"2 თებერვალს ოთარის დაბადების დღეზე იყო, ბავშვი კალთაში ეჯდა თურმე, ეთამაშებოდა, 22 -ში კი დედა-შვილი სასტიკად დახოცა" - კვირის პალიტრა

"2 თებერვალს ოთარის დაბადების დღეზე იყო, ბავშვი კალთაში ეჯდა თურმე, ეთამაშებოდა, 22 -ში კი დედა-შვილი სასტიკად დახოცა"

"მკვლელობის შემდეგ ხშირად დადიოდა ჩვენთან, როგორც ჩანს, უნდოდა ინფორმაციები შეეტყო..."

"ყველგან დაჰყვებოდა. ადვოკატის ასაყვანადაც, რომ წავიდა იქაც კი გაჰყვა"

დედა-შვილის სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა სამართალდამცავებმა 6-თვიანი ძიების შედეგად გახსნეს. ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის გიორგი ხაბელაშვილია. როგორც ირკვევა, იგი მამფორიების ოჯახთან ახლობლობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხაბელაშვილმა 22 თებერვალს ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში სადისტურად მოკლა ისინი. ცივი იარაღით 29 ჭრილობა მიაყენა ნონა რომანიძეს და 16 ჭრილობა პატარა მარიამს, შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. "იარაღზე და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა", - ამბობს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია.

გიორგი ხაბელაშვილს სამართალდამცავებმა ბრალი უკვე წაუყენეს, მას ყაჩაღობასა და ორი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. მოკლულების ოჯახის წევრები ამ ინფორმაციით შოკირებულები არიან და ამბობენ, რომ ამ 6 თვის განმავლობაში მკვლელი მათ გვერდიდან არ შორდებოდა.

ნატო ჯიქიძე, გარდაცვლილი ნონა რომანიძის რძალი:

- არ ვიცი რა ვთქვა, შოკში ვარ. ვიცნობთ მკვლელ ხაბელაშვილს. მისი ამ უსასტიკეს დანაშაულში მხილება ჩვენთვის სრული მოულოდნელობა იყო, რადგან თვეების განმავლობაში მკვლელი სულ ჩვენთან ტრიალებდა. როგორც მითხრეს, მას უღიარებია დანაშაული. უთქვამს ფული და ოქრო მინდოდა და საყაჩაღოდ შევედი, სახლში ყველგან ვეძებე ფული და ვერ ვნახე, ბოლოს ვაზაში იდო 30 ლარი, ის თანხა ავიღე და წავედიო. წარმოიდგინეთ, ამ სისასტიკის შემდეგ ის სახლში ფულს ეძებდა. ბრალდებული ადრე ნასამართლევია. ამ კორპუსში დედასთან და დასთან ერთად წლების წინ ცხოვრობდა, მერე დაიჭირეს და ციხეში ყოფნის დროს მისმა ოჯახმა ბინა გაყიდა. ნონასთანაც და ოთართან მეგობრობდა, მეგობრობდა ასევე ოთარის ძმასთანაც. როგორც ირკვევა, კარი ნონამ გაუღო, უთქვამს, თავში მაშინვე ჩავარტყი, მაგრამ ვერ გავთიშე და ამის მერე ვაზა და სხვა ნივთები ჩავარტყი და ისე მოვკალიო. დედა-შვილი სადისტურად არიან ნაწამები. ვერ დაითვლიდი, იმდენი ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული. მკვლელობის შემდეგ ხშირად დადიოდა ჩვენთან, როგორც ჩანს, უნდოდა ინფორმაციები შეეტყო...

- მკვლელობამდე მამფორიების ხშირი სტუმარი იყო?

- მანამდე ასე ხშირად არ მოდიოდა. სად ეცალა ოთარს, ის და ჩემი ქმარი გვიანობამდე მუშაობდნენ და დაღლილები გვიან მოდიოდნენ სახლში. იყო შემთხვევები, როცა დაბადების დღეზე და სხვა წვეულებებზე მოდიოდა. 2 თებერვალს იყო ოთარის დაბადების დღე და იქ იყო. ბავშვი კალთაში ეჯდა,  ეთამაშებოდა თურმე, 22 -ში კი დედა-შვილი სასტიკად დახოცა. მკვლელობის მერე მოუხშირა ჩვენთან სიარულს. ოთარს სულ ეუბნებოდა, - შენს გვერდში ვარ, ეს იცოდეო. ყველგან დაჰყვებოდა. ადვოკატის ასაყვანადაც, რომ წავიდა იქაც კი გაჰყვა. მე არ მსიამოვნებდა მისი ნახვა, ცოტა ხნის წინ ვუთხარი, შეიძლება ახლობლებში ურევია მკვლელი და ჩემთან არ შემოხვიდე-მეთქი. ამ ტრაგედიის მერე ოთარი ჩვენთან ცხოვრობს და ჩემს სახლში მოდიოდა ისიც. აშკარად აინტერესებდა სიტუაციები, ვინ რას ამბობდა. წარმოიდგინეთ მათი მკვლელი ჩვენს თავლწინ ტრიალებდა და ეს არ ვიცოდით. ოთრის ძმას უთხრა, თქვენთან მამუშავეთო და მუშაობდა, ამ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ყოველდღიური კავშირი ჰქონოდა ჩვენთან. ოთარი იხსენებს, ვინ იცის რამდენჯერ მეჯდა მანქანაშიო.

- გასვენების დღეს ქობულეთში ჩავიდა?

- კი, გასვენების დღეს მოვიდა, მაგრამ სადაც ცხედრები ესვენა, იმ ოთახში საერთოდ არ შემოსულა. რაღაცნაირად ათვალწუნებული მყავდა, ეტყობა გული მიგრძნობდა. მადლობა მინდა ვუთხრა საქმის გამომძიებელს ზაზა ჯამერაშვილს, მას მართლა არ ეძინა ეს 6 თვე. დღე და ღამე იძიებდა, დაგვპირდა გავხსნიო და გახსნა დანაშაული. რომ არ გახსნილიყო ეს დანაშაული, საშინელება იქნებოდა, რადგან ეჭვებით ცხოვრება ტანჯვაა. იმედგაცრუებული იყო ოთარი, მე და ჩემი მეუღლე კი არ ვყრიდით ფარხმალს და ველოდით საქმის გახსნას. ღმერთს მადლობა, რომ გაირკვა სიმართლე. რა საშინელებას ჰყვება თავის ჩვენებაში ეს გამოჩნდება ალბათ მალე. ლინჩის წესით მისი გასამართლების საშუალება რომ იყოს, გეფიცებით არც დავფიქრდებოდი, ისე ჩავქოლავდი. მთელი კორპუსის მაცხოვრებელები ფეხზე დგანან. ის კაცი სიკვდილის ღირსია...

იხილეთ ასევე: "თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..."

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)