გადაჭარბებული სიჩქარე თუ ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა? - კვირის პალიტრა

გადაჭარბებული სიჩქარე თუ ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა?

ნავთლუღის ქუჩიდან მომავალი მგზავრებით სავსე ყვითელი ავტობუსი ჯერ სასტუმროს წინ მდგარ "ოპელს" დაეჯახა და შემდეგ ეზოში შევარდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ კედელი გადმოინგრა, ავტობუსმა "ოპელიც" შიგნით შეიტანა და ეზოში მდგარი რამდენიმე მანქანაც დააზიანა. დაზიანდა სასტუმროს ღობე, ჭიშკარი და მეზობელი სასტუმროს კედელი

ისანში, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "რიჩის" ეზოში სამგზავრო ავტობუსი შევარდა. 18 მგზავრი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს."საბედნიეროდ, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ბევრი კითხვა გააჩინა... ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა თუ მძღოლის დაუდევრობა? - ამ კითხვებს პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაეცემა.

ეს ფოტოები, რომლებიც "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა, შემთხვევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული და მასზე კარგად ჩანს, რა ვითარება იყო სასტუმრო "რიჩის" ეზოში.

თამაზ მახარაშვილი, სასტუმრო "რიჩის" მეპატრონე: "იმ დროს სასტუმროში არ ვიმყოფებოდი. რომ მოვედი, საშინელი სურათი დამხვდა... ნავთლუღის ქუჩიდან მომავალი მგზავრებით სავსე ყვითელი ავტობუსი ჯერ სასტუმროს წინ მდგარ "ოპელს" დაეჯახა და შემდეგ ეზოში შემოვარდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ კედელი გადმოინგრა, ავტობუსმა "ოპელიც" შიგნით შემოიტანა და ეზოში მდგარი რამდენიმე მანქანაც დააზიანა. დაზიანდა სასტუმროს ღობე, ჭიშკარი და მეზობელი სასტუმროს კედელი. ამ ადგილას ცუდი მოსახვევია. თვე არ გავა, ავარია არ მოხდეს. ჩვენი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილებს ხშირად ეჯახებიან დაღმართიდან მომავალი ავტომობილები. დაახლოებით 60 ათას დოლარამდეა ზარალი. არ ვიცი, ამას ვინ ამინაზღაურებს".

არმენ გაბრილიანი სასტუმრო "რიჩის" დაცვის თანამშრომელია. სწორედ იმ დროს, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ეზოში, დაცვის ოთახში იმყოფებოდა: "უცებ აფეთქებისმაგვარი ხმა გავიგონე და ეზოში შემოვარდნილი ყვითელი ავტობუსი დავინახე. საშინელი მტვერი იდგა. მოულოდნელობისა და შიშისგან ფანჯრიდან გადმოვხტი. ავტობუსის ფანჯარაში რომ შევიხედე, ზოგი დასისხლიანებული მგზავრი იატაკზე ეგდო, ზოგიც სკამზე იჯდა. კარს ვერ ვაღებდი, რომ ყველა გამომეყვანა. მერე ბიჭები დამეხმარნენ და კარი გავაღეთ. მძღოლი შოკში იყო, საჭესთან იჯდა და გარეთ არ გადმოდიოდა. ამბობდა, მუხრუჭებმა მიმტყუნაო. როგორც თქვა, 40-ით მოვდიოდიო, მაგრამ ასეთი სიჩქარით ორ კედელს ვერ გაანგრევდა".

თეიმურაზ ესაძე, ავტობუსის მძღოლის, ბორია კალაშნიკოვის ნათესავი: "ბორია ათი წელია საჭესთან ზის და ამ ხნის განმავლობაში მსგავსი რამ არასდროს მოსვლია. გამოცდილი მძღოლია და ამიტომაც მის არაპროფესიონალიზმზე საუბარი არ შეიძლება. ვფიქრობ, ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა ეს უბედურება".

41 წლის ბორია კალაშნიკოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ათი მგზავრის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერთ-ერთს ელენთა იმდენად დაუზიანდა, რომ ამოჰკვეთეს. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს მგზავრები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას? - ამ კითხვით"მიმართა "კვირის პალიტრამ" მოქალაქეებს. გამოკითხული მგზავრების უმეტესობა ყვითელი ავტობუსების გაუმართაობაზე ლაპარაკობს...

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტს არ უტარდება ტექნიკური დათვალიერება. თბილისში უამრავი შავი წერტილია: კახეთის გზატკეცილი, აღმაშენებლის ხეივანი, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, კახეთის გზატკეცილზე 2015 წელს ყველაზე მეტი - 165 ავტოშემთხვევა დაფიქსირდა.

ყვითელი ავტობუსები კი უკვე ექვემდებარება ჩამოწერას, რადგან 1 000 000 კილომეტრზე მეტი აქვთ გავლილი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილიც აუცილებლად მიიჩნევს ისეთი უწყების შექმნას, რომელიც ავტოკატასტროფების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებს დაგეგმავს: "ქვეყანაში არ არსებობს საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე სტრუქტურა, რომელიც დაგეგმავს პრევენციულ ღონისძიებებსა და შეისწავლის ავარიის მიზეზებს. ბევრ ადგილას არასწორად დგას საგზაო ნიშნები, ფაქტობრივად, დაურეგულირებელია გზაჯვარედინზე გადაადგილების წესები, განსაკუთრებით საბურთალოზე. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ანალიტიკური სამსახური, რომელიც მოამზადებს გეგმას და გადასცემს მერიას".

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელძღვანელი მამუკა მუმლაძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პასუხობს და ამბობს, რომ დედაქალაქში ახალი ავტობუსები სექტემბრიდან შემოვა.

ტენდერის შედეგად უკვე შევარჩიეთ 143 გერმანული ავტობუსი. წლის განმავლობაში ნელ-ნელა 50-მდე ავტობუსს შევიძენთ. ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო-სატრანსპორტო სამსახურთან ერთად ვიმუშავებთ მარშრუტების დადგენაზე, დედაქალაქში შემავალი და გამავალი სატრანსპორტო საშუალებების გამართულობაზე.

- როგორ ფიქრობთ, რა არის გახშირებული ავარიების მიზეზი?

- ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება. ყველა ქუჩასა თუ მოსახვევში საგზაო ნიშნებზე დატანილია გადაადგილებისთვის მიზანშეწონილი სიჩქარე. როცა ეს მძღოლს ყურადღების მიღმა რჩება და არ რეაგირებს სიჩქარის შეზღუდვაზე, ვერ იმორჩილებენ საჭეს და ხდება ავტოავარიები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება.

6 თვეში 1802 ავარია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის".

ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის 7 თვეში ეს მაჩვენებელი 3 481 იყო. 7 თვის მონაცემებით, საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 306 და დაშავდა 5314 კაცი. რაც შეეხება დედაქალაქს, 2016 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით თბილისში 1802 საგზაო შემთხვევა მოხდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1624-ს შეადგენდა. შვიდი თვის განმავლობაში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად თბილისში დაიღუპა 54 და დაშავდა 2325 მოქალაქე.

თორნიკე ყაჯრიშვილი