"ყველა ამბობს, მაგ პოლიციელს არავინ დაიჭერს, კალაძე მფარველობსო"
29-08-2016
"ყველა ამბობს, მაგ პოლიციელს არავინ დაიჭერს, კალაძე მფარველობსო"
"ჩემი ხელით გავთხრი შვილის საფლავს და მის ცხედარს პოლიციელის სახლთან მივიტან"

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - საკუთარ ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. წერილში, რომელიც დატოვა, წერია, რომ მას პოლიციელი­ გოდერძი თევზაძე დაემუქრა, ისეთი დანაშაულის დაბრალებით, რომელიც არ ჩაუდენია, თუ არ მიაწვდიდა ინფორმაციას, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა...

ნონა ჯოჯუა, გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა:
- სანამ თევზაძე თავისუფალია, ჩემი შვილის ექსპერტიზა შეიძლება გააყალბონ. ყველა ამბობს, მაგას
არავინ დაიჭერს, კალაძე მფარველობსო.

- მეორე პოლიციელიც ახსენეთ, რომელიც თევზაძესთან ერთად იმ ღამით ფარულად მოვიდა თქვენს ეზოში გვამის შესამოწმებლად...

- გოდერძი თევზაძე ჩვენებაში ახსენებს­ პოლიციელ დავით ქოიავას. ორივე ღამის 2 საათზე მოვიდა. ქოიავა ზემოთ არ ამოს­ულა,­ თევზაძე ამოვიდა. თევზაძეს ვკითხე, ღამის 2 საათზე რატომ მოხვედი
ჩემს ოჯახში-მეთქი და მიპასუხა, დემურმა დამირეკა და მითხრა, საქმე მაქვს, ამოდიო. რა საქმე-მეთქი და, ამას ვერ გეტყვიო. შეიძლება ჩემმა შვილმა უთხრა, რასაც აპირებდა, ის კი ამოვიდა, შეამოწმა, ნახა ხეზე ჩამო­კიდებული, გაიარა­ და წავიდა. ალბათ, უნდოდა, დარწმუნებულიყო, მართლა მოიკლა თუ არა თავი ჩემმა შვილმა.

- კიდევ რას წერს ჩვენებაში თევზაძე?

- მიცვალებულს ქურდობას აბრალ­ებს, მის დაჭერას­ ვაპირებდი და იმიტომ მოიკლა თავიო. ჩემი შვილის მეგობარი საჯავახოში მანქანამ გაიტანა... დემური ერთი კვირა ღამეებს­ უთევდა. მერე დაიკარგა მიცვალებულის ტელეფონი. თევზაძემ დემურს დააბრალა ქურდობა, უთქვამს, უნდა დამეჭირაო. ამბობს, არ მიც­ემიაო, არადა, მობილურით გადაღებული ფოტოები გვაქვს,­ სადაც ჩანს, რომ ნაცემია.

თევზაძე ისე დადის, ვითომ არაფერი მომხდარა. უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, ხომ დასჯიდნენ? რადგან მფარველი­ ჰყავს, ხელშეუხებელი უნდა იყოს?

მოწმე ოლეგ თავაძე ჩემი შვილის თვითმკვლელობამდე­ 15 დღით ადრე თევზაძეს­ უცემია. რამდენი ხალხი ჰყავს გამწარებული იმ გარეწარს! გოდერძიმ ორჯერ მიუგზავნა ოლეგს ნათესავები და შეუთვალა, სხვის საქმეში ნუ ჩაერევი, გაჩუმდიო. მეშინია, იმ ბიჭსაც არაფერი მოსწიონ. თუ არ დააკავებენ თევზაძეს, ჩემი ხელით გავთხრი შვილის საფლავს და მის ცხედარს გოდერძის სახლთან მივიტან. არ მოვისვენებ, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დააკავებენ.

"კვირის პალიტრა" ტელეფონით დაუკავშირდა გოდერძი თევზაძეს, რომელმაც ჩვენს კითხვებს ერთადერთი პასუხი გასცა:
- პროკურატურა გაარკვევს ყველაფერს.­


ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით