"ამ ტრაგედიამდე მეუღლე დასიზმრებია.­ გულში მიკრავდაო, უთქვამს" - კვირის პალიტრა

"ამ ტრაგედიამდე მეუღლე დასიზმრებია.­ გულში მიკრავდაო, უთქვამს"

"იმდენი წინააღმდეგობა გადალახა რომ დედა გამხდარიყო და ტრაგედიით დასრულდა ყველაფერი"

"27 იანვარს, ნინოობას, გაჩნდა პატარა ნინიკო. დედა ძალიან ბედნიერი იყო, შეხაროდა თავის შვილს"

გასულ კვირას თბილისიდან ფოთისკენ მიმავალი ავტომანქანა "მერსედესი" კოპიტნართან ტრაილერს შეეჯახა. მანქანაში მყოფი ოთხივე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის - 8 თვის ნინო გოგატიშვილი, რომელიც დედას კალთაში ეჯდა.

იმ საბედისწერო დღეს მედეა რურუა და მისი ნანატრი ქალიშვილი ტელეკომპანია "იმედის" შუადღის გადაცემაში იყვნენ მიწვეული. მთელმა საქართველომ მოისმინა ახალგაზრდა ქალის მონათხრობი, მეუღლის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ხელოვნური განაყოფიერებით როგორ გააჩინა შვილი გარდაცვლილი მეუღლისგან. როგორც გაირკვა, წყვილი მეუღლის გარდაცვალებამდე ცდილობდა შვილის გაჩენას რეპროდუქტოლოგების დახმარებით და საჭირო მასალაც კლინიკაში ინახებოდა, რომელიც მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ გამოიყენეს.

ქალბატონ მედეას სტუდიაში მეგობარი ნინო ქერქაძე ახლდა. გადაცემის დასრულების შემდეგ ყველანი ერთად ფოთში ბრუნდებოდნენ და სწორედ ამ დროს მოხდა ტრაგედია. მათთან ერთად გარდაიცვალა მძღოლი ალექსანდრე ედილაშვილიც.

მედეა რურუა ფოთის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი იყო.

ნონა ჟვანია, სკოლის დირექტორი: - მედეა რამდენიმე წლის წინ მოვიყვანე ჩვენს სკოლაში. ვიცოდი, კარგი პედაგოგი იყო. თითოეული ჩვენგანის უახლოესი ადამიანი გახდა. მათემატიკა ყველა მოსწავლეს შეაყვარა. ენერგიული იყო, სიცოცხლის მოყვარული. დათო გოგატიშვილთან ძალიან ბედნიერი ოჯახი შექმნა. მალე დაფეხმძიმდა, თუმცა მისი პატარა ვერ გადაარჩინეს. მერე ხელოვნური განაყოფიერებით დაფეხმძიმდა, მაგრამ მოულოდნელად მეუღლე გულის შეტევით გარდაეცვალა და მუცელი ისევ მოეშალა. ძალიან უნდოდა, დედა გამხდარიყო და ამის შემდეგაც ყველაფერს აკეთებდა ამისთვის.

27 იანვარს, ნინოობას, გაჩნდა ნინიკო. ძალიან ბედნიერი იყო. შეხაროდა თავის შვილს.

- იცოდით, რომ თბილისში მიდიოდა?

- ვიცოდით, რომ ტელევიზიამ მიიწვია. ამ ტრაგედიამდე მეუღლე დასიზმრებია. გულში მიკრავდაო, უთქვამს თანამშრომლისთვის. იმ დღეს მასწავლებლის დღე აღინიშნებოდა ფოთში. მედიკოს წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიანიჭეს. მისი სიგელი თანამშრომლებს გვაქვს, ვერ მოვასწარით, გადაგვეცა.

იმ დღეს ტელეეთერით მთელ საქართველოს გააცნო თავისი ნინიკო, გულღიად ისაუბრა თავის ცხოვრებაზე. 4-ის ნახევარზე დავურეკე და ვუთხარი, ძალიან კარგი იყო-მეთქი. მითხრა, მალე ჩამოვალ, გზაში ვარ და თქვენთან მოსვლას მოვასწრებო. საღამოს 8 საათის შემდეგ შევიტყვეთ ეს საშინელი ამბავი, რომელმაც მთელი ფოთი შეძრა. ვერ წარმოიდგენთ, რა სიჩუმეა სკოლაში. ასეთი სიჩუმე არასოდეს ყოფილა.

მედეა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ერთი პერიოდი მონასტერშიც იყო. მას ისე უნდოდა დედა გამხდარიყო, იმდენი წინააღმდეგობა გადალახა და ასე დასრულდა ყველაფერი.

ნინო ქერქაძე და მედეა რურუა კარის მეზობლები იყვნენ. ნინო მედიკოს შვილის გაზრდაში ეხმარებოდა და სულ იმას ამბობდა, ნინიკო ჩემი მესამე შვილიაო. ნინო ქერქაძეს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

მანანა კილასონია, ნინოს მეგობარი: "ჩვენი შვილები ერთად დადიან სკოლაში. დღე არ გავიდოდა, ერთმანეთი არ გვენახა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე იყო. სადაც მიდიოდა, ყველგან სიცოცხლის ხალისი მიჰქონდა. სულ ნინიკოზე ლაპარაკობდა. შვილივით უყვარდა".

"კვირის პალიტრის" რედაქცია თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.

თეა ხურცილავა