"პოლიციელებს კარი გავუღე და... ჩემი უფროსი იატაკზე მკვდარი ეგდო..." - კვირის პალიტრა

"პოლიციელებს კარი გავუღე და... ჩემი უფროსი იატაკზე მკვდარი ეგდო..."

"იფიქრეს, მკვდარიაო და გაერიდნენ. მოგვიანებით კი კოკას სიკვდილის სადღეგრძელოც შესვეს... მერე კი იმან, ვინც მისი სიკვდილის სადღეგრძელო დალია, რომ გაიგო, ცოცხალიაო, საავადმყოფოში მიაკითხა და დახმარება შესთავაზა"

21-წლიანი პატიმრობის შემდეგ აშშ-ის ციხის ქართველი ტუსაღი სამშობლოში დაბრუნდა

ქართველი არქიტექტორი კოკა (ნიკოლოზ) გეგეჭკორი, აშშ-ში მისჯილი სამუდამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ნიუ-იორკთან მდებარე სინგ-სინგის საპყრობილეში გატარებული 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოშია და ცხოვრების თავიდან დაწყებას აპირებს...

კოკა გეგეჭკორი აშშ-ში 1994 წელს დააპატიმრეს მკვლელობის ბრალდებით (თითქოს სიცოცხლეს გამოასალმა იმ დაწესებულების მეპატრონე, სადაც მუშაობდა). შემდგომ გავრცელებული ინფორმაციით, მას ეს მკვლელობა არ ჩაუდენია და სხვის მაგივრად იხდიდა სასჯელს.

პატიმრობის მე-14 წელს მისი მეგობარი, დავით კანდელაკი, ამერიკაში ჩავიდა და მასზე გადაიღო ფილმი, სადაც კოკა გეგეჭკორი პატიმრობის მიზეზზე ჰყვება:

"უფროსს საათ-ნახევრით გათავისუფლება ვთხოვე - ჩემი საქმეები მქონდა. როდესაც დავბრუნდი, მენეჯერის ოთახის კარი დაკეტილი დამხვდა. ჩვენთან პუერტორიკოელი ბიჭიც მუშაობდა, ისიც არ იყო. ვიფიქრე, ალბათ, ისიც დაეთხოვა-მეთქი. გასაღები კი მქონდა, მაგრამ კარი მაშინვე არ გამიღია. მოპირდაპირე მხარეს კორეელების კაფეში გადავედი ყავის საყიდლად. დავბრუნდი, ოთახის კარი გავაღე და ფანჯარასთან, მენეჯერის ადგილზე დავჯექი. ხუთიოდ წუთში დავინახე - პოლიციის მანქანა მოვარდა. მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. პოლიციელები შემოვიდნენ, მათ პუერტორიკოელი მოჰყვა. პოლიციელებმა მკითხეს, - შეიძლება ოთახი გავჩხრიკოთო? რა თქმა უნდა-მეთქი. პოლიციელმა მეორე, დაკეტილი ოთახის კარზე მკითხა, - შეიძლება გავაღოო? კი, ბატონო-მეთქი და რახან გასაღები მე მქონდა, კარი გავუღე. იატაკზე ჩემი უფროსი მკვდარი ეგდო... პოლიციელმა კედელს მიმაკრა და ხელბორკილი დამადო... არავითარი ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ, ისე დამაპატიმრეს".

როგორც ირკვევა, თავის დროზე კოკა გეგეჭკორს - ნიჭიერ არქიტექტორს, ამერიკაში წასვლა სამშობლოში შექმნილმა ურთულესმა სიტუაციამ აიძულა - სამხედრო გაერთიანება "მხედრიონის" წევრი მოგვიანებით ჯაბა იოსელიანს დაუპირისპირდა, ამის გამო შევიწროება დაუწყეს...

რეჟისორ დავით კანდელაკისთვის მეგობარზე ფილმის გადაღება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:

"კოკამ გაარკვია, სავარაუდოდ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელი, მაგრამ აღარ თქვა, გაჩუმდა. არც ჩემთვის უთქვამს... ამ ამბავს შეგნებულად არ შევეხე, რადგან ყველაფერს მტკიცებულებები სჭირდება. პირველ სასამართლოზე კარგი ადვოკატი რომ ჰყოლოდა, პრობლემა არ შეიქმნებოდა. რეალური მტკიცებულება არ არსებობს, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. კატალინას თქმით (ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც გეგეჭკორს მისი პატიმრობისას გაჰყვა ცოლად, პარიზში ყველაფერი მიატოვა და სან-სინგის ციხის მახლობლად დასახლდა, რათა ქმრისთვის მორალური და მატერიალური დახმარება გაეწია. - ე.ე.), სასამართლოში მოქმედებს პირამიდის სისტემა. ამ სქემის მიხედვით პირველ პროცესზე გამართლების ყველაზე დიდი შანსი გაქვს, მაგრამ რაც უფრო ქვევით ჩადიხარ, ის მცირდება. მეორე პროცესზე თუ სასამართლო გაგამართლებს, მას წინა სასამართლოს შემადგენლობის დისკრედიტაცია უწევს. ამის გაკეთებას ერიდებიან".

როგორც ირკვევა, გამოცდილი ადვოკატი საქმეს მოიგებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას მხოლოდ სახაზინო ადვოკატი ჰყავდა.

"ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც "ამერიკის ხმას" უსმენდა და ჟურნალ "ამერიკას" კითხულობდა, რომელიც მხოლოდ მინისტრთა საბჭოში რიგდებოდა, ეს ჭუჭრუტანაში შეხედვის საშუალებას გვაძლევდა... მე და კოკა ერთ პერიოდში ვსწავლობდით სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც საღეჭ რეზინსაც და ამერიკულ სიგარეტსაც, როგორც დღეს ნარკოტიკებს ყიდულობენ, ისე ვყიდულობდით - არალეგალურად. საბჭოთა დროს არაფერი იშოვებოდა. განსაკუთრებით, დასავლური. კოკა ძალიან ნიჭიერი კაცია და მოდური შარვლის შეკერვასაც თვითონ ახერხებდა. ერთხელ მეც შემიკერა შარვალი. სამხატვრო აკადემია მაშინ საქართველოში ყველაზე თავისუფალი და ლიბერალური სივრცე იყო. მოხატული კაფე გვქონდა, სადაც, სრულიად განსხვავებული ადამიანები იკრიბებოდნენ. იქ რომ შედიოდი, თითქოს საბჭოთა კავშირში აღარც იყავი. გარემოსგან განსხვავებული სივრცე იყო. ძნელია, მხატვრები ჩარჩოში ჩასვა. კომუნისტებმა არ იცოდნენ, როგორ გაეკეთებინათ ეგ. თუმცა, შეეძლოთ ნამუშევარი ჩამოეხიათ, დიპლომში ნიშანს არ დაგიწერდნენ, თუ მათთვის უჩვეულო რამეს გააკეთებდი. სტუდენტების მართვა მაინც არ იცოდნენ, მათი მოთვინიერება უჭირდათ...

მაშინ უფრო იდეალური წარმოდგენა გვქონდა დასავლეთზე, ვიდრე რეალურად იყო. ჩაკეტილ სივრცეში რომ ხარ, გარეთ ყველაფერი ლამაზად გეჩვენება. ჯაზი, ჰიპები და ვუდსტოკი - სუფთა ჰაერი იყო... ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მითი დაინგრა ჩემთვის, მაგრამ არ მეგონა, თუ სასამართლო ასე ადვილად იმეტებდა ადამიანს... ელემენტარულად, ექსპერტიზა არ ჩატარებულა, ისე დაადანაშაულეს ადამიანი... კოკას ვკითხე, რა არ დაგვხვდა ისეთი ამ ქვეყანაში, რაც გვეგონა, რომ იყო-მეთქი. ჩვენ რომ წარმოგვედგინა, ისეთი ქვეყანა სინამდვილეში არ არსებობს დედამიწის ზურგზე, ჩვენ თვითონ მოვიგონეთ ეგეთი ამერიკა", - ამბობს დავით კანდელაკი.

დღეს კოკა გეგეჭკორი ციხიდან გათავისუფლდა სამშობლოში დაბრუნდა. და კიდევ: ადამიანმა, რომელმაც 21 წელიწადი დაკარგა, ამერიკიდან ერთი დიდი ფასეულობა მაინც წამოიღო - სინანული.

დავით კანდელაკის ფილმში კოკა გეგეჭკორი ამბობს, რომ თავის დროზე არასწორად იცხოვრა და ამიტომაც დაისაჯა.

ამას სხვანაირად აღსარება ჰქვია!

"კოკა ვერ ხვდებოდა, რომ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში იარაღად იყენებდნენ"

დავით კანდელაკი: "კოკა ყოველთვის რადიკალი იყო. "მხედრიონის" რიგებშიც ამიტომ გაერთიანდა. ბანდიტობას სამშობლოს სიყვარულის სახელით ეწეოდნენ. გაქსუებულ კომუნისტებს აყაჩაღებდნენ. შემდეგ ფულმა და ნარკოტიკებმა სრულიად გარყვნა სიტუაცია... თავიდან კოკა ვერ ხვდებოდა, რომ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში იარაღად იყენებდნენ. როდესაც დაასკვნეს, რომ ჯაბა იოსელიანი საბჭოთა ნომენკლატურასთან იყო შეკრული, ისინი, ვისაც მართლა პატრიოტული მიზნები ამოძრავებდა, აჯანყდნენ. კოკა "მხედრიონს" გამოეთიშა. თბილისში სამოქალაქო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, კოკამ ერთ-ერთს იპოდრომზე ნამდვილი დუელი დაუნიშნა. აკი ვამბობ, იდეალისტი იყო-მეთქი. დუელზე მარტო წავიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს. მოწინააღმდეგე კი მარტო არ მოსულა - ხუთნი იყვნენ. ტყვიები დაუშინეს. ერთი ფეხში მოხვდა. რომ წაიქცა, დანარჩენებმა იფიქრეს, მკვდარიაო და გაერიდნენ. მოგვიანებით კი მისი სიკვდილის სადღეგრძელოც შესვეს... მერე კი იმან, ვინც მისი სიკვდილის სადღეგრძელო დალია, რომ გაიგო, ცოცხალიაო, საავადმყოფოში მიაკითხა და დახმარება შესთავაზა. ასეთი რამ მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს..."

ეთერ ერაძე