"ჩანს, ბორკილები არ დაადეს და ისიც გაიპარა..." - კვირის პალიტრა

"ჩანს, ბორკილები არ დაადეს და ისიც გაიპარა..."

ოთარ ვარამაშვილი 6-ჯერ ნასამართლევია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა, თუმცა გათავისუფლებიდან 2 კვირაში 6 ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით ისევ დააკავეს

31 აგვისტოს პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიქცა. ის სასჯელს ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში იხდიდა. სპეცდანიშნულების რაზმი ვარამაშვილის კვალს მთელ ქვეყანაში ეძებს. დაკავებული არიან საბადრაგო სამსახურის ცვლის უფროსი და ის თანამშრომლები, რომელთაც პატიმრის ეტაპირება ევალებოდათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვარამაშვილის პროცესი ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებული განკარგულება გახდა, რომელიც პატიმარ ვარამაშვილისთვის ტელეფონით სარგებლობის აკრძალვას გულისხმობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ქურდობაში ბრალდებული პირი საბადრაგო სამსახურს პატიმრის მოსაცდელი ოთახიდან გაეპარა. სპეციალური დანიშნულების რაზმი და საპატრულო პოლიცია თვითმხილველების დახმარებით რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გაქცეულ პატიმარს სასამართლოს შენობის გარეთ ავტომობილი ელოდებოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულმა გაქცევა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში მოახერხა.

"ბრალდებულმა ო.ვ.-მა, რომელიც სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით რუსთავის საქალაქო სასამართლოში იქნა გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ბრალდებულმა სამედიცინო დახმარების გაწევისას სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა", - აცხადებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. ამავე უწყების ინფორმაციით, ოთარ ვარამაშვილს ხანმოკლე პაემანი ბოლოს, მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, დედასთან ჰქონდა.

"რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, სამინისტრომ თავის განცხადებაში აღნიშნა: "ვარამაშვილი ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში კი პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს მსჯავრდადებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში, სწორედ ეს უფლება გამოიყენა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში".

ალექსანდრე კობაიძე, ოთარ ვარამაშვილის ადვოკატი: "ოთარ ვარამაშვილი ქურდობისთვის არის ნასამართლები, რისთვისაც 6 წელი მიუსაჯეს. შემდგომ მას პროკურატურა უკანონო ნივთის და ე. წ. ბრაგას (ციხეში დამზადებული ალკოჰოლური სასმელი) დამზადებაში სდებდა ბრალს, რაზეც სასამართლოში ვდაობდით. ვარამაშვილი თავდაპირველად მე-8, შემდეგ კი მე-6 დაწესებულებაში გადაიყვანეს. არაერთხელ მითხრა, რომ წერილობით მიმართა ეკა ბესელიას, უჩა ნანუაშვილს იმის გამო, რომ საპატიმროში არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ერთხელაც #6 დაწესებულების დირექტორმა გამოსცა განკარგულება, რის საფუძველზეც მას ორი თვის განმავლობაში შეეზღუდა ტელეფონით სარგებლობის უფლება. დაწესებულების ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ პატიმარმა ვარამაშვილმა საკნიდან ერთ-ერთ პატიმარს გადასძახა. პროცესი რუსთავის სასამართლოში მიდიოდა, მაგრამ იმ დღეს გარემოებათა გამო არ ვესწრებოდი. ვიცი, რომ ჩემი დაცვის პირი ბადრაგს გაექცა. როგორც ჩანს, სასწრაფო დახმარების წასვლის შემდეგ მას ხელბორკილები აღარ დაადეს და ამიტომაც მოახერხა გაქცევა. როგორც ამბის შემსწრე პირმა თქვა, მას პლასტილინის ხელყუმბარა მართლაც ჰქონდა. რომ ამბობენ, გაქცევა წინასწარ იყო დაგეგმილიო, ტყუილია, მას გარეთ არავინ ელოდა. ვარამაშვილი არაა შეძლებული, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ამიტომ გაქცევის დაგეგმვა და ვინმეს მოსყიდვა გამორიცხულია, ორი თვის განმავლობაში ოჯახთან ან მეგობრებთან სატელეფონო კავშირი არ ჰქონია. მისი ადგილსამყოფლის შესახებ არც მე და არც მისმა ოჯახმა არაფერი ვიცით".

ასეთივე შემთხვევა მოხდა გასულ წელს გურჯაანშიც - პატიმარი დიმა ხაჩიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაიქცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა ხაჩიაშვილმა გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკებისას 1969 წელს დაბადებული გელა კ. დანით დაჭრა და მიიმალა. დიმა ხაჩიაშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში სოფელ ველისციხეშივე დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 2 თებერვალს დიმა ხაჩიაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. მალე ის ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე დააკავეს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიმართ კი, რომლებიც დაკავებულს ბადრაგირებას უწევდნენ, სამსახურებრივი გულგრილობისთვის საქმე აღიძრა.

