"იმ ღამით მეც მომკლეს, მამი" - კვირის პალიტრა

"იმ ღამით მეც მომკლეს, მამი"

"ასეთი საშიში დამნაშავე და - 10 წელი?"

"მიმტკიცებდნენ, რომ პროკურატურა დაიცავდა ჩვენს უფლებებს, მაგრამ მხოლოდ მკვლელი აღმოჩნდა დაცული"

"ჩემი ძმა რას წარმოიდგენდა, სასიკვდილოდ რომ გაიმეტებდა"

"იმ ღამით მეც მომკლეს, მამი, - დაწერა პატარა ელენე ბერულავამ მოკლული მამის ფოტოზე, - სწორედ ის გღალატობს, ის გირტყამს დანას, ვისგანაც არ ელი... მას შეუძლია, თავის შვილებს მოესიყვარულოს, მაგრამ ჩვენ შენ ვეღარასდროს ჩაგეხუტებით". ელენეს მამა პაატა ბერულავა 30 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში მოკლეს. 35 წლის პაატა ბერულავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მისი თანასოფლელი, 27 წლის გოგა ფიჩხაია დააკავეს.

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გოგა ფიჩხაიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ განაჩენმა მოკლულის ოჯახის წევრები გააღიზიანა. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლომ, ფაქტობრივად, ორი სხდომით დაასრულა საქმის განხილვა ისე, რომ მოწმეებიც კი არ დაუკითხავს.

ხათუნა ბერულავა, მოკლულის და:

- გოგა ფიჩხაიამ ძმა მომიკლა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მკვლელს საკადრისად რომ არ დასჯიდნენ. Aმიმტკიცებდნენ, რომ პროკურატურა დაიცავდა ჩვენს უფლებებს, მაგრამ მხოლოდ მკვლელი აღმოჩნდა დაცული.

ჩემი ძმა სააღდგომოდ სოფელში იყო ჩასული. იმ დღეს მეზობელთან შევიდა, შვილის შეძენა რომ მიელოცა. იქ შეხვდა გოგა ფიჩხაიას, რომელთანაც ადრე უთანხმოება ჰქონდა. ორი წლის წინ ფიჩხაიამ ბიძაჩემს, 80 წლის კაცს სცემა. ჩემმა ძმამ მაშინ უთხრა, ამ ასაკის კაცს ხელი როგორ დაარტყიო. მაშინ იჩხუბეს, მაგრამ მერე შერიგდნენ.

ფიჩხაია საშიში ადამიანია, ბევრი დანაშაული აქვს სოფელში ჩადენილი. რომ დათვრებოდა, ხალხს აწიოკებდა, მაგრამ მაინც დაუსჯელი დადიოდა. ახლაც თურმე ციხიდან უთვლის მეზობლებს, ჩემს წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეთო.

იგი ჩვენი შორეული ნათესავია, ჩვენს ოჯახში გაზრდილია. იმ დღეს ჩემი ძმა და გოგა ფიჩხაია შემთხვევით შეხვდნენ და ჩვეულებრივ მიესალმნენ ერთმანეთს. გოგა ძალიან მთვრალი იყო, პაატას არ დაულევია - ეკლესიაში მიდიოდა. ჩემმა ძმამ შესთავაზა, სახლამდე მიგიყვან, მეც იქით მივდივარო. გზაში ძველი წყენა გაუხსენა გოგამ - იმ კაცის შენ ვინ იყავი, მას შვილი ჰყავდა და შენ რატომ გამირჩიე საქმეო.

ჩემს ძმას უთქვამს, შენთან ურთიერთობა ორი წლის წინ ხომ გავარკვიეო. გოგას გინება დაუწყია, ჩემი ძმისთვის ტანსაცმელი შემოუხევია.

ამ ყველაფრის თვითმხილველია ჩემი დისშვილი, რომელიც პაატას მანქანაში ეჯდა. გოგა იგინებოდა თურმე, ვინც ხელი არ დამარტყასო. მაშინ ჩემს ძმას მანქანა გაუჩერებია და უთქვამს, მანქანიდან გადადიო. ფიჩხაიამ ისევ რომ შეაგინა, თურმე პაატამ გაარტყა, ქუჩაში დატოვა და გზა განაგრძო.

ჩემი დისშვილი ამბობს, პაატა ძალიან ნერვიულობდა, როგორ გამომტყუა ხელიო. შინ რომ დაბრუნდა, ქუჩაში მდგარი ბიჭებისთვის უთქვამს, რაც მოხდა. მათ გაუფრთხილებიათ, ეგ არ გაჩერდება, აუცილებლად მოვა, ფრთხილად იყავი, დანით დადისო. ჩემი ძმა რას წარმოიდგენდა, სასიკვდილოდ რომ გაიმეტებდა.

მართლაც მალე გამოჩნდა უბანში. თურმე მშვიდად გაიყვანა გვერდზე პაატა, წამოდი, ვილაპარაკოთ, შენი ბიძაშვილი თემურიც მოვა და საქმე გავარჩიოთო. ჩემი ბიძაშვილი მისი დეიდაშვილია.

განზე რომ გასულან, პაატას უთქვამს, მოვიდეს თემური და მერე დავილაპარაკოთო, და უკან მობრუნებულა ბიჭებისკენ. ის კი მივარდა, ჯერ სახეში გაარტყა ხელი და მერე დანა გაუყარა. ჩემი ძმა ვერც მიხვდა, რომ დაიჭრა. ეს რა გამიკეთეო და დაჭრილმა ფიჩხაია სცემა. ძალიან ძლიერი იყო, აფხაზეთის მთავრობის პირად დაცვაში მუშაობდა. ნეტავ წევრების მაშინვე თავისთვის ეშველა... თურმე, არტერია ჰქონდა დაზიანებული. საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს, სისხლისგან დაიცალა.

