"რუსეთში არიან საქართველოს მოქალაქე გავლენიანი კრიმინალური პირები. მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან
01-08-2016
"რუსეთში არიან საქართველოს მოქალაქე გავლენიანი კრიმინალური პირები. მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან
"ჩეჩნები ომისგან დაიღალნენ. მზად არიან ყველაფერი აიტანონ, ოღონდ ახალი ომი არ დაიწყოს"

სამწუხაროდ, რუსეთში არიან საქართველოს მოქალაქე გავლენიანი კრიმინალური პირები. მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან. ამიტომ, თუ ჩეჩნეთის მთავრობა ჩემს მოშორებას გადაწყვეტს, მიმართავს იმ ქართველ კრიმინალებს. რა თქმა უნდა, საფრთხის წინაშე ვარ


ჩეჩენი ტუმსო აბდურაჰმანოვი რამდენიმე თვის წინ ოჯახთან ერთად სამშობლოდან გამოიქცა და საქართველოს შეაფარა თავი.
აბდურაჰმანოვს ემიგრაციამდე გროზნოში კომპანია Электросвязи Чеченской Республикис-ს გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. რა
მიზეზით დატოვა სამშობლო, ამის შესახებ ტუმსო აბდურაჰმანოვი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- 2015 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით დღის სამ საათზე, სამსახურებრივი მანქანით სახლიდან სამსახურში მივდიოდი. გროზნოს ცენტრში შემთხვევით ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის ადმინისტრაციის უფროსს, ისლამ კადიროვს შევხვდი. გზა რომ გავაგრძელე, მოულოდნელად მთელი კორტეჟით უკან
გამომყვა. მანქანა გავაჩერე, ჩემ წინ და ჩემ უკან "ტოიოტა კამრის" მარკის შავი მანქანები გაჩერდნენ, იქიდან შავფორმიანი შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ, ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, პატარა ხელჩანთა და ისლამ კადიროვთან მიმიყვანეს, რომელიც მანქანაში იჯდა. წვერს რატომ ატარებო, მკითხა კადიროვმა. ვუპასუხე, წვერი ჩემი რელიგიის ნაწილია-მეთქი. რამდენიმე რელიგიური შინაარსის შეკითხვა დამისვა, რაზეც ვერაფერი ვუპასუხე, მაშინ მკითხა, იცი თუ არა, რომ რესპუბლიკაში წვერის ტარება აკრძალულიაო? არ ვიცი-მეთქი. ისლამმა ჩემი ტელეფონი დაათვალიერა, იპოვა კრიტიკული, სატირული შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც ეხებოდა ჩეჩნეთის ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს.

ერთ ფოტოზე მკითხა, ვისი გამოგზავნილიაო. როცა ვუპასუხე, არ ვიცი-მეთქი, წვერში მწვდა, ავტომობილის სალონში თავით შემაგდო და კითხვა გამიმეორა. იგივე პასუხი რომ გავეცი, მითხრა, გაიძულებ გახსენებასო. მერე თავის ხალხს უბრძანა, ჩემთან მოიყვანეთო და წავიდა.

- შემდეგ რა მოხდა?

- გროზნოს სამთავრობო კომპლექსში მიმიყვანეს, რომლის ახლოს ორსართულიანი კოტეჯი იდგა. როგორც მივხვდი, ეს იყო ისლამ კადიროვის სამსახურებრივი აპარტამენტი. შიგნით რომ შემიყვანეს, ისლამ კადიროვი თავის გარემოცვასთან ერთად სამზარეულოში სადილობდა. მითხრა, "იმდენი მყავს გატაცებული, ნაწამები და მოკლული, რომ შემიძლია ერთი შეხედვით მივხვდე, რას წარმოადგენო. მკითხა, ისლამის რომელ მიმდინარეობას აღიარებო, როცა ვუპასუხე, არც ერთს, სუნიტი ვარ-მეთქი, არა, გზააბნეული სალაფიტი ხარო. ამის შემდეგ გარიგება შემომთავაზა. მითხრა, გაგიშვებ და გასაქცევად სამ დღეს მოგცემ, თუ არადა, სამი დღის შემდეგ გიპოვი და მოგკლავო. შეიძლება გამოსწორების შანსიც მოგცე, რამდენიმე დღეში გამოგიძახებ, მოვიწვევ სასულიერო პირებს. თუ დაგიმტკიცებენ, რომ არა ხარ მართალი, მზად ხარ ჭეშმარიტება აღიაროო? ვუპასუხე, მზად ვარ მათ შევხვდე-მეთქი. ისლამ კადიროვმა გამაფრთხილა, ჩვენი საუბრის შესახებ არავისთვის არაფერი მეთქვა და წვერიც არ გამეპარსა.

