"ის კაცი უნდა ჩამოვიდეს..." - სკანდალური ფარული ჩანაწერები (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ის კაცი უნდა ჩამოვიდეს..." - სკანდალური ფარული ჩანაწერები (ექსკლუზივი)

ტერაქტის საქმე - რას წერს ჩვენებაში კონტრდაზვერვის ინფორმატორი და რას აცხადებენ დაკავებულები

ფარული ჩანაწერიდან: გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო... მთავარია, გააკეთოთ, ფული და რესურსი არ მოგაკლდებათო... ის კი დიდი ხანია მიწაში დამარხულია და დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, ალბათ, მის გამოშრობას. ნესტი არ ჰქონდეს შეპარული ან რამე, ყველაფერი არის, ორი მეშოკია. ახლა მონახაზს გავაკეთებ, მერე უნდა წავიდე და ამოვიღო...

ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირი პატიმრობაში რჩება. მათთან ერთად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წაყენებული - გამოძიების მტკიცებით, იგი ტერორისტულ ჯგუფს გეგმის განხორციელებაში ეხმარებოდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ირაკლი ბაღიშვილიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოში სერიოზული ტერორისტული აქტი აღიკვეთა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს 5 მოქალაქე (ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნუკრი ჭკადუა) სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა.

"ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში გაემგზავრნენ იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად. ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე. წ. უემკაზე მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. ვეზედეს მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. სამალავში აღმოჩნდა დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინიდან, მისი პერსონალური კომპიუტერიდან, ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ", - აცხადებენ სუს-ში.

"მივხვდი, იარაღზე ჰქონდა საუბარი"

ნუკრი ჭკადუას ჩვენებიდან:

- ბექა ბექაურს 6-7 წელია ვიცნობ და ვმეგობრობთ. ბოლო სამი თვე არ მინახავს. 19 აგვისტოს დამირეკა და მთხოვა, ჩავსულიყავი ეზოში... მთხოვა, მეორე დღეს გავყოლოდი ხევსურეთისკენ მანქანით. მაღალი გამავლობის მანქანა "ინფინიტი" მყავს და გავყევი. არ დაუკონკრეტებია, რა საქმეზე მიდიოდა. დილით რვის ნახევრისთვის გავედით ვარკეთილიდან. ჩაასხა ბენზინი და სასტუმრო "მეტეხთან" ჩაისვა მეგობარი, სახელად ჯაბა, მას არ ვიცნობდი. სამნი გავემგზავრეთ, გზად სოფელ ჭოპორტთან ვიღაცის სახლიდან ითხოვა ბარი. დავინტერესდი, რისთვის სჭირდებოდა. მიპასუხა, რაღაცა მაქვს გადასაადგილებელიო. მივხვდი, იარაღზე ჰქონდა საუბარი, მაგრამ იარაღი არ უხსენებია. მეც არ ჩავეძიე, ჩარგლის გადასახვევიდან რამდენიმე კილომეტრში ბექამ მთხოვა, გადამეხვია ტყის მიმართულებით. მერე მანქანა გავაჩერეთ, მთხოვა, დავლოდებოდი და თვითონ ჯაბასთან ერთად წავიდა... დაახლოებით 40 წუთში ბექა და ჯაბა მოვიდნენ. ზურგჩანთა და ბარი ჩადეს საბარგულში... მაშინვე დაგვადგნენ პოლიციელები და დაგვაკავეს. ბექას ზურგჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერებები, თუ არ ვცდები, ტროტილი აღმოჩნდა.

ბექას პოლიტიკაზე საუბარი ძალიან უყვარდა, მაგრამ თუ რამის აფეთქებას აპირებდა და ტერორისტული მიზნები ამოძრავებდა, მსგავსი არასოდეს გამიგია...

"კაცი ცოცხალ-მკვდარი იყო და ჩვენება მისცა?"

