"ბადუკა ნათობაძე შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან. ციხეში გვიყვებოდა, რომ იმდროინდელ მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა" - კვირის პალიტრა

"ბადუკა ნათობაძე შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან. ციხეში გვიყვებოდა, რომ იმდროინდელ მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა"

ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, კაპიუშონიანი ახალგაზრდა მამაკაცი შავ ჯიპს როგორ მიუახლოვდა და მძღოლის გვერდით მჯდომს ესროლა...

მანქანამ სვლა განაგრძო და ცხვირით თეთრ მანქანას დაეჯახა...

2 სექტემბერს, დღის სამ საათზე, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე სროლა გაისმა - კაპიუშონიანი ახალგაზრდა მამაკაცი შავ ჯიპს მიუახლოვდა, ჯერ მძღოლის გვერდით მჯდომს ესროლა, შემდეგ კი მძღოლს დაახალა რამდენიმე ტყვია და გაიქცა. მოკლული სოსო ჯოხაძე აღმოჩნდა. ჯოხაძესთან ერთად მანქანაში ადვოკატი, 34 წლის ზაქარია ჩიბუხაშვილი იმყოფებოდა, ის გულმკერდის არეში დაიჭრა. ადვოკატს ოპერაციაც ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში სოსო ჯოხაძის ძმა, გიორგიც იჯდა. გიორგი ჯოხაძე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია, ნასამართლები იყო მოკლული სოსო ჯოხაძეც. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა, მაგრამ სოსო ჯოხაძე სომხეთში ცხოვრობდა და საქართველოში ხანგრძლივი დროით ჩამოსვლისგან თავს იკავებდა. ის ცოტა ხნის წინ თბილისში იმიტომ ჩამოვიდა, რომ შვილი შეეძინა. მისი ახლობლების ინფორმაციით, ადვოკატი იმიტომ ეჯდა გვერდით, რომ პოლიციელებთან უთანხმოებისთვის თავი აერიდებინა.

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ოპერატიულად დააკავეს - 35 წლის ბადრი ნათობაძე, მეტსახელად ბადუკა. გავრცელებული ინფორმაციით, ნათობაძეც რამდენჯერმეა ნასამართლები.

სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ნათობაძე ციხეში მოხვედრამდე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას არ ადასტურებენ. ბოლოს ნათობაძემ საპატიმრო 2013 წელს დატოვა, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

"ბადუკა ნათობაძეს სოსო ჯოხაძეზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ამის შემდეგ კიევში უნდა გაფრენილიყო და ბილეთიც ნაყიდი ჰქონდა. მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ რატომ მოხდა ეს ამბავი. ძმებ ჯოხაძეებსა და ნათობაძეს შორის გარკვეული პერიოდის წინ სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ნათობაძე და ძმები ჯოხაძეები ბარში იყვნენ. ბადუკა განგრეულ კაიფში ყოფილა და ძალიან უზრდელად მოქცეულა, ეს არ აპატიეს ძმებმა ჯოხაძეებმა, საცემი იყო და სცემეს. შესაძლოა, ეს გულში ჩაიდო და შური იძია", - ჰყვება ჯოხაძეების ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ყოფილი პატიმარი გია ფაცურია კარგად იცნობს მოკლულსაც და ბრალდებულსაც. ფაცურია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც წინა ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივლა და მოუგო. იგი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორი იყო და სასჯელს 2004 წელს იხდიდა. გია ფაცურია იხსენებს, რომ მასთან ერთად იჯდა ციხეში ბადრი ნათობაძე და სოსო ჯოხაძე.

გია ფაცურია: "ნათობაძე ნარკოდანაშაულისთვის იჯდა, სოსო ჯოხაძე კი რისთვის იხდიდა სასჯელს, არ მახსოვს. ჯოხაძე ძალიან კარგი ადამიანი იყო, კავშირი არასოდეს ჰქონია ნარკოტიკებთან. მის მკვლელობაში ბრალდებული კი ყველანაირ სიბინძურესთან არის დაკავშირებული.

ბადუკა 2004 წელს მარნეულიდან მოდიოდა დიდი ოდენობით ჰეროინით, მაშინ პოლიციისგან გაქცევა სცადა, რამდენიმე საპატრულო მანქანა დაამტვრია. ასეთ დანაშაულზე მაშინ სხვებს 20 წელს ან უვადოს უსჯიდნენ, მაგრამ მას რამდენიმე წელი მიუსაჯეს, იმიტომ, რომ შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან.

ციხეში გვიყვებოდა, რომ იმდროინდელ მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა.

დარწმუნებით ვამბობ, ვაკეში მომხდარი მკვლელობის კვალი წინა ხელისუფლების ზონდერებთან მიდის. სოსო ჯოხაძე ყოველთვის მათი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. მოქალაქე ადვოკატთან ერთად მოძრაობს, იმიტომ, რომ ნებისმიერ პროვოკაციას ელოდება. ეს არ იქნებოდა იმ უბადრუკი ბადუკას ინიციატივა. ვიღაც, ალბათ, რაღაცას დაჰპირდა, თან რაღაცით გამოჭერილი ჰყავდათ. უნდა გაირკვეს, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ბოლო დროს, სად იშოვა იარაღი, ვინ უთხრა სოსოს მარშრუტი...

გავიხსენებ ციხის პერიოდსაც. რუსთავის მეორე ზონაში, 12-ე საკანში, ჩემთან ერთად იჯდა ბადუკა და მითხრა, დავრჩები "პრავერკის" ბოლომდე შენს კამერაში, რო დამწვან, გამაკარცერებენო. ჩემთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები იშვიათად ყოფდნენ ცხვირს. "პრავერკა" რომ გათავდა, ვიღაცამ შემოიხედა, ბადუკა წაიყვანეს და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს კიდეც. ვერავინ დამაჯერებს, რომ იმ მშიშარამ საკუთარი ინიციატივით გაბედა სოსოს მოკვლა. თურმე რამდენიმე დღე სოსოს სახლთან ჩასაფრებული იყო. ვფიქრობ, მოქმედი პოლიციელებიც არიან ამაში გარეული. ალბათ, პერიმეტრსაც აკონტროლებდნენ, შემთხვევით გამვლელ პატრულს ბადუკა რომ არ გაეჩხრიკა. პირველ ყოვლისა, დასადგენია, რომელ პოლიციელებთან "ძმაკაცობდა ბადუკა. ჩემი აზრით, მათ იცოდნენ, რომ სოსოს ბადუკა ნაცემი ჰყავდა და თან ამას სიკვდილივით ეშინოდა ჯოხაძის.

ეტყობა, სერიოზულ "ფაქტზე დაიჭირეს და უთხრეს, წახვალ 20-წლიანზე ან მოგვაშორებ ჯოხაძეს, ჩვენ კი იქ მოგივლით, წამალს, ჭამა-სმას არ მოგაკლებთ, მალეც გამოგიშვებთ და წახვალ შენს ძმაკაცებთან უკრაინაშიო".

"მე კრიმინალებთან არ ვმეგობრობ"

სოსო ჯოხაძის სახელი ფართო საზოგადოებამ 2013 წელს შეიტყო. კერძოდ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სოსო ჯოხაძესთან გადაღებული ფოტოს გამო მაშინ განმარტების გაკეთებაც მოუხდა. ფოტოები "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები მინისტრ წულუკიანს ბრალს კრიმინალებთან მეგობრობაში სდებდნენ. თეა წულუკიანმა განაცხადა: "მე კრიმინალებთან არ ვმეგობრობ... ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, რომელზეც ასახული იყო ჩვენი მონაზვნის სულიერი შვილების შეკრება ჩაის დასალევად. მე დღესაც ვიძიებ," თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა", - ამბობდა წულუკიანი.

ძმები ჯოხაძეები

არსებული ინფორმაციით, ძმები ჯოხაძეები ე.წ. პლეხანოვის საძმოს ლიდერები იყვნენ. გიორგი ჯოხაძე წარსულში ოთხჯერ არის ნასამართლები. ნასამართლებია სოსო ჯოხაძეც. სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, ჯოხაძეების სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. გიორგი ჯოხაძეს სამართალდამცველები სასტუმრო "საქართველოსთან" მომხდარი ინციდენტის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდნენ. მაშინ ორმხრივი სროლის დროს სამი ახალგაზრდა დაიჭრა. ძმების სახელი 2004 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ტრაგედიაშიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, პლეხანოვის და საბურთალოს საძმოებს შორის დაპირისპირების გამო საცურაო აუზთან ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს. 2004 წელს სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ მკვლელობა ჯოხაძეებზე შურისძიების მიზნით მოხდა.

თეა ხურცილავა