"ამ ტრაგედიაში იკვეთება ინსტრუქტორისა და მისი ხელმძღვანელების ბრალი" - კვირის პალიტრა

"ამ ტრაგედიაში იკვეთება ინსტრუქტორისა და მისი ხელმძღვანელების ბრალი"

"ყველაზე მეტად მაინც ის მიკვირს, ტივტივადობის ღილაკს რატომ არ დააჭირეს ხელი?!"

"ისიც მაფიქრებს, ბიჭები ასე უცებ როგორ გაითიშნენ?"

კვლავაც გაურკვეველია რამდენიმე დღის წინ, შავ ზღვაში ორი ქართველი ჯარისკაცის დაკარგვის ზუსტი მიზეზები. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, კაპრალმა, იაგო შარაძემ და პირველი კლასის რიგითმა, გიორგი ნანეტაშვილმა, გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს ზღვაში ჩაყვინთვის შემდეგ ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს. დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც ნატოს დანაყოფი და საჭირო პერსონალით დაკომპლექტებული თურქეთის საზღვაო ძალების სამძებრო ხომალდი ჩაერთნენ. მიმდინარეობს გამოძიება.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის, სერგო ძაგნიძის განმარტებით, სწავლებისას წყალში იმყოფებოდნენ ოთხი კურსანტი და ორი ინსტრუქტორი. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის, დიმიტრი კიკნაძის პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის განკუთვნილი მიმართვის თანახმად, წყლიდან სწრაფად ამოსვლის გამო პრობლემა შეექმნათ გადარჩენილ კურსანტებსაც, მათ ჰქონდათ ღებინება და შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენა.

ერთ-ერთი დაკარგულის, იაგო შარაძის დედის, ელენე შარაძის თქმით, იაგომ ტრაგედიამდე რამდენიმე დღის წინ დაასრულა ყურის ანთებაზე მკურნალობა. ანთება ყვინთვების დროს დამართია და ერთი კვირა მკურნალობდა. მკურნალობის დასრულების შემდეგ ორჯერ ჩასულა წყალში, მესამე ჯერზე კი ეს უბედურება დაემართა."

პროფესიონალი მყვინთავი დავით ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ თუ კურსანტს ყურის ანთება ახალი გადატანილი ჰქონდა, შეცდომა იყო მისი წყალში ჩაშვება.

- მყვინთავის, თანაც სიღრმეზე ჩამსვლელის ჯანმრთელობა სიღრმისეულად უნდა მოწმდებოდეს წყალში ჩასვლის წინ. კურსანტს ალბათ, წყალში ტკივილი დაეწყო.

ჩემი ინფორმაციით, ჯარისკაცები 30 მეტრზე იყვნენ ჩასული. ეს მანძილი არაფერია გამოცდილისთვის, გამოუცდელისთვის კი სარისკოა. ყვინთვის დროს ადამიანი იღებს უზარმაზარ დატვირთვას, რომელსაც სპეცრაზმელებს კიდევ უფრო უზრდიან სპეციალური დავალებებით. 20, 25, 30 მეტრს რომ გავცდებით, ირთვება ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: დეკომპრესიული და აზოტის ნარკოზი (თრობა). ამოსვლასაც მკაცრი წესები აქვს და მისი დამრღვევი მყვინთავი დიდ ხიფათში იგდებს თავს. შესაძლოა, დეკომპრესიაც აიკიდოს - ამ დროს სისხლში ჟანგბადი იკლებს და აზოტი იმატებს.

თუ ადამიანი შეჩვეული არ არის სიღრმეს, აზოტით სიმთვრალის შემთხვევაში არაადეკვატური ხდება, ვერ აზროვნებს, ითიშება, ეძინება...

ამოსვლისას ნელ-ნელა უნდა ამოვიდეთ, რომ ჟანგბადი გაწონასწორდეს. შესაძლოა, ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი დეკომპრესიაც იყო. თუ წყალში ღრმად მყოფნი მძიმე ვარჯიშებს აკეთებდნენ და დასაშვებზე უფრო მეტხანს მოუწიათ ყოფნამ, კიდევ უფრო უნდა შეენელებინათ ამოსვლა. რა მანძილზე რამდენ ხანს შეგიძლია დაჰყო და როგორ დაბრუნდე უკან, ამას კომპიუტერი გიჩვენებს. გაუმართლებელია წყალში ჩაყვინთვა წყლის კომპიუტერისა და საათის გარეშე. ითქვა, ჯარისკაცები პანიკაში ჩავარდნენო. ამ დროს მყვინთავი გონივრულ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, სწრაფად ამოდის და შესაძლოა, დეკომპრესია დაემართოს.

- გადარჩენილებს შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენა ჰქონდათო.

- შესაძლოა, ყურის აპკი გაუსკდათ, ან ორივე სასუნთქი გზის ბაროტრავმა მიიღეს.

- კიდევ რა მიზეზზე შეიძლება ყურადღების გამახვილება?

- შესაძლოა ტექნიკური პრობლემა ჰქონდათ. ჩვენი მყვინთავები, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ისე სამაშველო სამსახურები, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არიან სათანადოდ აღჭურვილები. 30 მ სიღრმეზე, მით უფრო შავ ზღვაში, ცივი წყლები შემოედინება, რაზეც ყველა აღჭურვილობა არ არის ადაპტირებული. შესაბამისად, იწყება სასუნთქი აპარატიდან ჰაერის ინტენსიური მოწოდება. გამოუცდელ მყვინთავს ეს აბნევს და შესაძლოა, იმდენი წყალი გადაყლაპოს, რომ დაიხრჩოს.

აპარატურა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მყვინთავები იყენებენ, შესაძლოა ადაპტირებულია +10 გრადუსზე და ამის გამო ქვემოთ მუშაობა უჭირთ. ამ ტიპის ტექნიკური პრობლემისთვის მოუმზადებელი ადამიანი საკუთარ სარეზერვო ან პარტნიორის სარეზერვო აპარატზე ინტენსიური სუნთქვის დაწყებას დროულად ვერ ახერხებს.

- როგორც ითქვა, ინსტრუქტორს მხოლოდ ერთი რეგულატორი ჰქონდა.

- შესაძლოა, კურსანტებს რუსული აღჭურვილობა ჰქონდათ, სწორედ მას არა აქვს სარეზერვო რეგულატორი. ევროპული და ნატოს სტანდარტებით, გამორიცხული და დაუშვებელია, სარეზერვო აპარატურის გარეშე დიდ სიღრმეში მყვინთავის გაშვება. ამ ტრაგედიაში პირდაპირ იკვეთება ინსტრუქტორისა და მისი ხელმძღვანელების ბრალი. ხშირად ინსტრუქტორებიც, სამაშველო სამსახურების უფროსებიც თავიანთ ხელმძღვანელებს ეუბნებიან, რომ მაშველს თუ ჯარისკაცს არა აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, მაგრამ მათ არავინ უსმენს, ფული ენანებათ იმისათვის, რაც ადამიანების უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.

ბიჭებს საშუალო დონის სამედიცინო მხარდაჭერაც კი არა აქვთ. დეკომპრესიული დაავადება რომ აიკიდონ, ვერავინ უმკურნალებს, რადგან დეკომპრესიული კამერები და კვალიფიციური სპეციალისტები არა გვყავს. ესეც უხეში დარღვევაა, რაც უშუალოდ სახელმწიფოს, ხელისუფლების ბრალია.

ვიცით, რა ტიპის აღჭურვილობა ეცვათ? ამასაც, ხომ იცით, როგორ ყიდულობენ? აცხადებენ სულელურ ტენდერებს, სადაც იმარჯვებს არა ის, ვინც ხარისხიან პროდუქციას მიაწოდებს, არამედ ის, ვინც იაფად ყიდულობს უვარგის აღჭურვილობას.

ალბათ, ასე ხდება თავდაცვის სამინისტროშიც. ნატოს არჩეული ჰყავს სულ ორი-სამი წყალქვეშა ეკიპირების მწარმოებელი კომპანია, რომლებმაც ძალიან დიდი კონკურენცია და ტესტირება უნდა გაიარონ, რომ ნატოს აღჭურვილობა მიაწოდონ. ასეთი სტანდარტები უნდა ჰქონდეთ საქართველოს თავდაცვისა და შს სამინისტროებსაც.

რამდენი უნდა გაუბედურდეს, რომ ხელისუფლებამ და თავდაცვის იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოსმენა და პროფესიონალიზმის ფასი ისწავლონ? საინფორმაციო გამოშვებებში ერთ-ერთი დაღუპულის დედა ჩიოდა, თოკი არ ჩაუბიათ და იმიტომ მოხდა ეს ტრაგედიაო. 16 წელია ყვინთვას ვასწავლი, მაგრამ თოკს არ ვიყენებ, არც არავინ დამხრჩობია, რადგან თანამედროვე აღჭურვილობა და სწავლების სისტემა ისე არის აწყობილი, რომ აკვალანგისტებს თოკები და ჯაჭვები არ სჭირდებათ.

- თუნდაც წყალში მდგომარეობა გაუარესებოდათ, მყვინთავის ჟილეტები სპეციფიკურია და შეიძლება ღილაკის საშუალებით მისი გაბერვა და მყვინთავის წყლის ზედაპირზე ამოგდება. მეტიც, ინსტრუქტორმა, რომელმაც თურმე ხუთ მეტრამდე ამოიყვანა მომაკვდავი, რატომღაც თვითონ არ დააჭირა ხელი ღილაკს...

- რა თქმა უნდა, ტივტივადობის ღილაკის გამოყენება შეიძლებოდა და წყლის ზედაპირზე ამოაგდებდა. ისიც მაფიქრებს, ბიჭები ასე უცებ როგორ გაითიშნენ?

