"მიუხედავად აუტანელი ყოფისა, გვანცა ვერ გატეხეს" - კვირის პალიტრა

"მიუხედავად აუტანელი ყოფისა, გვანცა ვერ გატეხეს"

"მზად ვარ, ციხის წინ დავიწყო უვადო შიმშილობა..."

"ხალხს კუჭის იქით არ ახედებენ, რომ სხვა საფიქრალი არ მიეცეს"

"ამ საქმეს მაინც ვერ ჩააჩუმებენ, გპირდებით, ის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სამარცხვინო იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის"

"14 წლის გოგოს უცხოპლანეტელობას თუ დააბრალებ, თორემ ორი სხვადასხვა საგნით თანატოლისთვის 30 ჭრილობის მიყენება, აბსოლუტურად ულოგიკოა"

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული წერილი - "ამაზე მალე ატყდება განგაში", რომელიც 14 წლის გვანცა ყუფარაძის სულისშემძვრელ ისტორიას ეხებოდა, საზოგადოებაში დიდი განსჯისა და მღელვარების საბაბი გახდა.

ეს ამბავი იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ მოქალაქეებმა საინიციატივო ჯგუფი "გადავარჩინოთ გვანცა ყუფარაძე" ჩამოაყალიბეს და აქტიურ მოქმედებებსაც გეგმავენ, ხელმოწერების შეგროვებისა და საპროტესტო აქციების ჩათვლით. ყუფარაძის საქმეზე გამოხმაურება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge დღემდე გრძელდება.

მაჩაბელი: "საქართველოს ციხეებში უსამართლოდ ბევრი ზის გვანცას მსგავსად. ყოჩაღ მაგ გოგოს, რომ იბრძვის თავისი სიმართლის დასაცავად. ვისურვებდი, სხვა უკანონო პატიმრებსაც ეგრე ებრძოლათ. მაშინ ამდენ საშინელებას ვეღარ გაბედავდნენ... ეს გაზეთი ხომ მიყვარდა, ახლა უფრო შემიყვარდა, რადგან ერთი მოზარდის გამოხსნისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს".

დათო: "გაიარეთ ყველამ, ვისაც უსამართლობა გძულთ. რა ხდება? უსამართლობა იმატებს. არავის არ რცხვენია? ხალხო, არ გინდათ წესიერ ქვეყანაში ცხოვრება?  ბავშვი ციხეში უმიზეზოდაა გამოკეტილი. მე მისი უდანაშაულობის მჯერა, სტატიას რომ ვკითხულობდი, თავი გვანცას ადგილზე წარმოვიდგინე და წარმოდგენამაც კი შემძრა. არ ვიცი, გვანცა, შენს ადგილზე რას ვიზამდი, მთავარია, გამაგრდე და შენი სიმართლე დაამტკიცო. საქართველო გვერდზე გიდგას.

საქართველოში უსამართლობა ყოველ ნაბიჯზეა. მეტსაც უნდა ველოდოთ ამ მთავრობის ხელში. ხალხის უმეტესობას ჟურნალისტების იმედი გვაქვს სამართლიანობის გამარჯვებისათვის და არა სასამართლოსი. მადლობა აქტიურობისათვის. მართალია, ძლიერთა ამა ქვეყნისა ფეხზე ჰკიდიათ ხალხი და მათი აზრი, მაგრამ ხომ შეიძლება შეგროვდეს ხელმოწერები, რათა ხელმეორედ და ობიექტურად იქნეს გამოძიებული ეს საქმე".

ბესო: "როდის დასრულდება ამ ქვეყანაში უსამართლობა და უსინდისობა. ეს გოგონა უდანაშაულოა. მთელი საზოგადოება უნდა დადგეს ფეხზე მის დასახსნელად".

დიანა: "ადრე თუ გვიან, დაისჯება დამნაშავე, ოღონდ უფრო მწარედ, ვიდრე ეს გოგო, რომელსაც მომავალი წაართვეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ უნდა ეძიო - არ არის!".

სოსო ქურდაძე, საინიციატივო ჯგუფის "გადავარჩინოთ გვანცა ყუფარაძე" წევრი: - ფორუმის ერთ-ერთმა წევრმა "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატია ინტერნეტფორუმზე განათავსა. შემძრა გვანცა ყუფარაძის ამბავმა და სურვილი გამიჩნდა, დავხმარებოდი. ამაზრზენია, რომ ამ ქვეყანაში სამართალი შერჩევითია, სასჯელი კი - არაპროპორციული.

- ინტერნეტფორუმებზე გვანცა ყუფარაძის საქმეს დღემდე განიხილავენ. ზოგიერთი მას ჰოლივუდურ სცენარს უწოდებს, თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული მის უდანაშაულობაში?

