"მოძალადე პოლიციელს თუ არ დააკავებენ, სასწაულს ჩავიდენთ!" - კვირის პალიტრა

"მოძალადე პოლიციელს თუ არ დააკავებენ, სასწაულს ჩავიდენთ!"

"დემური სტურუა. პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ.თ. – მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო, ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა". – ამ წერილით გამოემშვიდობა 22 წლის დემურ სტურუა სიცოცხლეს.

ახალგაზრდა ბიჭმა პოლიციელის ზეწოლას ვეღარ გაუძლო და 8 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში საკუთარი სახლის ეზოში, თუთის ხეზე ჩამოიხრჩო თავი. წერილში დასახელებული პირი სამტრედიის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი, გოდერძი თევზაძეა, რომელიც გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ჯერაც არ არის დაკავებული.

შს სამინისტრო აცხადებს, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს, რაც შეეხება პოლიციელს, მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პოზიცია და გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაში იმყოფება.

მთავარი პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია:

"2016 წლის 8 აგვისტოს, შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს"".

დარიკო ჯაში, დემურ სტურუას ბიცოლა: – ჩემს მაზლიშვილს პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე ემუქრებოდა და ეს გახდა დემურის თვითმკვლელობის მიზეზი.

იმ არაკაცს სასტიკად უცემია ბავშვი, პოლიციასთან თანამშრომლობას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა, ეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, ვის აქვს ეზოში დათესილი მარიხუანა, აქვე, იანეთის ტყეში მოგკლავო. ეტყობა, ბავშვმა იფიქრა, რაღა ტყეში და ღრეში მომკლას, თვითონ მოვიკლავ თავსო, ადგა და საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ უშველებელ თუთის ხეზე ჩამოიხრჩო თავი.

მისი გვამი მეზობლებმა მეორე დღეს, საღამოს 8 საათზე ნახეს. დემურის გამზრდელი ბიცოლა ვარ, მას 18 წელია მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი თურქეთში მუშაობდა და წვალებით ინახავდა 4 შვილს (დემურის ორი ძმა და ერთი და დარჩა). დემური შრომისმოყვარე და შესანიშნავი ახალგაზრდა იყო, არსად მუშაობდა, სათოხარში დადიოდა და მეზობლებს ეხმარებოდა.

პოლიციელი გოდერძი თევზაძე თურმე ჯერაც არ დაუკავებიათ, გავიგეთ, რომ სამსახურიდან წასულა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დანაშაულში მართლა მიუძღვის ბრალი.

პოლიციელი, რომელსაც ჩემი მაზლიშვილი წერილში იხსენიებს, სამტრედიაში ცხოვრობს და საჯავახოს უბნის ინსპექტორი იყო.

დაფნარის ახალგაზრდობას მისგან სისხლი ჰქონდა გამშრალი, მათ სასტიკად ეპყრობოდა, თუმცა აქამდე ხმა არავის ამოუღია, თორემ იქნებ ეს უბედურება არც დატრიალებულიყო.

ჩემი საწყალი მაზლიშვილის კისერზე გადაიარა ყველაფერმა. დემურს იმავე დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა და მის გვამს ცემის კვალი ეტყობა. გარეწარი თევზაძე ისევ სამტრედიაში ყოფილა, არსად გაქცეულა და არც დაკავებულია. მოძალადე პოლიციელს ჩვენს გაუბედურებას არ შევარჩენთ. მას თუ სამართალდამცველები არ დააკავებენ, ჩვენ მივიღებთ ზომებს. გპირდებით, სასწაულს ჩავიდენთ.

ნანა ფიცხელაური