- ორივე ერთდროულად გაითიშებოდა?

- გაუგებარი სწორედ ეგ ამბავია. გამოუცდელებიც რომ ყოფილიყვნენ, თუ ბარომეტრი აჩვენებდა, რომ ჰაერი ცოტა ჰქონდათ, უნდა მოესწროთ ამოსვლა. თუ აპირებდნენ, მაგრამ სპეცრაზმის წვრთნის პირობებიდან გამომდინარე დააძალეს გაჩერება, სხვა საქმეა.

თუ ხარისხიანი აღჭურვილობა არ ჰქონდათ, არ გააჩნდათ ჰაერის, სიმაღლის და ჟანგბადის საზომი, არ ჰქონდათ წყლის კომპიუტერები, არ გაუვლიათ სრულფასოვანი თეორიული წვრთნა, თუ ხუთ მეტრ სიმაღლეზე არ ელოდებოდათ სათადარიგო ჟანგბადის ბალონი, თუ იმაზე მეტხანს გაჩერდნენ წყალში, ვიდრე დასაშვები იყო, ზემოთ კი არ ელოდებოდათ სათანადო სამედიცინო დახმარებით აღჭურვილი გემი, მით უფრო დეკომპრესიული ბაროკამერა, არც ექიმი, გასაკვირი არ არის ის შედეგი, რაც მიიღეს. ეს არის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ბრალი, რადგან სპეცრაზმი არ უზრუნველყვეს საჭირო ტექნიკური და სამედიცინო მომსახურებით.

- თითოეულთან ერთად ინსტრუქტორი არ უნდა ყოფილიყო?

- ეს არ არის აუცილებელი. მთავარია, ყველას ჰქონდეს ევროპული და ნატოს სტანდარტის ეკიპირება და ვარჯიშის საკმარისი დრო. ამასთან, შეჩვეული უნდა იყვნენ დაბალ სიღრმეზე ყვინთვას, რომ ღრმად დაშვების უფლება მიეცეთ.

გასათვალისწინებელია იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა შემთხვევაში ექიმის გარეშე არავის არ უნდა დართო ვარჯიშის ნება. შესაძლოა, ადამიანს წინადღეს წამალი ჰქონდეს დალეული. ხმელეთზე ის წამალი პრობლემას არ ქმნის, მაგრამ სიღრმეზე უარყოფითად მოქმედებს. თუ სპეცრაზმელი წინადღეს შეუძლოდ იყო, არ არის სასურველი, ზღვაში გაუშვა და მძიმე დავალების შესრულება დააკისრო. ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს და როგორც ჩანს, იმ ბიჭებმა ზღვარი ვერ გადალახეს. ყველაზე მეტად მაინც ის მიკვირს, ტივტივადობის ღილაკს რატომ არ დააჭირეს ხელი?!

"საქართველოში მყვინთავების მომზადება შეწყდება, სანამ..."

სამხედრო პოლიციის უფროსის, სერგო ძაგნიძის განცხადებით, კურსანტების დაკარგვის დღეს არც ქარიშხალი ყოფილა და ყველა პირობა იყო მშვიდობიანი წვრთნისთვის.

- მათ მიერ განვლილი მომზადება საფუძველს იძლეოდა, რომ ჩაეყვინთათ. სანამ აღჭურვილობას არ ვიპოვით, დეტალებზე ლაპარაკი არ შეიძლება.

- რას ნიშნავს, სანამ არ იპოვით? ბაზიდან რა აღჭურვილობა გაიტანეს, არ იცით?

- კი, ვიცი, სტანდარტული იყო(?!).

- წყალში გასვლამდე კურსანტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა არსებობს?

- დასკვნა პირობითია, კომისიურ წესს ნიშნავს. თუ რამე ჩივილები გაქვს, ეუბნები ექიმს, რა თქმა უნდა, მოწმდება ყველაფერი, იწერება და ამაზე ექიმია პასუხისმგებელი. ჯანმრთელობის პრობლემები არც ერთს არც უღიარებია და ექიმსაც არ აქვს დაფიქსირებული. ერთ-ერთის მამა გაიძახოდა, ყურის ანთება ჰქონდაო. ყურის ანთება თუ ჰქონდა, იტყოდა და არ ჩაუშვებდნენ.

- მოხსენებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ინსტრუქტორს მხოლოდ ერთი რეგულატორი ჰქონდა.

- აბა, რამდენი უნდა ჰქონოდა? დეტალებსა და გამოძიების დასადგენ თემებში შევდივართ და რამდენად სწორია, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ?

- უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ნიშნები იყო თუ არა?

- ეგ სამართლებრივი შეფასების საკითხია. პრესტიჟის საკითხია, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. მეტიც, ასეთი წვრთნები ვეღარ ჩატარდება, საქართველოში მყვინთავების მომზადება შეწყდება, სანამ ამ საკითხში ბოლომდე არ გავერკვევით.

ეკა ლომიძე