- მთავარი ფაქტი, რამაც მის უდანაშაულობაში დამარწმუნა, ისაა, რომ დაზარალებულს ჭრილობები ორი განსხვავებული საგნით აქვს მიყენებული როგორც წინა, ისე უკანა მხრიდან. 14 წლის გოგოს უცხოპლანეტელობას თუ დააბრალებ, თორემ ორი სხვადასხვა საგნით თანატოლისთვის 30 ჭრილობის მიყენება, აბსოლუტურად ულოგიკოა.  სარწმუნოდ მეჩვენა სკოლის ადმინისტრაციის ცდაც დანაშაულის დაფარვისა.

ყველას გვისწავლია სკოლაში და არავინ თქვას, რომ ადმინისტრაცია ხელს არ აფარებს სკოლაში მომხდარ დანაშაულებს, - ხან სკოლის პრესტიჟს უფრთხილდებიან, ხან სკამსა და თანამდებობას. ეს ამბავი გირგვლიანის მკვლელობის საქმის ანალოგიურია - პრინციპია ერთნაირი. უსამართლობის ზეობას, თვალში ნაცრის შეყრას ვგულისხმობ.

- ეს საკითხი პარლამენტში პრეზიდენტის წინაშე დეპუტატებმაც დააყენეს. უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა კი განაცხადა, სანამ თვალზე ცრემლმორეული მის დახმარებას პრეზიდენტს სთხოვთ, გირჩევთ, გაიხსენოთ, რა დანაშაულისთვის არის მსჯავრდადებული. მე შევისწავლე ეს საქმე და ყუფარაძეს თანატოლისთვის შვიდი ჭრილობა მიუყენებიაო.

- ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მთავარია, იმ წუთში გასცენ პასუხი ბრალდებას. რა მოხდა, თუ პასუხი ტყუილია? - იმ წუთში მილიონობით მაყურებლის წინაშე ხომ გამოძვრნენ სიტუაციიდან? საზოგადოებაც მოისმენს და ყურს მიღმა გაატარებს ყველაფერს: ერთმა ასე თქვა, მეორემ ისე და რომელი იყო მართალი, აღარ აინტერესებს! არც ეძიება, რადგან ყოფითი პრობლემებით არის დაკავებული, რა აჭამოს შვილებს, ოჯახს.

მეორე დღეს საშოვარზე გასულს აღარც ახსოვს გვანცა ყუფარაძე. ასე მგონია, ქვეყანას საგანგებოდ არ აძლევენ დაწყნარების საშუალებას, ხალხს სიღატაკეში ამყოფებენ, კუჭის იქით არ ახედებენ, რომ სხვა საფიქრალი არ მიეცეს.  საზოგადოება გაუცხოებულია, სხვისი ჭირი მანამდე რჩება ღობის ჩხირად, სანამ მასაც არ  შეეხება.

გვანცა ყუფარაძის ამბავი არ არის მხოლოდ ერთი გოგონას ტრაგედია, ეს ქვეყნისა და საზოგადოების პრობლემაა. ამიტომაც შევქმენით საინიციატივო ჯგუფი. როცა სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ვფიქრობ, ძალზე ბევრი ადამიანი მიეცემა პასუხისგებაში.

ჩვენ დავუკავშირდით შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეს, გვაინტერესებდა, განიხილა თუ არა კომისიამ გვანცა ყუფარაძის საკითხი. როგორც ქალბატონმა ელენემ გვითხრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გვანცა ყუფარაძის საბუთები არ გადმოუგზავნიათ, ამიტომაც ვერც კომისია განიხილავდა ამ საკითხს.

საინიციატივო ჯგუფის წევრი ოთარ ბექაური: - ამ საქმეში ორი ისეთი ფაქტია, რაც მაფიქრებინებს, რომ ყუფარაძე უდანაშაულოა. საეჭვო ისიც არის, რომ სასამართლომ უარი უთხრა ადვოკატს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე. ჯერჯერობით ხელმოწერების შეგროვებას ვაპირებ, რომ საქმის ხელმეორე ძიება დაიწყოს. აქციების მოწყობაზეც ვფიქრობ. მე ვიქნები მოთავე, მე გავაგრძელებ ამისთვის ბრძოლას. 18 წლის ვარ და შემძრა გვანცას ამბავმა.

საზოგადოება ინერტული არ უნდა დარჩეს, რადგან ხვალ შეიძლება სხვას გაუჩნდეს ეს პრობლემა. ამ საქმეში პოლიტიკოსებსაც ვთხოვ დახმარებას, სამართლიანობის აღდგენით იქნებ ნაწილობრივ მაინც დაიბრუნონ ხალხის ნდობა. თუ ხელმოწერები და ცივილიზებული პროტესტი ნაყოფს არ გამოიღებს, მზად ვარ, ციხის წინ დავიწყო უვადო შიმშილობა. თუ ახლა დავთმეთ, ჩვენი საზოგადოება ვერ შედგება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე (პარლამენტარი): - შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს 85 ბრალდებულის შეწყალების რეკომენდაცია წარუდგინა. "შეწყალების წესის გამოყენების შესახებ" დებულების თანახმად, პრეზიდენტს დისკრეციული  უფლება აქვს, შეიწყალოს ესა თუ ის პირი.

