოავარიების რისკის შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების საჭიროებას ხედავს და ამბობს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს აქვს თავისი შეფასების პარამეტრი, რომელიც იზომება წინა წლებთან შედარებით ავარიის მატება-კლებით. 2015 წელს 10 000-ზე მეტი ავტოავარია მოხდა, 500-ზე მეტი კაცი დასახიჩრდა, წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტი - 602 კაცი დაიღუპა. წლევანდელი სტატისტიკა უფრო მზარდია.

როცა ავტოავარია ხდება, იმ მონაკვეთზე, სადაც ეს მოხდა, სვამენ შავ წერტილს. როცა ერთსა და იმავე ადგილზე ხდება ავარია, ეს წერტილები შავ ლაქას ქმნის, რაც უკვე სტატისტიკაა. ხომ არ შეიძლება, ყველა მძღოლი დამნაშავე იყოს, ყველას არ შეეძლოს მანქანის ტარება ან გადააჭარბოს სიჩქარეს?! გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა ნიშნებიც, რაც მძღოლს მიანიშნებს, წინ რა ელოდება - ხორკლიანი გზა, რომელზეც საბურავები ხმაურს დაიწყებს და მძღოლს გამოაფხიზლებს, მოციმციმე შუქნიშანი, გამაფრთხილებელი აბრა და ა.შ. ეს ყველაფერი ავტომაგისტრალებზე მძღოლმა დაახლოებით ერთი კილომეტრით ადრე უნდა"შენიშნოს. ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის "ეს ადგილი მომეტებული რისკის შემცველია... სწრაფ ჩარევას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიების რაოდენობის ზრდა გარდაუვალია".

გიორგი სეთურიძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი დასრულებულია და საგზაო ნიშნებიც დაყენებულია: "ეს არის კვანძი, სადაც დიდი სიჩქარით მოძრაობა დაუშვებელია. ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმართავია, სიმართლეს არ შეესაბამება".

ეკა სალაღაია