"შესაძლოა, პროკურატურა ბრალდებულების მეშვეობით ვიღაცაზე გავიდა და ამიტომაც დუმს" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, პროკურატურა ბრალდებულების მეშვეობით ვიღაცაზე გავიდა და ამიტომაც დუმს"

"შეიძლება მასობრივად გაავრცელო ფარული ჩანაწერები და შემდეგ თუ ითანამშრომლებ გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმებას გაგიფორმებენ. ამით ხომ არ წაახალისებენ ფარული კადრების გამავრცელებლებს?"

მთავარი პროკურატურა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე დაკავებულ 3 პირთან - ინგა ჩატოიანთან, გელა ღურწკაიასა და ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სამივე მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობს და დანაშაულს აღიარებენ. ამ საქმეზე კიდევ ორი დაკავებული - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დანაშაულს არ აღიარებენ, შესაბამისად, მათ საქმეს ცალკე წარმოებად გამოყოფენ. საქმე ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს ეხება.

მართალია, საპროცესო შეთანხმების სახეობა ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულებს ჯარიმის გადაუხდელად გაათავისუფლებენ. ე.წ. კადრების საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. იურისტების თქმით, პროკურატურამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, რის საფუძველზე გაუფორმებენ იმ პირებს საპროცესო შეთანხმებას, რომლებმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირების გავრცელებით ლამის ტერორი მოუწყვეს ადამიანებს. როგორც ამბობენ, პროკურატურა დამკვეთებზე გავიდა და ჯერჯერობით მათ ვინაობას არ ახმაურებს.

ნუნუ თორდია, ინგა ჩატოიანის ადვოკატი: - სამეულთან გაფორმდა და მტკიცდება საპროცესო შეთანხმება, რაზეც ადვოკატები პროკურატურასთან ვართ შეთანხმებული.

- დამკვეთები თუ დაასახელეს ბრალდებულებმა?

- ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ...

გიორგი ფოფხაძე, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი: - პროკურატურა აპირებს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს სამ პირს, ეს თავად პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, - შეთანხმება მიღწეულია და დარჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხებიო. ჩანს, გარკვეულ ძალებს აარიდეს პასუხისმგებლობა და პროკურატურამ სულ სხვა გზით წაიყვანა საქმე. ზურაბ ჯამალაშვილს არავითარი კავშირი არა აქვს ამ საქმესთან. თუ ფიქრობენ, რომ მისი შვილია მონაწილე, მამა რატომ დაიჭირეს?

- ითქვა, რომ სამეულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. რა ინფორმაციის სანაცვლოდ გაუფორმეს მათ საპროცესო შეთანხმება?

- ჯერ მხოლოდ ერთი პროცესი გაიმართა, მათთვის ჩვენებებიც არ ჩამოურთმევიათ, ახალი არაფერი მომხდარა და თქმულა. რატომ უფორმებენ მათ საპროცესო შეთანხმებას? ჯამალაშვილზე იოტისოდენა მტკიცებულებაც კი არ არის, შესაბამისად, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს. მათ რომ პროკურატურისთვის ღირებული ინფორმაცია მიეწოდებინათ, მეცოდინებოდა.

გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი: - პროკურატურამ ჩათვალა, რომ საქმე გახსნა, ბრალი წაუყენა ადამიანებს, მათაც აღიარეს და ისინი საზოგადოებისთვის საშიშად არ ჩათვალეს. საპროცესოს გაფორმება არ ნიშნავს აუცილებლად გათავისუფლებას, შეიძლება დატოვონ პატიმრობაში და 5 ან 7 წელი პირობითიც შეუფარდონ, შესაძლოა, გაათავისუფლონ, თუნდაც ჯარიმის გარეშე.

ამ საქმეში დამკვეთია მნიშვნელოვანი, თორემ ტექნიკური შემსრულებელი უამრავია. მთავარია, ეს დანაშაული აღარ განმეორდეს. უფრო ფასეულია დამკვეთის ვინაობის გაგება და მგონია, რომ ასეც მოხდა... ეს ადამიანები ციხეში რამდენიმე თვე ისხდნენ, მაგრამ ფირები მაინც ვრცელდებოდა. იმ პირებმა, ვინც მომავალში ამის გაკეთებას მოინდომებენ, უნდა იცოდნენ, რომ მათ დაიჭერენ.

სოსო ბარათაშვილი, იურისტი: - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საქმეში უფლებამოსილების გადამეტებაა - შეიძლება მასობრივად გაავრცელო ფარული ჩანაწერები და შემდეგ თუ ითანამშრომლებ გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმებას გაგიფორმებენ. ამით ხომ არ წაახალისებენ ფარული კადრების გამავრცელებლებს?

საზოგადოებას არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ვინმეს ხელს აფარებენ. მაინც არ დაიმალება, რატომ აფორმებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას იმ ადამიანებთან, რომლებმაც, რომ იტყვიან, ტერაქტი მოუწყვეს პოლიტიკოსებს.

შალვა ხაჭაპურიძე, იურისტი: - შეგიძლიათ გამოითხოვოთ სტატისტიკა და თითქმის 99%-ის შემთხვევაში, ვერ გაიგებთ, რატომ უფორმდება პირს საპროცესო შეთანხმება. ხშირად საქმეები წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს და ორი ბრალდებულიდან ერთს უფორმდება საპროცესო, მეორეს - არა და კაცმა არ იცის, რატომ. მსგავსი რამ, ალბათ, ჩრდილოეთ კორეის გარდა, მსოფლიო სამართალში არსად ხდება. პროკურატურამ განმარტოს მაინც, თანამშრომლობა იმდენად ღირებული იყო, დამკვეთამდე გავედით ან უფრო მძიმე დანაშაული გავხსენითო.

საპროცესო ინსტიტუტმა მახინჯი ფორმა მიიღო, თითქმის ყველა საპროცესოებზე ჩალიჩობს, თავმოყვარე ადვოკატი საპროცესოზე აღარც მიდის. ამ ე.წ. კადრების საქმეში უამრავი კითხვის ნიშანია. დანარჩენების არ ვიცი, მაგრამ, მაგალითად, გელა ღურწკაიას ამბავი ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. ის ჯერ ეროვნულ მოძრაობაში იყო, მერე სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ამ კაცს რა ინფორმაცია უნდა ჰქონოდა ან საიდან უნდა ჰქონოდა ფარული ჩანაწერები. პროკურატურას არ უჩნდება ეს კითხვა? ღურწკაია იარაღი იყო ვიღაცის ხელში. არ არის ის კაცი, რომ სადღაც ენახა, აეღო ფირი და სადღაც მიეტანა. მის უკან ვიღაც ან ვიღაცები დგანან. არ გამოვრიცხავ, პროკურატურა ბრალდებულების მეშვეობით ვიღაცაზე გავიდა და ამიტომაც დუმს. ალბათ, უახლოეს მომავალში სიახლის მომსწრენი გავხდებით. არც იმას გამოვრიცხავ, ფარული ჩანაწერები არა მარტო არჩევნებისთვის და ამ ხელისუფლების პირობებში, სხვა ხელისუფლების მმართველობისასაც იქნეს გამოყენებული.

ნანა ფიცხელაური