"როგორ გადავეყარე თაღლით ტაქსის მძღოლს" - კვირის პალიტრა

"როგორ გადავეყარე თაღლით ტაქსის მძღოლს"

ზურა ძეგველიშვილი: "დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი ეძინა და დანარჩენ დროს ტაქსისტობდა, რომ შვილის ოპერაციისთვის თანხა შეეგროვებინა"

ბოლო ორი დღეა, ჩემი სამეგობრო სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" აქტიურად აზიარებდა Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას. ბოლოს და ბოლოს, მოვიცალე მეც და წავიკითხე. ტექსტში "ფეისბუკის" მომხმარებელი ზურა ძეგველიშვილი თბილისში მომხდარ მეტად ამაღელვებელ ამბავს ჰყვებოდა:

"თამარ მეფეზე,"თი-ბი-სი"ბანკთან, გაჩერდა ტაქსი, საიდანაც 40-45 წლამდე, საშუალო სიმაღლის, სასიამოვნო გარეგნობის ქალი გადმოვიდა და ბანკომატთან მივიდა. გადავწყვიტე, ამავე ტაქსის გავყოლოდი, მაგრამ ტაქსისტმა ბოდიშის მოხდით მითხრა, რომ იმ ქალბატონს ელოდებოდა. მეც მორჩილად სხვა ტაქსის გასაჩერებლად მოვემზადე. ამ დროს დაბრუნდა ქალი, ტაქსისტს რაღაც კონვერტი გაუწოდა და ქუჩა გადაჭრა. ტაქსისტი ძალიან დაბნეული იყო, გახსნა კონვერტი და უცებ ცრემლები წასკდა, მანქანა შუაგზაზე მიატოვა და იმ მიმართულებით გაიქცა, საითაც ის ქალბატონი წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა. ძლივს სუნთქავდა, თან იცინოდა და თან ცრემლები მოსდიოდა. მეც დავიბენი, ვიფიქრე, რამე უჭირდა და დახმარება შევთავაზე. კონვერტი გახსნა და შიგნით ჩამახედა. დიდი თანხა იდო.

აღმოჩნდა, რომ ტაქსისტს კობა ერქვა, ხოლო იმ ქალმა შემთხვევით მისი საუბარი მოისმინა ტელეფონზე, სადაც კობა თავისი შვილის ოპერაციაზე ლაპარაკობდა. ამ ოპერაციაზე იყო დამოკიდებული, მისი შვილი გაივლიდა ფეხზე თუ - არა. აღარც ბინა ჰქონდა, რომ გაეყიდა, სესხსაც აღარ აძლევდნენ. დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი ეძინა და დანარჩენ დროს ტაქსისტობდა, რომ შვილის ოპერაციისთვის თანხა შეეგროვებინა. კონვერტში ჩადებული თანხა ოპერაციისთვის საკმარისი იყო. იმ ქალს ვეღარსად მივაკვლიეთ, ვერც სახელი გავიგეთ, ვერც - ტელეფონის ნომერი. კობამ სახლში წამომიყვანა. მთელი გზა თან ცრემლები მოსდიოდა და თან იცინოდა. მთელი სხეულით კანკალებდა. სახლთან რომ მომიყვანა, ფული გავუწოდე. არაფრის დიდებით არ გამომართვა. ტაქსის ნიშანი ჩამოხსნა მანქანას და პირდაპირ საავადმყოფოსკენ წავიდა.

კობას 5 წლის შვილი მალე ფეხზე გაივლის!"

ამაღელვებელი ისტორიაა, ნებისმიერ ადამიანს გულს რომ შეუტოკებს... მაგრამ მე ამ ამბავმა შემაფიქრიანა. საქმე ის არის, რომ ტაქსის მძღოლიც, რომლის ფოტოც ზურა ძეგველიშვილმა გამოაქვეყნა (ჩვენ ფოტოს შეგნებულად არ ვაქვეყნებთ, რათა აღნიშნული ტაქსის მძღოლის ოჯახმა დამატებითი სტრესი არ გადაიტანოს. - რედ.) და ეს ამბავიც მეცნობოდა...

მოკლედ, სამი თვის წინ სამსახურიდან დაღლილი გამოვედი, პეკინზე ტაქსი გავაჩერე და ჩამჯდარი არ ვიყავი, მძღოლმა ტელეფონზე ლაპარაკი დაიწყო. ვიღაცას უხსნიდა, რა ცუდად ჰყავდა შვილი და როგორ ძალიან სჭირდებოდა სულ რაღაც 300 ლარი. მოჰყვა მთელ თავის ისტორიას, როგორ გაყიდა სახლიც და მანქანაც ბავშვის გადასარჩენად და ამ 300 ლარს რა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა... ჩერდებოდა, ემშვიდობებოდა იმ ვიღაცას, მერე ისევ ხელახლა რეკავდა. ძალიან შევწუხდი. ისეთი განცდით ლაპარაკობდა, ლამის ტიროდა. ისიც კი მომერიდა, მეკითხა, რა სჭირდა მის შვილს. თემქაზე გზის გაგნება გაუჭირდა და ამიხსნა, ტაქსიზე სულ მეორედ ვზივარ, ბავშვის გამო მეგობარს ვთხოვე მანქანა და იძულებული ვარ, ვიტაქსავოო. ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ რაც მქონდა, დავუტოვე. ჰოდა, ამიტომაც მეცნო ეს კაცი, ამბავიც დაწვრილებით გამახსენდა, რადგან კარგა ხანს გამომყვა დარდი ადამიანზე, რომელიც შვილის გადასარჩენად იბრძოდა.

მერე Ambebi.ge-ზე ამ მასალის კომენტარებს გადავხედე და არაერთი ადამიანის ტექსტში ამოვიცანი ის, რაც მეც მოვისმინე სამი თვის წინ...

ვნახე ერთი მომხმარებლის კომენტარიც, რომ ეს კაცი მისი ყოფილი სიძეა და ჰყავს სრულიად ჯანმრთელი და კარგი ბიჭი, ღმერთმა კარგად უმყოფოს!

ეს ყველაფერი დამეწერა თუ არა, კარგა ხანს ვიფიქრე. საქმე ის არის, რომ უცნობი ქალის სიკეთით ძალიან ბევრი იყო აღფრთოვანებული და სიმართლის გაგებით ბევრს ეტკინებოდა გული, თანაც ეს ამბავი ჩვენში ისედაც გაქრობის პირას მისულ ურთიერთნდობას უფრო გააფერმკრთალებდა, ადამიანებს კი სიკეთის კეთების სურვილს დაუკარგავდა, მაგრამ, ვფიქრობ, ლამაზ ტყუილს მწარე სიმართლე სჯობია და თანაც, სიკეთის კეთებას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან ჩვენი გაკეთებული სიკეთე, უპირველესად, ჩვენ გვეხმარება. იმ ქალბატონის ჩადენილ კეთილ საქმეს კი ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს.

მოკლედ, ეს კაცი, სავარაუდოდ, პროფესიონალი თაღლითია, ამიტომ მაინც ფრთხილად იყავით!

ნათია დოლიძე