"BMW ტრაილერს საბურავებში შეუვარდა და..." - მორიგ ავარიას შეწირული კიდევ სამი სიცოცხლე
22-08-2016
"BMW ტრაილერს საბურავებში შეუვარდა და..." - მორიგ ავარიას შეწირული კიდევ სამი სიცოცხლე
"დილის 5 საათზე სამი ცხედარი შემოასვენეს სოფელში"

საგანგაშო რეალობაა, ავტოავარიას ისევ ეწირებიან სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები. ამჯერად ტრაგედია სამტრედიის­ გზაზე, სოფელ დაფნართან მოხდა - ტრაილერს BMW-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა, იმდენად ძლიერად, რომ დაიღუპნენ BMW-ში­ მსხდომი ბიძაშვილები, ზაურ, შალვა და გიგი კაცაძეები. ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

28 წლის შაკო და 20 წლის ზაურ კაცაძეები ვანის რაიონის სოფელ შუამთაში, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. გიგი კაცაძის სახლიც იმავე ქუჩაზეა. ის თბილისში ცხოვრობდა და ხშირად
ჩადიოდა სოფელში. იმ საბედისწერო დღეს ბიჭები სამტრედიიდან სოფელში ბრუნდებოდნენ. მანქანა ზაურის იყო, სავარაუდოდ, საჭესთან სწორედ ის იჯდა.

ვიოლეტა ბუბუტეიშვილი, პედაგოგი:­
- ბიჭების სახლი შუამთა-ტობანიერის საზღვარზეა. შაკოს სკოლა შუამთაში აქვს დამთავრებული, ზაური კი ჩემი მოსწავლე იყო ტობანიერში. თვალსაჩინო მოსწავლეები იყვნენ. საშინელება მოხდა.

შორენა ოჩხიკიძე, ზაურ კაცაძის
კლასის დამრიგებელი:
- ზაურს ცეკვა უყვარდა და სკოლის­ ბანკეტზე მითხრა, იმდენი უნდა ვიცეკვო, თავი უნდა დაგამახსოვროთო. ერთ ეზოში­ ცხოვრობდნენ ბიჭები. შაკო ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი იყო, ჯგუფ "არგოს" მომღერალი. გიგი მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ერთ ეზოში­ ესვენა ორი ცხედარი, საშინელება იყო. იმ უბანში რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ბიჭი დაიღუპა ავარიით, ახლა ეს საშინელება.
ერთი ვერსიით, მანქანის საჭეს შეექმნა პრობლემა, იმასაც ამბობენ, იმ ადგილას ასფალტის საფარი ამობურცულია და ეტყობა, ვერ დაიმორჩილა მძღოლმა მანქანაო.

მიზეზი დადგინდება, მაგრამ მათ აღარაფერი ეშველებათ. ერთად მივაბარეთ მიწას ეს ლამაზი ვაჟკაცები, ტობანიერში დავკრძალეთ, გიგი კი თბილისში.

ლალი სულაბერიძე, შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი:
- შაკო კაცაძე ჩვენი­ სკოლის მოსწავლე იყო. მამა მომღერალი ჰყავს და მუსიკალურ ოჯახში აღზრდილს ძალიან უყვარდა სიმღერა. ანსამბლ­ "არგოს" წევრს ყველა იცნობდა, მღეროდა და გალობდა ეკლესიაშიც. სამივენი გამორჩეული ახალგაზრდები იყვნენ. ზაურს წლების მანძილზე ტობანიერის სკოლაში ვასწავლიდი და სულ ვამბობდი, ნეტავ დედაშენს, როგორი კარგი შვილი ჰყავხარ-მეთქი...