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა დაკავებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა. ჯაბა მელქაძე და ბექა ბექაური სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს. ბექა ბექაურს თავის ქალა ისე ჰქონდა გატეხილი, ოპერაციაც დასჭირდა. ის სასამართლო პროცესზე არ მიუყვანიათ, მხოლოდ მისი განცხადება წაიკითხეს, სადაც პროცესზე მისვლაზე უარს აცხადებს. ამ გარემოებას საეჭვოდ მიიჩნევს ირაკლი ბაღიშვილის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი:

- ტერორისტია ბექაური, შოვინისტი თუ კაცთმოძულე, უნდა დააკავო ადამიანურად. ისეა ნაცემი, რომ ოპერაცია დასჭირდა. დააწერინეს განცხადება, პროცესზე დასწრება არ მსურსო. ეს იმიტომ, რომ ჟურნალისტებს არ ენახათ ასე სასტიკად ნაცემი პატიმარი. კონდახებით ნაცემი კაცის ჩვენების სანდოობაზე ლაპარაკი ზედმეტია. კაცი ცოცხალ-მკვდარი იყო და ჩვენება მისცა? როცა თავში ჩაარტყეს და გათიშეს, ალბათ, მერე დაუმტვრიეს თითები. ამ ტკივილის ფონზე მიცემული ჩვენების გაზიარება ხომ შეუძლებელია. ჩვენი ძალოვანები ველურ მოპყრობას ვერ გადაეჩვივნენ.

"რატომ მჭირდებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ მოცემულ ეტაპზე"

ბექაურის ყოფილი ადვოკატი მაია ჭრელაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ მის დასაცავს აღიარებითი ჩვენება ჰქონდა მიცემული და ტერორისტული აქტის დაგეგმვას აღიარებდა, თუმცა, ასეთი ჩვენება საქმეში არ მოიპოვება. ბექა ბექაურის დეიდამ უნდობლობა გამოუცხადა ადვოკატ ჭრელაშვილს და მისი აცილება მოითხოვა. ოჯახი მიიჩნევს, რომ ადვოკატი შეგზავნილი იყო. თავად ჭრელაშვილმაც განაცხადა, რომ მისმა კოლეგამ დაურეკა და საქმეში ჩართვა სთხოვა... ამჟამად ბექაურს ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე იცავს. მისი თქმით, ტერაქტის შესახებ გამოძიებაში არ არსებობს არანაირი აღიარებითი ჩვენება.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ბექა ბექაურის დაკითხვის ოქმი.

ბექა ბექაურის ჩვენება:

"2016 წლის 20 აგვისტოს მე, ჯაბა მელქაძესთან და ნუკრი ჭკადუასთან ერთად ამ უკანასკნელის ჯიპით თბილისიდან გავემგზავრეთ შატილის მიმართულებით. ჩემი იქ ჩასვლის მიზეზი იყო, ჯაბასთან ერთად ამომეთხარა ჟინვალ-შატილის საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მიწაში ჩამარხული ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობა. მოვძებნე იარაღისა და საბრძოლო მასალის სამარხი. ბარით ამოვთხარე ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები და 3 ცალი ავტომატი, რომელიც დათვალიერების შემდეგ ისევ დავმარხე. ასაფეთქებელი ნივთიერებები მოვათავსე პოლიეთილენის პაკეტებში და ჩავდე ზურგჩანთაში. შემდეგ ზურგჩანთა ნუკრი ჭკადუას ავტომანქანაში ჩავდე... ვიდრე მე ვთხრიდი ხსენებულ ნივთებს, ჯაბა მელქაძე ჩემგან შორიახლოს ტრიალებდა, რათა თავიდან აგვეცილებინა გარეშე პირების გამოჩენა. ნუკრი ჭკადუასგან განსხვავებით, ჯაბა მელქაძე სრულად იყო საქმის კურსში... ეს უნდა წამოგვეღო თბილისში. რაც შეეხება ჭკადუას, მან არაფერი იცოდა, ვთხოვე, მეგობრულად გამომყოლოდა არაგვის ხეობაში... არც ის იცოდა, რა იდო ზურგჩანთაში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვებს, თუ რატომ დავაბრუნე უკან სამალავში ავტომატები და ვაზნები, გიპასუხებთ, რომ მათი საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა. დავაკონკრეტებ, მე ის არანაირად არ მჭირდებოდა და პირდაპირ რომ გითხრათ, მოვერიდე მის ტრანსპორტირებას. შესაძლებელი იყო, შევემოწმებინეთ საპატრულო პოლიციას და ისინი ადვილად შეამჩნევდნენ საბარგულში ავტომატებს. ყველა მათგანის დასამალად არც მქონდა გათვალისწინებული ხელჩანთა, არც ის მინდოდა, თავის მანქანაში შეემჩნია ნუკრი ჭკადუას. თუ რატომ მჭირდებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ მოცემულ ეტაპზე. შემიძლია გაჩვენოთ ის ადგილი, საიდანაც ამოვთხარე ასაფეთქებელი ნივთიერებები. დანარჩენი ჩავფალი მიწაში და დავაფარე ბრტყელი ლოდები. ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით და ხელს ვაწერ".

