"ბევრ პოლიციელს რომ შერჩა დანაშაული, ამიტომ ბედავენ ამდენს" - სამტრედიაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"ბევრ პოლიციელს რომ შერჩა დანაშაული, ამიტომ ბედავენ ამდენს" - სამტრედიაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"ამ არაკაცს ჩემი შვილის მკვლელობა არ შერჩება"!

"ახლა სად არიან ის ადამიანები, ვინც გასულ წლებში სხვის ტარგედიებზე პროტესტის აზვირთებას ცდილობდნენ"?!

"ვის აქვს გარანტია, ამ წუთებშიც პოლიცია ვიღაცას არ აიძულებს, არ აშანტაჟებს და კიდევ ერთი ადამიანი არ წერს: "დედა დარჩი მარტო"

22 წლის დემურ სტურუა 13 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში დაკრძალეს. დაკრძალვამდე სტურუას ცხედარი ახლობლებმა რამდენიმე წუთით სამტრედიის პოლიციის შენობასთან დაასვენეს და იმ პოლიციელის დაკავება კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომელსაც შესაძლოა ბრალი მიუძღვის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანაში. უბედურება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში რამდენიმე დღის წინ დატრიალდა, როდესაც დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. (იხილეთ: "დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა..." - რა გახდა 22 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი)

გარდაცვლილის დედა, ნონა ჯოჯუა ამბობს, რომ საქმე მხოლოდ მუქარაში არ არის და წერილში ნახსენები პოლიციელი მის შვილს სისტემატურად სცემდა.

შსს-ს ინფორმაციით, წერილში მოხსენიებულმა პოლიციელმა პირადი განცხადების საფუძველზე სამსახური უკვე დატოვა. მისი საკითხი კი გამოძიების დასრულებამდე კადრების განყოფილებაშია გადაცემული.

დემურ სტურუას თვიმთმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

დემურ სტურუას ოჯახის წევრები გამოძიებას კიდევ ერთი სამართალდამცველის ვინაობის დამალვაში ადანაშაულებს. მათო თქმით, უბნის ინსპექტორი, რომელმაც ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საბედისწერო ღამეს მარტო არ იმყოფებოდა.

ნონა ჯოჯუა, დემურ სტურუას დედა:

- აქ ყველამ იცის და ყველამ ნახა, რომ ჩემს შვილს ძალადობის კვალი ეტყობოდა. ახლა მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, შვილები დავიფიცე, რომ ამ არაკაცს ჩემი შვილის მკვლელობა არ შერჩება.

ოჯახის ახლობლების თქმით, პოლიციისგან იყო მცდელობა, რომ წერილი საერთოდ გაექროთ საქმიდან. ასევე, რამდენიმე ადამიანთან განხორციელდა ზარები, რათა ოჯახის წევრების გაეჩუმებინათ, რათა მათ პოლიციიის ქმდებები არ გაეპროტესტებინათ.

არსებული ინფორმაციით, უკვე ცნობილია ალეტერნატიული ექსპერტიზის პირველადი მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ ცხედარს დაზიანებები ჰქონდა. საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შავლეგ თარგამაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯავახოს თემის გამგებელი:

- შეძრული და გაოგნებული ვარ მომხდარით. ცოტა ხნის წინ, ამ ბიჭმა დამირეკა და დახასიათების დაწერა მთხოვა, არ ვიცი რისთვის დასჭირდა, მაშინ რაღაც სამსახურებრივ საქმეზე ვიყავი და ვერც ჩავეძიე. შემდეგ ისევ დამირეკა და მითხრა, - შრომა-გამასწორებელი 120 საათი უნდა მოვიხადო და სადმე თუ შეგიძლიათ დამასაქმოთო...

- ეს როდის გითხრათ?

- დაახლოებით ორი კვირის წინ. შევპირდი, რამეს გიპოვი-მეთქი. რამე განსაკუთრებული მასზე არ გამიგია. ვიცი, რომ ორი ძმა ჰყავს. სოფელ დაფნარში არც ისე დიდი ხნის წინ ჩასახლდნენ. რაღაც პრობლემები ჰქონდათ და თავისი სახლი დაკარგეს. სოფეში ვიღაც მადლიანმა კაცმა დაუთმო სახლი, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ იქ ცხოვრების უფლება მისმა შვილებმა მისეცს. ნამდვილად არ ულხინთ. ბიჭები ფიზიკურად მუშაობდნენ და ასე ეხმარებოდნენ ოჯახს.

