"რომ შეგვეძლოს, ჩავქოლავდით!" - კვირის პალიტრა

"რომ შეგვეძლოს, ჩავქოლავდით!"

"მკვლელი ჩვენ თვალწინ ტრიალებდა და არ ვიცოდით"

"ამ არაკაცმა ოჯახში იქეიფა, პატარა მარიამს ეფერა, 20 დღეში კი დედა-შვილი სადისტურად დახოცა. აღიარა, ბავშვი იმიტომ მოვკალი, მიცნოო"

დედა-შვილის, ნონა რომანიძისა და მარიამ მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის გიორგი ხაბელაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, 22 თებერვალს ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, დედა და შვილი დახოცეს. მკვლელმა ნონა რომანიძეს ცივი იარაღით 29 ჭრილობა მიაყენა და არც პატარა მარიამი დაინდო - გოგონას 16 ჭრილობა ჰქონდა. კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა.

ბრალდების თანახმად, გიორგი ხაბელაშვილი ყაჩაღობის მიზნით შევიდა საცხოვრებელ ბინაში, სადაც, მისი ინფორმაციით, 7.000 აშშ დოლარი ინახებოდა.

ნონა რომანიძის მეუღლე, ოთარ მამფორია ამბობს, რომ გიორგი ხაბელაშვილზე ეჭვი არც მიუტანია, რადგან მკვლელი ოჯახს გვერდიდან არ შორდებოდა..."

- მკვლელს დიდი ხანია ვიცნობ. დაბადების დღეზე, ახალ წელს, სხვა დღესასწაულებზე მოდიოდა ჩვენთან. ადრე ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, მერე შეიცვალა საცხოვრებელი, თუმცა მისვლა-მოსვლა არ შეგვიწყვეტია. როგორც ჩანს, ჩვენთან ერთ-ერთი სტუმრობისას ყური მოჰკრა, რომ ოჯახში ფული გვქონდა. დაკრძალვაზეც იყო მოსული და თითქოს ისე განიცდიდა მომხდარს, როგორც სხვები. რას წარმოვიდგენდი, რომ მისი ჩადენილი იყო ეს ყველაფერი.

ნატო ჯიქიძე, მამფორიების ნათესავი: - ხაბელაშვილს უღიარებია დანაშაული, - ფული და ოქრო მინდოდა, სახლში ყველგან ვეძებე და ვერ ვიპოვე. ბოლოს ვაზაში იდო 30 ლარი, ავიღე და წავედიო... ის მეზობლად დედასა და დასთან ერთად წლების წინ ცხოვრობდა, მერე დაიჭირეს და ციხეში ყოფნის დროს მისმა ოჯახმა ბინა გაყიდა. როგორც ირკვევა, კარი ნონამ გაუღო.

უთქვამს, თავში მაშინვე ჩავარტყი, მაგრამ ვერ გავთიშე. ამის მერე ვაზა ჩავარტყი და ისე მოვკალიო. ორივე ნაწამებია.

მკვლელობის მერე ოთარს სულ ეუბნებოდა, შენ გვერდით ვარო. ყველგან დაჰყვებოდა. ადვოკატის ასაყვანად რომ წავიდა, იქაც გაჰყვა. აინტერესებდა, ვინ რას ამბობდა. წარმოიდგინეთ, მკვლელი ჩვენ თვალწინ ტრიალებდა და არ ვიცოდით. ამ ნაძირალამ ოთარის ძმას უთხრა, თქვენთან მამუშავეთო და მასთან მუშაობდა. ამას იმისთვის აკეთებდა, რომ ყოველდღიური კავშირი ჰქონოდა ჩვენთან. გასვენების დღესაც მოვიდა, მაგრამ სადაც ცხედრები ესვენა, იმ ოთახში არ შემოსულა. გავბრაზდი, თუ არ შემოვიდოდა და სამძიმარს არ იტყოდა, ამხელა გზაზე ქელეხისთვის ხომ არ ჩამოვიდა-მეთქი. ოთარი იმედგადაწურული იყო, მე და ჩემი მეუღლე კი ფარ-ხმალს არ ვყრიდით და საქმის გახსნას ველოდით. ლინჩის წესით მისი გასამართლების საშუალება რომ იყოს, გეფიცებით, ჩავქოლავდით. გიორგი ხაბელაშვილმა აღიარებითი ჩვენება სასამართლოზე უარყო. განაცხადა, რომ ჩვენება ცემა-წამებით არის მიღებული და მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. პროცესზე პროკურორის აცილების საკითხიც დააყენა და განაცხადა, ჩემს წამებას სწორედ ეს პროკურორი ესწრებოდაო.