"ერთ სოფელს კირკიტაძის მეგობრები აკაჩავებენ... უკვე დავერია აქვთ დაკარგული, მაგრამ იბრძვიან"

როგორც შევიტყვეთ, დაკავებულებს კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლები დიდხანს უსმენდნენ. საქმეში უამრავი ფარული ჩანაწერია, გაშიფრულია მოსმენები ბინაში და სოციალურ ქსელებში მათი მიმოწერა. ჩვენი ინფორმაციით, მათი თავშეყრის ადგილი იყო ბინა ვარკეთილში, რომელიც მინდია ვაშაყმაძეს ჰქონდა დაქირავებული. იქ მოსმენები კარგა ხანს გრძელდებოდა...

გთავაზობთ ფარული ჩანაწერების ფრაგმენტებს:

"იმათმა უნდა მოგვცენ გრადები და რაღაცები, რომელიც შენახულია. გვეუბნებიან, ჩვენ რაღაც სხვა გეგმებიც გვაქვს, თქვენ რას შვრებით, საერთოდ თუ შეძლებთ ამის განხორციელებასო. რაღაც უნდა გავაკეთოთ. გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო... მთავარია, გააკეთოთ, ფული და რესურსი არ მოგაკლდებათო. ჩვენ ვერ ჩამოვალთ, რადგან დეპორტს გაგვიკეთებენ და გაგვგზავნიან რუსეთშიო... რაღაც სკანდალი უეჭველი იქნება, მაგრამ საზოგადოებაში თუ გინდა, მხარდაჭერა მოიპოვო, ჯერ არ უნდა შეეხო ამათ. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, ერთმანეთს ებრძვიან... მე ასეთი რამის გაკეთება არეულობის პერიოდში მირჩევნია, მაგრამ ის კაცი უნდა ჩამოვიდეს, თუ ეს დროზე გაკეთდა, მაშინ ფულიც ჩამოვა. თუ არადა, მერე ის ბიჭებიც დაიკარგებიან და აქეთ მოგადგებიან, გეტყვის, რატომ დამპირდიო. ჩათვალე, რომ ეს ფული აშკარად ნაჩუქარია, რასაც გინდა, იმას გააკეთებ. გინდა, შენ მოიხმარე, გინდა, ვისაც გინდა, იმას აჩუქე. 17-ში ველოდები, დასავლეთიდან უნდა ჩამოვიდეს ერთი კაცი და ვნახოთ... ის კი დიდი ხანია მიწაში დამარხულია და დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, ალბათ, მის გამოშრობას. ნესტი არ ჰქონდეს შეპარული ან რამე, ყველაფერი არის, ორი მეშოკია. ახლა მონახაზს გავაკეთებ, მერე უნდა წავიდე და ამოვიღო... ფული გვჭირდება ერთ რამეში, რომ ელემენტარულად ტრანსპორტით გადავაადგილდეთ, მერე ყველაფერში ისინი დაგვეხმარებიან. მაგრამ, იცი, საქმე რაშია? დღეს ხელისუფლება ამათ ხელშია, ხვალ "ნაცები" რომ ვერ გავიდნენ, პიზდეცი იქნება კაროჩე. თუ აირია სიტუაცია...

- რას ვერ გავლენ, ბიჭო?

- ხო ველაპარაკე მათ... მოეშვით სირობა პირობებს-მეთქი, პენსიის გაზრდას და რაღაცებზე საუბარს-თქო. ერთ-ერთ სოფელს კირკიტაძის მეგობრები აკაჩავებენ... უკვე დავერია აქვთ დაკარგული, მაგრამ იბრძვიან. კირკიტაძის მოადგილე თუ ვიღაცა არის, ის დამჭირდა და ველაპარაკე, ბაზარი არ არის, მე თვითონაც ვიცი, ბევრი გაიძვერაა ჩვენ გვერდითო. მითხრა, ოცნებაში იმდენი არიან ისეთები, რომ დაიწყება რაღაცები, ამას რეალურად ვუყურებო. მე არც იმას ვლანძღავ და არც ამას, ვიცი, ვინ არის ჭკვიანი და ვინ არაო..."

"ვისგან მოდიოდა შეკვეთა, ამაზე ბექაურმა კონკრეტული პასუხი არ გამცა..."

საქმეში უამრავი ფარული ჩანაწერია, თუმცა იმის გარკვევა, ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან, ძნელია. ჩვენი ინფორმაციით, კონტრდაზვერვას მოსალოდნელ დანაშაულზე ინფორმაცია ერთმა პირმა მიაწოდა, რომელსაც დანაშაულში მონაწილეობა ამ ჯფუფმა შესთავაზა.

ინფორმატორი მოწმის ჩვენების ფრაგმენტი:

"მე "ზებოს" მეშვეობით დავუკავშირდი ბექა ბექაურს. "ზებო" გავიცანი ინტერნეტით, ეხმარებოდა უკრაინაში საომრად ჩასულ ქართველ მეომრებს. მასთან მქონდა მიწერ-მოწერა, ის უკრაინაში გასაგზავნად ბიჭებს აგროვებდა. "ზებოს" პირადად გადავეცი სამი წყვილი სამხედრო ფორმა. როგორც ვიცი, ის იმყოფებოდა უკრაინაში ცნობილი საომარი მოქმედებების დროს... შევხვდი ბექა ბექაურს, მან მითხრა, რომ აპირებდა დივერსიული აქტების განხორციელებას. საქართველოს ტერიტორიაზე თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე-მეთქი? ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დივერსიული აქტის განხორციელებას აპირებდა საქართველოს ტერიტორიაზე დაუსახლებელ პუნქტებში. სოფელ საგურამოსა და სოფელ ჭოპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე ღიად გამავალ გაზსადენზე. შემომთავაზა მის მიერ დაგეგმილ დივერსიაში დახმარება, დაამატა, რომ აფეთქებისთვის საჭირო მასალა ჰქონდა, მის ჯგუფს მოწყობილი აქვს ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სამალავი. ვუთხარი, რომ გამჟღავნების შემთხვევაში შეირაცხებოდა საერთაშორისო ტერორისტად და მიუსჯიდნენ უვადო პატიმრობას. ბექაურმა მიპასუხა, რომ ეს საერთოდ არ აშინებდა და დასახულ მიზანს მაინც განახორციელებდა. ჩემი ვარაუდით, ბექაურმა "ზებოსგან" იცოდა, რომ საინჟინრო საქმიანობაში ვერკვეოდი პროფესიონალურ დონეზე და მქონდა გარკვეული გამოცდილება, ამიტომ მთხოვეს დივერსიის მოწყობაში დახმარება. ბექაურმა მთხოვა, პირადად მენახა მათ მიერ შერჩეული ადგილი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და განმესაზღვრა ადგილი. თავიდან ეჭვი მეპარებოდა მათი მიზნის რეალობაში, მაგრამ დამარწმუნა, რომ ჰქონდა იარაღის სამალავი და რამდენიმე პარტნიორი იყო მის გვერდით, მათ შორის, შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. მისი ვინაობა არ უთქვამს. საუბრის დროს ვკითხე, თუ ვის შეკვეთას ასრულებდა და ვისგან ფინანსდებოდა, ბექაურმა ამ კითხვაზე დაულაგებელი პასუხი გამცა, თუმცა დააკონკრეტა, რომ ელოდებოდა საზღვარგარეთიდან 50.000 დოლარს და როგორც საუბრისას წამოსცდა, სავარაუდოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან. ვისგან მოდიოდა შეკვეთა, ამაზე ბექაურმა კონკრეტული პასუხი არ გამცა... მასთან დაშორების შემდეგ დეტალურად გავაანალიზე და მივხვდი, რომ შეიძლებოდა ეს განხორციელებულიყო და მივმართე კონტრდაზვერვის დეპარტამენტს".