- რატომ ჩათვალეს თქვენი წვერი სახიფათოდ?

- როდესაც შემდეგ შეხვედრაზე ვიკითხე, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი წვერი ჩეჩნეთში"ფეისკონტროლს გადიოდეს-მეთქი, მიპასუხეს, შენისთანა წვერს ატარებდნენ 90-იანი წლების ბოლოს ვაჰაბიტები, რომლებმაც ომი დაიწყეს რუსეთთან. ხალხისთვის შენი წვერის დანახვა მტკივნეულია, ომი ახსენდებათო. რა თქმა უნდა, პასუხის გაცემის საშუალება არ მქონდა, თორემ ვეტყოდი, ჩეჩნებს რუსეთის ჰიმნი და დროშა უფრო აღიზიანებთ, რომლის სახელითაც ხოცავდნენ ჩვენს ხალხს.

- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- 7 ნოემბერს თავად ისლამ კადიროვმა მომაკითხა სახლში და ისევ იმ კოტეჯში მივედით. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის თანაშემწე და ქალაქ გროზნოს შარიათის მთავარი მოსამართლე მაჰომედ ხიტანაევი, ასევე რამზან კადიროვის მრჩეველი და, იმავდროულად, ერთ-ერთი ტელერადიო კომპანიის ხელმძღვანელი ადამ შაჰიდოვი, მოგვიანებით კი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი აპტი ალაუდონოვი მოვიდა. შეხვედრაზე მაჰომედ ხიტანაევმა განაცხადა, რომ გზააბნეული სალაფიტი ვარ და სულითა და გულით მძულს ჩეჩნეთის ხელისუფლება. მერე მათ ერთხმად დაასკვნეს, რომ შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი ვარ, "ბოევიკებს"ვწვრთნი და ქადაგებებს ვუკითხავ.

ვითარება ძალიან დაძაბული იყო, სახლში უამრავი ადამიანი ირეოდა, ხშირ-ხშირად შემოდიოდა ვიღაც პოლიპროპილენის მილით და იმუქრებოდა, ათი წუთი მომეცით და სიმართლეს ვათქმევინებო. არ მეგონა, ცოცხალს თუ გამომიშვებდნენ, რადგან მეუბნებოდნენ, შენს ოჯახს ვეღარასდროს ნახავო. შემდეგ კადიროვმა მითხრა: ახლა მოსკოვში უნდა გავემგზავრო და რომ ჩამოვალ, ისევ დაგიბარებ, შენი დაჯგუფების ყველა წევრი მოიყვანე და რამზან კადიროვთან მივალთო. თუ იტყვის, მოკალი, მოგკლავთ, იტყვის, გაათავისუფლეთ - გაგათავისუფლებთ, თუ იტყვის, დააპატიმრეთ - დაგაპატიმრებთო.

შეხვედრა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა, ღამის 3 საათზე გამომიშვეს. მეორე დილას ჩეჩნეთიდან წასვლა გადავწყვიტე. ჯერ დედაჩემი ძმასთან ერთად წამოვიდა, შემდეგ ცოლ-შვილი, ბოლოს კი, მე.

- საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მისაღებად თუ მიმართეთ?

- საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს, 9 ნოემბერს, სპეცოპერაცია ჩაატარეს, ეძებდნენ დედაჩემს, ჩემს ძმას. დაკითხეს ჩემი მეგობრები, ნათესავი, რომელსაც მუქარითა და წამებით დააწერინეს განცხადება, რომ სირიაში გავემგზავრე. საახალწლო დღესასწაულის შემდეგ კი გავიგე, რომ სისხლის სამართლის საქმე აღუძრავთ. მივიღე დოკუმენტის ასლი, რომელშიც წერია, რომ ამჟამად ვარ სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ვმონაწილეობ საბრძოლო მოქმედებებში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" შემადგენლობაში. ამიტომაც შევაგროვე საჭირო დოკუმენტები და მივმართე საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით. ამჟამად თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით ვსარგებლობ.

- როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა კადიროვის გარემოცვას საკმარისი გავლენა იმისთვის, რომ საქართველოში გიპოვოთ და შური იძიოს?

- სამწუხაროდ, რუსეთში არიან საქართველოს მოქალაქე გავლენიანი კრიმინალური პირები. მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან. ამიტომ, თუ ჩეჩნეთის მთავრობა ჩემს მოშორებას გადაწყვეტს, მიმართავს იმ ქართველ კრიმინალებს. რა თქმა უნდა, საფრთხის წინაშე ვარ.

- რა დამოკიდებულება აქვთ ჩეჩნებს საქართველოს მიმართ?