ფიჩხაიას ჩხოროწყუს რაიონის ძალოვან სტრუქტურებში ნათესავები ჰყავს, ამიტომ იქ ჩაჰბარდა. აღიარებს დანაშაულსო, თქვეს, მაგრამ საქმე არც განუხილავთ. ჩვენ პროკურორზე ვიყავით დამოკიდებული, რომელსაც პროცესზე მისთვის კითხვაც კი არ დაუსვამს.

კი, მაგრამ დაზარალებულის უფლებებს არავინ იცავს?

მისი ადვოკატი ცდილობდა, გაემართლებინა ბრალდებული. ამბობდა, მას შვილები ჰყავს და ეს გაითვალისწინეთო. ჩემი ძმისშვილი რომ დაობლდა, ეს არაფერია? ერთადერთი ძმა მომიკლა! მე მაგიჟებს გულგრილობა და უსამართლობა, რაც აქ სუფევს.

სად ვიპოვო სამართალი, რა ვუთხრა დედას, რომელიც ამ განაჩენის შემდეგ ლოგინად ჩავარდა?! მითხარით, ვის მივმართო, სად ვიპოვო სამართალი? ჩემი ძმა რომ მოკლა, მაშინ მძიმე დანაშაულისთვის ოთხი წელი პირობითი ჰქონდა მისჯილი. დამნაშავე ახალ დანაშაულს სჩადის, მიდის სახლში, იღებს დანას, კლავს ადამიანს და ყველაზე მცირე სასჯელს უსჯიან.

ეს არის სამართალი? ასეთი საშიში დამნაშავე და - 10 წელი? განადგურებულები ვართ.

ბრალდებულის ადვოკატის, მარინა მიქავას თქმით, გოგა ფიჩხაია ნანობს ჩადენილს და თავს დამნაშავედ ცნობს.

- ფიჩხაია ადრე ნასამართლევია 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. მას მარიხუანას შეძენა-შენახვაში ედებოდა ბრალი. ოთხი წელი მიუსაჯეს. ორი წელი ჰქონდა მოხდილი, ეს დანაშაული რომ ჩაიდინა. იცით, ალბათ, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ეს მუხლი, მაგრამ ეს არ გავრცელდა ფიჩხაიაზე, რადგან მას 98 გრამის შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. მართალია, მოსამართლეს შეუძლია პირობითი მსჯავრის ვადა ახალ სასჯელს დაუმატოს, მაგრამ მან ეს უფლება არ გამოიყენა და შთანთქმის პრინციპით ფიჩხაიას 10 წელი მიუსაჯა. ეტყობა, დაზარალებული უფრო მძიმე სასჯელს ელოდა და გარდაცვლილის ოჯახის უკმაყოფილება ამან გამოიწვია, მაგრამ 10 წელი არ არის მცირე სასჯელი.

გოგა ფიჩხაია ბრალს აღიარებს და ძალიან ნანობს მომხდარს. მას სასამართლო პროცესებზე დასწრებაც არ სურდა. ამბობდა, რასაც სასამართლო გადაწყვეტს, ის მომისაჯონო. ამბობს, არ მინდა რამის შემსუბუქება, რასაც მომისჯიან, ის იქნებაო.

სასამართლოზე მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა და თქვა, რომ პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდიდა, არ სურდა მტკიცებულებების გამოკვლევა და ამიტომ საქმის განხილვა არ მომხდარა, არ დაკითხულან მოწმეები და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე გამოიტანეს განაჩენი.

- რა იყო მკვლელობის მოტივი, რას ამბობს ბრალდებული?

- წლების წინ გარდაცვლილთან უთანხმოება ჰქონდა. აღდგომის წინადღეებში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს ნათესავის სახლში. სუფრაზე შელაპარაკება არ მომხდარა. გზაზე წამოეწია ბერულავა და მანქანაში ჩაისვა, მე წაგიყვან სახლშიო. გოგა ძალიან ნასვამი ყოფილა და გაუხსენა ძველი ამბავი. გააჩერა პაატა ბერულავამ მანქანა, გადმოსვა, გაარტყა და ქუჩაში დატოვა. როგორ დამარტყესო და გოგა ფიჩხაია ბერულავას სახლისკენ წასულა. ბერულავა ჭიშკართან იყო. ფიჩხაიას გვერდით გაუყვანია და საუბრობდნენ. როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ. მერე ამოიღო დანა და მუცელში გაუყარა. სამწუხაროდ, არტერია გადაეჭრა და პაატა ბერულავა ძლიერი სისხლდენით გარდაიცვალა. როგორც კი გოგა ფიჩხაიამ მისი გარდაცვალება გაიგო, პოლიციას ჩაჰბარდა. თვითონაც ნაცემი იყო და მისი ავადმყოფობის ისტორიაც დაერთო საქმეს.

ამ ტრაგედიის შემდეგ გოგა ფიჩხაიას ოჯახი აიძულეს, სოფლიდან წასულიყო. მისი ცოლი და შვილები მეუღლის მშობლებთან ცხოვრობენ, ნათესავთან არიან შეხიზნული გოგას მშობლებიც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ილია ჯალაღანიას თქმით, სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდება:

- მართალია, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, გავასაჩივროთ ეს განაჩენი და უფრო მკაცრი სასჯელი მოვითხოვოთ.

თეა ხურცილავა