ვინ არის "ზებო"?

მოწმის მიერ დასახელებული "ზებოს" ვინაობა ძალოვანებმა მალე დაადგინეს. ის ვლადიმერ რუხაძე აღმოჩნდა, საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი პირი. რუხაძე ბრალს არ აღიარებს, მეტიც, პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობს.

რუხაძის ადვოკატი ნინო მახარაძე ამბობს, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ იმდენად არაობიექტურია და იმდენად აღშფოთდა ვლადიმერ რუხაძე, რომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა...

"ის მხოლოდ ვირტუალური ქსელის თანამონაწილე იყო"

ლევან მამფორიას ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძეც თავისი დასაცავის უდანაშაულობაში დარწმუნებულია:

- ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება იმისა, რომ მამფორიამ რაიმე იცოდა ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ. მამფორია გაწევრებული იყო "ფეისბუკში" სახელწოდებით "ერთიანი კავკასიის იდეა", სადაც უბრალოდ პოსტებს წერდა და ერთიანი კავკასიის იდეას ემხრობოდა. ის ამ ვირტუალური სოციალური ქსელის თანამონაწილე იყო და მხოლოდ ეს არის მათი კავშირი. არანაირი შეხვედრა ან რაიმეს დაგეგმვა საქმის მასალებიდან არ იკვეთება. რაც შეეხება უკრაინის თემას, უკრაინასა და იქ მყოფ ხალხთან მამფორიას არანაირი კავშირი არა აქვს...

"ბექაური ჯიუტად იმეორებდა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა, თავის საქმეს მაინც გააკეთებდა"

რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ბაღიშვილს, მას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი. ბაღიშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ ბექაურს იცნობდა და, ძირითადად, "ფეისბუკით" ეკონტაქტებოდა.

ირაკლი ბაღიშვილის ჩვენებიდან:

"სხვა მეგობრებთან ერთად კომენტარებს ვაკეთებდით რუსულ აგრესიაზე, დამპლურ პოლიტიკაზე. ბექა ბექაური აქტიურად განიხილავდა და გმობდა ხსენებულ თემებს და მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდა. ვიცოდი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო, მაგრამ სად მსახურობდა, არ ვიცი. ბექამ მომწერა, რომ სურდა ჩემთან შეხვედრა, მიზეზს ვერ მოგწერო. შევხვდი მას ვარკეთილში და მისი ნაცნობის ბინაში გადავედი, მისი ნაცნობის სახელია მინდია. სასწავლებლად არის აჭარიდან ჩამოსული. სხვადასხვა თემაზე ვილაპარაკეთ და მითხრა, რომ ნაცნობმა მას მისცა ერთი ტომარა ცეცხლსასროლი იარაღი და ეს იარაღი დამალული იყო. უნდოდა ამოღება და სხვა ადგილას გადატანა. მთხოვა, ჩემი მანქანით წავყოლოდი. კატეგორიული უარი ვთქვი და ვუთხარი, თვითონაც არ გაკარებოდა ამ იარაღებს, რადგან ეს მძიმე დანაშაულს წარმოადგენს და შესაძლოა მძიმე შედეგით დასრულებულიყო. მას მიეკერებოდა ტერორისტის სახელი. ბექა ბექაური ჯიუტად იმეორებდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, თავის საქმეს მაინც გააკეთებდა".

"გამოიკვეთა ინფორმაცია, რომ მათ კავშირი ჰქონდათ უკრაინასთან"

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა და აღკვეთილია სახიფათო ტერორისტული აქტი:

- წარმოიდგინეთ, ასეთი ტერორისტული აქტი რამხელა დარტყმას მიაყენებდა ტურიზმს, მათ შორის ინვესტორებს, საერთაშორისო ურთიერთობებს. ვფიქრობ, მათ კავშირი არ ჰქონიათ არც "ისლამურ სახელმწიფოსთან" და არც იმ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასოცირდებიან კავკასიასთან. გამოიკვეთა ინფორმაცია, რომ მათ კავშირი ჰქონდათ უკრაინასთან. გამოძიება ამ მიმართულებითაც იმუშავებს და ამ კითხვასაც გაეცემა პასუხი...

