მდინარეს შეწირული ძმები
15-08-2016
მდინარეს შეწირული ძმები
"მთელი გუბისწყალი­ გადაჩიჩქნილია და ეს ტრაგედიაც ამიტომ მოხდა"

გასულ კვირას სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ტრაგედია დატრიალდა - 19 წლის ვანო და 18 წლის თემურ ვაშაკიძეები მდინარე გუბისწყალში დაიხრჩვნენ.

იმ საბედისწერო დღეს ბიჭები ბიძაშვილთან ერთად სათევზაოდ წავიდნენ,­ მერე მდინარეში გაგრილება გადაწყვიტეს­ და ტრაგედიაც დატრიალდა. გუბისწყალი საშუალო სიდიდის მდინარეა, მაგრამ თურმე სანაპიროდან ქვიშა და ხრეში გააქვთ ავტობანისთვის, ამიტომ წყალში სიღრმეებია, სწორედ ასეთ ამოთხრილ ერთ-ერთ ჭაში ჩაცვივდნენ ძმები. წყალი იმ ადგილას დაახლოებით
2 მეტრი და 20 სანტიმეტრი ყოფილა. შემზარავი ფაქტის თვითმხილველი მათი ბიძაშვილია, მან სცადა თემურის გადარჩენა, მაგრამ მალე ორივე ძმა ჩაიძირა.

დიდი ჯიხაიშის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხაზალია:
- გუბისწყლიდ­ან სილა და ხრეში ავ­ტობანისთვის მიაქვთ. მთელი გუბ­ისწყალი­ გადაჩიჩქნილია და ეს ტრაგედიაც ამიტომ მოხდა. რაც დიდ
ჯიხაიშში ხდება, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ყველა ოჯახში გლოვაა. ვანიკო ჩვენი სიამაყე იყო. ინტელექტუალურ შეჯიბრებებში სულ იმარჯვებდა. ასეთივე კარგი იყო თემურიც, მეგობრული, უნიჭიერესი...

ორი შვილი გაზარდეს მშობლებმა და ახლა არც ერთი აღარ ჰყავთ.

ვანო სამედიცინო უნივერსიტეტში შარშან 70-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა, წელს გადააბარა გამოცდები და 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, სწავლის პარალელურად ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა სტაჟიორად... ვანო ინტელექტუალური თამაშის, "რა, სად, როდის" ახალგაზრდული გუნდის წევრიც იყო. სკოლის­ გუნდი თბილისშიც შეუკრებია და უნივერ­სიტეტის პირველობაშიც გაუმარჯვიათ.
თემური წელს უნდა გამხდარიყო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, მაგრამ არ დასცალდა...

- ტრაგედია როგორ დატრიალდა?
- ბიჭები სათევზაოდ წავიდნენ, ბიძაშვილიც იყო მათთან ერთად. მერე გაგრილება გადაწყვიტეს.
წყალში პირველი­ თემური შესულა და მხოლოდ დაყვირება მოუსწრია, ვაიმე, ვიხრჩობიო. მისი ბიძაშვილი ჰყვება, მაშინვე გადავხტი, თმაში ვწვდი ხელით, ვცდილობდი ამოყვანას, მაგრამ ვერ ამოვათრიე, უცებ გამექცა, რომ ამოვყვინთე, უკვე ვანი­კოც აღარსად ჩანდაო. ეტყობა, ვანიკოც გადახტა მდინარეში ძმის საშველად. იქ 2 მეტრზე მეტი ყოფილა წყლის სიღრმე, თანაც ცურვა კარგად არ იცოდნენ ბიჭებმა.
იქვე ახლოს ექსკავატორი მუშაობდა და ბიჭების ბიძაშვილს მძღოლისთვის უთხოვია დახმარება. მაშველებიც მალე მოვიდნენ, მაგრამ ვერავინ მიუსწრო ცოცხლებს.

საწყალი დედამისი დაესწრო ამ საშინელებას, უყურებდა როგორ ამოიყვანეს მისი ლამაზი შვილები წყლიდან. ერთ ძმას გული ჰქონდა გახეთქილი, მეორეს - ფილტვი.

ჩვენ დაღუპული ბიჭების ნათესავს, ირინა­ ვაშაკიძესაც ვესაუბრეთ: - იცით, რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ ძალა აღარ მაქვს. ნიჭიერი და ზრდილი ბიჭები იყვნენ. სოციალურ ქსელში ვკითხულობ მათი მეგობრების ტკივილიან წერილებს და ვტირი. ასეთი ხვედრი რატომ ერგოთ, გული მეწვის, სული მტკივა... რა ქნან მშობლებმა?!

სვეტა ჩიქოვანი, დაღუპული ძმების თანასოფლელი: - დღეს მთელი სოფელი დიდი ჭირისუფალია. ვერაფერს ვეუბნებით დედ-მამას, როგორ უნდა ვანუგეშოთ, როცა ორი საამაყო შვილი აღარ ჰყავთ.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები