"დამნაშავეთა სამყაროს ვებრძოდი და დღეს თავად ვარ ბრალდებული" - კვირის პალიტრა

"დამნაშავეთა სამყაროს ვებრძოდი და დღეს თავად ვარ ბრალდებული"

"ეს ადამიანები ებრძოდნენ დანაშაულს და დღეს ციხეში არიან. დღეს ზეიმობს დამნაშავეთა სამყარო, უზნაძემ მოატყუა პოლიცია და ამით სახელმწიფო ინტერესები ზარალდება"

გიორგი კაჭარავა: "ჩემი შეურაცხყოფაა, რომ დღეს მე თურმე ქრთამისტი ვარ... ბესიკ უზნაძემ ორმაგი თამაში ითამაშა და ჩვენ დაგვაკავეს, ის არის მორფინისტი, ავადმყოფი ადამიანი..."

14 სექტემბერს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა დააკავეს, მასთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა იმავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ ჭელიძე. შს სამინისტრომ ამ ფაქტს ბრიფინგიც მიუძღვნა და განაცხადა, რომ მათთვის წაყენებული ბრალდებაც მძიმეა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა.

გამოძიების მტკიცებით, 16 აგვისტოს იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისთვის მოქალაქე ჯ.ჯ. დააკავეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი ბესიკ უზნაძე მოწმედ ქუთაისში, სამხარეო სამმართველოში დაიბარეს. იქ მას სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა შეხვდა და უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიად განსაზღვრული ოდენობის თანხა მოსთხოვა. გამოძიების ინფორმაციით, კაჭარავას მითითებით ბესიკ უზნაძემ გამომძიებელ ზურაბ ჭელიძეს თანხის ნაწილი - 2.500 დოლარი გადასცა. ორ დღეში ბესიკ უზნაძე ისევ შეხვდა მათ, ამჯერად მას პროკურატურის სახელით დაკავებული ჯ.ჯ-სთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად ოფიციალურად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმის სახით 30.000 ლარი მოსთხოვეს, ხოლო არაოფიციალურად - 20.000 ლარი. გამოძიების მტკიცებით, 14 სექტემბერს კაჭარავა და ჭელიძე მაშინ დააკავეს, როდესაც უზნაძემ მათ თანხის ნაწილი, 10.000 ლარი გადასცა. გამოძიების მტკიცებით, საქმე გამყარებულია აუდიოჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით და, რაც მთავარია, ბესიკ უზნაძე ამხელს მათ დანაშაულში. ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლოზე გაირკვა, რომ ქრთამის აღებასთან ერთად კაჭარავას ბრალი კიდევ რამდენიმე მუხლით ედება, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის, სტეჩკინის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. პროკურატურის მტკიცებით, დაკავებისას მას თან ჰქონდა ეს იარაღი. ამასთან, მისი ავტომანქანიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება, სამუშაო კაბინეტიდან კი გაუფორმებელი ტყვია-წამალი თუ ასაფეთქებელი ნივთიერებები.

არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, ზურაბ ჭელიძემ სასამართლოზე მისი დაკავებისას პროცესუალური უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის დიდხანს გამოკეტილი ჰყავდათ მანქანაში ისე, რომ ბრალი არ წაუყენებიათ. ჭელიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მისი დასაცავი პირის დაკავების საფუძველი არ არსებობდა:

"გირაოს შეფარდების შემთხვევაში ჭელიძე ვალდებულებას აიღებს, რომ თუნდაც ყოველდღე გამოცხადდეს სასამართლოში ან საგამოძიებო უწყებაში. მზად არის დღესვე ჩააბაროს პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია, რაც ქვეყნის დატოვების საფრთხეს გამორიცხავს. ზურაბ ჭელიძე მზადაა, განჩინების საფუძველზე აეკრძალოს საჯარო სამსახურში მუშაობა, მათ შორის ძველ თანამდებობაზე".

ჭელიძე მზად იყო, გირაოდ 25.000 ლარიც გადაეხადა, მაგრამ ადვოკატის შეთავაზება მოსამართლემ არ გაიზიარა.

