"მათი შემდეგი სამიზნე სანდრა რულოვსი, დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი არიან" - ვინ დაგეგმა თარგამაძის მანქანის აფეთქება?! - კვირის პალიტრა

"მათი შემდეგი სამიზნე სანდრა რულოვსი, დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი არიან" - ვინ დაგეგმა თარგამაძის მანქანის აფეთქება?!

"ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი უკრაინაში, სააკაშვილმა დაგეგმა"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია", - შს მინისტრის მოადგილემ ეს ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როდესაც გლდანსა და კრწანისში ეჭვმიტანილების სახლები იჩხრიკებოდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უწყება საქმეში სამი პირის მონაწილეობას განიხილავს: მიხეილ ჩარგეიშვილის, ბორის ჩაგუნავასა და დარჩო ხეჩუაშვილის. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა სამივე მათგანის წარსული საქმიანობის შესახებ.

მიხეილ ჩარგეიშვილი 2005-2010 წლებში შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ფარული მეთვალყურეობისა და დადგენის მთავარი სამმართველოს უფროს ინსპექტორად (მზვერავი) მუშაობდა, 2010-2012 წლებში - შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ქვეგანყოფილების უფროსი, 2012-2013 წლებში კი შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის უფროსი ინსპექტორი იყო.

ბორის ჩაგუნავა 1997-1998 წლებში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმ "დელტას", 1999 წელს კი შსს-ს ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს მებრძოლი გახლდათ. 2000 წელს ის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოში ოფიცრად გადაიყვანეს, 2000-2002 წლებში ანტიტერორისტული ცენტრის ოფიცრად მუშაობდა, 2004 წელს კი სწრაფი რეაგირების შენაერთის ოფიცრად დააწინაურეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფიქსირდება უკრაინასთან დარჩო ხეჩუაშვილის სავარაუდო კავშირი. ის 2008 წლის მარტიდან 2012 წლის სექტემბრამდე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალურ ოპერატიულ მთავარ სამმართველოში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, ერთ-ერთი ინფორმაციით, 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე კი უკრაინაში იმყოფებოდა. გამოძიება უკრაინაში მისი ვიზიტის მიზეზებს არკვევს.

რა კავშირი აქვს ამ სამ პირს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან, იყო თუ არა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება პირადი მოტივით განპირობებული თუ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, თავად "ნაცმოძრაობის" წევრები ამ საკითხზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ, გამოძიებას კი უნდობლობას უცხადებენ. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არჩევნების წინადღეს ჩატარებული სპეცოპერაცია მხოლოდ წინასაარჩევნო პიარის ნაწილი იყო: "შს სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვიღაცები დაჟინებით ცდილობენ, საქმეში უკრაინასთან კავშირი იპოვონ. კარგად გვახსოვს პრემიერის ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე გაკეთებული აქცენტებიც. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე. ადასტურებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს"...

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი ირაკლი გოგავა: - ეჭვიც არავის ეპარება, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება და წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის მოწყობა მხოლოდ "ნაცმოძრაობის" ინტერესებში შედიოდა. მართალია, ნაციონალ-რევანშისტები ამბობენ, ტერაქტი რუსეთის მოწყობილიაო, თუმცა ეს სცენარი რუსეთში რომ დაწერილიყო, მერწმუნეთ, გივი თარგამაძისგან მანქანაში არაფერი დარჩებოდა. შესაბამისად, ამ ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა კავშირი აქვს აფეთქების შემსრულებლებს უკრაინასთან. როგორც ვიცი, დარჩო ხეჩუაშვილი უკრაინაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი სწორედ უკრაინაში, სააკაშვილმა დაგეგმა. თარგამაძის მანქანის აფეთქება სახელმწიფო გადატრიალების სცენარში ერთ-ერთი რგოლი უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ სააკაშვილის თათბირის ჩანაწერებიც მოწმობს, რაც საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა.

- ამით იმის თქმას ცდილობთ, რომ გივი თარგამაძემ იცოდა, მისი მანქანა დანაღმული იყო და ავტომობილში მაინც ჩაჯდა?

- როდესაც შს სამინისტროს მიერ ამოღებულ ვიდეოფირს ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თარგამაძემ ბომბის შესახებ არაფერი იცოდა. არ გამოვრიცხავ, ის საკუთარი პარტიის ლიდერის სამიზნე ისე გახდა, რომ ამის შესახებ არც გააფრთხილეს. მეტიც, ჩემი ინფორმაციით, "ნაცმოძრაობა" დანებებას არც არჩევნების შემდეგ აპირებს. მათი შემდეგი სამიზნე კი, სანდრა რულოვსი, დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი არიან. თანაც, გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია და მისი ლიკვიდაციის მცდელობა საერთაშორისო რეზონანსს გამოიწვევს.

- რა დივიდენდს მატებს "ნაცმოძრაობას" მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება?

- "ნაცმოძრაობაში" ორი ფრთა ებრძვის ერთმანეთს - გიგა ბოკერია თავისი დაჯგუფებით და სააკაშვილი-ახალაია მხარდამჭერებით. ეს უკანასკნელი პარტიაში რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვს და ნებისმიერ რევოლუციურ სცენარს განიხილავს.

"თარგამაძეს, როგორცკამიკაძეს, არ ვიცნობ"

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: - თარგამაძის მანქანის აფეთქებამ ერთი ფაქტი გამოააშკარავა - არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურდა, 8 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად არ გამოცხადებულიყო, რითაც მხოლოდ კრემლის ინტერესს ემსახურება - სწორედ ოკუპანტს არ სურს, საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, რათა ნატოსა და ევროკავშირს დიდი ხნით დავემშვიდობოთ.

- რომელ პოლიტიკურ ძალას გულისხმობთ?

- ეს შს სამინისტრომ უნდა გამოააშკარაოს. როგორც ვატყობ, შსს კმაყოფილია საგამოძიებო ღონისძიებებით, თუმცა ხალხს მეტი მტკიცებულება სჭირდება - სად დაიგეგმა ტერაქტი და რა მიზნით? მანამდე კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თარგამაძის მანქანის აფეთქება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა. თარგამაძეს, როგორც კამიკაძეს, არ ვიცნობ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მასთან შეთანხმების გარეშე აფეთქება კონკრეტული პოლიტიკური მიზნისთვის დაიგეგმა.

- ერთი ვერსიით, რამდენიმე თვის წინ უკრაინაში იმყოფებოდა აფეთქებაში ერთ-ერთი ბრალდებული.

- ისიც საგულისხმოა, რომ საქმეში მონაწილე პირები ყოფილი სამართალდამცავები არიან. ფაქტია, ვიღაცამ სწორედ ის მიიღო, რაც კოლმეურნეობის მოედანზე ვიხილეთ - გივი თარგამაძე მანქანიდან უვნებელი უნდა გამოსულიყო. ამისთვის კი საქმე პროფესიონალს უნდა შეესრულებინა. პოეტი ან გამოუცდელი ზუსტი გეგმით გაწერილ აფეთქებას ვერ მოაწყობდა.

რუსუდან შელია