რატომ მოიკლა თავი ისრაელის მოქალაქემ? - კვირის პალიტრა

რატომ მოიკლა თავი ისრაელის მოქალაქემ?

"ვერ გაიგო კაცმა, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა და აღელვებულმა გადაისხა ბენზინი"

გასულ კვირას ხობის ერთ-ერთ სოფელში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა - ისრაელიდან მეუღლესა და შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოსულმა არაბმა, 53 წლის იოსეფ ამარმა, მეუღლის მშობლების სახლის წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მისი გადარჩენა სცადეს, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, მაგრამ...

ამ ფაქტს წინ უსწრებდა ცოლ-ქმრის კონფლიქტი და ამის შესახებ ხობის პოლიციის თანამშრომლებიც ინფორმირებული იყვნენ - სიდედრი მოძალადე სიძისგან ქალიშვილისა და შვილიშვილების დაცვას ითხოვდა, მამაკაცი კი სიდედრს უჩიოდა და შვილების ნახვის უფლებას მოითხოვდა.

საქმეში ჩართული იყვნენ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თანამშრომელი, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკი და შს სამინისტროს თანამშრომელი. ანჟელა და იოსეფი ისრაელში ცხოვრობდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ.

ხათუნა ბეჭვაია, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელი: - კაცი ცოლს სცემდა, ბავშვები ცდილობდნენ, დედა დაეცვათ და მამა მათაც სცემდა. ანჟელას მშობლები ჰყავს სამეგრელოში და მათთან იყვნენ სტუმრად. ანჟელა ამბობს, ბოლო 10 წელი ქმართან ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, მაგრამ შვილების გამო ვიტანდიო. მიუხედავად იმისა, რომ ქალის მშობლების სახლში იყო, ქმარი აქაც სცემდა. ამ ფაქტს სიდედრი შეესწრო და სიძეს ქალიშვილსა და შვილიშვილებთან ურთიერთობა აუკრძალა. ამის გამო სიძემ პოლიციაში იჩივლა... არაბი მოქალაქის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გაიცა, მაგრამ მაინც მიუვარდა ცოლ-შვილს სახლში, მერე კი შვილების თვალწინ ბენზინი გადაისხა.

ანჟელას საქართველოში დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი, ქმარი კი შარიათის კანონით ემუქრებოდა. როგორც ვიცი, მისი ოჯახის წევრებიც ურეკავდნენ ისრაელიდან და მოითხოვდნენ, სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ბავშვებთან ერთად ისრაელში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც ემუქრებოდნენ.

- ამბობენ, ცოლს ჩადრის ტარებას სთხოვდაო.

- ალბათ, სთხოვდა. აქ ქალი, ეტყობა, უფრო თავისუფლად იქცეოდა და ეს ვერ აპატია ქმარმა, მაგრამ კონფლიქტის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ანჟელას აქ დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი, მოახერხა და შვილების სკოლის საბუთები წამოიღო. უფროს გოგონას სკოლა დამთავრებული აქვს და უნდა, უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. პატარებმა ქართული წერა-კითხვა არ იციან, ინგლისურენოვანი სკოლა კი რაიონში არ არის... როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილის ნათესავები არ ჩამოდიან საქართველოში და ერთ-ერთი ფირმა ეხმარება მის ოჯახს მიცვალებულის გადასვენებაში. ანჟელას ისრაელში დარჩა საკუთარი ნივთები, იქ ჩასვლას, ალბათ, ვეღარ შეძლებს, ამიტომ დახმარება სჭირდება. ის ორმაგი მოქალაქეა.

ნანა გვასალია, სოფლის რწმუნებული: - ანჟელა გათხოვებამდე მასწავლებელი იყო. მისი ბავშვები გავიცანი. ჩადრით დადიოდნენ. ანჟელა არ მინახავს და არ ვიცი, ატარებდა თუ არა ჩადრს. ხშირად ჩამოდიოდნენ სოფელში და ყოველთვის ერთად იყვნენ, მოულოდნელი იყო, რაც მოხდა.

ანჟელას მეზობელმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა, აი, რა გვიამბო:

- კაცი ყურადღებიანი, მზრუნველი მამა და ქმარი იყო. პრობლემა ის გახლდათ, რომ ქალი უკან დაბრუნებას არ აპირებდა, მამაკაცი კი იქ საქმიანობდა და არ უნდოდა, ოჯახს დაშორებოდა. ბოლოს სახლში აღარ უშვებდნენ და ჩხუბი მოსვლია ცოლთან. შვილს უცდია გაშველება და ბავშვისთვისაც დაურტყამს... ამის შემდეგ ქალმა მოითხოვა და პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გასცა... მერე სახლშიც აღარ მიუშვეს და გადაირია კაცი, ჩვენი კანონები არ იცოდა და ვერ გაიგო, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა. აღელვებულმა გადაისხა ბენზინი.

ამ დღეებში გარდაცვლილს თავის ქვეყანაში გადაასვენებენ. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, ისინი ბავშვებს სათანადო დახმარებას გაუწევენ.

თეა ხურცილავა