"რითი განსხვავდება თეთრ ხალათში გამოწყობილი ფარმაცევტი იმისგან, ვინც გარეთ ჰეროინს ყიდის?" - კვირის პალიტრა

"რითი განსხვავდება თეთრ ხალათში გამოწყობილი ფარმაცევტი იმისგან, ვინც გარეთ ჰეროინს ყიდის?"

ფსიქოტროპულ პრეპარატებს აძლევენ ბავშვებს ისე, რომ ხელი არ უკანკალებს არავის... შედეგად, პაციენტების უმრავლესობა აბსოლუტურად შეურაცხადი ხდება...

ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ 12 წლის მოზარდი, რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ახალგაზრდის არც გვარ-სახელს დავასახელებთ და არც იმას, თუ როდის და სად მოხდა შემთხვევა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ არასრულწლოვანი სხვადასხვა ჯგუფის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად იღებდა და ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ყველაფერს ნათელი მას შემდეგ მოეფინა, რაც მოზარდი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით კომაში ჩავარდა.

მედიკოსებისა და ფსიქოლოგების ჩარევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის წყალობით, მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება რემისიული პერიოდი, ამის თქმა ძნელია. მიზეზი, რამაც არასრულწლოვანი ამ შედეგამდე მიიყვანა, ბევრი რამ არის. მშობლები დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებდნენ, სკოლიდან დაბრუნებული ბიჭი კი დროს ქუჩას უთმობდა. სავარაუდოდ, მასზე მავნე ზეგავლენა უფროსი ასაკის ბიჭებმა მოახდინეს. როგორც ამბობენ, მოზარდი ფსიქოაქტიურ მედიკამენტებს სხვადასხვა აფთიაქში უპრობლემოდ ყიდულობდა... ამ დრამატულ ისტორიაში ძნელია დამნაშავის ამოცნობა, ოჯახი, ქუჩა თუ ის აფთიაქების მეპატრონენი, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ, ფაქტობრივად, დანაშაულს სჩადიან!

ექსპერიმენტი

სააფთიაქო ნარკომანია ის აღმოუფხვრელი პრობლემაა, რომელსაც ამ დრომდე ებრძვიან! სწორედ ამ ამბის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ, ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა არაბრენდულ აფთიაქში ურეცეპტოდ შეგვეძინა ის პრეპარატები, რომლებიც კანონით აკრძალულია.

დაახლოებით ხუთ აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენისას რეცეპტი არ მოუთხოვიათ.

ქალაქის ცენტრში მდებარე აფთიაქში, სადაც სააფთიაქო ნარკომანიის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები "ბაკლოსანი" და "გაბაგამა" მოვითხოვეთ, ფარმაცევტმა მომიბოდიშა, შემოწმებაა და ამ ეტაპზე არა გვაქვსო... გარეუბანში მდებარე აფთიაქში კი, სადაც "დიაზეპამისა" და "ფენაზეპამის" შეძენა მოვინდომე, მითხრეს, მარაგი ამომეწურაო. ისევ თბილისის ცენტრალური ქუჩა და ერთ-ერთი უბნის აფთიაქი - ამჯერად "ლომკაში" მყოფი ადამიანის როლი მოვირგე და "დიმედროლი" მოვითხოვე. ახალგაზრდა მამაკაცმა თანაგრძნობით შემომხედა, აღარ მაქვსო. ამის შემდეგ კიდევ არაერთ აფთიაქს მივაკითხე იმავე პრეპარატების ურეცეპტოდ შეძენის მიზნით, თუმცა ამაოდ... ასე დავამთავრე ვოიაჟი აფთიაქებში. არადა, როგორც 32 წლის ლევან ჯგერენაია (სახელი და გვარი შეცვლილია) ამბობს, მას და მის მეგობრებს, რომლებსაც ექიმის გამოწერილი ფსიქოტYროპული მედიკამენტების შეძენა ხშირად უწევთ, ურეცეპტოდაც ბევრჯერ უყიდიათ.

ლევან ჯგერენაია: - ნევროზი მაქვს და ექიმის გამოწერილ "დიაზეპამს" თითქმის ყოველდღიურად ვიღებ. ხანდახან, როდესაც ექიმთან რეცეპტის წამოსაღებად მისვლა მეზარება, არის რამდენიმე აფთიაქი, სადაც ურეცეპტოდაც ვყიდულობ...

- რამდენიმე აფთიაქში მეც მივედი ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენად, მაგრამ ყველამ უარით გამომისტუმრა...

- ასეთი აფთიაქები უცხოებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს არ მისცემენ. ერთი თვის წინ სიცხე მქონდა და სახლში ვიწექი. "დიაზეპამი" აღარ მქონდა და აფთიაქში მამაჩემი გავგზავნე, მაგრამ არ მისცეს. იძულებული გავხდი, სიცხიანი თავად წავსულიყავი. რომ მივედი, მისაყვედურეს, შენ რომ გაძლევთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოებიც უნდა მოგზავნოო, თან ახლა შემოწმებები მიდის და ძალიან შეშინებულები არიან...

"ვებრძვით შედეგს და არა მიზეზს"

ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგი: - სააფთიაქო ნარკომანია მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ ყველაფერმა საქართველოში მახინჯი სახე მიიღო. სახელმწიფომ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ გაჩნდა "შავი ხვრელები". რეცეპტურის შემოღების შემდეგ შავი ბაზრის გაჩენის საშიშროება იყო, თუმცა ბრენდული აფთიაქები ასე აშკარად აღარ ყიდიან ფსიქოტროპულ პრეპარატებს.

კანონში ცვლილება ვერა და ვერ შეიტანეს. ვერ მოახერხეს, რომ არალეგალურად გაყიდული ფსიქოტროპული მედიკამენტებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს გამყიდველს.

ზოგიერთი პრეპარატი გაქრა აფთიაქებიდან, თუმცა სხვა გაჩნდა. იმას არავინ კითხულობს, რატომ უნდება 12-13 წლის მოზარდს ფსიქოტროპული პრეპარატის ყიდვა. ამ პრეპარატების მიქსი მძიმე შედეგებს იწვევს. ბევრი ლეტალური შემთხვევაც იმიტომ არის, რომ კომა, რომელიც ვითარდება გაურკვეველი მიქსის მოხმარებით, უცნობი ეტიოლოგიისა...

- რა იწვევს არასრულწლოვნებში ასეთ მიდრეკილებას?

- ბევრი მიზეზი არსებობს: პირველი - მოდა, მეორე - გარკვეული სტერეოტიპი, რომ ეს სიამოვნების მიღების ერთ-ერთი საშუალებაა; მესამე - დაუკავებლობა სხვადასხვა აქტივობით; მეოთხე - მშობლებისა და ბავშვის ურთიერთობა, რომელიც ზოგჯერ ანომალიამდეა დასული. ამას დაუმატეთ პრევენციის მექანიზმები, რომლებიც დღეს ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობს, მხოლოდ კამპანიური ხასიათი აქვს - ვებრძვით შედეგს და არა მიზეზებს. ამ საქმეს სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება. ნარკოლოგია დღეს მაინც საბჭოურ რელსებზეა, ამ დარგში სრული ვაკუუმია.

აზარტული თამაშები, ონლაინსესხები, ალკოჰოლიზმი - ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. თუ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს არ ვუმკურნალეთ, კიდევ გააჩენს ახალ პრობლემებს...

ამ პრობლემას თან სდევს დანაშაულების მატება. რითი განსხვავდება თეთრ ხალათში გამოწყობილი ფარმაცევტი იმისგან, ვინც გარეთ ჰეროინს ყიდის? არაფრით! ორივე უკანონოდ აკეთებს ამას. მკაცრი სასჯელი უნდა დაწესდეს გამსაღებლისთვის!

- ბოლო პერიოდში მოიმატა არასრულწლოვანი პაციენტების მომართვიანობამ?

- დიახ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მყავდა პაციენტი, რომელმაც ჩემ თვალწინ დარეკა რომელიღაც აფთიაქში და მძიმე ანტიდეპრესანტი იკითხა. არც ჰკითხეს, ექიმის დანიშნულება ჰქონდა თუ არა. მხოლოდ ფასი და მისამართი უთხრეს, სადაც უნდა მისულიყო მის შესაძენად.

"მცირერიცხოვანი ჯარიმებით ეს პრობლემა არ მოგვარდება"

ფსიქოლოგები პრობლემის გადაწყვეტას წამალდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში ხედავენ.

მარინა კაჭარავა, ფსიქოლოგი: - სააფთიაქო ნარკომანია, პრაქტიკულად, ლეგალურია, რადგან ის ჯარიმები სასაცილოა, რასაც ასეთი გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში იხდიან. თუ ლიცენზიას ჩამოართმევენ, ზუსტად ერთ კვირაში იმავე უბანში სხვა აფთიაქს გახსნის ის ადამიანი და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

- ხომ არ გახშირდა ნარკოდამოკიდებული მოზარდი პაციენტების მომართვიანობა?

- რასაკვირველია, ასაკმა დაიწია, თუმცა, ეს ასაკი, 12-13 წელი, ადრეც იყო. იწყებდნენ სიგარეტით, გადადიოდნენ მარიხუანის მოწევასა და ბოლოს ინიექციაზე. ახლა ინიექციური ნარკომანია მოზარდებში ნაკლებად ხელმისაწვდომია. მოზარდები უბანში აგროვებენ ფულს და მედიკამენტებს სხვადასხვა აფთიაქში ყიდულობენ. ბავშვები ქუჩაში ატარებენ მთელ დროს.

ბევრი მოზარდი ბიჭი, და სხვათა შორის, გოგონაც, დამოკიდებული ხდება ისეთ პრეპარატებზე, რომლებიც მათ ფსიქიკას სერიოზულად აზიანებს. გოგონები უფრო ძნელად გამოდიან მდგომარეობიდან...

ასე რომ, მცირერიცხოვანი ჯარიმებით ეს პრობლემა არ მოგვარდება. მამა რომ მიკვდებოდა, ერთ-ერთი ძლიერი გამაყუჩებელი არავინ მომცა ურეცეპტოდ და იცით, რატომ? მე მათთვის რისკის ჯგუფს წარმოვადგენ, რადგან აუცილებლად გავახმაურებ ფაქტს. სამაგიეროდ, იმავე ფსიქოტროპულ პრეპარატებს აძლევენ ბავშვებს ისე, რომ ხელი არ უკანკალებს არავის... შედეგად, პაციენტების უმრავლესობა აბსოლუტურად შეურაცხადი ხდება. ხშირია სახლში გაჩენილი ხანძრის შემთხვევები, დალეწილი და განადგურებული ნივთები და ა.შ.

მქონია შემთხვევები, როცა მოსულან მშობლები და უთქვამთ, იქნებ დააჭერინოთ ჩვენი შვილიო. უნდა ისჯებოდნენ მედიკამენტების უკანონოდ გამყიდველი პირები. გარდა ამისა, აუცილებელია დეკრიმინალიზაცია, რათა არ დაისაჯონ პაციენტები, სერვისი მათ რეაბილიტაციაზე ორიენტირებული უნდა იყოს. უნდა შემუშავდეს პრევენციის პროგრამა, რათა არ მოხდეს წამალდამოკიდებულება, ხოლო თუ წავაწყდით მსგავს შემთხვევებს, კი არ უნდა დავსაჯოთ, უნდა ვუმკურნალოთ.

ყინული დაიძრა?!

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქების მონიტორინგი დაიწყო. თბილისში, ზღვისპირა ქალაქებსა და ქუთაისში მობილური ჯგუფები პროცესს 24-საათიან რეჟიმში გააკონტროლებენ.

მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევაში, თავდაპირველად სამართლებრივი პასუხისმგებლობა ფარმაცევტებს დაეკისრებათ, განმეორების შემთხვევაში კი, სანქციები მეწარმეებზე გავრცელდება.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას სთხოვა, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05.

თორნიკე ყაჯრიშვილი