სასამართლო პროცესზე მეტად საინტერესო დეტალები გაცხადდა. ბBრალდებულების თქმით, ისინი ნარკოდანაშაულის საგამოძიებო ოპერაციას ატარებდნენ მსხვილი ნარკორეალიზატორების გამოსავლენად, თუმცა გისოსებს მიღმა თავად აღმოჩნდნენ.

პროცესის დასრულების შემდეგ რამდენიმე კითხვით გიორგი კაჭარავას ადვოკატ ირმა ჭკადუას მივმართეთ:

"უზნაძე იყო ორმაგი აგენტი, ის თანამშრომლობდა როგორც კაჭარავასთან, ისე სუს-თან. სწორედ ბესიკ უზნაძის უშუალო თანამშრომლობით არის რამდენიმე ნარკორეალიზატორი დაკავებული, კიდევ უნდა აეყვანათ ორი-სამი "ბარიგა" და შემდეგ გასულიყვნენ მსხვილ ნარკორეალიზატორთა ჯგუფზე.

რაც შეეხება 2.300 დოლარსა და ლარებს, ეს თანხა უზნაძეს პოლიციელებმა მისცეს, რადგან მას ჰქონდა ჯ.-ის ვალი და მისი ნდობა რომ მოეპოვებინა, ვალი უნდა დაებრუნებინა. მერე კი შემდეგი პარტია წამოეღო იქიდან... უზნაძის მოთხოვნა იყო, ჯ.-სთან გაფორმებულიყო საპროცესოც და თუ ეს მოხდებოდა, უფრო მსხვილ ბარიგებზე გაიყვანდა. სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც მისთვის ოპერატიული მიზნით ფული მიუციათ, მაგრამ უზნაძეს ის თანხა წამალში დაუხარჯავს. ამიტომ სულ კონტროლის ქვეშ ჰყავდათ, რომ ეს თანხა საქმისთვის გამოეყენებინა.

ვიმედოვნებ, საგამოძიებო ორგანოები გაერკვევიან დეტალებში და არ მისცემენ დამნაშავეთა სამყაროს უფლებას, იზეიმოს. დღეს დამნაშავეები გარეთ არიან და ადამიანი, რომელიც წლებია კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ იბრძვის, აგენტის ჩვენების საფუძველზეა დაკავებული. გიორგი კაჭარავა საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე იყო და სერიოზული დანაშაული უნდა გაეხსნა - უნდა აღმოეფხვრა დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოდინება. ახლა გაჭირდება მათი დაკავება და ფაქტზე დაჭერა. ბრალმდებელმა ისაუბრა, რომ თურმე კიდევ სხვა პოლიციელები არიან დასაკითხი, რომლებიც შესაძლოა კავშირში იყვნენ კაჭარავასთან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულიად პოლიციაა დღეს ეჭვმიტანილი და სახელმწიფო უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას. კაჭარავასა და ჭელიძის დაკავება შეცდომა იყო. ფაქტია, მარჯვენა ხელი რას აკეთებდა, არ იცოდა მარცხენა ხელმა - ეს ფრაზა პროცესზე შემთხვევით არ მითქვამს, აშკარაა, რომ კოორდინირებულად არ მუშაობდნენ პოლიცია და სუს-ი. წინააღმდეგ შემთხვევში უზნაძის ჩვენების საფუძველზე კაჭარავას არ დაიჭერდნენ.

უზნაძემ გააცურა პოლიცია, ის მეტადონის პროგრამაშია, არასანდო წყაროა და მისი ჩვენების საფუძველზე ეს ადამიანები დააკავეს. კაჭარავა ერთ-ერთ ნარკორეალიზატორზე უნდა გასულიყო, რომელსაც მფარველობენ მაღალ ეშელონებში. ფაქტია, ვიღაცამ დაასწრო და დააკავეს კაჭარავა, ამით კი ის ნარკომოვაჭრე გადაურჩა დაჭერას.

რაც შეეხება იმ 10.000 ლარს, რასაც ედავებიან, ეს თანხა მართლაც მიიტანა მათთან უზნაძემ და უთხრა კაჭარავას, შემინახეთ, საპროცესოსთვის მჭირდებაო. კადრებშიც ჩანს კაჭარავას რეაქცია ამ ფაქტზე, - ხომ არ გაგიჟდი, რა ფულიო? - ეკითხება. ის იყო საპროცესოსთვის გადასახდელი თანხა და აბსურდია მტკიცება, რომ ქრთამის გამოძალვაა. ეს ადამიანები ებრძოდნენ დანაშაულს და დღეს ციხეში არიან. დღეს ზეიმობს დამნაშავეთა სამყარო, უზნაძემ მოატყუა პოლიცია და ამით სახელმწიფო ინტერესები ზარალდება."

გიორგი კაჭარავას ჩვენებიდან:

"ამ ადამიანმა ორმაგი თამაში ითამაშა და ჩვენ დაგვაკავეს. ის არის მორფინისტი, ავადმყოფი ადამიანი... როგორც ჩანს, გაბოროტებული იყო იმ კაცზე, რომელიც ქობულეთში დაგვაჭერინა. მას წინადღეს 2.300 დოლარი მივეცით, პლუს ლარები, რომ ემოძრავა. ამბობდა, ჯ.-ს ვალი მაქვსო, მისი ნდობა უნდა მოეპოვებინა და ასე გავსულიყავით დამნაშავეზე. ნარკოტიკი თურქეთიდან მოდიოდა, დაკავებული ჯ.-ის მამა გზავნიდა. აჭარაში "მეტადონის" ძალიან დიდი პარტია ნაწილდებოდა, ერთ ჩამოსვლაზე 100-200 ფირფიტა მოდიოდა დაკავებულ ჯ.-სთან. იEს 2.500 დოლარი ქრთამი არ იყო, ეს თანხა უზნაძეს მე მივეცი. ჩემმა თანამშრომლებმა არც იციან ეს დეტალები, ეს საიდუმლო ინფორმაცია იყო. გვითხრა, ჯ.-ს მამასთან ერთად ვიხდიდი სასჯელს, მამამისს ახლა ჩემზე აქვს ეჭვი და მოკვლით მემუქრებაო. ბევრჯერ უთქვამს, მომკლავსო. ეს უნდა იყოს იმ ჩანაწერებში, განსაკუთრებით ბოლო ჩანაწერებში, სადაც ამბობს, დამეხმარეთ ჯ.-სთვის საპროცესოს გაფორმებაში. იცით, რამხელა გვარია ეს აჭარაში, თუ არ გაფორმდება საპროცესო, ანათემას გადამცემენო. უზნაძესთან ხშირად ვსაუბრობდით, არ მინდა ახლა ამ ყველაფრის გაშიფვრა. მაქსიმალურად ვცდილობდი, არ გამეშიფრა მისი ვინაობა თანამშრომლებთან. ბევრჯერ უთქვამს ჩვენთვის, ფულს მოვიტან, შემინახეთ, რომ არ დამეხარჯოს და წამალში არ გავუშვაო. ისიც გვითხრა, თურქეთში გადავალ, იქ "მეტადონსა" და "კოკაინს" ვიყიდი, შემოვიტან და... (ნარკორეალიზატორი, რომლის დაკავებასაც ადვოკატების ცნობით გეგმავდა კაჭარავა, მის გვარს ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ. - ავტ.) მივყიდი. ის კოკაინისა და "მეტადონის" გარდა, არაფერს იღებს. ფირფიტაში 1.000 დოლარს იხდის და დაგაჭერინებთო. ეს ჩემთვის პროვოცირება იყო და უარი ვუთხარი. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრ რამეზე ჯერ ისევ ჩუმად ვარ. ჩემი შეურაცხყოფაა, რომ დღეს მე თურმე ქრთამისტი ვარ... ეს ტყუილია. მე დამნაშავეთა სამყაროს ვებრძოდი და დღეს თავად ვარ ბრალდებული. რაც შეეხება იარაღებს, პოლიციის პოლკოვნიკი ვარ და არ მსურს ამაზე საუბარი. არც ერთ ბრალდებაში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ".

თეა ხურცილავა