"22 საქმიდან არც ერთზე არ მიუციათ პასუხისგებაში პოლიციელი" - კვირის პალიტრა

"22 საქმიდან არც ერთზე არ მიუციათ პასუხისგებაში პოლიციელი"

საია სამართალდამცავთა დანაშაულების გამოძიებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურასა და შს სამინისტროს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები ოპერატიულად და სამართლიანად გამოიძიოს. საია-ს წარმოებაში ასეთი 22 საქმე აქვს.

მერი დაუშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი: - 22 საქმე შევისწავლეთ, სადაც იკვეთება პოლიციელთა დანაშაული - დაკავების დროს პირის ცემა, უფლებამოსილების გადამეტება. არის საქმეები, სადაც პოლიციელთა ქმედების შედეგად პირი გარდაიცვალა. ხშირად ადგილი აქვს სამსახურებრივ გულგრილობასა და სხვა ტიპის დარღვევებს. ვგულისხმობ 2013 წლიდან შემოსულ საქმეებს. გაირკვა, რომ სამართალდამცავთა მიერ ცემისა თუ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. როგორც წესი, აჭიანურებენ, მსხვერპლს უარს ეუბნებიან დაზარალებულის სტატუსზე. მეტიც, პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ სცემეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით, თავად გახდნენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტები, რამდენიმეს სისხლისსამართლებრივი დევნაც კი დაიწყო. გადაწყვეტილება ხშირად ეფუძნება მხოლოდ პოლიციელთა იდენტურ ჩვენებებს და მათ სანდოობას სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს.

გახმაურებული იყო მიქაუტაძის საქმე. შს სამინისტროში მას რამდენიმე საათს ჰკითხავდნენ. იქიდან გამოსულმა, მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო... ვითხოვდით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ მიქაუტაძის მეუღლისთვის ან დედისთვის, დაეკითხათ მოწმე, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიდა, მაგრამ ვერ მივაღწიეთ. საქმე ისე შეწყდა, ოჯახის წევრები დაზარალებულადაც კი არ ცნეს. ჩათვალეს, რომ არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა და ამავე მუხლით დაიხურა. გასაჩივრების მექანიზმი კი არ არსებობს, მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეუძლია ოჯახს საჩივრის შეტანა. ფაქტია, ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვეს.

არადა, დაკითხვიდან გამოსულმა მიქაუტაძემ ცოლსაც და მეგობრებსაც უამბო, რომ იძულებით მოაწერინეს ხელი ჩვენებაზე. მათ უთხრა კიდეც, ამ ყველაფრის შემდეგ აღარ შემიძლია სიცოცხლეო და თავი მოიკლა.

ის პოლიციელები, რომლებსაც მიქაუტაძე ძალადობაში ამხელდა, დაჰკითხეს, მაგრამ პროკურატურის თანამშრომლებმა კი არა, შს სამინისტროში დაჰკითხეს, ანუ იმ უწყებაში, ვისაც ამხელდა ძალადობაში. ასე "გამოიძიეს" მიქაუტაძის საქმე. დაზარალებულის სტატუსის გარეშე კი, ოჯახს არანაირი ბერკეტი აღარ აქვს...

2015 წელს 15 წლის გიორგი კოზმანაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა. ბიჭი მეგობრის მოტოციკლზე იჯდა, როცა პატრულის მანქანა დაედევნა. შეშინებულმა სიჩქარეს მოუმატა და ტრაქტორს შეასკდა... კოზმანაშვილის ოჯახის თქმით, საპატრულოს ეკიპაჟმა ბიჭის დევნა თელავიდან დაიწყო და იმდენ ხანს მისდევდა, სანამ ბიჭმა ორიენტაცია არ დაკარგა. კოზმანაშვილი საავადმყოფოში სასწრაფომ გადაიყვანა, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ამ ფაქტს შეესწრნენ თანასოფლელები. აცხადებენ, რომ პოლიციელებს მისთვის დახმარება არ აღმოუჩენიათ, გზა განაგრძეს. ვიდეოფირიც არსებობს, სადაც ნათლად ჩანს პატრულის გამოდევნების ფაქტი. გამოძიება ერთი წელია მიმდინარეობს და დღემდე ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. არც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ცნეს დაზარალებულად...

ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ კიდევ ერთ საქმეზე შევჩერდები.

ვასილ ლომსაძე პოლიციელებს ცემაში ამხელს, მაგრამ დღეს თავად არის ბრალდებული პოლიციელის ცემაში.

არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რის თანახმადაც, მიღებული აქვს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთები, რაც არაერთჯერადად აქვს მიყენებული ბლაგვი საგნით...

ვასილ ლომსაძეს უფრო მძიმე დაზიანება ჰქონდა, ვიდრე იმ პოლიციელს, ვის ცემასაც ედავება პროკურატურა. რამდენიმე თვითმხილველი კი მიუთითებს, რომ ლომსაძეს პოლიციელებმა სცემეს. თუმცა პროკურატურა ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას, რომელიც ამბობს, რომ მას სცემეს. სამწუხაროდ, ხშირად მოსამართლეები უპირობოდ იზიარებენ პოლიციელის ჩვენებას. საია-ს ანგარიშში ნათქვამია კიდეც, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა... პოლიციელი აგრესიულად იმიტომ მოექცა, რომ ლომსაძე ნასამართლევია. პოლიციელი იარაღით დაემუქრა და შელაპარაკება მოხდა... რეალურად, ლომსაძეა დაზარალებული, მაგრამ დღეს ციხეშია გამოკეტილი და თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებს.

ფაქტია, რომ 22 საქმიდან არც ერთზე არ მიუციათ პასუხისგებაში პოლიციელი. ჩვენ მოვიწვიეთ პროკურატურისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები ამ ანგარიშის მოსასმენად, მაგრამ არც ერთი უწყებიდან არ მოვიდნენ. ვითხოვთ ამ საქმეების სწრაფად და ობიექტურად განხილვას, უზრუნველყონ მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მოსამართლემ ეჭვქვეშ უნდა დააყენოს პოლიციელის ჩვენებაც. მოვუწოდებთ პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებს გამოიძიებს. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო და არ უნდა იყოს მიბმული სხვა უწყებებთან.

თეა ხურცილავა