პროკურორი კი ამას გამორიცხავს.

"ბრალდებული არ უწამებიათ. ის მოწმის სახით დავიბარეთ და მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ დააკავეს. მე მის დაკითხვას ვესწრებოდი" - ამბობს პროკურორი.

გარდაცვლილი ნონა რომანიძის დეიდაშვილი ხათუნა თხელაიშვილი ეჭვობს, რომ ბრალდებულს შურისძიება ამოძრავებდა და ამ საკითხის გამოძიებასაც ელოდება.

ხათუნა თხელაიშვილი: - არაფრის იმედი არ მქონდა. ყველა ახლობელზე მიიტანეს ეჭვი. დაკითხვაზე ჩამოვიდნენ ქობულეთში და ყველას დნმ-ის ანალიზი აიღეს. დაიძაბა ნათესავების ურთიერთობა. ვამბობდი, იქნებ მკვლელი გასვენებაშიც იყო და დაგვცინის-მეთქი. მართლაც ასე აღმოჩნდა. ის გარეწარი თურმე მათ შესანდობარს სვამდა და თვალთმაქცურად მათ სურათებთან ტიროდა. ვფიქრობ, კიდევ რაღაც იმალება ამის უკან. ბევრი კითხვა მაქვს და ალბათ, გამოძიება გასცემს პასუხს. თურმე ნონას ორჯერ ჩაარტყა მუშტი. უთქვამს, ვერ გავთიშე, მერე ვაზა ჩავარტყი, ამის მერე კი სამზარეულოდან დანა ავიღე და ყელზე მივაბჯინეო. რატომ არ უთხრა ნონას, ფული მომეცი, თორემ დაგხოცავთო? დარწმუნებული ვარ, ნონა ეტყოდა, ფული სად იყო.

ამბობს, რომ დავხოცე, მერე დავიწყე ბინაში ფულის ძებნა და ვერ ვიპოვეო. ვფიქრობ, მას შურისძიება უნდოდა. მხოლოდ საყაჩაღოდ არ იყო მისული. ნონასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მარიამთან ხელცარიელი არასდროს მივიდოდა. 2 თებერვალს მათთან იქეიფა, მარიამს ეფერა, 20 დღეში კი ასე სადისტურად დახოცა. თურმე აღიარა, ბავშვი იმიტომ მოვკალი, რომ მიცნოო.

ახლა ამბობს, მაწამეს პოლიციაშიო, თუმცა ნაწამების არაფერი ეტყობოდა. რაც მან ჩაიდინა, სადიზმია. სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩემი თვალით ვნახე ნონასა და ბავშვის დაზიანებები და მას შემდეგ ფსიქოტროპულ წამლებს ვსვამ, ის კი ახლობლებთან დადიოდა და გარდაცვლილების შესანდობარს სვამდა!.. 26 წლის ბიჭი ორჯერ არის ნასამართლევი - ქურდობისთვის, ძარცვისთვის, მკვლელობის მცდელობისთვის. ორჯერ ამნისტიით გამოუშვეს და კიდევ ასეთი დანაშაული ჩაიდინა. მან დღის შუქი არ უნდა იხილოს.

თეა ხურცილავა