სამხედრო პოლიციის უფროსი: "ეს ხარვეზი კი არა, დანაშაულია!" - კვირის პალიტრა

სამხედრო პოლიციის უფროსი: "ეს ხარვეზი კი არა, დანაშაულია!"

"სადაც მსოფლიოში საუკეთესოდ აღჭურვილი თურქული გემი ვერაფერს გახდა, რისი იმედი უნდა გვქონდეს?"

"ფაქტები მიუთითებს, რომ დაკარგულ სამხედროებს დინება ღრმა ღრმულებსა და ვიწრო კანიონებში ჩააგდებდა"

აგვისტოში, სასწავლო წვრთნების დროს, ზღვაში გაუჩინარდა ორი ჯარისკაცი - იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი. ოჯახის თქმით, თავდაცვის სამინისტრო მათ შეწყვეტილი ძებნის განახლებას ჰპირდება. სამხედრო პოლიციის უფროსი უფროსი სერგო ძაგნიძე კი აცხადებს, რომ ძებნა არ შეწყვეტილა, ამჯერად დაკარგულებს არა ზღვაში, არამედ ჰაერიდან ეძებენ.

- სამძებრო სამუშაოებში გამოვიყენეთ ყველა რესურსი, მაგრამ ამაოდ... ამიტომაც სიღრმეში ძებნა არალოგიკურად მივიჩნიეთ და ზემოდან ვაკონტროლებთ აკვატორიას. მთელი ბათუმი ხედავს, რომ ზღვის თავზე ყოველდღე შვეულმფრენი დაფრინავს.

- სიღრმეში ძებნა მართლა ამაოა?

- ვერ გეტყვით, სპეციალისტი არ ვარ.

- აკი თქვით, სიღრმეში ძებნა არალოგიკურად მიგვაჩნიაო...

- სადაც მსოფლიოში საუკეთესოდ აღჭურვილი თურქული გემი ვერაფერს გახდა, რისი იმედი უნდა გვქონდეს? ამ საქმეში ჩართული იყო ყველა მყვინთავი, გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია...

- როგორც ვიცი, ექსპერტიზა ჩაუტარდა სამხედრო ბაზაზე არსებულ ჩასაყვინთავ აღჭურვილობას...

- ექსპერტიზის პასუხს ველოდებით. მინისტრის განკარგულებით, შეჩერდა სასწავლო საწვრთნელი სამუშაოები ახალი ნორმატიული ბაზის შემუშავებამდე. მხოლოდ ყვინთვის სწავლება არ შეწყვეტილა. შეჩერდა ყველა სამუშაო, სადაც ბოლომდე არ იყო გაწერილი უსაფრთხოების ზომები.

- ლევან იზორიამ განაცხადა, ჯარში სერტიფიცირებული მყვინთავ-ინსტრუქტორის პრობლემა იყოო. ყვინთვის სწავლებაში სერიოზული ხარვეზები აღმოჩნდა?

- მომხდარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხარვეზი კი არა, დანაშაულია. ამიტომაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. გამოძიება გრძელდება.

- ვინ არ გაუფრთხილდა იმ ორი ადამიანის სიცოცხლეს - ინსტრუქტორი, სამინისტრო, სახელმწიფო, თუ სამივე ერთად?

- ინსტრუქტორები დაკავებული არ არიან... ბრალეულობაზე სასამართლო იმსჯელებს, მეტის თქმის უფლება არ მაქვს. ინსტრუქტორები თურქეთში დაეუფლნენ სპეციალობას. თუმცა, ნორმატიულ ბაზაში არ არსებობს მონაცემები, რის მიხედვითაც, ძნელია დაადგინო, ზუსტად ვინ შეიძლება იყოს ინსტრუქტორი. ეს ბაზა დაიხვეწება და საკითხიც მოგვარდება.

- გამოდის, რომ მხოლოდ ინსტრუქტორის შეცდომა არ იკვეთება.