- წერილში ნახსენებ პოლიციელზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- მართალი გითხრათ, მას ბავშვობიდან ვიცნობ, წლებია პოლიციაში მუშაობს და არასდროს გამიგია, რომ ვინმეზე ძალადობდა. შეძრული ვარ ამ ამბით. თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ამას გამოძიება დაადგენს.

როგორც ადამიანის უფლებათა აქტივისტები ამბობენ, ადამიანებს სამტრედიაში ამ დრომდე აშანტაჟებენ და შესაძლოა, სოფელში თანამშრომლობას მხოლოდ დემურ სტურუას არ აიძულებდნენ. მათივე ინფორმაციით, პოლიცია თვითმკვლელობის ღამეს წერილის გადამალვას ცდილობდა.

ბექა წიქარიშვილი, მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტი:

- აქ იმაზე მძიმეაა საქმე, ვიდრე ვიფოქრობდით, - პოლიციელებს მთელი სოფელი შანტაჟში ჰყავთ, ნარკოლოგიურებში ისევ ასმევენ შარდმდენებს, ურტყამენ, პოლიციას თითქმის დამუშავებული ჰყავდა ვიღაცები წერილის გაქრობაზე, მთელი სოფელი პრობაციაზეა.

"მახინჯი სისტემა, რომელიც კლავს!" - ასე ეხმაურება საია-ის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობას.

ანა ნაცვლიშვილი:

- ვის აქვს გარანტია, რომ ახლაც, ამ წუთებშიც პოლიცია ვიღაცას არ აიძულებს, არ აშანტაჟებს, არ აშინებს და კიდევ ერთი ადამიანი არ წერს, - "დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა". გაიგეთ, რომ ეს ნარკოპოლიტიკა კლავს! ეს ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, მაგრამ აძლევს საშუალებას სახელმწიფოს, აშანტაჟოს, დააშინოს და მოკლას ადამიანები! ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული პოლიციელის ბრალი, ეს არის სახელმწიფოს ბრალი, რომელიც აძლევს მისი სახელით მოქმედ პოლიციელს ასეთი ქმედების საშუალებას.

გია როინიშვილი, მსახიობი:

- ძალიან მაინტერესებს, სად არიან ახლა ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს, მსგავსი შემთხვევების შემდეგ, პროტესტის ტალღის აზვირთებას ცდილობდნენ? ამ შემთხვევაში, ხომ პოლიციელის უფლებამოსილების გადაჭარბებაზე ლაპარაკი? მაგრამ ახლა როგორ ამოიღებენ ხმას, სინამდვილეში, ბოდიში მკითხველთან, მაგრამ მაშინაც ფეხზე ეკიდათ ამა თუ იმ ადამიანისა და ოჯახის ტრაგედია და ახლაც ასევე ჰკიდიათ, უბრალოდ, მაშინ ამას თავიანთი მერკანტილური და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. ახლა ამ მიზნებს მიაღწიეს და არიან თავისთვის ჩუმად. როდესაც უსამართლობის წინააღმდეგ აღშფოთებას გამოხატვას, ყვერლა ფაქტზე უნდა გამოხატო და არა - ამორჩევით. ჩემთვის ისეთივე ამაზრზენია ეს ყველაფერი, როგორც წინა წლებში იყო. პოლიციაში, ადრეც იყვნენ და ახლაც არიან უღირსი ადამიანები, თუმცა დღეს ყველანი ვხედავთ, ამ ფაქტს არ აქვს ისეთი რეზონანსი, როგორც წლების წინ ხდებოდა ხოლმე.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- ძალიან ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო, ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ამბავია და იმ წერილის ყველა სიტყვის მჯერა. პოლიციელი სამსახურიდან წავიდაო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს საქმე საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე უმკაცრესად დასაჯონ. ბევრ პოლიციელს რომ შერჩა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას თუ მას მერე ჩადენილი დანაშაული, ამიტომ ბედავენ ამდენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, სასწრაფოდ ჩაატაროს ყველა თანამშრომლის ტესტირება და გამოიკვლიოს მათი პროფესიული უნარ-ჩვევები (იხილეთ სრულად).

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

ამ თემაზე მომზადებული სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდეთ ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინოთ სასურველი პაკეტი და იხილოთ სტატია: "მოძალადე პოლიციელს თუ არ დააკავებენ, სასწაულს ჩავიდენთ!"