სოფელ შუამთის ტაძრის მოძღვარი მამა კონსტანტინე სამივე ახალგაზრდას კარგად იცნობდა:
- 16 წლის გიგი ენერგიული, სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. ეს პატარა ბიჭი სულ იმას ცდილობდა, ვისთვის ეცა პატივი. 10 დღის წინ ჩამოვიდა მოსკოვიდან, იქ მამასთან ერთად იყო, იქაც ვეკონტაქტებოდი. მეუბნებოდა, ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ სოფელშიო. მიცვალებულთა მოხსენიების დღე ახლოვდებოდა, წინადღეს დამირეკა, მამაო, ხვალ მიცვალებულთა მოხსენიების დღე ყოფილა, ბებოს საკურთხს გავაკეთებინებ ბაბუას სულისთვისო. თურმე წაიყვანა მანქანით მეზობელი და ყველაფერი იყიდა საკურთხისთვის. პანაშვიდი ჩავატარეთ, ღვინო ჩამოასხა და სადღეგრძელოებიც თქვა...

მისი სახლის წინ ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც შვილი დაეღუპა ავტოავარიაში ცოტა ხნის წინ. იმ ბიჭის მამასაც დაუძახა, მერე მთხოვა იმ სახლშიც გადავსულიყავით...

მოსაყოლი მამა გურამ ოთხოზორიასაც ბევრი აქვს. სწორედ მან შემოსა სტიქარით გიგი:
"იმ დღეს სოფელში 4-ჯერ ვნახე, თურმე მოსკოვში წმინდა მატრონას საფლავთან ყოფილა, ტაძრისთვის წამოუღია სანთლები, საკმეველი, სურნელოვანი ზეთი და მკითხა, როდის მოგიტანოთ ტაძარშიო. ხუთშაბათს მაქვს ლოცვა, მოდი და ის ზეთი ვცხოთ-მეთქი. არ დასცალდა. ჩემს შვილთან­ მეგობრობდა. სიცოცხლით ანთებული ბიჭი იყო და ასე გამოგვეცალა. შალვა კაცაძეც სტიქაროსანი იყო, მისი და, დედა თეოდორა, მონაზონია. შალვა მგალობელი იყო. ბოლო დროს ხშირად ვერ მოდიოდა ტაძარში და რომ დამინახავდა, სულ ამბობდა, მოვალ, ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროო. ზაურიც ძალიან კარგი­ ბიჭი იყო. ბიძაშვილები იყვნენ, კაცაძეების ერთი შტოდან მოდიან.

ტრაილერის მძღოლს შორიდან დაუნახავს, მანქანა როგორ გადავიდა საპირისპირო მხარეს, მათი BMW ტრაილერს საბურავებში შეუვარდა. წინ ისხდნენ შალვა და ზაური, საშინლად დასახიჩრებულები იყვნენ, უკან გიგი ყოფილა. ჯოჯოხეთის ღამე იყო, მთელი სოფელი ფეხზე იდგა, ძლივს ვაკავებდით მათ მშობლებს. დილის 5 საათზე სამი ცხედარი შემოასვენეს სოფელში. მერე გიგი თბილისში წაასვენეს და სამების ტაძრიდან დაკრძალეს. არავის გვინდა ამის დაჯერება, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით".

თეა ხურცილავა
BMW
29 აგვისტო 2016 21:23
Faqti ramdeni unda moxdrs. Nela iaret. Exla vwerot miagebos da natelshi amyofoso ramdenic gvinda...mokvdnen vegar gavacocxlebt. Sanam cocxlebi xart sxvebmac gaitvaliswinet gijebivit Rom dafrinavt.
Mari
29 აგვისტო 2016 15:47
Rogor zrdit mSoblebo am biwebs.arapers aswavliT?sul qarTvelebi.daukvirdiT.sxva erebi pativs swemen sicocxles da apaseben.
niniko
28 აგვისტო 2016 21:46
სჰემი რაიონის საამაყო სჰვილებო,ტამამად სჰემიზლია ესე ვტქვა ტქვენზე ბიჯებო.გული მეწვის,სული მტკივა ეს რა სასჰინელება ხდება??? უფალო გაანატლე მატი სულები.ვაი ტქვენი მსჰობლების სიცოცხლეს....

რედაქტორის რჩევით