"ნანატრი შვილი იყო ბარბარე. მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა" - ბარბარე რაფალიანცის საქმე - კვირის პალიტრა

"ნანატრი შვილი იყო ბარბარე. მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა" - ბარბარე რაფალიანცის საქმე

"სოფელი დიდხანს ეძებდა პატარას. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. ქვევრს კი ზემოდან ქვა ეფარა"

"ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე"

ოთხი წელი გავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიიდან. 2012 წლის 30 სექტემბერს 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებელი ოთახიდან გაქრა. სოფელი დიდხანს ეძებდა პატარას. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ეფარა. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, მაშინ ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა. ის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო და აცხადებდა, "ნაციონალების" მხარდამჭერები შვილების მოკვლით მემუქრებოდნენო. მეორე დღეს არჩევნები იყო და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი "ნაციონალური მოძრაობის"" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა.

გიორგი ღვინიაშვილი დღემდე ითხოვს ბერიკაშვილის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, გამუდმებით ახსენებს ხელისუფლებას რაფალიანცის გაუხსნელ საქმეს და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამ ტრაგედიის შესახებ უამრავი ვერსია გავრცელდა და ტყუილ-მართალი ისე აირია ერთმანეთში, რომ დღემდე სიმართლის დადგენა ჭირს.

მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ დანაშაულის გასახსნელად ყველაფერი კეთდებოდა, მაგრამ ფაქტები სხვას მეტყველებდა.

ბავშვის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციელებს ტრაგედიის ადგილიც კი არ ჰქონდათ კარგად შესწავლილი. წყლით სავსე ქვევრი სწორედ შვიდი თვის შემდეგ დაცალა ოჯახმა და ქვევრის ფსკერზე ლურჯი წყალგაუმტარი სპორტული ჩანთა და პატარა ნაჭერი იპოვეს, რომლითაც დედა თურმე სახეს წმენდდა პატარას.

ბარბარეს მშობლები დღემდე უშედეგოდ ითხოვენ დანაშაულის გახსნას.

ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ იყო სიახლე ამ საქმეში და დავუკავშირდით ოჯახის ადვოკატს, ლალი ბიწოშვილს, რომელიც "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მუშაობს.

- ისევ ვიცავ ამ ოჯახის ინტერესებს, მაგრამ ახალი არაფერი ვიცი. გამოძიება არ მიმდინარეობს და რა გიპასუხოთ? საქმე წარმოებაშია, ახალი კი არაფერია.

თათია მექერიშვილი, ბარბარეს დედა: - ოთხი წელი გავიდა და დღემდე, როცა გამომძიებელს ვურეკავ, ერთი და იგივე ფრაზა ისმის - ახალი და ხელჩასაჭიდი არაფერია. ათას საქმეს იძიებენ და რით ვერ გამოიძიეს ჩემი შვილის მკვლელობა. რა გახდა ასეთი, რომ საშველი არ ჩანს! ჩამოვდივარ პროკურატურაში და შეხვედრითაც არავინ მხვდება. ან რა აზრი აქვს იქ ჩასვლას, რეაგირება მაინც არ არის.

ახლა, რაკი არჩევნები მოდის, ისევ დავურეკეთ ყველას, ვიფიქრეთ, იქნებ ახლა მაინც ეთქვათ რამე ახალი, მაგრამ არა. გამოვიძიებთ, საქმე დახურული არ არისო. რა მნიშვნელობა აქვს, დაიხურება თუ არა, ჩემთვის მთავარი ხომ შედეგია!

ეს საქმე თაროზეა შემოდებული და ჩვენი გულისტკივილი არავის ადარდებს. ნაადრევი დასკვნები გააკეთეს მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმაც და სხვებმაც. აცხადებდნენ, აუცილებლად გამოვიძიებთო. ოთხი წლის თავზე მაინც იქნებ მითხრან, სად არის მათი დაპირებები?

თბილისში ჩასვლასაც აზრი არა აქვს. მანანა ბერიკაშვილთანაც ვითხოვდით შეხვედრას, მაგრამ შენობაშიც კი არავინ შეგვიშვა, გვითხრეს, არ არისო, არადა, ვიცოდით, რომ იქ იყო. ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, მაგრამ არ გვახვედრებენ. ეს წლები იმაზე ფიქრში გავატარე, რა მოხდა.

ნანატრი შვილი იყო ბარბარე. მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა. გიორგობას საკეისრო კვეთით 8-თვიანი გავაჩინე. ექიმებმა გვითხრეს, თუ სამი დღე გაძლო, გადარჩებაო. ჭამა მაშინვე დაიწყო და გადარჩა.

ძალიან აქტიური ბავშვი იყო და ის დღეს აღარ მყავს. ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე.

თეა ხურცილავა