"მწყემსმა კიდევ სამჯერ ესროლა სანადირო თოფი ზურგში" - კვირის პალიტრა

"მწყემსმა კიდევ სამჯერ ესროლა სანადირო თოფი ზურგში"

რა გახდა ყოფილი დეპუტატის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობის მიზეზი?

ყოფილი პარლამენტარის, ბიზნესმენ ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მენახირე, ავთო ზაალიშვილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მოდებაძეს დამნაშავემ სანადირო თოფი 4-ჯერ ესროლა. ტრაგედია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში დატრიალდა. ფაქტს თვითმხილველი ჰყავს - დარაჯი. როგორც ირკვევა, მწყემსს მოდებაძის ნაკვეთებში საქონელი საბალახოდ შეჰყავდა, ვაზის ნარგავები ნადგურდებოდა და მოდებაძემ იგი რამდენჯერმე გააფრთხილა მის ნაკვეთებში საქონელი არ შეეყვანა, თუმცა იქ მისულს სხვისი საქონელი მაინც დახვდა. ამის გამო შელაპარაკება მოუხდა მწყემსთან, მან კი 66 წლის კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა.

ნოდარ მოდებაძე 1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. ის აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მეწილე იყო და ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს ქონების წართმევაში ამხელდა. ცოტა ხნის წინ ის დაზარალებულად ცნო პროკურატურამ და ყოფილი ჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენებაც მისცა...

ოთარ ხატიაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ აკურაში: - ნოდარ მოდებაძეს სოფლის მოსახლეობისთვის უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული. ბევრ თანასოფლელს უხდიდა სამედიცინო ხარჯებს. ბოლო დროს ხშირად იყო სოფელში, სოფლის მეურნეობას ეწეოდა. ღვინის ქარხანა ჰქონდა, მაგრამ ქარხანაც და მიწებიც "ნაციონალების" დროს წაართვეს. როგორც იქნა, ბევრი ბრძოლით სამართალს მიაღწია და უნდა დაჰბრუნებოდა ქონება, მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარება იყო დარჩენილი და უცებ ეს ტრაგედია მოხდა.

ნოდარს 120 ჰექტარი მიწა ჰქონდა აკურაში, საქონელი უფუჭებდა ნარგავებს, ბევრჯერ გაუფრთხილებია მწყემსები, მაგრამ ისევ უშვებდნენ საქონელს. იმ დღეს თბილისში მიდიოდა, თავის ნაკვეთში ჩავიდა, ხილი რომ დაეკრიფა და წაეღო შვილებთან. ისევ დახვედრია სხვისი ნახირი. ამას მოჰყვა შელაპარაკება და მწყემსმა ესროლა. დარაჯი თვითმხილველია, დამნაშავეს მისთვისაც უსვრია, მაგრამ მან გაქცევა მოასწრო. ნოდარს პირველი ტყვია თურმე ხელში მოხვდა, ამის მერე გაქცეულა, მაგრამ მწყემსმა კიდევ სამჯერ ესროლა სანადირო თოფი ზურგში.

მკვლელობაში ბრალდებული ავთო ზაალიშვილი თელავის სოფელ კისისხევში ცხოვრობს. ბრალდებულზე ინფორმაციის მოსაპოვებლად დავუკავშირდით გამგებლის წარმომადგენელს სოფელ კისისხევში.

ხათუნა გუსარიშვილი: "ავთო ობლობაში გაიზარდა. ორი ძმა ჰყავს. მშობლებს მალე ბებია და პაპა მიჰყვნენ და ასე დარჩა 3 არასრულწლოვანი უპატრონოდ. უფროსი ძმა დაოჯახებულია, თბილისში ცხოვრობს, შუათანა ბორჯომში მწყემსად არის წასული. ავთო მარტო ცხოვრობდა საშინელ სიდუხჭირეში. პერიოდულად მუშაობდა მწყემსად. გამორიცხულია იარაღი ჰქონოდა, საამისო ფული არ ექნებოდა. როგორც ამბობენ, იარაღი დარაჯის იყო. მთელი სოფელი მისი გულშემატკივარია, ნეტავ, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე.

თურმე სოფელში ბიჭებს ეუბნებოდა, ძალიან გთხოვთ, ნურასოდეს ნურც მთვრალები და ნურც ფხიზლები დედას ნუ შემაგინებთ, იცოდეთ, არავის ვაპატიებო. ალბათ, დედა შეაგინეს იმ დღეს და ამიტომაც ჩაიდინა ეს გამოუსწორებელი დანაშაული.

ამ ტრაგედიის შემდეგ მთაში წასულა. ჩემი ძმა გაჰყვა სამართალდამცავებს და ავთო იქ ჩაჰბარდა პოლიციას".

თეა ხურცილავა