"თუ უკრაინასთან კავშირების საკითხი დადგა, მაშინ კვალი სააკაშვილთან მიდის!"

სუს-ში იმასაც აცხადებენ, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთი პირი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, ჯერჯერობით, დაუდგენელია, იმართებოდა თუ არა ეს ჯგუფი უკრაინიდან. სუს-ში დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. ჩვენ ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილთან ვცადეთ ამის გარკვევა:

- თუ უკრაინასთან კავშირების საკითხი დადგა, მაშინ კვალი სააკაშვილთან მიდის, ეს უნდა გაირკვეს. ჯერ მასალებში არ ჩანს, ვინ იდგა ამის უკან. ბრალში წერია, რომ საზღვარგარეთ კავშირებზეა საუბარი, მაგრამ დაკონკრეტებული არ არის.

მინდია ვაშაყმაძე

დაკავებულთა შორის ორი "კავკასიური ალიანსის" წევრია. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, 2016 წლის აპრილში დაფუძნდა. "კავკასიური ალიანსის" თავმჯდომარე, 23 წლის მინდია ვაშაყმაძეა, რომელიც აღმსარებლობით მუსლიმანია. ვაშაყმაძე ეკომიგრანტის ოჯახში, წალკის რაიონის სოფელ გუმბათში დაიბადა. ის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, თბილისში, ნაქირავებში ცხოვრობდა და განათლება თურქეთშიც ჰქონდა მიღებული.

ბექა ბექაური

"კავკასიური ალიანსის" დამფუძნებელი და ამასთან, გამგეობის წევრია 26 წლის ბექა ბექაური. დამთავრებული აქვს საგარეჯოს რაიონის სოფელი მანავის საჯარო სკოლა. მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს თბილისში. 2013 წლამდე მსახურობდა კონტრაქტის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროში. არის დაზვერვის დაგეგმარების სერჟანტი. სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია "ადილ მინდი თაუს კავკასიისთვის" სახელით.

ლევან მამფორია

1977 წელს დაბადებული ლევან მამფორია საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, 2002 წლიდან შს სამინისტროს ორგანოებში მუშაობს.

ირაკლი ბაღიშვილი, ვლადიმერ რუხაძე

35 წლის ირაკლი ბაღიშვილი გალის რაიონის სოფელ მუხურიდან დევნილია. სამშენებლო სამუშაოებზე მუშად მუშაობდა. თბილისში, ზღვის დასახლებაში ცხოვრობს. ის ვლადიმერ რუხაძესთან ერთად, უკრაინაში მებრძოლ "ქართულ ლეგიონთან" დაახლოებულ პირად სახელდება.

ნუკრი ჭკადუა

ნუკრი ჭკადუა მესტიაში დაბადებული და გაზრდილია. ის ბექა ბექაურის მეზობლად ცხოვრობს ვარკეთილში.

"უკრაინაში "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი ნადირაძე წერს: "ჩვენები დაიჭირესო"...

ტერაქტის შესაძლო დამკვეთის ვინაობასა და დანაშაულის მოტივებს განიხილავენ ექსპერტებიც. ისინი ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ ეს იყო დაკვეთა, მაგრამ ვისი, ამაზე ვერაფერს ამბობენ.

გიორგი თავდგირიძე: - ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ასეთ ქმედებას უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს, ვიდრე სამხედრო ან დივერსიული. საფუძველს მოკლებული არ არის ვერსია, რომ ეს იმ პოლიტიკური ძალის ინტერესებში შედის, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა ამღვრეული წყლის პრინციპით უნდა, რადგან მას არა აქვს საშუალება, ეს დემოკრატიული მეთოდებით გააკეთოს. თუმცა ეს ძალზე მნიშვნელოვანი ბრალდებაა და გარკვევა სჭირდება.

ბესიკ ალადაშვილი: - ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა ამ საქმეში "ისლამური სახელმწიფოს" კვალი იკვეთებოდეს. თუმცა, შესაძლოა, არჩევნების წინ სიტუაციის დაძაბვის მიზნით ეს რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებაც იყოს. თუკი ასეა, ეს პროცესი, ალბათ, გაგრძელდება.

კიდევ ერთ ვერსიაზე შეიძლება ლაპარაკი: შესაძლოა, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ "კუდიანებზე" დაიწყო ნადირობა, რათა ამომრჩევლის თვალში ქულები დაიწეროს, ასეთი რამ დამახასიათებელია პოლიტიკური თამაშებისთვის. სამწუხარო იქნება, თუ აღმოჩნდა, რომ ასეა.

მამუკა არეშიძე: - მნიშვნელოვანია, რომ სპეცსამსახურებმა ასეთი ოპერაცია ჩაატარეს, მაგრამ ბევრი რამე ჯერ არ ვიცით. ჩემი ვარაუდით, ეს მაინც დივერსიაა და არა ტერორიზმი და უცნაურად დაემთხვა იმას, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს ხალხი დაკავშირებული იყო ისლამისტებთან. დივერსია რომ მომხდარიყო, სულ მცირე, ორი კურდღლის მოკვლა მოხდებოდა. პირველი - ხაზი გაესმებოდა საქართველოს ხელისუფლების სისუსტეს, რომ ვერ უზრუნველყო სტრატეგიული გაზსადენის დაცვა. მეორე - საქართველოში არის ისეთი ძლიერი ისლამიზმი, რომ შეეძლო მოეწყო ასეთი აქტი. ეს კი საზოგადოების შეშფოთებას და პანიკას გამოიწვევდა. ამას ემატება ისიც, რომ ერთ-ერთი ჩადიოდა უკრაინაში, იქ ჩასვლა არ არის დანაშაული, მაგრამ ფაქტია, რომ "ქართული ლეგიონის" (რომელიც უკრაინაში იბრძვის), ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნადირაძე წერს: "ჩვენები დაიჭირესო". სიტყვა "ჩვენები" აჩენს კითხვას, ხომ არ იყო ეს ყველაფერი ოდესაში დაგეგმილი? თუმცა, ამას დამტკიცება სჭირდება. სამი დაკავებული ერთი და იმავე ფეისბუკგვერდის - "ერთიანი კავკასიისთვის" - მეგობრები არიან. აჩვენეს დროშებიც, მაგრამ ეს დროშები არ არის კავშირში ხალიფატთან... ამასთან, ერთიანი კავკასიის იდეისთვის მებრძოლთათვის აბსოლუტურად მიუღებელია ისლამი. მუსლიმანი არ ნიშნავს აუცილებლად ტერორისტს და ხალიფატის წევრს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სპეციალურად შერჩეულია მუსლიმი, რათა კვალი იქითკენ წასულიყო და საზოგადოებას ასე ეფიქრა...

ბადრი ნაჭყებია: - იმ ტერორისტული აქტის განსახორციელებად ერთი ადამიანიც საკმარისი იყო... მთავარი შეკითხვაა, ვის აწყობს დესტაბილიზაცია? ფაქტია, არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ხელისუფლებას. საქართველოს გარშემო სერიოზული ძალები და ჯგუფებია, ვისაც დესტაბილიზაცია უნდა. ვიღაცას სურს, არჩევნების წინ გამოიწვიოს არეულობა, რომ მიაღწიოს თუნდაც იმას, რომ საქართველო არ არის შემდგარი სახელმწიფო.

უკრაინასთან კავშირი, პირველ რიგში, ყოფილ ხელისუფლებასთან ასოცირდება და შესაძლოა, კვალიც სააკაშვილის გარემოცვასთან მიდიოდეს. შესაძლოა, ეს იყოს მესამე ძალა რომელსაც უნდა საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს. ვფიქრობ, მესამე ძალის სპეცსამსახურების თამაშია, მაგრამ ვისი, ამის თქმა არ შემიძლია.

თეა ხურცილავა