დიდი გაქცევები ქართული ციხეებიდან

2000 წლის სექტემბრის ბოლოს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ("რესბალნიციდან") ლოთი ქობალია, გურამ აბსანძე და სხვა პატიმრები (რომელთაც ბრალი ედებოდათ 9 თებერვალს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობაში) გაიქცნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათთან ერთად დრო იხელთეს მკვლელებმა და ყაჩაღებმა (სულ 12 პატიმარი გაიქცა), ზოგიერთ მათგანს განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა, ზოგის სასამართლო კი ის-ის იყო, მიმდინარეობდა. ოფიციალური ცნობის თანახმად, გურამ აბსანძემ (ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი), ლოთი ქობალიასთან და ათ პატიმართან ერთად, 30 მეტრი სიგრძის გვირაბი გათხარა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცა. პატიმრების მეგობრებმა იცოდნენ მათი განზრახვა და ხვრელის ბოლოს ავტომანქანით ელოდებოდნენ. სამართალდამცავებს გაქცეულები სამეგრელოში ეგულებოდათ, სინამდვილეში კი ისინი რაჭაში იმყოფებოდნენ. გაქცეული პატიმრები 2004 წლამდე იძებნებოდნენ.

2003 წლის 1-ელ ივლისს რუსთავის ციხიდან მკვლელობისთვის გასამართლებული 12 პატიმარი გაიქცა. გაქცევის დროს დაცვის ერთი თანამშრომელი დაშავდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრებს გაქცევაში ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი დაეხმარა. მანამდე, სამი დღით ადრე, 27 ივნისს ავჭალის ციხის რვა პატიმარმა მცველი განაიარაღა და გაიქცა.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაქცევების გახშირების მიზეზად პენიტენციარულ სისტემაში ნაჩქარევად გატარებული რეფორმები დაასახელა.

2003 წლის 10 სექტემბერს რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან 129 პატიმარი გაიქცა. როგორც იმხანად ამბობდნენ, გაქცეულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს ფაქტი შესაძლო იყო გინესის რეკორდების წიგნშიც კი აღმოჩენილიყო. რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეული 129 პატიმრიდან 38 საქართველოში განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა კუმისში დააკავეს.

იმავე წლის ივნისში იმავე კოლონიიდან 8 განსაკუთრებით საშიში დამნაშავე გაიქცა, რომელთაგან ოთხს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გავრცელდა ხმა, თითქოს გაქცეულთა შორის უმრავლესობა ყოფილი მხედრიონელი და პოლიციის თანამშრომელი იყო, რაც არ დადასტურდა - რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელს ე.წ. ქურდული "ბომონდი" იხდიდა.

2008 წლის 12 აგვისტოს დააკავეს სად-ის მე-9 დაწესებულებიდან გაქცეული პატიმრები, რომელთა შორის ბათუმელი 32 წლის ნუგზარ თაბაგარი იყო. მისი დაკავების შემდგომ, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ დანაშაულის დაფარვის მიზნით ნუგზარ თაბაგარს მოსთხოვა, გაქცევის ორგანიზება თავის თავზე აეღო, რაზეც თაბაგარმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ გატეხის მიზნით მისი მუდმივი წამება დაიწყო.

2015 წლის 2 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში მდებარე დრანდის ციხიდან 27 პატიმარი გაიქცა, რომელთა შორის ორი ზუგდიდელი იყო. გაქცეულთა შორის იყვნენ სოხუმში მოქმედი ქურდული კლანის წევრები, რომლებიც სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეული პატიმრები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მათთვის იარაღის გადაცემას აპირებდნენ.

რას იხსენებს და დაცვის თანამშრომელი

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრდადებულს სასამართლოს შენობის გარეთ მანქანა ელოდებოდა, უარყოფს ვარამაშვილის მამა. მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარს ოჯახთან და მეგობრებთან კომუნიკაციის უფლება ციხის ადმინისტრაციის მიერ შეზღუდული ჰქონდა.

მეორე ვერსიას, რომლის მიხედვითაც, პატიმარმა გაქცევა თითქოს სასამართლოს საპირფარეშოდან შეძლო, უარყოფენ რუსთავის საქალაქო სასამართლოში. საპირფარეშოს, რომლითაც პატიმრები სარგებლობენ, ფანჯარა საერთოდ არ აქვს.

ოთარ ვარამაშვილის ოჯა-ხის წევრებმა მისი გაქცევის ამბავი სასამართლოს შენობიდან ეზოში გამოსვლისას გაიგეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი აბათილებს პატიმრის გაქცევის გავრცელებულ ვერსიებს და იხსენებს:

- სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პატიმარი ბადრაგებმა ეზოში გაიყვანეს და სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში გადაყვანას უპირებდნენ. მსჯავრდადებული პროცესზე მშვიდად იყო, კარგად იქცეოდა. გაყვანის შემდეგ მე ის აღარ მინახავს, მაგრამ, როგორც მითხრეს, როდესაც პატიმარი ეზოში გაიყვანეს, იგი ბადრაგს დაუსხლტა, მომენტალურად ეზოს ორმეტრიან ბეტონის ღობეზე გადახტა და გაუჩინარდა. შემდეგ ერთი ქალბატონი ჰყვებოდა, რომ გაქცეულმა გზა გადაუჭრა და კორპუსების გავლით გაიქცა. გაქცეული ბოლოს რამდენიმე კაცს სამარშრუტო ტაქსიში უნახავს. მას შემდეგ მისი კვალი ქრება. სხვა არაფერი ვიცი. მთელი რუსთავი გადაჩხრიკეს, მაგრამ, ჯერჯერობით მის კვალს ვერ მიაგნეს.

ნანა ფიცხელაური