- ძნელია დასკვნების გაკეთება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

- რა ფირმის წარმოების აღჭურვილობა გამოიყენებოდა, ექსპლოატაციის ვადა ხომ არ ჰქონდა ამოწურული? ამბობენ, ჯარისკაცები "დასკოჩილი" ჟილეტებით ვარჯიშობდნენო.

- სკოჩით გადაკრული ჟილეტი სიცოხლეს საფრთხეს არ შეუქმნიდა, მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობაშია ჰაერის ბალონები... ამიტომაც ტარდება ექსპერტიზა. ვფიქრობ, რაც გვაქვს, ხარისხიანია.

- სპეციალისტების განმარტებით, ყველა საყვინთავ აღჭურვილობას ერთნაირ სიღრმეზე ვერ გამოიყენებ.

- ჯარისკაცები ყვინთვისას ფრანგული ფირმა "ბოეჩატის" აპარატურას იყენებდნენ. დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს...

ვიდრე ექსპერტიზა დასკვნას წარმოადგენს, თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოს დაკარგულების არასწორად ძებნაში ადანაშაულებენ პროფესიონალი მყვინთავები, მათ შორის, წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე, TDI/SDI-ის ინსტრუქტორი დავით ნიკოლეიშვილი.

- ღრმა ორმოები და კანიონები, სადაც დიდი ალბათობაა, ჯარისკაცები ჩავარდნილიყვნენ, საფუძვლიანად არ გამოკვლეულა. სხვადასხვა მონაცემით, ღრმულების სიღრმე 30-32-დან 100-120 მეტრამდეა. ჩვენმა მყვინთავებმა 15-20 მეტრიანი სიღრმეები საგულდაგულოდ გამოიკვლიეს, მაგრამ ყველაზე ღრმა ღრმულში ჩასვლა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა, ისიც 38-40 მეტრამდე. უფრო დიდი სიღრმეების გამოკვლევა ცუდი ხედვის და დაბალი ტემპერატურის გამო შეუძლებელი გახდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს ღრმული სრულყოფილად ვერც თურქული ხომალდის რობოტმა გამოიკვლია. ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა სერიოზული წყალქვეშა საძიებო ოპერაციების კარგად დაგეგმვა-წარმართვა. ამდენი ხნის განმავლობაში ზღვამაც რომ ვერ ამოაგდო ნეშტები, ეს და კიდევ რამდენიმე ფაქტი მიუთითებს, რომ სამხედროებს დინება ღრმა ღრმულებში და ვიწრო კანიონებში ჩააგდებდა. ვაკე ადგილზე მათ აუცილებლად იპოვიდა თურქული ხომალდის ძლიერი რადარები და წყალქვეშა რობოტი.

ისინი არც მდინარე ჭოროხის ღრმა კანიონში უნდა ჰყავდეს წაღებული დინებას, რადგან შავ ზღვაში, კერძოდ, სარფი-გონიოს მონაკვეთის დიდ სიღრმეებში არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი დინება, რომელიც ფსკერზე მწოლიარე და თანაც სიმძიმეებით (მინიმუმ 18-20 კგ) დატვირთულ მყვინთავს შორს გაიტანდა...

პოლიგონის წინ, სადაც ჯარისკაცები ვარჯიშობდნენ, 20 მ-ში მცირე და დიდი თხრილები და ღრმული-კანიონები იწყება. ალაგ-ალაგ დიდი ქვები და ლოდებია, რომელიც ბიჭების ჭოროხის ღრმა კანიონში წაღების ალბათობას ძალიან ამცირებს.

ზღვაში დაკარგული სამხედროების სავარაუდო ადგილსამყოფელი:

1. სამხედროების ჩაძირვის ადგილზე არაუმეტეს 100-200 მ რადიუსში - 80%;

2. ღია ზღვაში 50-120 მ დიდ სიღრმეებში - 10%;

3. მდინარე ჭოროხის კანიონში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე - 5%;

4. გონიო-კვარიათის მხარეს (უფრო ღია ზღვაში და დიდ სიღრმეებზე) - 5%.

ეკა ლომიძე