შესაწყალებელ პირთა სიებს სულ ბოლოს პროკურატურა გაცხრილავს, სწორედ მისი რეკომენდაციაა განმსაზღვრელი, ვინ დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი გამოიჩენს წინდახედულობას და გაათავისუფლებს გვანცას იმ დაწესებულებიდან, სადაც არასრულწლოვანი მსჯავრდადებულების მოთავსება საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია.

გვანცა ყუფარაძე ქალთა საპყრობილეშია, რაც ნიშნავს, რომ უხეშად ირღვევა ბავშვის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული უფლება. გვანცა ყუფარაძეს პირადად გავუწიე რეკომენდაცია პრეზიდენტთან როგორც ზეპირად, ისე წერილობით, ამას დაემატება მისი წერილიც პრეზიდენტთან.

ამიტომაც მისი საკითხი განსახილველად აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ელენე თევდორაძესთან. პარლამენტში, პირველივე სასესიო კვირას, ვთხოვ ელენე თევდორაძეს, მოიკითხოს, რატომ არ გადაუგზავნეს კომისიას განსახილველად გვანცა ყუფარაძის განცხადება.

იმის გამო, რომ ქვეყანას არა აქვს აღმზრდელობითი დაწესებულება, სადაც არასრულწლოვანი გოგონები უნდა იყვნენ მოთავსებული, გადავწყვიტე, გამომეყენებინა პოლიტიკური ტრიბუნა და პრეზიდენტისათვის მიმემართა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ გვანცას უდანაშაულობაში, ამ საკითხზე არ გამიმახვილებია ყურადღება და არც სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეზე დამიწყია მსჯელობა.

მე გავაპროტესტე არასრულწლოვანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანონო მოთავსება. რამდენჯერმე შევხვდი გვანცას, 14 წლის  გოგონა გაუსაძლის პირობებში 3 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ეს იყო საპყრობილე - დილეგი.

თუნდაც ამ პირობებში არასრულწლოვანის ყოფნა საკმარისია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის დაცვით გაეთავისუფლებინა ბავშვი ციხიდან. ამის სანაცვლოდ ბატონ პავლე კუბლაშვილისაგან დამამცირებელი და ცინიკური პასუხი მივიღე. თურმე კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა, რა დანაშაულისთვის იხდის გვანცა სასჯელს. ესეც არ იკმარა ბატონმა კუბლაშვილმა და ურცხვად იცრუა, შევისწავლე ეს საქმე და ყუფარაძეს შვიდი ჭრილობა მიუყენებია დაზარალებულისთვისო.

საბრალდებო დასკვნაში კი 30 ჭრილობაზეა ლაპარაკი. 30 ჭრილობა დაუჯერებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის და  კუბლაშვილმაც ექსპრომტად გამოაცხო ასეთი ტყუილი.

მეორე საკითხი ის არის, რომ ყუფარაძის საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას ამტკიცებს. გვანცა ყუფარაძის აკადემიური მოსწრებაც კი შევისწავლე. მას არც ერთი ოთხიანი არ ჰქონია მიღებული, ხუთოსანი იყო.

ის ახლაც, იმ გაუსაძლის პირობებშიც აგრძელებს სწავლას, უკვე რეგისტრირებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში და ემზადება სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად. ასეთი მიზანსწრაფული და პრინციპული ბავშვი არასოდეს მინახავს. მიზნად აქვს დასახული, რომ მოსამართლე გახდეს. მივესალმები საზოგადოებრივი მოძრაობის - "გადავარჩინოთ გვანცა ყუფარაძე" დაწყებას.

ამ გოგონას საქმის პრეცედენტი საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების აქტიურობასა და პროტესტს, რომ მომავალში ასეთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს გასაქანი არ მიეცეს.

- გვანცა ყუფარაძის ამბავი კულუარებში ძალზე აქტუალურია. ყველა აღიარებს, რომ უდანაშაულოა, მაგრამ მას, თუნდაც შეწყალებით, მაინც არ ათავისუფლებენ.  როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- გვანცას ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების დროს სთხოვდნენ, ეღიარებინა დანაშაული და მსუბუქ სასჯელს მიუსჯიდნენ, მაგრამ აუტანელი ყოფის მიუხედავად, ვერ გატეხეს. ის დღემდე ამ აზრზეა. ამ საქმეს მაინც ვერ ჩააჩუმებენ, გპირდებით, ის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სამარცხვინო იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ის პრიორიტეტულ საქმედ არის ცნობილი.

გამოგვეხმაურეთ!

საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება პატიმარ გოგონას.