"არ სცოდნია, რომ მოუკლავს. რომ უთხრეს, მოკალიო, გაგიჟებულა"
29-08-2016
"არ სცოდნია, რომ მოუკლავს. რომ უთხრეს, მოკალიო, გაგიჟებულა"
სამწუხაროდ, დღე არ გადის მკვლელობების გარეშე. მორიგი დანაშაული ქობულეთში მოხდა. 21 წლის აჩიკო ტოტორაშვილმა თანატოლი, 22 წლის ნოდარ გოგიტიძე მოკლა და სამი კაცი დაჭრა. მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია, როგორც ირკვევა, მან მოჩხუბრების გაშველება სცადა. მირიან ნოღაიდელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ახლოს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილთან, ხმაური გაიგონა და იქ ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორი ცდილობდა ტოტორაშვილის შეჩერებას,­ რა დროსაც ხელში დაჭრეს. ტრაგედია რესტორანში ბიჭებს შორის დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა და
ქუჩაში გაგრძელდა...

დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილი დატოვა ტოტორაშვილმა, მაგრამ მისი დაკავება ძალოვანებს არ გასჭირვებიათ - სოფელ აჭიშში აიყვანეს. ირკვევა, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის უთანხმოება დიდი ხანია გრძელდებოდა.

"ორივე ახალგაზრდას კარგად ვიცნობ. ნოდარ გოგიტიძე სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. ცუდს ვერც დაკავებულზე ვიტყვი - აჩიკოც
კარგი ახალგაზრდაა. აქ ყველამ იცის, რომ დიდი ხანია, მათ შორის რაღაც გარჩევები იყო. ბიჭებს გადაუწყვეტიათ, ისინი შეერიგებინათ და ამისთვის შეკრებილან... სუფრა იშლებოდა, რომ უცებ ჩხუბი­ დაწყებულა და აჩიკო მაგრად უცემიათ, ამიტომაც ამოუღია დანა, გიჟივით იქნევდაო. ამბობენ, მასაც აქვს დაზიანებები­ და ძალადობის კვალიც ეტყობაო. არ სცოდნია, რომ "ბომბორა" (ნოდარ გოგიტიძის მეტსახელი) მოუკლავს. რომ უთხრეს, მოკალიო, გაგიჟებულა. საშინელებაა, უმნიშვნელო კონფლიქტს შეეწირა ეს ლამაზი ბიჭი და აჩიკომაც საუკეთესო წლები ციხეში უნდა გაატაროს", - ამბობს მათი მეზობელი.

ნია, 20 წლის, თვითმხილველი:
- რამდენჯერმე მოხდა ბიჭებს შორის შეკამათება­ და გარეთ გავიდნენ. ჩოჩქოლი ატყდა, უცებ ვიღაც შემოვარდა, ხელები სისხლიანი ჰქონდა, გარეთ ბიჭები დაჭრესო... ერთი ბიჭი გაიძახოდა, დანით ჩხუბი კაცობად არ მიმაჩნიაო... ერთი ძალიან დასისხლიანებული იყო. თურმე პატრულის თანამშრომელი ყოფილა. ხელი სისხლიანი ჰქონდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. მძიმედ დაჭრილის მეგობარი ღრიალებდა, გეხვეწები, "ბომბორ", არ მოკვდეო.

ნარგიზ რომანაძე, ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი:

- ნოდარი ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო, ზრდილი ახალგაზრდა. ტრაგიკული­ ოჯახია, შარშან მამა გულის შეტევით გარდაეცვალა, ავარიაში დაეღუპა ბიძა და ახლა ეს ტრაგედია დაატყდა ოჯახს...

თეა ხურცილავა
lia
06 სექტემბერი 2016 12:02
გაიჟებულა კი არა, ციხიდან აღარ უნდა გამოუშვა ეს ნაგავი!
მარი
05 სექტემბერი 2016 15:32
როგორ გააუბრალოებენ ყველაფერს! ისიც კაი ბიჭი, ესეც! დანა გაუქნევია, მეტი არაფერი! იყო კაცი და აღარ არის! დღეს ტირის დანის მომქნევი, მკვლელსო ვერ ვიტყვი,შეიძლება ჩამქოლონ, ვის არ მოსვლიაო?--შეიბრალებენ ზოგიერთები. ხვალ აღარავის გაახსენდება არც მკვლელი და არც მოკლული, უბედური მშობლების გარდა...
მარო
05 სექტემბერი 2016 15:29
როგორ გააუბრალოებენ ყველაფერს! ისიც კაი ბიჭი, ესეც! დანა გაუქნევია, მეტი არაფერი! იყო კაცი და აღარ არის! დღეს ტირის დანის მომქნევი, მკვლელსო ვერ ვიტყვი,შეიძლება ჩამქოლონ, ვის არ მოსვლიაო?--შეიბრალებენ ზოგიერთები. ხვალ აღარავის გაახსენდება არც მკვლელი და არც მოკლული, უბედური მშობლების გარდა...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები