დათა ახალაია: "მეტი დაკავება გვინდა! მეტი დაკავებული, მეტი პრემია!" - კვირის პალიტრა

დათა ახალაია: "მეტი დაკავება გვინდა! მეტი დაკავებული, მეტი პრემია!"

გასულ კვირას პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის აქამდე უცნობი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრები კუდ-ის ოპერატორმა გადაიღო, სადაც ჩანს, როგორი სისასტიკით უსწორდებიან მომიტინგეებს სპეცრაზმელები, კუდ-ისა და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. დარბევამდე დათა ახალაიამ რუსთაველზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავების ბრძანება გასცა, სანაცვლოდ კი თანამშრომლებს მაღალ პრემიებს დაჰპირდა: "მეტი, მეტი დაკავება გვინდა! სიჩუმე! ვაკავებთ ყველას, მეტი დაკავებული, მეტი პრემია".

პროკურატურის მტკიცებით, პრემიის სახით მხოლოდ კუდ-ის თანამშრომლებზე 900.000 ლარამდე გაიცა. ვანო მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ 13.780 ლარი მიიღო, ვასილ ლელუაშვილმა - 9.000. არც დავით ახალაია დარჩენილა პრემიის გარეშე, მას 6.500 ლარი ერგო, რევაზ შიუკაშვილს - 4.135.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა... მომიტინგეებს პოლიციამ გამიზნულად არ დაუტოვა თავისუფალი გასასვლელი. დაახლოებით 00:10 საათზე, მერაბიშვილის ბრძანებით, მიტინგის დაშლის ოპერაცია დაიწყო. მშვიდობიან მოქალაქეებს რამდენიმე მიმართულებიდან უტევდნენ რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმები. შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, დასახიჩრდა და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250-მა ადამიანმა... ამის შემდეგ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, თვალთმაქცური რეაგირება მოახდინა და დისციპლინური წესით, მოჩვენებითად დაისაჯა სამინისტროს 15 რიგითი თანამშრომელი. დასჯილი პოლიციელებიდან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის, სამი თანამშრომელი ორგანოებიდან სხვა საფუძვლით 26 მაისამდე იყო დათხოვნილი... სპეცოპერაციის მიზანი მომიტინგეების სამაგალითო დასჯა იყო", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალდებულად ცნო კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. ამ საქმეზე მერაბიშვილი უკვე გასამართლდა და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურამ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად დაიბარა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. იგი პროკურატურის ბრალდებებს უკრაინიდან გამოეხმაურა:

"26 მაისთან დაკავშირებით დამკითხეს და მივეცი ამომწურავი ინფორმაცია. ეს კადრები მაშინ მაჩვენეს და ჩემთვის სიახლე არაფერია. დღეს ვმუშაობ უკრაინაში, ნაციონალურ პოლიციაში, ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად, ვარ ძალიან დატვირთული და ჯერ არ მეკუთვნის შვებულება. როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა, ვერ გეტყვით".

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, მასალა აპრილში მოიპოვეს და 16 სექტემბრამდე ექსპერტიზა უტარდებოდა. ვინაიდან ლორთქიფანიძე არ გამოცხადდა, მასაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

დათა ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია ამბობს, რომ ვიდეომასალა დამონტაჟებულია: - ერთ-ერთ საქმეში გააყალბეს ვიდეო. ჩავატარეთ ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მონტაჟი იყო. ამ მულტფილმებით უნდათ წინასაარჩევნოდ ყურადღების გადატანა. სამხარაულის ბიურო ამათი საწარმოა და არა მგონია, იქ აზრი ჰქონდეს ექსპერტიზის ჩატარებას. ჩვენ გამოვაქვეყნებთ დასკვნას, რომ ეს ფირი დამონტაჟებულია.

ამ მოსაზრებას ეთანხმება დათა ახალაიას მეორე ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილიც: - 26 მაისის აქცია იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური, ორგანიზებული რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. მისი მიზანი გახლდათ ხელისუფლების დამხობა. საზოგადოებას კარგად ახსოვს მომიტინგეთა ფორმალური ლიდერის, ნინო ბურჯანაძისა და მისი თანამოაზრეების საუბრის ფარული ჩანაწერები, სადაც განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ თუკი ვითარების რადიკალიზაციით მოხერხდებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, "ეგვიპტური სცენარის" საქართველოში გამეორება დასაშვები იქნებოდა და მათ დასახმარებლად შემოვიდოდა ГРУ-ს სპეცრაზმი. დამზადებული ჰქონდათ "მოლოტოვის კოქტეილები", ხელკეტები... რუსეთის სპეცსამსახურების დამქაშები შეგნებულად ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ძალადობრივი კონფრონტაციის პროვოცირებას, რაც კანონის ფარგლებში აღკვეთა შს სამინისტრომ.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, ამ დანაშაულისთვის დავით ახალაიას ცალკე ასამართლებენ. მიხეილ ბიბილურიძემ განაცხადა, რომ ოქროყანაში 2006 წლის 27 იანვარს კუდ-ის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად იყო და იმ დღეს ახალაიას ბრძანება შესრულდა. ბიბილურიძემ წინა ხელისუფლების პერიოდში ციხეში გატარებული ოთხი წელიც გაიხსენა და აღიარა, რომ სიმართლის დამალვისთვის 100.000 დოლარი მიიღო:

- გირგვლიანის და ბუხაიძის ცემაში დათა ახალაია არ მონაწილეობდა, მაგრამ კუდ-ის თანამშრომლები მისი დავალებით მოქმედებდნენ... სანდრომ გაქცევა მოახერხა. მეორე დღეს გავიგეთ, რომ ხევში გადავარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დათა ახალაიამ კაბინეტში დამიბარა, ციხეში უნდა წავიდეთო. ვკითხე, თქვენც უნდა წამოხვიდეთ-მეთქი? არა, თქვენ უნდა წახვიდეთო. სანაცვლოდ კარგ პირობებს და ფულს დამპირდა. თან მითხრა, რომ წელიწად-ნახევარში შემიწყალებდნენ. თუმცა საქმე რეზონანსული გახდა და შეწყალება გადაიდო.

სკანდალური ჩვენება მისცა ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხულმა მოწმემაც. ამ საქმეში მსჯავრდადებული არიან დათა ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი... ისნის რაიონის უბნის ყოფილი ინსპექტორი ჯონი ჯოხარიძე: - დავინახე, ორი პირი ძირს ეგდო. ერთთან მივიდა ნიღბიანი და საკონტროლო გაისროლა. ეს იყო მაშინდელი კუდ-ის უფროსი ახალაია... მერე გვამებთან მივიდნენ და იარაღი დაუდეს.

"როდესაც სააკაშვილს მიუსჯიან, მაშინ ჩავთვლი, რომ სამართალი აღსრულდა"

18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბიზნესმენისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე განაჩენს გამოუტანს. გამოძიებით დადგინდა, რომ სააკაშვილმა პირადი შურისძიების მოტივით თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა ვალერი გელაშვილისთვის ანგარიშის გასწორება, რაზეც უარი მიიღო. შემდგომ იგივე დავალება შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს მისცა, მან საქმეში სოდ-ის ყოფილი შეფი, ერეკლე კოდუა, და მისი თანამშრომლები ჩართო. 2005 წლის 14 ივლისს სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და სპეცრაზმის მებრძოლებმა მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალერი გელაშვილის ავტომანქანას გზა გადაუჭრეს, თავს დაესხნენ დეპუტატს და იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს.

ვალერი გელაშვილი: - როდესაც სააკაშვილს მიუსჯიან დამსახურებულ სასჯელს, მაშინ ჩავთვლი, რომ სამართალი აღსრულდა. ჩემი მიზანია ბრძანების გამცემი სააკაშვილი დაისაჯოს, შემსრულებლებს კი შეუმსუბუქდეთ სასჯელი. მე პირველი ვიყავი, ვისაც გაუსწორდნენ, ფინანსები გაუყინეს და დაატერორეს. როგორც ბიზნესის წარმომადგენელზე, ასევე პარლამენტის წევრზე, სასტიკი ანგარიშსწორებით დააშინეს როგორც ბიზნესმენები, ასევე პოლიტიკური წრეები, აჩვენეს მათ, თქვენც თუ არ დაგვმორჩილდებით, უარესი მოგივათო. მანამდე, 2003 წელს, სააკაშვილმა შემომითვალა, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან ერთად მიიღე მონაწილეობაო, მაგრამ უარი ვუთხარი და დამოუკიდებლად ვიყარე კენჭი, ვიცოდი, ეს კაცი ფსიქიკურად დაავადებული იყო და ამიტომ...

შევხვდი ამ სპეცრაზმელებს, თქვეს, არ ვიცოდით, რა სპეცოპერაციაზე მივდიოდით, გვითხრეს, ქვეყნის მტერია, შეიარაღებულია, უნდა გაანეიტრალოთო... ამას წინათ, ლიტვის ექსპრეზიდენტ ვალდას ადამკუსს ვესაუბრე. სააკაშვილი ისე იყო ჩემზე დაგეშილი, მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ამიტომ გააფრთხილა ადამკუსმა, გელაშვილებს თუ შეეხები, პასუხს გაგებინებ, ისინი ლიტვის მოქალაქეები არიანო. დღეს თუ ცოცხალი ვარ, ეს ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის დამსახურებაა.

ნანა ფიცხელაური

"არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე ცხონებულ ჟვანიას მკვლელობის საქმეზეც რაიმე მოვისმინოთ"

პროკურატურის განცხადებებში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები. განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა ვიდეომასალების გასაჯაროების შემდეგ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი:

- პროკურორმა ბრძანა, ინფორმაცია აპრილში მივიღეთო, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელი წლის აპრილში. რასაკვირველია, ასეთი სიახლე საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, გამოძიება დასრულდეს, წერტილი დაესვას ამ სადისტურ პროცესს, მაგრამ გვრჩება კითხვა, თავად ყველაზე დაინტერესებული პირები, დასახიჩრებულები, ჭირისუფლები, რატომ არ იყვნენ ინფორმირებული თუნდაც 5 თვით ადრე, რომ ეს კადრები პროკურატურას ჰქონდა?!

ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ ახლა გირგვლიანის საქმეში ჩნდება უცნობი დეტალები. ეს კი უკვე აღიქმება როგორც პროკურატურის წინასაარჩევნო პროდუქტი. არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე რაიმე კიდევ მოვისმინოთ ცხონებულ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზეც. თუ ამ ჩამონათვალში არ გაჟღერდა ეროსი კიწმარიშვილის გვარიც, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი იქნება, რომ ამ საქმის გამოძიება პროკურატურის ინტერესში არ შედის.

- კიწმარიშვილის საქმე ახსენეთ. პროკურატურამ ამ საქმეს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მისცა, ამ აზრს არ იზიარებთ?

- დადგება დრო და პროკურატურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც დღეს ამაყად ლაპარაკობენ კიწმარიშვილის თვითმკვლელობაზე, დიდ ზეწოლაში მოექცევა, რადგან ადრე თუ გვიან სიმართლე აუცილებლად გაცხადდება.

უფრო თეთრი ძაფით არის შეკერილი კაბელების საქმე. იგივე ითქმის რაფალიანცის საქმეზეც, რომელიც მართლმსაჯულების შავი ხვრელია და მიკვირს, რომ აქამდე ცუდი ან კარგი, ან ბოდიში საჯაროდ არ გამოთქმულა. წარმოუდგენელია, რომ ასეთი, ყველას თვალწინ მომხდარი მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია. იმედია, არჩევნების წინ ჩვენი პროკურატურა არ განაცხადებს, უკვე დავადგინეთ კენედის მკვლელობის ყველა დეტალიო.

თეა ხურცილავა