- ჩეჩნეთის მთავრობის საქართველოსადმი დამოკიდებულება კრემლის დამოკიდებულების იდენტურია. რაც შეეხება რიგით ჩეჩნებს, მათ საქართველო ძალიან უყვართ. საქართველოში ეთნიკური ჩეჩნები პანკისის ხეობაში ცხოვრობენ, ისინი ჩვენი ძმები არიან, შესაბამისად, გვაქვს ნათესაური კავშირები. ძალიან ბევრი ჩეჩენი აქ სტუმრად ჩამოდის, თავის მხრივ, ბევრი ქისტი ჩადის სამშობლოში.

- როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა გავლენა რამზან კადიროვს პანკისის ხეობაზე?

- ვფიქრობ, აქვს, მაგრამ იმდენად დიდი არა, როგორსაც ისურვებდა. საბედნიეროდ, პანკისის ხეობის მცხოვრებთ სხვანაირი განწყობა, სხვა პოლიტიკური ორიენტაცია აქვთ. თუმცა პანკისში არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ კადიროვის იდეებს და, ალბათ, ისურვებდნენ კიდეც, რომ ხეობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნაწილი გახდეს. ჩეჩნეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, პანკისელები მუშაობენ. შესაბამისად, როდესაც ეს ადამიანები ჩამოდიან პანკისში, ჩამოაქვთ გარკვეული განწყობაც, მაგრამ ეს გავლენა მცირეა. ნებისმიერ პანკისელს, რომელიც ჩეჩნეთში საცხოვრებლად ჩადის, დაუყოვნებლივ დაჰკითხავენ ხოლმე, რადგან პანკისელი რისკ-ფაქტორად ითვლება.

- როგორ მიიღეს ჩეჩნებმა ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ჩეჩნური ბატალიონი "ვოსტოკიც" ებრძოდა?

- "ვოსტოკი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ბატალიონია, რომელშიც მეტწილად ჩეჩნები მსახურობენ. ისინი რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეები არიან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოთ, რომ მათი აქ შემოსვლა ჩეჩნების სურვილი იყო. ისინი, ვინც ამ ომში მონაწილეობდნენ, ჩეჩენ საზოგადოებაში ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ.

- ჩეჩნეთში დაბრუნებას როდის გეგმავთ?

- ალბათ, როცა რესპუბლიკაში პოლიტიკური რეჟიმი შეიცვლება.

- როგორ ხედავთ ჩეჩნეთის მომავალს?

- ჩეჩნეთი იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს იქნება ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია.

- თუმცა დამოუკიდებლობის იდეას ჩეჩნეთშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები.

- დღეს ჩეჩნები დაყოფილი არიან რამდენიმე ჯგუფად - ნაწილი იჩქერიის მხარდამჭერია, ნაწილი - ერთიანი კავკასიის, ახალგაზრდების ნაწილი "ისლამურ სახელმწიფოს" უჭერს მხარს, არიან კადიროვის მხარდამჭერებიც.

დღეს ჩეჩნეთში არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რუსეთი უყვართ, ამას არც ერთი ჩეჩენი არ იტყვის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ათასობით ადამიანი, ჩვენი მამები, ძმები, დები, დედები და შვილები დახოცა. ამიტომ, როდესაც ლაპარაკია კადიროვის მხარდამჭერებზე, არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც რუსეთი უყვართ. ჩეჩნები ომისგან დაიღალნენ. მზად არიან ყველაფერი აიტანონ, ოღონდ ახალი ომი არ დაიწყოს. არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც ასეთ მდგომარეობასთან შეგუება არ სურს. მათ ჩეჩნეთი დატოვეს და ევროპაში ცხოვრობენ. ლაპარაკია უზარმაზარ ჩეჩნურ დიასპორაზე, რომლისთვისაც რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა მიუღებელია.
ჩეჩნეთში არიან რადიკალებიც, ისინი მომავალს მხოლოდ რუსეთთან ომში ხედავენ და მიიჩნევენ, რომ საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარება შეუძლებელია. მინდა მჯეროდეს, რომ გარკვეული პოლიტიკური მექანიზმების საშუალებით ჩეჩნეთის რესპუბლიკა დაუბრუნდება პირვანდელ, კანონიერ სტატუსს. ჩეჩნეთი გახდება რესპუბლიკა იჩქერია - დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისი კონსტიტუციით, რომელსაც ექნება საგარეო ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ისე დანარჩენ სამყაროსთან.

ნატა უზნაძე
rezi
06 აგვისტო 2016 11:26
Azarbejanshi ratom ar itxova tavshesapari? Ra unda qristianul qvekanashi? Ar aris es kaci supta..
koko
05 აგვისტო 2016 15:56
კაი ზღაპარია. ბოლო ვნახოთ რა იქნება.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები