ნარკოდანაშაული თუ პროვოკაცია?! - კვირის პალიტრა

ნარკოდანაშაული თუ პროვოკაცია?!

რატომ დააკავეს კრიმინალური პოლიციის უფროსი

ზუგდიდში ნარკოტიკის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. აფხაზეთიდან შემოაქვთ წამალი. ეს ყველამ იცის, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. დამნაშავეებს ხელს უწყობენ თავად პოლიციელები. ახლა ვის დასჭირდა სურმავას დაკავება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, აქამდე ეს პრობლემა არავის აწუხებდა...

რამდენიმე დღის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი ზაზა სურმავა დააკავეს და უმძიმესი ბრალდება წაუყენეს. ჩვენი ინფორმაციით, ის თბილისში აიყვანეს და ამ ოპერაციის ჩატარებაში შსს-ს გენერალურ ინსპექციას ერთ-ერთი მოქალაქე დაეხმარა. სურმავას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანაში დახმარება და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა. შს სამინისტროს განცხადებით, სურმავა გენერალურმა ინსპექციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა. მისთვის წაყენებული ბრალდება 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ზაზა სურმავა დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სურმავას დაკავებამდე სამართალდამცავებმა თბილისში სწორედ ის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც მას დანაშაულში ამხელს. მოქალაქეს დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩნდა. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. თურმე სწორედ მან შესთავაზა სამართალდამცავებს თანამშრომლობა და განაცხადა, რომ მას ზაზა სურმავა მფარველობდა.

ზუგდიდში სამართალდამცველები კოლეგაზე არ საუბრობენ. გასაიდუმლოებულია სპეცოპერაციის დეტალებიც. ჩვენ შევეცადეთ ზაზა სურმავას შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, მაგრამ ეს ადვილი არ აღმოჩნდა. ზუგდიდელები ამაზე საჯაროდ ლაპარაკს ერიდებიან...

ზუგდიდის მკვიდრი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, გვიყვება: "არ ვიცნობდი იმ პოლიციის უფროსს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ აქ ნარკოტიკის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. ნარკოტიკების კერა აფხაზეთია, იქიდან უპრობლემოდ შემოაქვთ წამალი. ეს ყველამ იცის, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას.

დამნაშავეებს ხელს უწყობენ თავად პოლიციელები. ახლა ვის დასჭირდა სურმავას დაკავება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, აქამდე ეს პრობლემა არავის აწუხებდა. ამასთან, სხვაც ბევრი პრობლემაა სამეგრელოს რეგიონში. თხილის ბიზნესსაც ერთი კლანი მართავს...

ე.წ. საზღვარზე ყველანაირი ტვირთი გადააქვთ და გადმოაქვთ. იქ რა მაქინაციები ხდება, არავინ იცის. პოლიციის გარეშე ამას ვერავინ შეძლებს. ამბობენ, სურმავასთან ერთად ვინმე ალიკა ნაჭყებია დააკავესო. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს - პოლიციის უფროსია თუ რიგითი. სამარცხვინოა, კრიმინალური პოლიციის უფროსი, რომელსაც კონკრეტულად ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ევალება, თავად სჩადის ასეთ დანაშაულს".

სხვათა შორის, ზუგდიდელები არ გამორიცხავენ, რომ ეს პროვოკაცია ზაზა სურმავას ნარკომანმა მოუწყო.

"ვფიქრობთ, მან მოაწყო ეს ამბავი. ამბობენ, თითქოს სურმავას ვინმე ნაჭყებია თანხის გამოძალვაში ამხელს. არადა, ამ ბიჭზე ცუდი არასოდეს გაგვიგია. ვფიქრობ, ის პროვოკაციის მსხვერპლია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცებს არ აწყობდათ მისი იმ თანამდებობაზე დარჩენა და ამიტომ მოუწყვეს ეს", - ამბობს ზუგდიდის ერთ-ერთი მცხოვრები.

44 წლის ზაზა სურმავა 2013 წლიდან მუშაობს ზუგდიდში. იგი სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და სწორედ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ევალებოდა. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. სურმავას სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

"კვირის პალიტრას" ყოფილი პოლიციელი ირაკლი ქადაგიძე ესაუბრა:

- ზაზა ძალიან კარგი თანამშრომელი იყო, პროფესიონალი. თბილისში კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. 2013 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში კრიმინალური სამმართველოს უფროსი, ფაქტობრივად, სოდ-ის უფროსი იყო. წამლის მომხმარებელი არასოდეს ყოფილა. პირიქით, "ბარიგებს" ებრძოდა.

არ მინდა დაჯერება, რომ ზაზა დამნაშავეა. ვფიქრობ, ის უდანაშაულოა.

თეა ხურცილავა